ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ამერიკული National Geographic-ის ყდაზე პირველად გამოჩნდება ტრანსგენდერი ბავშვი

posted in ქვიარ საკითხები by with Comments Off on ამერიკული National Geographic-ის ყდაზე პირველად გამოჩნდება ტრანსგენდერი ბავშვი

ამერიკულმა National Geographic-მა 2017 წლის იანვრის ნომრის ყდაზე ტრანსგენდერი ბავშვის ფოტო პირველად განათავსა. გამოცემის გაყიდვა აშშ-ში დეკემბრის ბოლოს დაიწყება.

ჟურნალის იანვრის ნომერი, სათაურით „გენდერული რევოლუცია“, ახალგაზრდობას ეძღვნება. თუ როგორ განსაზღვრავს სქესი ადამიანის ცხოვრებას, ამის შესახებ National Geographic-ის მთავარი რედაქტორი სიუზან გოლდბერგი (Susan Goldberg) წერს. ნომრის სახედ ცხრა წლის ეივერი ჯექსონი (Avery Jackson) გახდა მისურის შტატის ქ. კანზას-სიტიდან, რომელიც ბიჭად დაიბადა, მაგრამ ხუთი წლიდან თავს გოგოდ აღიქვამს. ეივერის მშობლებმა ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოუცხადეს და მას კაბების, ბაფთების ტარების, თმის დაწვნის ნება დართეს. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო ოჯახს ბევრმა მეგობარმა ზურგი შეაქცია. სქესის კორექციის ოპერაციის გაკეთება ეივერის მხოლოდ სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ შეუძლია. იგი ახლა ცხრა წლისაა და ვიდეოდღიურს აწარმოებს, სადაც ტრანსგენდერი ბავშვის ყოფაზე გვიამბობს. ჟურნალის ახალ ნომერში, გენდერის თემა სამეცნიერო, ისტორიულ და სოციალურ ჭრილში განიხილება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ კვლავ სტიგმა არსებობს, რომელსაც ხშირად დისკრიმინაციასა და ძალადობაში გამოიხატება. ტრანსგენდერთა თანასწორობის ეროვნული ცენტრის (National Center for Transgender Equality) თანახმად, ტრანსგენდერი ბავშვების 70% სკოლაში თავს დაუცველად გრძნობს. ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის ეროვნული კვლევა გვიჩვენებს, რომ ტრანსგენდერი მოსწავლეების 78% შევიწროებას განიცდის, 35% ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლი გამხდარა, 12%-ზე კი სექსუალურად უძალადიათ.

გარდა ამისა, ტრანსგენდერი მოსწავლეეეების 90%-მა განაცხადა, რომ საკუთარი გენდერული გამოხატვის მისამართით სკოლაში ნეგატიური შენიშვნები გაუგია, ხოლო 39% აცხადებს, რომ ამგვარი შენიშვნები მასწავლებლებისგან და მომსახურე პერსონალისგან მოდიოდა.

ტრანსგენდერი ახალგაზრდების მიმართ ამგვარმა მტრულმა დამოკიდებულებებმა შესაძლოა ტრაგიკულ შემთხვევებამდეც მიგვიყვანოს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (Disease Control and Prevention, CDC) თანახმად, ტრანსგენდერი ახალგაზრდების 25%-ს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონია. ამის გამო, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლებში უნდა აიკრძალოს დაცინვა, ზეწოლა და ძალადობა ყველა მოსწავლის მიმართ, შეიქმნას უსაფრთხო სივრცეები, სადაც ლგბტ მოსწავლეები მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრმლების მხრიდან მხარდაჭერილნი იქნებიან.

ობამას ადმინისტრაციის დროს, განათლების დეპარტამენტმა სკოლებისთვის სახელმძღვანელო გამოუშვა, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ტრანსგენდერი მოსწავლეების დაცვაზე. სახელმძღვანელოს თანახმად, სკოლები ვალდებულნი არიან, ყველა მოსწავლეს მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად მოექცნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერ მოსწავლეებს წვდომა უნდა ჰქონდეთ იმ გასახდელსა და საშხაპე ოთახზე, რომელიც მის გენდერულ იდენტობას შეესაბამება.

ჟურნალის ანონსმა მკითხველებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. განსაკუთრებით რეაქციულად განწყობილნი ჟურნალის გამოწერის გაუქმებით იმუქრებიან. მათი თქმით, National Geographic ამ ხერხით ცდილობს „ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვას და მათ აიძულებს, იფიქრონ, რომ დეგენერაციის მსგავსი ხერხი ნორმალურია“.

მიიჩნევა, რომ ამერიკელების 2-5% ტრანსგენდერია.

 

© sapari.ge