ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

რა უნდა ვასწავლოთ უმცროსკლასელ ბავშვებს და მოზარდებს, რომ ძალადობისგან დავიცვათ?

posted in ბავშვზე ძალადობა by with Comments Off on რა უნდა ვასწავლოთ უმცროსკლასელ ბავშვებს და მოზარდებს, რომ ძალადობისგან დავიცვათ?

რჩევები უმცროსკლასელთათვის

  •         ყოველთვის შეატყობინე მშობლებს, სად მიდიხარ.
  •         მხოლოდ მეგობრების თანხლებით ისეირნე.
  •         თუ ვინმეს დაინახავ, ვინც უსაქმოდ დახეტიალობს შენს სკოლასთან ან სათამაშო მოედანთან, ამის შესახებ მშობლებს ან მასწავლებლებს უამბე. შეეცადე დაიმახსოვრო, როგორ გამოიყურება ეს ადამიანი. მაგალითად, მაღალია თუ დაბალი, შავგვრემანია თუ ქერა, რა მანქანა ჰყავს?
  •         ღამით უკაცრიელ ადგილებში მშობლების გარეშე ნუ გაივლი.
  •         უცნობებისგან საჩუქრებს ნუ მიიღებ.
  •         თუ ვინმე მასთან გასეირნებას შემოგთავაზებს, ამის შესახებ მშობლებს ჰკითხე.
  •         თუ რაიმესი შეგეშინდა, ხალხმრავალი ადგილისკენ გაიქეცი.
  •         როგორ ცუდადაც არ უნდა იყო, შენი პრობლემების შესახებ არავის მოუყვე, ძალზე ახლობელი ადამიანების გარდა.
  •         კარი არავის გაუღო და არც კარს მიღმა მდგომის შეკითხვებს უპასუხო.
  •         თუ ვინმე სახლში შემოჭრას ცდილობს, დარეკე პატრულში (112), შემდეგ კი ფანჯრები გააღე და „მიშველეთ“ დაიყვირე.
  •         თუ ქუჩაში მიდიხარ და უცხო მანქანიდან ვინმე გკითხავს, სადმე ხომ არ წაგიყვანოო, ახლოს არ მიხვიდე და მანქანაში ჩაჯდომას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, მძღოლი სახლში ან დანიშნულების ადგილამდე მიყვანასაც რომ გპირდებოდეს.
  •         გახსოვდეს: არავის აქვს შენთან შეხების უფლება. ნუ შეგრცხვება ამის თქმა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას შეეცდება.
  •         თუ ვინმე ტოპ მოდელის ან კინო/ტელევარსკვლავის კარიერას შემოგთავაზებს, ამის შესახებ აუცილებლად უამბე მშობლებს.
  •         თუ ვინმემ შეგაშინა, სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილისკენ გაიქეცი, სადაც ბევრი ადამიანია.
  •         როდესაც სადმე გპატიჟებენ, აუცილებლად მშობლის ნებართვა აიღე.

რჩევები მოზარდებისთვის

  •         სახლიდან ნუ გაიქცევი! თუ ცხოვრება აუტანლად გეჩვენება, ესაუბრე მასწავლებელს, ექიმს ან ვინმეს, ვისაც პატივს სცემ. როგორც კი სახლიდან გაიქცევი, იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდები, რომლებიც შენს ნარკობიზნესში, პორნოგრაფიაში ან კომერციულ სექსინდუსრტრიაში ჩართვას მოინდომებენ.
  •         ფრთხილად იყავი იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ძნელბედობის ჟამს მეგობრობას გთავაზობენ. გახსოვდეს: როდესაც თავს მარტოსულად და ჩაგრულად გრძნობ, ადვილი ლუკმა ხდები თაღლითისთვის და მოძალადისთვის, რომელიც თავს ისე მოგაჩვენებს, თითქოს შენზე ზრუნავდეს.
  •         არასოდეს დათანხმდე უკაცრიელ და უცნობ ადგილზე ნებისმიერი სახის შეხვედრას. ფრთხილად მოეკიდე ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგ ხელფასს გთავაზობენ. თუ სამსახურის მოძებნა გსურს, სჯობს, ნაცნობების დახმარება გამოიყენო.
  •         არასოდეს დათანხმდე, რომ უცნობმა ადამიანებმა ფოტოები გადაგიღონ. ნუ დაიჯერებ მათ ნათქვამს, რომ „ასე იწყებდა ყველა ცნობილი ადამიანი“.
  •         არასოდეს ჩაუჯდე მანქანაში უცხო ადამიანს, ნურასოდეს ივლი ავტოსტოპით!
  •         ისეირნე მეგობრებთან ერთად.
  •         ნუ ივლი უკაცრიელ ადგილებში, განსაკუთრებით ღამით.
  •         მშობლები ყოველთვის გააფრთხილე, სად უნდა იყო მეგობრებთან ერთად, ასევე გააგებინე, თუ შენი გეგმები შეიცვლება.
  •         არავის აქვს შენი თანხმობის გარეშე შენი შეხების უფლება. ნუ მოგერიდება, ეს ყველაფერი განუცხადო მას, ვინც ამის ჩადენას შეეცდება.
  •         ფრთხილად იყავი იმ ადამიანებთან, რომლებიც შენს სკოლასთან, სახლთან ან სეირნობის ადგილებთან ხშირად ხედავ. ყურადღებით იყავი, ამ ადამიანის აღწერილობა დაიმახსოვრე.
  • ენდე შენს ინტუიციას: თუ გეშინია, ე.ი. ამის მიზეზიც არსებობს.
© sapari.ge