ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ქალები 8 მარტს “შუშის ჭერის” და მრავალი სტიგმის მსხვრევით აღნიშნავენ

posted in ვიდეო, ფოტოგალერეა, ქართული by with Comments Off on ქალები 8 მარტს “შუშის ჭერის” და მრავალი სტიგმის მსხვრევით აღნიშნავენ

წლევანდელი 8 მარტი ქალთა უფლებების აქტივისტებმა სოციუმში ქალთა წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გაჟღერებით აღნიშნეს.

კანცელარიის შენობის წინ, “ქალთა მოძრაობამ” აქცია-პერფორმანსი გამართა, სახელწოდებით “შუშის ჭერი”. “შუშის ჭერი” საერთაშორისო ტერმინია, რომელიც დასაქმების პირობებში ქალთა წინაშე მდგარ უხილავ ბარიერებს გულისხმობს. საქართველოში გოგონების და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, სამსახურებშიც პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ქალები. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ – იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს. “შუშის ჭერი” თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა. ის არსებობს როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში, ის არსებობს პოლიტიკურ პარტიებშიც და სწორედ ამიტომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ძალიან დაბალია საქართველოში. შუშის ჭერის სიმბოლური დამსხვრევით, პერფორმანსის მონაწილეებმა სწორედ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ეს უხილავი წინაღობები გააპროტესტეს.

“ქალთა მოძრაობის” აქცია-პერფორმანსის დასრულებისთანავე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც ფემინისტური ჯგუფების (“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”, “ქალთა მზერა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ანტი-სტიგმა მოძრაობა #დაინახეყველაფერი” პლატფორმა “#ქალებისაქართველოდან”) აქციას, სახელწოდებით “ჩემი სხეული ჩემი საქმეა“, შეუერთდნენ.

ფემინისტური ჯგუფების ერთობლივი აქციაზე (“სოლიდარობის აქცია”), სიტყვით სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები გამოვიდნენ, რომლებმაც ჩვენს საზოგადოებაში ქალების წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრეს (ტრანსგენდერი ქალების პრობლემები, შრომითი უფლებები, შშმ პირთა უფლებები, ესთეტიკური ფაშიზმი, თინეიჯერების პრობლემები და სხვ).

აქცია „დაამსხვრიე შუშის ჭერი“, თბილისის პარალელურად, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, მცხეთაში, თელავსა და სენაკში გაიმართა, ქუთაისის აქცია კი ქალთა სოლიდარობის ნიშნით ჩატარდა.

 

© sapari.ge