რომელი სქესის შვილის ყოლა სურთ საქართველოში? – გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემები


გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ადრეული ქორწინება, მოზარდობის ასაკში ორსულობა და გენდერული უთანასწორობის სხვა გამოვლინებები საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და უფლებებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გარდატეხის ასაკი გოგონებს 10 წლიდან ეწყებათ, ამიტომ ეს პერიოდი მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. „ჩვენს რეგიონში ათი წლის გოგონა ცხოვრების გზაგასაყარზე დგას. ის, თუ რა გზას აირჩევს იგი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჩვენ ყველანი მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც გოგონების მთელი თაობა შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას: ამით ძლიერდება კაცობრიობის კაპიტალი, იზრდება ეკონომიკა და მდიდრდება ქვეყანა“, — განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ალანა არმიტაჟმა (Alanna Armitage).

ანგარიშის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ გენდერული დისკიმინაციის კუთხით ვითარების გაუმჯობესებისა და მოზარდების განვითარების შესაძლებლობისთვის უნდა აიკრძალოს ადრეული ქორწინება, ჩატარდეს საგანმანათლებლო ტრეინინგები საყოფაცხოვრებო საკითხების ირგვლივ, აღმოიფხვრას არსებული დოგმები და სტერეოტიპები, დაცულ იქნას გენდერული თანასწორობა და ა.შ.

გენდერული დისკრიმინაციის ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშო სურათს გვიჩვენებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში: ამ რეგიონში, 10 წლის გოგონების უმეტესობა სკოლაში დადის (თუმცა არ შეიძლება ეს მონაცემი ყველა ჯგუფზე განზოგადდეს, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ბოშა ახალგაზრდების 30%-ზე მეტი დაწყებითი განათლების გარეშე რჩება). ადრეული ქორწინება ხშირია რეგიონის გარკვეულ მხარეებში, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი მცირდება, თინეიჯერთა ორსულობა მაინც სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (ცალკეულ ქვეყნებში კი – ექვსჯერ უფრო ხშირია).

ზოგიერთ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო, ბევრად უფრო ნაკლები გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი. რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის დისბალანსის კუთხით. რეგიონის ყველა ქვეყანაში, შრომით საქმიანობაში მამაკაცებზე ბევრად უფრო ნაკლები ქალია ჩართული. მოზარდი გოგონები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ჰუმანიტარული კრიზისის დროს, თუმცა მათი საჭიროებები და დაუცველობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. რამდენიმე ფაქტი საქართველოდან: სქესის შერჩევის სავალალო პრაქტიკა საქართველოში კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლა მხოლოდ 9%-ს სურს. დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი 2008-2012 წლებში 111.8 აღწევდა (ბიოლოგიური ნორმა: 105-106). აგრეთვე, არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად ოფიციალურად არ რეგისტრირდება. ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია”, – ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მსოფლიო მოსახლეობის განვითარების სფეროში მოქმედი საერთაშორისო სააგენტოა, რომლის მიზანია, ყველა ახალგაზრდამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა, ყოველი ორსულობა იყოს სასურველი, ყოველი მშობიარობა კი – უსაფრთხო.