„მომთმენი ქალი“ VS „უსირცხვილო ქალი“


შორენა გაბუნია

დიდი ხანია, ერთ რამეს მივეჩვიე: როდესაც ქალები საკუთარი სხეულის ავტონომიურობაზე ვიწყებთ საუბარს, ჩვენ წინაშე ნამდვილი ქარბორბალა ამოვარდება ხოლმე. ყველა მოცლილი თუ მოუცლელი, ქალი თუ კაცი, ერთხმად იწყებს მტკიცებას, რომ „ქართველი ფემინისტები უაზრო და სულელურ აქცენტებს აკეთებენ და სრულიად ამოვარდნილნი არიან დღეს საქართველოში ქალთა წინაშე მდგარი პრობლემების კონტექსტიდან“.

ეს დისკურსი ბევრი ისეთი ადამიანისგანაც ხშირად მესმის, ვისაც მე პირადად ბევრ საკითხში ჭკუასაც ვეკითხები ხოლმე. ვცდილობ, ავუხსნა, რომ ქალის სხეულის ავტონომიურობის საკითხი ვერანაირად ვერ იქნება „მეასეხარისხოვანი“, მაგრამ მათგან პასუხად მუდმივად გაღიზიანებულ და ირონიულ ტონს ვაწყდები.

მაინც ძალიან მინდა, ყველაფერი თანამიმდევრულად და გასაგებად ვთქვა.

არა, არც ფემინისტური თეორიების მოხმობას ვაპირებ და არც – ბევრისთვის უცხო ცნებებისა და სიტყვების დახვავებას. უბრალოდ, სულ ახალ მომხდარ ამბებს ვიხსენებ, იმ ამბებს, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების ინტერვიუირებისას შემემთხვა.

ბევრ მათგანს, ცხოვრებაში გაცილებით უარესი ამბები გადახდენია, ვიდრე ამას სექსუალური შევიწროების ცნება გულისხმობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ახლა არქმევენ სახელს ამ ტკივილს. გახსენებისას ისევ და ისევ სტკივათ, წუხან, თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვერ იკავებენ.

ძნელია, ადამიანი ღრმა ბავშვობაში ჩატოვებულ ტრავმაზე აალაპარაკო. იცი, რომ ეს მისთვის ძალიან, ძალიან მძიმე, საკუთარი თავის იძულებით მივიწყებული ამბის „ამოქექვა-გამზეურებას“ უკავშირდება. იჭვნეული თვალებით გიყურებს, სახეზე ზაფრა და ძრწოლა აწერია, თითქოს გეხვეწება, რომ არ გაკიცხო.

შემდეგ ისევ პაუზა და ისევ ყოყმანი.

ხუმრობა საქმე ხომ არაა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარი ამბის გახსენება… მაგრამ, ამ ორჭოფობის დროს, თითქოს ხვდება, რომ ამ თემაზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს, რომ გულში ჩამარხული ტკივილის ვიღაცასთან გაზიარება შვებას მოგვრის…

ლაპარაკს იწყებს – ჯერ გაუბედავად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შემდეგ უფრო თამამად, – შეფასებებით და კომენტარებით. იხსენებს, როგორ გაანივთა ბავშვობაში მამამისზე ბევრად უფროსმა კაცმა, როგორ ეხებოდა მის სხეულს ძალადობრივად, გულისამრევად, როგორ უხახუნებდა რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ სასქესო ორგანოს მის ჩამოუყალიბებელ სხეულს. იგი პატარა იყო, უმწეო, არც შეწინააღმდეგება შეეძლო და არც – ამის შესახებ ვინმესთან საუბარი… ჰოდა, მთელი ცხოვრება ამ გაუზიარებელი, გულის კუნჭულში მიმალული წუხილით იცხოვრა. იმ ამბავმა სულზე ბევრი იარა დაუტოვა მის მომავალ ცხოვრებაზეც დიდი გავლენა იქონია…

ახლა, უკვე შვილიშვილებს აფრთხილებს, რომ არც ერთ კაცს არ ენდონ, მამის გარდა… როდესაც ბავშვები გულუბრყვილო სახით ეკითხებიან, რატომო, – ვერაფერს პასუხობს, რადგან გულის კუნჭულში ჩატოვებული ის ამაზრზენი ამბავი ბოთლის ჯინივით დამწყვდეული ჰყავს…

დიახ, მას სირცხვილი სწვავს და შიში, რომ ვიღაც ამაში დაადანაშაულებს.

ასეთი ისტორია ბევრია. განსხვავება მხოლოდ ქალების ასაკშია. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, ძალიან ბევრ გოგონას და ქალს შეხებიან კაცები მათი ნება-სურვილის გარეშე. ეს გაუპატიურება არ ყოფილა, ამიტომ ეგონათ, რომ კაცების მხრიდან „ცუდი რამის ჩადენა“ მხოლოდ შეღწევადი სექსის შედეგად იყო შესაძლებელი. ამიტომაც დუმდნენ, რცხვენოდათ და ამ საზიზღარი ისტორიების დავიწყებას ლამობდნენ.

ძნელია ამ ადამიანების განცდების გაზიარება მაშინ, როდესაც ამგვარი ისტორიები ყოველთვის გაუჟღერებლად რჩება, თუმცა, ძნელი არ არის, უკვე გახმაურებული ამბავი ჯეროვნად გააცნობიერო და აღიქვა ყოველგვარი სარკაზმის, ღლიცინის, გაკიცხვის გარეშე.

ქალის სხეულის ავტონომიურობის პრობლემა უმნიშვნელოვანესია. ამაში შედის ყველაფერი, სხეულის ბეწვის რაოდენობისა და წონის თვითგანსაზღვრიდან დაწყებული, ჩვენს სხეულზე ბინძური პედოფილების მოსრიალე ხელებით დასრულებული. ცოლისთვის ყურების დაჭრაც, სხვათა შორის.

ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ქალს ბევრი რამის უნდა რცხვენოდეს და „ერიდებოდეს“. ქალებმა ამის გამო ძალზე ბევრი ტკივილი გადაიტანეს, იმ ჩემი რესპონდენტებივით, რომლებიც მათ მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს დღემდე თავიანთ სირცხვილად აღიქვამენ. ასე გამოვიდა: თუ საკუთარი სხეულის და პირადი სივრცის ავტონომიურობაზე ზრუნავ, ავტომატურად “უსირცხვილო ქალთა” არმიას უერთდები.

ჰოდა, ძვირფასო კეთილგონიერო ქალებო და პატივცემულო კაცებო, ვიცით, რომ გაღიზიანებთ „უსირცხვილო ქალები“, მაგრამ დიდი ბოდიში თქვენთან, – როდესაც არჩევანი ამ „უსირცხვილობასა“ და ჩემი სხეულის ავტონომიურობის ხელყოფას შორის უნდა გავაკეთო, მე აუცილებლად „უსირცხვილობას“ ავირჩევ, როგორ გულზეც არ უნდა დაგადგეთ ეს. თქვენ კიდევ აშეარეთ და აშეარეთ თქვენი აგრესიული „არგუმენტები“, – საბედნიეროდ, მათი უკვე ცოტას თუ ეშინია, – იმ ბებიების ჩათვლით, რომლებმაც საკუთარ სხეულებზე ძალადობა 70 წლის ასაკში გააცნობიერეს…