ცისარტყელას დროშის ისტორია


ამერიკელი მხატვრისა და გეი აქტივისტის გილბერტ ბეიკერის (Gilbert Baker) გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ მის ყველაზე ცნობილ ქმნილებას – ლგბტ მოძრაობის ცისარტყელას დროშას. ცისარტყელას დროშა ახლა ყველასათვის ცნობილი სიმბოლოა, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, ვინ არის მისი ავტორი და რა სიმბოლიკაა ნაგულისხმევი მასში.

პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი მოძრაობების ბევრი პოპულარული სიმბოლო უბრალოებით გამოირჩევა. ასეთია ცისარტყელას დროშაც. ნიუ-იორკში 65 წლის ასაკში გარდაცვლილი გილბერტ ბეიკერი დიდი მხატვარი არ ყოფილა და არც მნიშვნელოვანი არტ მემკვიდრეობა დაუტოვებია, მაგრამ სამაგიეროდ, იგი ცისარტყელას დროშის ავტორია.

როგორც მისი თაობის ბევრი ღია გეიმ, ბეიკერმაც იმსახურა არმიაში და 1972 წელს სან-ფრანცისკოში ჩავიდა. სწორედ იქ იბადებოდა ამ დროს ამერიკული გეი მოძრაობა. სულ მალე, კალიფორნიული ქალაქი მის ცენტრად იქცა.

იქ გაიცნო ბეიკერმა ჰარვი მილქი (Harvey Milk) – აქტივისტი, რომელმაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის საყრდენად აქცია. მილქი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღია გეი გახდა, რომელიც სან-ფრანცისკოს ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოში პოლიტიკურ პოსტზე აირჩიეს.

1978 წლის ნოემბერში, მილქი მოკლეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჰარვი მილქმა 25 წლის ბეიკერს გეი მოძრაობისთვის დროშის შექმნა სთხოვა. ბეიკერის ხელთ არსებული ერთადერთი მხატვრული გამოცდილება იმ დროს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისა და გეი აქტივისტების მარშებისთვის შექმნილი ლოზუნგები, დროშები და პლაკატები იყო.

ლეგენდის თანახმად, ცისარტყელას დროშის შექმნის შთაგონების წყარო სიმღერა Over the Rainbow იყო, რომელსაც ჯუდი გარლანდი (Judy Garland) ასრულებდა ფილმში “ოზის ჯადოქარი“ (The Wizard of Oz). ჯუდი ამერიკის ერთ-ერთი პირველი გეი დივა იყო.

თეორიები იმის შესახებ, თუ რატომ იქცა ცისარტყელა გეი მოძრაობის სიმბოლოდ, უამრავი არსებობს. აი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მათგანი. ე.წ. სტოუნვოლის ამბოხი – არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები ნიუ-იორკის ბარ Stonewall-ში, რაც ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებებისთვის ორგანიზებული ბრძოლის დასაბამად მიიჩნევა, 1969 წლის ივნისის ბოლოს მოხდა. 22 ივნისს გარდაიცვალა სახელგანთქმული ჯუდი გარლანდიც. 28 ივნისს, Stonewall-ში შეკრებილი ადამიანების უმეტესობა სწორედ საყვარელი არტისტის – გარლანდის დაკრძალვიდან მოდიოდა.

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ბეიკერმა თავისი იდეა გასული საუკუნის 60-იან წლებში ანტიმილიტარისტული დემონსტრაციების დროს უნივერსიტეტების კამპუსებში „რასების დროშისგან“ ისესხა, რომელსაც ხუთი ჰორიზონტალური ზოლი აქვს (წითელი, თეთრი, ყავისფერი, ყვითელი და შავი). ეს დროშა ჰიპებში იყო პოპულარული, რომელთა ერთ-ერთი გმირი პოეტი და გეი მოძრაობის პიონერი ალენ გინზბერგი (Allen Ginsberg) იყო. გინზბერგის გავლენის ქვეშ მყოფმა ბეიკერმა ცისარტყელას დროშის შექმნის იდეა რასების დროშიდან აიღო.

როგორც არ უნდა იყოს, ბეიკერის დროშა უკვე რვა ჰორიზონტალური ზოლისგან შედგებოდა, რომელთა შორის თითოეული ფერი, ავტორის ჩანაფიქრით, ადამიანის ყოფიერების ამა თუ იმ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს განასახიერებდა:

ვარდისფერი – სექსუალობა;

წითელი – ცხოვრება;

ნარინჯისფერი – განკურნება;

ყვითელი – მზე;

მწვანე – ბუნება;

ფირუზისფერი – ხელოვნება;

მუქი ლურჯი – ჰარმონია;

იისფერი – ადამიანის სული.

მოგვიანებით, ბეიკერი თავის ქმნილებას მარტივად ხსნიდა: „ჩვენ რაღაც ლამაზი, ჩვენი გვინდოდა. ამისათვის ცისარტყელა შესანიშნავად გამოდგებოდა, რადგან იგი ჩვენს მრავალგვარობას აღნიშნავს, სქესის, რასის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით“, – ამბობდა იგი.

ოცდაათი მოხალისე თანაშემწე ეხმარებოდა ბეიკერს ორი პირველი ცისარტყელას დროშის შეღებვასა და შეკერვაში, რომლის ქვეშაც ლგბტ აქტივისტები სან-ფრანცისკოს გეი პრაიდზე 1978 წლის 25 ივნისს გავიდნენ.

დროშა ყველას მოეწონა, მაგრამ მისი წარმოებაში ჩაშვების წინ მოულოდნელი ბარიერები აღიმართა; ბეიკერის მიერ შერჩეულმა ვარდისფერმა ძალიან იშვიათი და ძვირი პიგმენტი მოითხოვა, რის გამოც, ეს ფერი დროშის საბოლოო ვარიანტში ვერ მოხვდა.

დროშის შემდეგი მოდიფიკაცია 1979 წელს მოხდა. მორიგი პრაიდისას, დროშები სან-ფრანცისკოს მთავარი ქუჩის, მარკეტ-სტრიტის განათების ბოძებზე ვერტიკალურად დაკიდეს. ამის გამო, ბოძმა დროშის ცენტრალური ზოლი მთლიანად შთანთქა. ეს რომ არ მომხდარიყო, ზოლების რაოდენობა წყვილი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, დროშას ექვსი ფერი აქვს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი.

შიდსის ეპიდემიის მძვინვარებისას, აქტივისტებმა დროშის კიდევ ერთი ვარიაცია მოიფიქრეს: მასზე შავი ზოლი იყო დატანილი. 1988 წელს, შიდსით სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ამერიკაში ვიეტნამის ცნობილმა ვეტერანმა და გეი აქტივისტმა ლეონარდ მალტოვიჩმა (Leonard Matlovich) წინადადება შემოიტანა, დროშიდან შავი ზოლები მოეხსნათ და დაეწვათ მაშინ, როდესაც მედიცინა ამ დაავადებაზე გაიმარჯვებდა.

1994 წელს, სტოუნვოლის ამბოხის 25-ე წლისთავზე, ბეიკერს მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისარტყელას დროშის შექმნა დაუკვეთეს. ანალოგიური შეკვეთა მიიღო მან 2003-ში, ამჯერად თავად დროშის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად. 10 მეტრის სიგანისა და ორი კილომეტრის სიგრძის დროშამ ფლორიდის ქალაქ კი-ვესტის გეი პრაიდი დაამშვენა. იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი დროშა. პრაიდის შემდეგ, დროშა ნაწილებად დაიჭრა და მთელი მსოფლიოს გეი საზოგადოებას დაეგზავნა.

2004 წელს, ავსტრალიელი ლგბტ აქტივისტების ჯგუფი გემით მარჯნის ზღვის კუნძულების დაუსახლებელ ტერიტორიას მიადგა. აქტივისტებმა კუნძულები ავსტრალიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს, მას მარჯნის ზღვის გეი და ლესბოსური კუნძულები უწოდეს და სახელმწიფოს დროშად ცისარტყელას დროშა აირჩიეს.

2015 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MOMA) ცისარტყელას დროშა მუდმივ ექსპონატად შეიძინა.

იმავე 2015 წლის 26 ივნისს, აშშ-ის ყველა შტატში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის აღსანიშნავად, თეთრი სახლი ცისარტყელას დროშის ფერებში გაანათეს.