სკოლამდელი ასაკის ბავშვების უსაფრთხოების პირობები


Adorable little girl outdoors at beautiful autumn day

სამიდან ხუთ წლამდე ბავშვი აწმყოთი ცხოვრობს. იგი ორიენტირებულია იმაზე, რაც „აქ და ახლაა“. მას არ აინტერესებს უფროსების პასუხი: „ვნახოთ“, „შეიძლება, „მოგვიანებით“. ამგვარი პასუხები მოვლენათა აბსტრაქტულ სამყაროს განეკუთვნება, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს. ამის გამო, სკოლამდელი ასაკის ბავშვი მოუთმენელია და მოცდა არ იცის. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ესმით სიტყვა „მოგვიანებით“. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, დაუცადონ მომავალ მოვლენებს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს რთულად ესმით გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობებიც. მათ ხშირად აბნევთ ზოგადი წესები (მაგალითად: არ გამოელაპარაკო უცნობ ადამიანს). პენელოპ ლიჩი (Penelope Leach), ბავშვის განვითარების სპეციალისტი, ამბობს, რომ ამ წესის პირველი პრობლემა ჩვენს სიტყვებშია (არ გამოელაპარაკო), მეორე კი უცნობი ადამიანის განსაზღვრებაში – რას ვგულისხმობთ ამაში? ლიჩის თქმით, ამ ასაკის ბავშვები ვერ ითავისებენ ზოგადი წესების არსს, რომლებიც მათ ერთი მხრივ აუცილებელ პასუხს სთხოვს მაშინ, როდესაც უცხო ადამიანი მათ ასაკს ან სახელს ეკითხება, მეორე მხრივ კი ამ უცხო ადამიანთან საუბარს უკრძალავს. ჩვენ ბავშვს უცნობებთან საუბარს ვუშლით, მაშინ, როდესაც იგი ხედავს, რომ თავად ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ. ლიჩს მიაჩნია, რომ ბავშვებს ვასწავლით, რა უნდა გააკეთონ ყოველთვის, და არა ის, თუ რას უნდა უფრთხოდნენ. აი რატომ უნდა ვუთხრათ მას „არ გამოელაპარაკოს“ ნაცვლად „იარე მხოლოდ ახლობელ უფროსთან ერთად“.

რადგან პატარა ბავშვების მოტყუება ძალზე ადვილია, ჩვენ მათ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, რომ მუდმივად უფროსების თვალთახედვის არეში იყვნენ. ბავშვის განვითარების ამ სტადიაზე პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად ჩვენზეა. უპრიანი იქნება, თუ ბავშვი მუდმივად შეგვატყობინებს, თუ სად მიდის, მაშინაც კი, როდესაც საქმე საპირფარეშოს ეხება. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, თუ სად ვიმყოფებით ჩვენ. ამგვარი სინქრონის წყალობით, ბავშვს ჩვევაში უჯდება საკუთარ თუ ჩვენ გადაადგილებაზე მუდმივად საუბარი.

ბავშვების განვითარების კიდევ ერთი თავისებურებაა: მათ ძალიან უჭირთ იმის გაგება, როგორ შეუძლია მათი ნდობით აღჭურვილ უფროსს მათი წყენინება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ირგვლივ მყოფი ყველა უფროსი მათზე ზრუნავს და მათ მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს. „მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იქცეოდნენ მტრებივით ის ადამიანები, ვისაც თვითონ და თავიანთი მშობლები მეგობრებად მიიჩნევენ“, – ამბობს ლიჩი. ამის გამო, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უფროსების მართებული ქცევის საზღვრების შეფასების სწავლებას არ ვცდილობთ. თუმცა, „არას“ თქმის სწავლება მათთვის გასაგები ქცევებით შეგვიძლია – მაგალითად, უსიამოვნო შეხებების გაპროტესტება ან იმ ადამიანებისთვის უარის თქმა, რომლებსაც ბავშვების სადღაც წაყვანა მშობლების თანხმობის გარეშე განუზრახავთ. ჩვენ მათ მარტივ წესებს ვუდგენთ და მათ არჩევანს ვავიწროებთ, რადგან ეს ყველაფერი მათთვის გასაგებია და მათი აზროვნების თავისებურებებს შეესაბამება.

სკოლამდელი ასაკის პატარებისთვის მარტივი წესების დასწავლის ყველაზე დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მათ წესები უყვართ. ფაქტიურად, ისინი წესებს ეყრდნობიან. თუ შეგიმჩნევიათ, საკმარისია, თქვენვე ოდნავ გადაუხვიოთ მათთვის ნასწავლ წესებს, რომ ისინი ამას მყისვე შეგახსენებენ. მათ თანატოლებთან თამაშისას განსაკუთრებით უყვართ დედის ან მამის, ანუ მათთვის ავტორიტეტული ადამიანების ფრაზების იმპერატიული გამეორება: „დედაჩემმა თქვა…“. ხშირად ისეც ხდება, რომ ისინი ჩვენ მიერ დასწავლილ წესებს ჩვენვე გვახსენებენ. ამ წესებს ბავშვები ყოველთვის იცავენ.

ასევე, უნდა გამოვიყენოთ ბავშვის ლოგიკურობისკენ სწრაფვაც. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ხშირად ამჩნევს, როდესაც ვინმე მოწესრიგებულ ნივთებს ურევს. ჩვენ მისი ეს თვისება უნდა წავახალისოთ. ოთახში ახალი ფარდა ან გადაადგილებული მაგიდა მას თვალთახედვის არიდან არასოდეს გამორჩება. ასევე ადვილად შეამჩნევს იგი უფროსების უჩვეულო ქცევას და გვიამბობს ჩვენ. კარგი დაკვირვებული თვალი ბავშვებს ამაში კარგად ეხმარებათ, და მათი ეს თვისება აუცილებლად უნდა წავახალისოთ და შევაქოთ.

ჩვენს ბავშვებს მუდმივად ვუწესებთ დაჯერების გარკვეულ საზღვრებს და მოვითხოვთ მათ შესრულებას. ამის მიზეზი არსებობს: სკოლამდელი ასაკის ბავშვები ვერ ხვდებიან, სად იმალება საშიშროება და სად – არა. ამიტომაც, ჩვენი ამოცანაა ამაზე მუდმივად საუბარი. საზღვრების დაწესებით, ჩვენი ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ეს მისი პირადი უსაფრთხოების დასაწყისია.

ბავშვისთვის საზღვრების დაწესებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მომავალში, იგი ამ საზღვრების დაწესებას თავად შეძლებს. ახლა კი, ჩვენ უნდა ჩავერიოთ და მას „კის“ ან „არას“ თქმა ვასწავლოთ. ჩვენ მიერ ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო – ეს უსაფრთხოა, ეს კი – არა.

სამი წლის ასაკისთვის ბავშვები უკვე ასახელებენ საკუთარი სხეულის ნაწილებს. მათ უკვე შეუძლიათ გაითავისონ, თუ რომელი მათგანია ინტიმური. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებს ცნობდეს და ასახელებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვასწავლოთ სიტყვები „ვაგინა“ და „პენისი“ ისევე, როგორც „იდაყვი“ და „ცხვირი“. ჩვენ თავადვე გადავცემთ მათ კომფორტის ხარისხს, პატარები კი შეცბუნების ან სითამამის გრძნობებს თავად სწავლობენ. მათ საკუთარი სხეულის ნაწილების სახელდება ზოგადი ლექსიკონის გამდიდრებასთან ერთად უნდა დაისწავლონ. გარდა ამისა, ბავშვისთვის „სხეულის ანბანის“ სწავლების კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: იმ შემთხვევაში, თუ მას სექსუალური ზეწოლის შემთხვევასთან ექნება საქმე, იგი უყოყმანოდ შეძლებს მშობლებისთვის ამ ამბის მოყოლას: „იქ სეირნობს ადამიანი, რომელსაც პენისი გარეთ აქვს“, ან „ის კაცი ჩემი ვაგინის შეხებას შეეცადა“.

თუ ბავშვს შესაბამისი სიტყვები დასწავლილი არ აქვს ან ჩაუნერგეს, რომ სხეულის გარკვეული ნაწილების ხსენება არ შეიძლება, იგი მომხდარზე გაჩუმებას ამჯობინებს და ამით ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ მასზე ძალადობის/ძალადობის მცდელობის ამბავს.

ბავშვებს უნდა დავეხმაროთ იმის გაგებაში, თუ ვის აქვს და ვის არა მათ ინტიმურ ადგილებზე შეხების უფლება. მათ უნდა ვასწავლოთ განსხვავება „კარგ“ და „ცუდ“ შეხებებს შორის და ვუამბოთ, რა უნდა გააკეთონ მაშინ, როდესაც არ სურთ, რომ შეეხონ. ექიმ თომას ბრაზელტონს (Thomas Berry Brazelton) მიაჩნია, რომ 3-4 წლის ბავშვებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ მათი გენიტალიები სხეულის ინტიმური ნაწილებია. ბავშვებს იმის გაცნობიერებაში უნდა დავეხმაროთ, რომ თუ არ სურთ, უფროსები შეეხონ, ეს მათ აუცილებლად უნდა უთხრან, და თუ საჭირო იქნება, ხმამაღლაც დაუყვირონ. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, თქვას: „ეს ცუდია, გამიშვი ხელი!“, ან „ხელი არ მახლო აქ, ეს ჩემი ინტიმური ადგილებია!“.

ბავშვთან „კარგი“ შეხებებია:

– ჩახუტება, როდესაც მას სურს;

– ხელის ჩაკიდება;

– მხარზე ხელის ნაზად მოსმა;

– ლოყაზე ნაზად კოცნა;

– პატარების რწევა ან ხელში აყვანა.

„ცუდი“ შეხებები:

– ზედმეტად ძალადობრივი და ხანგრძლივი ჩახუტება;

– კოცნა მისი ნების წინააღმდეგ;

– ღიტინი მისი ნების წინააღმდეგ;

– უფროსის შეხება ინტიმურ ადგილებზე;

– როდესაც უფროსი ბავშვს აიძულებს, შეეხოს ან აკოცოს;

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს სიტყვა „უცხოს“ განმარტება ასე შეგვიძლია მივაწოდოთ: უცხო/უცნობი არის ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ. ჩვენი მიზანია, ბავშვს თავის ირგვლივ მყოფი უცხო ადამიანების შემჩნევა ვასწავლოთ. მან ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და უცნობი ადამიანები. მოგვიანებით, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ბავშვს ერთმანეთისგან განვასხვავებინოთ ნაცნობები და მეგობრები. ამის დასწავლა ასაკის შესაბამისად ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ამ ეტაპზე საკმარისია, სკოლამდელი ასაკის ბავშვს დავასწავლოთ უცხოების გარჩევა და გარშემო მყოფ ადამიანებთან ფრთხილად მოქცევა.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საკუთარი მისამართისა და მშობლების/სახლის ტელეფონის ნომრის დამახსოვრება. უნდა ვეცადოთ, რომ ეს ინფორმაცია ბავშვმა სხაპასხუპით დაიზუთხოს, რადგან დაზუთხული ინფორმაცია გასაჭირის ჟამს მეხსიერებაში ადვილად ტივტივდება. თუ ვინმე ბავშვს გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს ჰკითხავს მაშინაც კი, როდესაც იგი დაბნეული ან შეშინებულია, იგი ამის გახსენებას მაინც შეძლებს. აუცილებლად უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს, რომ არ უნდა ეშინოდეს პატრულისთვის საკუთარი ვინაობისა და მისამართის დასახელება.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ძალზე მიმნდობნი არიან. ამის გამო, ჩვენ მუდამ უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვაზე. სიცოცხლის მოყვარული და ალერსიანი პატარების უმრავლესობა მზად არის, ყველას ჩაეხუტოს. ასეთი ბავშვებისთვის ფიზიკური კონტაქტი ურთიერთობის მთავარი საშუალებაა. ალერსიან პატარებს უნდა ავუხსნათ, რომ მოფერების გამოხატვა სიტყვებითაც არის შესაძლებელი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთვის უცხო უფროსებთან (მაგ. ოფიციანტები, მაღაზიის კონსულტანტები ან მეზობლები) მხოლოდ სიტყვებით ურთიერთობაა საჭირო და არა –  ჩახუტება და კოცნა. ბავშვის განვითარების ამ სტადიაზე მარტივი წესის დადგენა შეგვიძლია: ჩვენი ბავშვისთვის ფიზიკური შეხება მხოლოდ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამდენიმე ადამიანისთვისაა ნებადართული.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გარკვეული წესების დადგენა მათთვის უჩვეულო ამბავი სულაც არაა: ისინი ამ წესებს ყოველდღიურობის ნაწილად აღიქვამენ. მაგალითად, დაწესებულია, რომ ვიდრე ვინმეს კანფეტს გამოართმევენ, ნებართვა ჩვენგან უნდა აიღონ. ეს ჩვეულებრივი, მშობლების მიერ დადგენილი წესია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ მათ მიერ მიღებული კანფეტების რაოდენობას ვაკონტროლებთ. ეს წესი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა, რადგან პირადი უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ ბავშვებს თავიდანვე მივაჩვევთ ნებართვის აღებას კანფეტის ან საჩუქრის მიღებამდე, ისინი ნაკლებ მოწყვლადნი იქნებიან სექსუალური ზეწოლისა და ძალადობის შემთხვევებში; მოძალადეები ხომ აქტიურად იყენებენ ამ სატყუარას.

სექსუალური ზეწოლისა და ძალადობის ზოგიერთ შემთხვევაში, მოძალადეები ნორჩი მსხვერპლის გაჩუმებას შემდეგი ტიპის მუქარებით ცდილობენ: „შენს თვალწინ შენს საყვარელ ბაჭიას/კატას/ლეკვს მოვკლავ, და თუ ჭკვიანად არ იქნები, შენც მიგაყოლებ!“. მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ არავის აქვს უფლება, მათ დაემუქროს და შეაშინოს. „თუ ვინმე შეგაშინებს და რაღაც ამბის ჩემთვის მოყოლას დაგიშლის, მაშინვე ჩემთან მოდი და მომიყევი, საშიში არაფერია!“.