ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის ახალ რეცეპტურაზე მუშაობს


დღეს ქართული ყველი მის სახელთან ასოცირდება. პროფესიით ფილოლოგმა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით მოიარა და ყველასათვის უცნობი, მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში და კონკრეტულ ოჯახებში თაობიდან თაობაზე გარდამავალი რეცეპტურა შეაგროვა. დღეს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უკვე არა მხოლოდ ძველი რეცეპტებით ამოყვანილი ყველის წარმოებას უდგას სათავეში, არამედ საკუთარი რეცეპტების შექმნაზეც აქტიურად მუშაობს.  ყველის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზატორი დაუშრეტელი ენერგიითა და ახალ-ახალი იდეებით ქართველი გურმანების გაოცებას კვლავაც აპირებს.

რამდენი წელია, რაც საკუთარი ბიზნესი გაქვთ?

ის, რაც მე  მაქვს, ჯერ კიდევ არ არის ბიზნესი და ვეჭვობ, კიდევ  დიდხანს არ იქნება ბიზნესი კლასიკური გაგებით, ანუ ამ  საქმიანობას ჯერჯერობით ფული არ მოაქვს. თუმცა, რომ ვთქვა,  ღატაკი  და უპოვარი ვარ-მეთქი, ტყუილი და  უმადურობა იქნება. ეს ასე არაა. სამწუხაროდ,  გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ კვლევიდან და სამეცნიერო საქმიანობიდან (ეთნოგრაფიამ მომცა მთელი ეს ზღვა მასალა დასამუშავებლად), ვაჭრობაზე უნდა  გადავრთულიყავი. ყველის ბიზნესის გზით გამდიდრება ნამდვილად არ გამომივა, მაგრამ წარმოების პროცესიც ხომ ბიზნესია… მოკლედ, ვერ ავცდი თემას – ვაჭრობა… როდესაც რამე პროდუქტს ქმნი, ის მუზეუმისთვის არ გინდა, ხომ მართალია? გინდა გასაყიდად. ჰოდა, მინდა თუ არა, ბიზნესმენი გამოვდივარ, უფრო სწორედ კი ბიზნეს ვუმენი… ყველის ფესტივალების ორგანიზებაც  ერთგვარი ბიზნესია და შემოსავლებს ტოვებს. წელს ყველის ფესტივალი მეთერთმეტედ  გაიმართა…

თუ შევაჯამებთ სამომხმარებლო ბაზრის კვლევას, როგორც ბიზნესის წინაპირობას, შემდეგ  საფესტივალო სეგმენტს (ესეც კვლევის გაგრძელება  გახლავთ), ე.წ  ბიზნესში სულ  რაღაც სამი წელია ვარ.

თქვენი საქმის კეთების პროცესში გაჩენილ სირთულეებს თავს როგორ ართმევთ?

როგორც ყველა – ხან წარმატებულად, ხანაც წარუმატებლად. თუ  გავამხელ იმას, რომ ერთ ჯგუფთან  პარტნიორობით, დიაბეტით „დავსაჩუქრდი“, ბიზნესში თავით გადაშვება მთლად დიდი სიამოვნება არ ყოფილა. მე კი არ მიყვარს ისეთი რამის კეთება, რაც სიამოვნებას და ბედნიერებას არ მანიჭებს. ჩემი ბიზნესიდან მოცილება ძალიან ადვილია – უნდა მაწყენინო, უსამართლოდ მომექცე და ეგრევე მივდივარ – ვტოვებ ყველაფერს და მივდივარ… უღირს ქცევას არაფრის გამო და არაფრის  ფასად არ მოვითმენ.

ახლა გამოვსწორდები: წელს პირველად, ჩემი აზრით სერიოზულ ჯგუფთან დავიწყე  პარტნიორობა და მათთან ურთიერთობას ძალიან გავუფრთხილდები. სამწუხაროდ, ადრე ბიზნესს ემოციებზე ვაგებდი. ახლა ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ბიზნესში ემოციების ადგილი არაა. ეს ბრძოლაა და აქაც მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ!

სავარაუდოდ, ახლაც რომელიმე საინტერესო პროექტში იქნებით ჩართული…

ჩემთვის დიაბეტის თემასაც არ ჩაუვლია უკვალოდ – ერთ მნიშვნელოვან კონცეფციაზე გამალებით ვმუშაობ. მინდა, პროდუქტი ჯერ კარგად დავარეცეპტო, მასზე საავტორო უფლება ავიღო. მხოლოდ, ამაზე საჯაროდ საუბარს ჯერჯერობით არ ვაპირებ. რაზეც მისაუბრია ან იდეა გამიჟღერებია, სხვა ბიზნესებს მყისიერად განუხორციელებიათ. ახლა ამის გაფრთხილებაც ვისწავლე. მართალია, ძალიან ღია ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა, ჩემი  ბუნების წინააღმდეგ, ენას  კბილი უნდა დავაჭირო. მარტო არ ვარ, პარტნიორები მყავს და მათ ინტერესებსაც უნდა გავუფრთხილდე. მართალია, ფული არ მაქვს, მაგრამ მაქვს ცოდნა. ამ მასალების მოსაგროვებლად სერიოზული ინფორმაცია  დავამუშავე, ზღვა მასალა გადავქექე, სოფელ-სოფელ ვიარე. ამიტომ, ჩემთან  პარტნიორობა ბევრს უნდა. ვფიქრობ, ამ ჯერზე სწორი არჩევანი  გავაკეთე… წინა ისტორიების გახსენებაც არ მინდა, ზოგი ისეთი მძიმეა… ძირითადად, ბევრი ტყუილი იყო და შემდეგ ყველაფრის ჩემზე გადმობრალება. ამის ოსტატები არიან მდიდარი ადამიანები – სხვისი  შრომის და ცოდნის  გამოყენების  დიდოსტატები. მე კი მძაგს ასეთ ხალხთან ურთიერთობა. წესით, მართლა მდიდარი ქალი უნდა ვიყო, – პარტნიორების შერჩევა რომ  ვიცოდე…

რას ნიშნავს, იყო საქართველოში წარმატებული ბიზნესმენი ქალი?

ბევრ  ცუდ  რამეს – ძალიან  ცოტა  დროს პირადი ცხოვრებისთვის,  ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის, ბევრ შურს და მითქმა – მოთქმას…

მე ეს ყველაფერი არ მეხება იმიტომ, რომ ჩემი წარმატება ფულში არ არის ასახული. ჩემთვის ყოველდღიურად ეს არის აუტანელი შრომა და წელზე ფეხის დადგმის პროცესი, თუმცა, როგროც აღვნიშნე, მდიდარი არ  ვარ. სოფლის  მეურნეობას და მით უფრო პროდუქტის კეთილსინდისიერ წარმოებას შედეგი გვიან მოაქვს. ფული? აუცილებლად  მოვა, მაგრამ მოგვიანებით.

აი, მაშინ კი არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ბევრ ფულს, ნამდვილად არ  ვიცი. არ ვიცი, შემეცვლება თუ არა ხასიათი და გარესამყაროსთან დამოკიდებულება .

როგორც ვიცი, ყველის საქართველოში არსებული ბევრი მივიწყებული რეცეპტი გააცოცხლეთ და კვლავ გააპოპულარულეთ. თქვენს მაღაზიაში მოსული მყიდველი გასაოცარი გემოების პალიტრის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, თუ რა ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გაბნეულ რეცეპტებს კვლავ აგროვებთ?

ერთადერთი მაღაზია მქონდა ყაზბეგის გამზირზე  და ისიც დავკეტე. ბევრი დრო მიჰქონდა, ძალიან ბევრი. ყველას, ვისაც ერთი უბნის მაღაზიის ამუშავება და პატრონობა შეუძლია, გმირად  ვთვლი… ვაჭრობა არსად არ არის ადვილი საქმე და საქართველოც არაა გამონაკლისი. ეს ნიჭია, სხვა საჭირო თვისებებთან, იღბალთან და ყაირათიანობასთან ერთად…

ალალად და  გულწრფელად ვამბობ: რეალიზაციას წარმოება მირჩევნია. თან ახალი პროექტი წამოვიწყე კარგ ჯგუფან ერთად. გრანტი და ინვესტიცია გავაერთიანეთ და საწარმოო პროცესთან ერთად, მეყველეთა სკოლის გამართვა მინდა. სწავლება, პროფესიის ათვისება წარმოებიდან მოუწყვეტლად, ნამდვილად საშური საქმეა. ყველა წარმოებამ უნდა გამოზარდოს მისთვის საჭირო სპეციალისტი, ან  დაუკვეთოს სასწავლო დაწესებულებებს. მეყველეებს მე მივხედავ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მართლა მივხედავ, არაჩვეულებრივი კურსი მაქვს მოფიქრებული.

სამეცნიერო საქმიანობას კვლავ განაგრძობთ?

რაღა თქმა უნდა, სამეცნიერო საქმიანობასაც განვაგრძობ, ეთნოგრაფიული ექპედიციებსაც, რომელიც  ერთი წამითაც არ შემიწყვეტია. რასაკვირველია, ვაგრძელებ ძიებას და კვლევას. უბრალოდ, ახლა ის ბაზაც მექნება, სადაც ამ ყველაფრის (ძირითადად   რეცეპტების) რეალიზებას შევძლებ.

რა ბედი ეწევა ყველის სახლებს?

ყველის სახლების ბრენდის გამოყენების უფლება რამდენიმე მეგობარ ჯგუფს უსასყიდლოდ გადავეცი და ეს კარგია. ნეტავ, კიდევ ბევრი ყველის სახლი გაჩნდეს…  ეს უნიკალური პროდუქტი შესაფერის გარემოში დაიდებს ბინას და ამით ყველა მოგებული დარჩება -მომხმარებელიც და მწარმოებელიც.

საქართველოში ყველის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ვიდრე, ვთქვათ, ევროპაში. რა მოთხოვნები და გემოვნება აქვს ქართველ კლიენტს?

ჩემდა  სამწუხაროდ, მარილიანი ყველი ქართველ მომხმარებელს – გურმანსაც და არაგურმანსაც უყვარს, და ეს მისი ბრალი არაა. წლებია, იგი ამას  შეაჩვიეს  მწარმოებლებმა, რომლებიც  თავის მხრივ  ვერ უმკლავდებიან შენახვის ტექნოლოგიების არცოდნას და ვერც, სიმართლე გითხრათ, დაავადებებს, რომელიც შეიძლება  რძეში და შესაბამისად, პროდუქტებში იყოს პირუტყვიდან გადასული. ინტერვიუებში ამის თქმა არ მიყვარს. იმდენად  ძვირფას და უნიკალურ პროდუქტზე ვსაუბრობთ, რომ მისთვის ჩრდილის მიყენება არ მინდა,  მაგრამ ეს პრობლემაა და მას თუ სერიოზულად  არ შევხედეთ, ურთულესი დილემების წინაშე აღმოვჩნდებით. სანამ არ გვეცოდინება, თუ რა ჭამს პირუტყვი, რას იყენებს ფერმერი მის გამოსაკვებად, რა პირობებში ამყოფებს, როგორ წველის, როგორ ინახავს რძეს, რა  ტრანსპორტით მიდის  ნედლეული საწარმომდე, – ძნელია, საბოლოოდ ჯანმრთელ პროდუქტზე ისაუბრო. მოკლედ, ეს პრობლემათა ერთი სრული ჯაჭვია, რომელსაც სახელმწიფოს კონტროლის გარდა, მომხმარებლის ზეწოლაც  სჭირდება.

მე არ მიყვარს მარილიანი ყველი – რა აზრი აქვს მარილიან ყველს, როცა  წინა პლანზე მარილი  მოდის? სად ვიპოვო ყველის  გემო? გამოსავალიც ვიპოვე – ძალიან, ძალიან მიყვარს გუდის ყველი      და ე.წ. „სუფრის  ყველის“ დიდი თავებიც, ჩეჩილიც, მაგრამ ვერ  ვჭამ. ასეთ ყველს აუცილებლად „ვაბანავებ“ ძმრიან  წყალში, ერთი დღე-ღამის მანძილზე ვახანებ და ასე ვაცლი მარილს. ხანდახან ისე ვაცლი, რომ შემდეგ დამატება მიწევს.

ჩემ ირგვლივ უკვე ყველა ეძებს ყველის საგემოვნო თვისებას – მაისის ბალახის  სურნელს, როგორც   ღვინოში ტონებს. ზოგი იმასაც არკვევს, სილოსი  ჭამა ძროხამ და იმ რძისგანაა  დამზადებული ყველი თუ  პატრონს მხოლოდ  მშრალ საკვებზე ჰყავდა…

განსაკუთრებული საკუთარი რეცეპტები თუ გაქვთ?

მაქვს: ახლა ნადუღისგან გარკვეული ტიპის მასის მიღებაზე ვმუშაობ, კარამელიზებული კენკრის და ცოცხალი ხილის გამოყენებით ახალი ხაზის გაკეთება მინდა. წინასწარ არც ამას გავამხელ. ადრე  დეტალებში მოვყვებოდი, მგონი მართლა ბიზნესმენი  ვხდები… (იცინის, შ.გ.)

როგორც ვიცი, თქვენს საქმიანობაში თქვენი ოჯახის წევრებიც გეხმარებიან. ისინი ყველის დამზადების მხოლოდ ტექნიკურ მხარეში მონაწილეობენ თუ კრეატივსაც ითავსებენ?

ნამდვილად, რძლის და შვილიშვილის გარდა (რძალი სოფელს ვერ იტანს და ვერც მეყველეობას, შვილიშვილი კი პატარაა, წლისაც არაა), ყველანი თავით ფეხებამდე  გადაშვებულნი ვართ  ყველში და უკვე  მეოთხე წელია, სოფელში ვცხოვრობთ. ყველას თავისი იდეა და კონცეფცია აქვს. ამ ყველაფერში უფროსი მე ვარ. ცოტა კი ერიდებათ და ეხათრებათ ჩემი, მაგრამ ზუსტად  ვიცი – ამ ოჯახში ყველა თავის ყველს გააკეთებს…

თქვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გადის?

საზღვარგარეთ ჩემი კი არა, არავის ყველი არ გადის. ამას ისეთი ძალიან  გრძელი და ვაი-უშველებელი მიზეზები აქვს, რომ ასახსნელად ერთი სტატიის  ფორმატი არ  გვეყოფა.

ქართველი ქალებისთვის ბიზნესში თვითდამკვიდრება, ცოტა არ იყოს, პრობლემური საკითხია. ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა კი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ქართველ ქალებს, რომლებიც მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის პრობლემის წინაშე დგანან?

მე ასე არ ვუყურებ ქალის და კაცის საქმიანობას; კაციც ვიცი უკიდურესად წარუმატებელი და  ქალიც – უამრავ  წარმატებულ ქალს  ვიცნობ.

ქალი იქნება თუ კაცი, რამეს ხელს თუ  მოკიდებს, გულით უნდა აკეთოს და   პროფესიონალიზმს ესწრაფოდეს. ბუზის სპეციალისტიც რომ იყო, ისეთი უნდა იყო, რომ აზრის საკითხავად ყველა შენ გეძებდეს. ეს ერთხელ საუბრისას ჩემმა შორეულმა  ნათესავმა და დიპლომატმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ  მითხრა. მეც მყავს სახლში უმცროსი ალექსანდრე ჩიკვაიძე, მასაც ყოველდღე იგივეს  ვეუბნები: ეს ერთი წინადადება ჩემთვის ცხოვრების პრინციპი გახდა. ახლა ქართული ყველი რომ დაგუგლო, ანა  მიქაძე- ჩიკვაიძეს ამოგიგდებს და პირიქით, ჩემი გვარის გვერდით სულ ყველი იძებნება. ეს მიხარია, ეს არის ის, რისკენაც მივდიოდი.

აი, ამას ვურჩევ  ქალსაც და კაცსაც – პროფესიონალიზმი, დანარჩენი კი იღბალი და  შრომაა…

ესაუბრა შორენა გაბუნია

ფოტო: www.funtime.ge