აი, ისეთი სიყვარული მითია


(ნიბლიას ბლოგი)

ხომ არსებობს “ჟიზნენი” სიბრძნეები. განსაკუთრებით ისეთი, ფეისბუქზე რომ ვრცელდება და პაოლო კოელიოს რომ მიაწერენ ხოლმე ბოლოში. ჰოდა, ამ ბლოგპოსტში მეც ერთ ასეთ სიბრძნეზე მინდა მოგიყვეთ – ერთადერთ, ჭეშმარიტ და მარადიულ სიყვარულზე, რომელიც არ არსებობს. მართლა არ არსებობს, დედას გეფიცებით, თუ არსებობდეს. იცით, რამდენი ვეძებე? ცხოვრებაში ხომ ვეძებე და ვეძებე, წიგნებშიც ვეძებე, მუსიკაშიც კინოშიც. სიყვარული ბევრჯერ და ბევრნაირი ვიპოვნე, მაგრამ მარადიული და ერთადერთი – არა.

საერთოდ რატომ ვეძებდი ერთადერთ და მარადიულ სიყვარულს? იმიტომ, რომ ტვინი ბავშვობიდან გამილაყეს. ზღაპრები იყო და ერთადერთი მზეთუნახავი და გმირიო, მულტფილმი იყო და ერთადერთი პრინცესა და პრინციო, გალაკტიონი იყო და “სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდისო…” მოკლედ, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა გატყუებს; მოდი, და ნუ მოტყუვდები. შეთქმულებივით ყველა ამ ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულს უმღერის, ცხოვრებაში კი ის არსადაა. რა თავში იხლიან ამ უშველებელი ტყუილის თაობიდან თაობაზე გადაცემას? მიკვირდა ყოველთვის. მერე გავიზარდე, ერთი ორი “სმეშნოი” ფემინისტური ტექსტი წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ არცა პრინცი ყოფილა, არცა პრინცესა – მხოლოდ ოჯახი: დედა, მამა, შვილები და მათი შვილები. სულ ესაა. ეკონომიკას, და შესაბამისად სახელმწიფოს, ადამიანები ოჯახებად სჭირდება, რათა მათ ერთმანეთს კარგად მოუარონ, აჭამონ, იმუშაონ, გამრავლდნენ და თავიანთ ნაშიერს მიხედონ. სულ ესაა. სიყვარული არა იხვი. ადამიანებსაც უყვართ ერთად ცხოვრება, ასე გაიზარდნენ და ასევე უნდათ გაგრძელება, არც კი წარმოუდგენიათ, სხვანაირად როგორ უნდა იცხოვრონ; ან წარმოუდგენიათ, მაგრამ არ შეუძლიათ. მარტო ცხოვრება ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან ხარჯიანია, ადამიანს ხშირად სჭირდება მომვლელი და მარჩენალი.

ხომ შეიძლება, პირდაპირ ოჯახის ყოლის პრაქტიკული სიკეთეები გვასწავლონ და თან მაინც დაგვიტოვონ რაიმე არჩევანი? კაცობრიობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ, ადამიანები, ამ ცოდნას და არჩევანს არ ვიმსახურებთ, და ჩვენ მაგივრად გააკეთა ეს არჩევანი. მოგვიგონა ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულის – “მეორე ნახევრის” მითი, ჰოდა ჩვენც გამალებით დავეძებთ ამ “მეორე ნახევარს”, თითქმის პირველივე შეყვარებულს ვეცემით და ვარწმუნებთ, რომ სწორედ ისაა ჩვენი “მეორე ნახევარი” და რომ აუცილებლად უნდა შევუღლდეთ, წამოვიწყოთ ოჯახი და შევინარჩუნოთ ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული. არც ეს გვაკმარეს: შემოგვტენეს ერთგულება და მის დასაცავად – ცხოველი ეჭვიანობა. ჰოდა, ჩაო, რომანტიულო სიყვარულო! სადღაა შენი ადგილი ოჯახურ გაწამაწიაში, ერთგულების გამალებულ დაცვასა და ეჭვიანობაში?

სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა. მინდოდა მეთქვა, რომ არათუ “მეორე ნახევარი” არ არსებობს, არამედ შეიძლება საერთოდ რომანტიკული სიყვარულის გარეშე ბედნიერი ცხოვრებაც, ისე, რომ თავი ხელმოცარული “ლუზერი” და მარტოკა “ნახ-ნახევარი” არ გეგონოს. სინამდვილეში, ჩვენი “ქრაშების” და შეყვარებულობის ნახევარზე მეტი უბრალო აკვიატებაა, რომელიც ნერვოზში გადაგვდის: ვტირით, ვიტანჯებით, ნერვებს ვიგლეჯთ, როცა ჩვენს რჩეულს არ ვუყვარვართ. რომანტიკული სიყვარულის გარეშე ადამიანთან სექსი და მეგობრობა შეურაცხყოფად მიგვაჩნია. ყველგან ამ გასაოცარი, რომანტიკული, ერთგული სიყვარულის ჩაკვეხებას ვცდილობთ და არ გამოგვდის. არადა, სიყვარული ყველგანაა და ყველანაირია. ჩვენ შეგვიძლია, ყველა და ყველაფერი ისე გვიყვარდეს და გვაბედნიერებდეს, რომ გამწარებით არ ვეპოტინებოდეთ ამ წიხლით შემოტენილ რომანტიკულ-მონოგამიურ-ერთადერთ-ჭეშმარიტ-ერთგულ-ეჭვიან სიყვარულს. მართლა.

“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენებიო”, – ხომ თქვა ნამდვილმა ბრძენმა, ჰოდა სინამდვილეში ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში მართლა გვჭირდება, ჩვენი თავი და ჩვენი თავის სიყვარულია, დანარჩენი თავისით მოდის. ესეც ნიბლიას “ჟიზნენი” სიბრძნეებიდან.