ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

მე დაბალი თვითშეფასება მაქვს

posted in ნიბლიას ბლოგი by with Comments Off on მე დაბალი თვითშეფასება მაქვს

(ნიბლიას ბლოგი)

მე დაბალი თვითშეფასება მაქვს. მერე რა, რომ საკმაოდ ლამაზი ვარ – ეს ოდნავადაც არ მამშვიდებს. მე ვიცი ყველა ჩემი ნაკლი და როცა სარკეში ვიხედები, მარტო იმას ვხედავ, რაც “არ ვარგა”; რაც კარგია – არ მაინტერესებს. აი, მაგალითად, როცა დუნდულებს და ბარძაყებზე ვიხედები, ვხედავ ცელულიტს – ანუ უსწორმასწოროდ გადანაწილებულ ცხიმს; როცა მკერდს ვუყურებ, მარტო იმას ვამჩნევ, რომ ცოტა აცა-ბაცაა და ა.შ. ნამდვილი ტანჯვაა, იხედებოდე სარკეში და მხოლოდ ნაკლს ხედავდე. რახანია, უკეთეს სხეულზე აღარ ვოცნებობ; მარტო ის მინდა, ჩემი თავი მომწონდეს ისეთი, როგორიც ვარ. აი, ნამდვილი საჩუქარი რა იქნებოდა…

რა გავაკეთო, რომ უფრო მომწონდეს ჩემი თავი? ზოგი ამბობს, ბევრი კომპლიმენტი შველისო. გადაიღე კარგი ფოტო, დაადე ფილტრი, გახადე უნაკლო, გამოდე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე და დაელოდე ლაიქებს და კომპლიმენტებს. საკმარისი არ არის? მაშინ გაშიშვლდი, ვინც სიშიშვლეს და სექსუალობას გიკრძალავს, იმათ ჯინაზე მაინც გაშიშვლდი. ბევრი გოგო იქცევა ასე. მე არ გამომდის… ჯერ ერთი, ვერ გავშიშვლდები – არც პირადი და არც საჯარო ცხოვრება ამის საშუალებას არ მაძლევს. მეორეც, დაბალ თვითშეფასებას ერთ ცუდი თვისება ახლავს თან: კომპლიმენტების არ გჯერა. ერთ ყურში შედის, მეორედან გადის. არ ვიცი, რა გულ-ღვიძლი უნდა ამოალაგოს ადამიანმა, რომ მისმა კომპლიმენტმა თავი კარგად მაგრძნობინოს.

რამე უფრო ქმედითი მჭირდება. მაგრამ რა? რამე ისეთი, რაც მე მომაწონებს ჩემ თავს. სხვას კი არა, ჩემ თავს უნდა გავეპრანჭო – ჩემ თავს უნდა მოვეწონო. რა მოსწონს ჩემ თავს? ჩემ თავს მოსწონს, როცა კარგად მაცვია – ანუ გემოვნებიანად და ხასიათის შესაბამისად. მაგალითად ფერადი, ან ორიგინალური, ან თამამი, ან უნიფორმის მსგავსი ტანსაცმელი… რა ვიცი, ათასი რამე. თუ მომწონს ჩემი ჩაცმის სტილი, ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ. მომწონს საკუთარ ტყავში ყოფნა.

კიდევ რა მუშაობს? სექსუალობა. როცა საკუთარ სექსუალობას ვგრძნობ, აღარ მჭირდება სილამაზე და იდეალური სხეული. მაგრამ ჩემი სექსუალობა სადღაც ღრმადაა ჩამარხული. მთელი ბავშვობა ის მესმოდა მშობლებისაგან, რომ “სილამაზე კარგია, საჭიროა; სექსუალობა კი ბოზობაა და ცუდია”. ახლა კი ვიცი, რომ ყველაფერი პირიქითაა, მაგრამ ჩემი სექსუალობა სარდაფში ცხოვრებას მიეჩვია და თუ არ ჩავაკითხე და ზემოთ არ ამოვიპატიჟე, თავისით ან ამოვა, ან არა. თანაც, საკუთარ სექსუალობასთან შეჩვევა მჭირდება. მე მას კარგად არ ვიცნობ. ყველა ჯერზე დრო უნდა დავუთმო, ვიფიქრო მასზე; ვათვალიერო და შევისწავლო ჩემი სხეული – განსაკუთრებით ინტიმური ადგილები; უნდა შევიგრძნო და შევიფერო საკუთარი სექსუალობა. მოკლედ, მთელი რიტუალია, მაგრამ თუ მოვახერხე – თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

ჯერჯერობით მარტო ეს ორი რამე მუშაობს ჩემთვის – მეტი არაფერი. თქვენ თუ იცით კიდევ რამე – გამიზიარეთ.

© sapari.ge