ისტორია


კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მომდევნო წელს, “საფარმა” ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი თავშესაფარი გახსნა. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება. ანალოგიურ დახმარებას სთავაზობდა საფარი ნებისმიერ ბენეფიციარს.

“საფარის” საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციის თანამშრომლების, სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.

2013 წლიდან „საფარმა“ საქმიანობის მანდატი გააფართოვა. ამჟამად, იგი ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მუშაობს. „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულებით მუშაობის გარდა, ორგანიზაცია ორიენტირებულია ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ საფარის საქმიანობა მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისმა თანადამფუძნებელმა და 2001-2012 წლებში საფარის დირექტორმა – ნატალია ზაზაშვილმა. სწორედ ის იყო ორგანიზაციაში ოჯახზე ცენტრირებული მიდგომის მთავარი ინიციატორი. ამ მიდგომაზე დაყრდნობით, საფარი დღემდე დახმარებას უწევს არა მხოლოდ მსხვერპლებს, არამედ ისეთ მოძალადეებსაც, რომელთაც საკუთარი აგრესიული ქცევის მართვის სურვილი აქვთ.

 

“საფარის” დამაარსებლის, ნატალია ზაზაშვილის შესახებ

ნატალია ზაზაშვილი საქართველოში ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროს ერთ-ერთი პიონერია. 2001 წლიდან, იგი კავშირი „საფარის“ დირექტორი იყო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ნატალია აქტიურად ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, მოხალისეობრივ საფუძვლებზე ინტენსიურად ატარებდა ტრეინინგებსა და შეხვედრებს.

იმ პერიოდში, როდესაც ნატალია ზაზაშვილმა ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობა დაიწყო (2000-იანი წლების დასაწყისი), ეს თემა საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო, მით უმეტეს მსხვერპლების კონტექსტში. ამ ადამიანების პრობლემების შესახებ ძალზე ცოტა ვინმე თუ საუბრობდა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაშიც. თუ უფლებრივი კუთხით კიდევ არსებობდა ამ თემის დისკურსირების საშუალება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების არანაირი სერვისი არ არსებობდა. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებდა. ორგანიზაციის მუშაობის პირველ ეტაპზევე, შეიქმნა დახმარების ცხელი ხაზიც, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა. მრავალი წლის მანძილზე, „საფარი“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა. სოციუმის გავლენით, ხშირად ასეთ მსხვერპლებს საკუთარი დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ. „საფარის“ მიერ გაწეული დახმარება იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს იმის გაცნობიერებაში ეხმარებოდა, რომ მათ თავს დამტყდარი ძალადობის მიზეზები მათი დანაშაული არ იყო და ამის არ უნდა შერცხვენოდათ. ორგანიზაციაში მოსვლით, მათ მყარი საყრდენი და გაძლიერების საშუალება ეძლეოდათ.

ნატალია ზაზაშვილი

ნატალია ზაზაშვილი ასევე ინტენსიურად მუშაობდა მოძალადე კაცებთანაც, რადგან, რეალურად, ეს ადამიანები ხშირად თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. რამდენიმე შემთხვევაში, მან ამ კუთხით დიდ წარმატებასაც მიაღწია. კაცების და ბიჭების ჩართულობის აუცილებლობას ქალზე ძალადობის წინააღმდეგ საქმეში ნატალია ზაზაშვილი მოხალისეებად ახალგაზრდა კაცების აყვანით გამოხატავდა. მისი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამ პროცესში არა მხოლოდ ქალების, არამედ კაცების მონაწილეობაც.

ნატალია ზაზაშვილის მიდგომა ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ ჰოლისტური ხედვით ხასიათდებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ძალადობის მსხვერპლებისთვის მხოლოდ თავშესაფრის მიცემა და თუნდაც მისი დასაქმება ძალადობის აღმოფხვრის პრობლემას ვერ მოაგვარებდა. მისი აზრით, აგვარ სტრესგამოვლილ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროებოდა როგორც უსაფრთხო გარემო, ასევე ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი შედარებით გამოჯანმრთელდებოდა, იწყებოდა მისი გაძლიერების პროცესი. სწორედ ამგვარ კომპლექსურ სერვისს სთავაზობდა ნატალია ზაზაშვილის „საფარი“ თავის ბენეფიციარებს. მართალია, თავშესაფარი მცირე მასშტაბისა იყო (სულ რამდენიმე ქალი, თავიანთი ბავშვებით), სამაგიეროდ, მათზე მუშაობა კომპლექსურად მიდიოდა.

ნატალია ზაზაშვილს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დედათა და ბავშვთა პირველი თავშესაფრის დაარსებასა და ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის შენახვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დონორებისთვის კი ამ თანხების გაცემა დიდად ხარჯეფექტური არ იყო, „საფარს“ წლების განმავლობაში ჰქონდა თავშესაფარი, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი ბავშვები გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. იმ დროისთვის, ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში. ბოლო ორი წლის მანძილზე, როდესაც თავშესაფრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დაფინანსება აღარ იყო, ნატალიამ თავშესაფარი საკუთარ ბინაში გადაიტანა და ყველა ხარჯს თავად ფარავდა.

ნატალია ზაზაშვილის საქმიანობა ოჯახში ძალადობის კონტექსტში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. პროფესიონალი კლინიცისტი, რომელიც ადამიანებთან ინდივიდუალურად მუშაობდა, პარალელურად ადამიანის უფლებათა აქტივიზმშიც აქტიურად იყო ჩართული, რაც იმ პერიოდისთვის საქართველოში მეტ-ნაკლებად უცხო მოვლენას წარმოადგენდა, ვინაიდან იმდროინდელი სამოქალაქო სექტორი რამდენადმე კონსერვატული და ჩაკეტილი იყო. ნატალია ზაზაშვილმა პირადი მაგალითის საფუძველზე ამ ჩარჩოების გარღვევა ადვილად შეძლო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბევრი იმ ადამიანის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, რომლებიც ამჟამად თანამედროვე სამოქალაქო სექტორში საქმიანობენ.

ნატალია ზაზაშვილის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იუსტიციის სამინისტროსთან ერთობლივად „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ ამუშავება იყო. იგი ამ პროგრამაში მოხალისეობრივ საწყისებზე იყო ჩართული.