საქართველოში პირველი სამბისტი ქალი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო თასს მეორედ დაეუფლა


25 მარტს, ქართველი სამბისტი ნინო ოძელაშვილი 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო თასის მფლობელგახდა. 26 წლის ნინომ, რომელიც ახალგაზრდებში ასევე მსოფლიო ჩემპიონია, მოსკოვში, სამბოს მსოფლიო თასის, “ა. ხარალამპიევის სახელობის” ტურნირის ფინალში  რუსეთის ნაკრების წევრი, ევროპის ორგზის ჩემპიონი მარგარიტა გურწიევა დაამარცხა და მსოფლიო თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. 

ნინო ოძელაშვილი: საქართველოში ქალთა სამბოს სკოლა არ გვაქვს. შესაბამისად, ყველა სამბისტი ქალი თავდაპირველად ძიუდოს ეუფლება. სხვათა შორის, საქართველოში პირველი გოგო ვარ ძიუდოისტიც და სამბისტიც. ეს ამბავი ძალიან მახარებს.

როგორც ვიცი, შეჯიბრში მონაწილეობა ტრავმის გამო ლამის გამოტოვეთ…

იყო საუბარი, რომ ეს შეჯიბრი არ უნდა მეჭიდავა, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია და უფრო სერიოზული ასპარეზობა მელოდა. ჩემმა მწვრთნელმაც მითხრა, ჯერ დავისვენოთ, ფეხი რომ იტკინო, მერე რაღა ვქნათო. მაგრამ, მე მაინც დავიჟინე ტურნირში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი ერთხელ უკვე გამოტოვებული მქონდა და ეს მეორედ აღარ დავუშვი, რადგან ამის შემდეგ პირდაპირ ევროპის ჩემპიონატი მოდის.

რუსეთში, რუსულ სპორტში, რუსის დამარცხება ალბათ განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება?

ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება. რუსეთში შენი ჰიმნი ჟღერს, შენ კიდევ გულზე ხელი გიდევს… შესაძლოა, ბანალურად ჩანდეს, მაგრამ ასეა: ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და მუდამ მზად ვარ, ჩემი ხალხის გასახარებლად თავი არ დავზოგო. ისეთი საოცარი განცდაა, რომ ერთხელ თუ გამოგიცდია, მუდმივი მოთხოვნილება გიჩნდება, კიდევ და კიდევ განმეორდეს.

თანამედროვე სპორტში, გამარჯვებას სხვადასხვა სპორტსმენი სხვადასხვაგვარად აღნიშნავს. თქვენმა ცეკვამ ადამიანები ძალიან მოხიბლა…

მართალი გითხრათ, მედიის ამხელა ყურადღება ჩემი ცეკვის მიმართ ჩემთვის რამდენადმე გამაღიზიანებელი იყო. მე პირველ რიგში სპორტსმენი ვარ, სპორტული შედეგით ვარ დაინტერესებული და არა იმით, რომ ჩემ შესახებ ეპატაჟური, ყვითელი მასალები მომზადდეს. ჩემთვის ჭიდაობაა მთავარი. ცეკვით უბრალოდ ჩემი ემოციები გამოვხატე, – სხვა არაფერი. რუსეთშიც, ხალხმა ეს ცეკვის თემა აიტაცა, გულშემატკივრები ყვავილებით მხვდებოდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ, ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდათ. ეს ჩემი გულწრფელი, ხალასი ემოცია იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თავი ისე მომაბეზრა ამ ცეკვის ყველა ბრუნვაში ხსენებამ, რომ სხვა დროს ასეთი ემოციებისგან იქნებ თავიც შევიკავო.

როგორც მოჭიდავე გოგონა, ალბათ უამრავ სტერეოტიპს გადაწყდომიხართ სპორტის „ქალურ“ და „არაქალურ“ სახეობებთან დაკავშირებით?

კი, „პატრიოტი“ ქართველი კაცები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ „ქალის ადგილი ქუხნაშია“. მაგრამ, ჩვენ, ქართველმა მოჭიდავე გოგონებმა, ამ სტერეოტიპის დასხვრევა კარგა ხნის წინ შევძელით. აქამდე, ძალიან დიდი ბრძოლების გადატანა გვიწევდა საზოგადოებაში ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად, მაგრამ ახლა უკვე, ნაწილობრივ მაინც, ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს. რატომღაც, საქართველოს ისტორიით მანიპულატორებს ხშირად გამორჩებათ ხოლმე ის ისტორიული ქალი ფიგურები, რომლებიც კაცებს „ქუხნის გარე“ საქმიანობაში ტოლს არ უდებდნენ. მაია წყნეთელი, ანაბაჯი, თინა წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი ამის ნათელი მაგალითია. ისინი ძლიერები და შეუპოვრები იყვნენ და არა – სუსტები და დაუცველები.

სწორედ ამ სტერეოტიპების გამო, საქართველოში ქალიან ბევრი გოგონა იჩაგრება, რადგან მას სასურველი პროფესიის და სფეროს არჩევის შესაძლებლობა არ აქვს. დღეს საქართველოში თუ არსებობს ის თუნდაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ გოგონები თუნდაც ძიუდოში, სამბოში ან სპორტის სხვა „არაქალურ“ სახეობებში დაკავდნენ?

მოგეხსენებათ, ძიუდო სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ამ სპორტით მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. რაც შეეხება სამბოს სკოლას, – იგი ჩვენთან ფაქტობრივად არ არის განვითარებული. ჩემთან ერთად, ამჟამად სპორტის ამ სახეობაში 6-7 გოგოა ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა წამოვიდა გოგონების ის თაობა, რომელსაც ეს სპორტი მოსწონს. მაგრამ, მსურველები რომც იყვნენ, გოგონების დაწყებითი სკოლა სამბოში ჩვენ დღესდღეობით არ გაგვაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. ქვეყანაში სპორტის ესა თუ ის სახეობა პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც გამარჯვებულები გვყავს. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალი თაობისთვის მაგალითის მომცემი და ინტერესების განმსაზღვრელი. ჩვენი მხრივ, რითიც შეგვეძლება, მათ გვერდით დავუდგებით და ვასწავლით. გარდა ამისა, სკოლებიც უნდა გაიხსნას, მწვრთნელები მოვიზიდოთ.

სოფლებში ძალიან ბევრი ფიზიკურად ძლიერი ბავშვია. მათ დიდი სურვილი აქვთ, თუნდაც სამბოზე ან ძიუდოზე იარონ, მაგრამ არც სკოლები არსებობს ახლომახლო და არც – მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. ეს პრობლემა რომ მოგვარებული იყოს, დარწმუნებული ვარ, ბევრი სასახელო გოგო გაგვეზრდება და ბევრ წარმატებასაც მოვიმკით, როგორც ეს ბიჭების შემთხვევაში ხდება. ახლაც კი, ტოლს არ ვუდებთ ბიჭებს და ყველანაირად ვცდილობთ, მათ წარმატებებში არ ჩამოვრჩეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ამის ხელშეწყობა იქნება, – წარმატებების რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.

თავად თქვენ როგორ მოახერხეთ ამ გენდერული სტერეოტიპების გადალახვა და ისეთ სპორტში საქმიანობის გაგრძელება, რომელიც უპირობოდ „კაცურად“ მიიჩნევა?

ბავშვობაში, მოჭიდავეობა სულაც არ მეპიტნავებოდა – ჩოგბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ, სიძვირის გამო, ამის საშუალება ჩემს ოჯახს არ ჰქონია.

მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ქალები კაცებზე ნაკლებ წარმატებულები არიან. რა სფეროშიც არ უნდა ვიყოთ, ყველგან ვლიდერობთ, მორალურად კაცებზე ძლიერებიც ვარ და ფიზიკურად ამტანებიც.

ბავშვობაში მოჭიდავეობა რატომ არ გინდოდათ?

ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრს უთქვამს, გოგო ხარ და ჭიდაობაზე რა გინდაო. ხშირად ახლაც მეუბნებიან ასეთ უსიამოვნო შენიშვნებს, ან უხერხულად იშმუშნებიან, როდესაც გაიგებენ, რომ მოჭიდავე ვარ. „ცეკვაზე შესულიყავი“, „პიანინოზე შესულიყავი“ თემები მოკლედ არ ილევა. ამაზე ვპასუხობ ხოლმე, ეს ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა, ყველანი რომ ერთ საქმეს ვაკეთებდეთ-მეთქი.

გარდა სოციუმის ზეწოლისა, გოგონების პროფესიულ არჩევანს ამ გენდერული სტერეოტიპების მიხედვით ხშირად მშობლები „აკორექტირებენ“. ამ მხრივ, ნამდვილად გამიმართლა. ჩემი პირადი მწვრთნელი მამაჩემია – ვაჟა ოძელაშვილი. ხუთი და-ძმანი ვართ და ხუთივენი სპორტის სფეროში ვტრიალებთ. დედაჩემიც სპორტსმენი იყო – მძლეოსანი. მშობლების წყალობით, ტანვარჯიში, კრივი, კარატე, ფეხბურთი ბავშვობიდანვე ათვისებული გვაქვს. სწორედ მამაჩემის დამსახურებაა ის, რომ მე ახლა წარმატებებს ვაღწევ. დიდი მადლობელი ვარ მისი, ბოლომდე რომ მომყვა ამ საქმეში და გვერდით დამიდგა. ამ დროს, ჩემს თანატოლ გოგონებს ოჯახში სპორტთან დაკავშირებით სერიოზული აკრძალვები ჰქონდათ დაწესებული.

რა შედეგებს ელით ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?

დიდ მადლობას ვუხდი სამბოს ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, მთელს საქართველოს – ჩემი გულშემატკივრობისთვის. ყველა ჩემს გუნდელს წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ. კარგ ფორმაში ვართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებს.

ესაუბრა შორენა გაბუნია