“საფარი” სექსუალური შევიწროების აკრძალვას მოითხოვს


დღეს, ფაბრიკაში, კავშირმა საფარმა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებისა და კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ბაია პატარაიამ საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პატარაიამ აღნიშნა, კვლევა “სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი” და საინფორმაციო კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“, რომელმაც დღეს აიღო სტარტი, იმისთვის შეიქმნა, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უფლებები ამიერიდან უკეთესად იყოს დაცული (დასახელებული საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ).

გიორგი ბურჯანაძემ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა, აღნიშნა, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო კუთხით რეგულირება და აღსრულება ბევრ სირთულეს უკავშირდება, რის გადალახვაშიც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს.

კვლევა “სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი” ავტორმა, იურისტმა და გენდერის მკვლევარმა ანა ილურიძემ წარადგინა. მან აღნიშნა, რომ მიმოხილვითი ხასიათის წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვას.

დეპუტატმა და პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა მარიამ ჯაშმა პრეზენტაციაზე ყურადღება იმ საკანონმდებლო თუ აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც დასახელებულ საკანონმდებლო ინიციატივას შეიძლება ახლდეს თან.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 21 თებერვალს, კვლევისა და საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაციის პარალელურად, სტარტი აიღო სოციალურმა კამპანიამ, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული. კამპანიის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სექსუალურ შევიწროებაზე, როგორც უპირატესად ქალთა წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციის გამოვლინებაზე. კამპანიაში მონაწილეობა, საკუთარი ისტორიის დასახელებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნების გზით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ოდესმე გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და ვისაც ამ თემაზე საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება სურს (კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ ფეისბუქ გვერდის ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ).
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, სოციალური კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ ფარგლებში, “ფაბრიკის” კედელზე, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული სტენსილი გაკეთდა.