ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ნონა ჯანიკაშვილი მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრებიდან საქართველოში დაბრუნდა

posted in სოციალური by with Comments Off on ნონა ჯანიკაშვილი მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრებიდან საქართველოში დაბრუნდა

აშშ-ის არიზონას უნივერსიტეტის დოქტორი, საფრანგეთის ბურგუნდიის უნივერსიტეტის ასოცირებული მეცნიერი და სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონა ჯანიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და ინოვაციური იმუნოთერაპიის სფეროში საქმიანობას უკვე აქ განაგრძობს. ნონა იმ 25 მეცნიერის რიცხვშია, რომლებიც გასული წლის დეკემბერში, იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მიღწეული წარმატებებისათვის დააჯილდოვა.

ნონა ჯანიკაშვილი: იმუნოთერაპიის სფეროში ათ წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობ, ეს ჩემი პროფესიული პროფილია. იმუნოთერაპია მკურნალობაში ახალი მიმართულებაა და მკურნალობის ტრადიციული მეთოდებისგან (ქირურგია, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია) განსხვავდება. იმუნოთერაპია პაციენტის იმუნურ სისტემაზე მედიკამენტების საშუალებით ისეთ ზემოქმედებას გულისხმობს, რომელიც იმუნურ სისტემას დაავადებებთან საბრძოლველად მომართავს, ანუ იმუნურ სისტემაზე მანიპულაციაა. იმუნოთერაპია წარმატებით გამოიყენება სიმსივნეების, ინფექციების, იმუნოდეფიციტების მკურნალობაში (მე ძირითადად სიმსივნეებისა და ავტოიმუნური დაავადებების მიმართულებით ვმუშაობ).

იმუნოთერაპია სწრაფად განვითარებადი და პროგრესირებადი მიმართულებაა. დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით ინერგება შესაბამისი მედიკამენტები და ვაქცინები. ზოგიერთი მათგანი უკვე კლინიკაში დანერგილია, ზოგი კი კლინიკურ გამოცდას გადის და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, პაციენტებშიც გამოიყენება. პროგრესი არის ანტისხეულებით მკურნალობაში, დიდი წარმატებებია უჯრედული ვაქცინების შექმნაშიც. ინოვაციური იმუნოთერაპია ხშირად გამოიყენება იგივე ტრადიციულ ქიმიო- და რადიოთერაპიასთან ან ქირურგიასთან კომბინაციაში, ასევე ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად დარგში – ტრანსლაციურ მედიცინაში, რომელიც დასავლეთში დღეს აქტიურად ვითარდება და სამეცნიერო სფეროს ფოკუსი მისკენაა მიმართული.

ინოვაციური იმუნოთერაპია აივ ინფექციის მკურნალობაშიც გამოიყენება?

რა თქმა უნდა. აივ ინფექცია იმუნოდეფიციტების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სამწუხაროა, რომ საქართველოში იმუნოთერაპიული მიდგომები დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას საგრძნობლად ჩამორჩება. ამ სფეროს განვითარებაში, ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა.

ანუ, საქართველოში რომ მოინდომოს ადამიანმა იმუნოთერაპიის მეშვეობით მკურნალობა, ამის შესაძლებლობა არ არის?

ინდივიდუალურ პაციენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია, ჰქონდეს იმუნოთერაპიაზე წვდომა, თუმცა ეს საკმაო ბარიერებთანაა დაკავშირებული. უპირველესი მიზეზი, რის გამოც საქართველოში იმუნოთერაპია განვითარებული არ არის, არის ის, რომ ჩვენ თვითონ ამ პროდუქტს ვერ ვქმნით, ვინაიდან თვითონ იმუნოლოგიის დარგი და განსაკუთრებით იმუნოთერაპია მაღალ ტექნოლოგიებთან და ძვირადღირებულ რესურსებთან არის დაკავშირებული. ეს რესურსები ჩვენ არ გაგვაჩნია. კიდევ ერთი ნაკლოვანება კადრის სიმწირეა: ახალგაზრდა მეცნიერების გამოზრდა იმ ბაზის საფუძველზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ძალზე არარეალისტურია. შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებში გადიან. ამით, საქართველოს ამ სფეროში პროფესიონალი კადრი აკლდება. ამის გამო, ვინაიდან პროდუქტი ქვეყანაში ვერ იქმნება და მთლად დამოკიდებულნი ვართ ასეთი მედიკამენტების იმპორტზე, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის საკმაოდ გართულებულია და დიდი ფუფუნებაა, შესაბამისად, ერთეული პაციენტებისთვის ხდება ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. მასიურად, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ასეთი მედიკამენტებით სარგებლობა დანერგილი არ არის.

ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინება ახსენეთ. საბჭოთა დროის მეცნიერებამ, საქართველო თითქოს მსოფლიო სამეცნიერო ორბიტას გარკვეულწილად მოწყვიტა. დღესდღეობით, ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში სამეცნიერო კერების სერიოზული დეფიციტია, რის გამოც ქვეყნიდან შეუქცევადად გაედინება ინტელექტუალური ნაკადი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად?

ქვეყნიდან ინტელექტის გადინების საკითხი ჩვენ წინაშე ნამდვილად დგას. მაგრამ, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მეცნიერები საზღვარგარეთ ინტენსიურად გადიან, ჩვენი ქვეყნისთვის დანაკარგი სულაც არ არის – ისინი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის და გამოცდილების მისაღებად მიდიან. ამის შემდეგ, მათ უკვე შეეძლებათ, ეს გამოცდილება თავიანთ ქვეყანას მოახმარონ. პრობლემური და მტკივნეულია ის საკითხი, რომ მეცნიერები უკან ვეღარ ბრუნდებიან – დანაკარგიც სწორედ ეს გახლავთ.

და თქვენ მაინც დაბრუნდით საქართველოში…

2006-დან 2016 წლამდე, მთელი 10 წლის მანძილზე, დასავლეთის ქვეყნებში ვცხოვრობდი, ასე რომ, მეც აღმოვჩენილვარ ამ ფაქტის წინაშე. ყველას უკვირს, საქართველოში რომ დავბრუნდი. წასვლაც და დაბრუნებაც სრულიად გააზრებული და მიზანდასახული გადაწყვეტილება იყო და არა – სპონტანური. ეს იყო ჩემი როგორც პიროვნული, ასევე კარიერული მიზანი.

იმის თქმა მინდა, რომ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ჩემი მიზანი არ ყოფილა. ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა დიდი სიხარულით და მოტივაციით დაბრუნდება საზღვარგარეთიდან, მაგრამ ამ დაბრუნების საშუალება და საფუძველი უნდა არსებობდეს. დილემა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ადამიანები დაბრუნების გზებს ვეღარ პოულობენ და არანაირი მხარდაჭერა არ ექმნებათ, რომ დასაბრუნებლად სტაბილური პირობები ჰქონდეთ. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი, რომელმაც საზღვარგარეთ განაგრძო მოღვაწეობა, უკვე მაღალ პოზიციებზე მუშაობს. ამიტომ, ისინი ვერ დაბრუნდებიან, თუ საქართველოში არ ექნებათ მეტ-ნაკლებად სტაბილური სამუშაო პირობები (სტაბილურ პირობებში მატერიალურ უზრუნველყოფას, კონტრაქტებს ვგულისხმობ). მათ ის სადავეები უნდა ჰქონდეთ, რომ წარმატებით იმუშაონ თავიანთ სფეროებში. ამიტომ, საკითხი პრიორიტეტულად უნდა დავსვათ: ამ მეცნიერებს მატერიალური ხელშეწყობა უნდა შეუქმნან, რომ თავიანთი გამოცდილების რეალიზება წარმატებით შეძლონ, საქმე გააკეთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ბაზის განვითარებაში. პირიქით არ უნდა მოხდეს, მეცნიერებს არ უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს ფინანსური კრიზისი შეექმნებათ და დეგრადირებული საბჭოთა სისტემის გადმონაშთი პირობების მარწუხებში აღმოჩნდებიან. მათ არ უნდა მოუწიოთ ამ სისტემის დამორჩილება, პირიქით, ჩავარდნილი სისტემა უნდა განავითარონ. ეს პრობლემა დღესდღეობით ნამდვილად დგას. დამერწმუნეთ, თუ წასული მეცნიერების ამგვარი ხელშეწყობა იქნება, მათი უდიდესი უმრავლესობა საქართველოში დიდი სიხარულით დაბრუნდება და საქმიანობას განაგრძობს. ქვეყანაში ამის რესურსი არსებობს, არსებობს კარგად ანაზღაურებადი სამსახურებიც, თუმცა ეს ნაკლებად ეხება განათლებას და მეცნიერებას. ქვეყანამ უპირველეს პრიორიტეტად უნდა დაისახოს განათლების და მეცნიერების განვითარება. ეს თეორიულ, რეკლამირების დონეზე კი არ უნდა მოხდეს, არამედ – პრაქტიკულად; ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება მთლიანად დამოკიდებულია განათლებასა და სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე. ჩვენ თვითონ თუ არ დავიწყეთ იმ ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა, – იქნება ეს იმუნოთერაპიაში თუ ჯანდაცვის სხვა დარგებში, – ისე ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ გახდება და ვერანაირ ინტელექტუალურ კონკურენციას ვერ გაუწევს სხვა ქვეყნებს, ვერც სოციალურ მდგომარეობაში და ვერც ეკონომიკაში. ამიტომ, ამ სფეროს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

როდესაც წლის გამოჩენილ მეცნიერად დაგასახელეს, 25 ადამიანში მხოლოდ ოთხი ქალი იყავით. რა ბარიერები არსებობს საქართველოში ქალების მეცნიერებაში ჩართულობის თვალსაზრისით?

მეცნიერების სფეროში ქალების ჩართულობის ნაკლებობის პრობლემა გლობალურადაც შეიმჩნევა და საქართველოშიც თვალშისაცემია. ეს ისტორია განვითარებულ ქვეყნებსაც გამოუვლია. საქართველო ჯერ კიდევ ბევრ რამეში, მათ შორის ამ საკითხშიც, განვითარების ეტაპზეა. რა თქმა უნდა, ქალების ჩართულობა მეტი უნდა იყოს, თუმცა მე არ მიაჩნია, რომ ამ მხრივ ქართველი ქალები უკან იხევენ და ნაკლებად ვითარდებიან. პირიქით, ჩემ ირგვლივ ძალზე ბევრი მოტივირებული გოგონა და ქალია. ისინი ცდილობენ, მთელი ძალისხმევა განათლების მიღებასა და კარიერაზე გადაიტანონ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმ გენდერულ სტერეოტიპებსა და ბარიერებს, რომელიც ამაში ხელს უშლით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიკროსოციუმში უხდებათ ცხოვრება მათ.

ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში, როგორც წესი, არსებობს „ქალური“ და „არაქალური“ პროფესიები. რამდენად განსაზღვრავს ეს წარმოდგენები ახალგაზრდა ქალების პროფესიულ არჩევანს და რეალურ საფრთხეს უქმნის თუ არა ეს „არაქალურ“ სფეროებში ქალების რესურსის დანაკარგს?

როდესაც ხელისშემშლელ მიკროსოციუმებზე ვსაუბრობდი, ოჯახსაც ვგულისხმობდი. სამწუხაროდ, ხშირად ეს „ქალური“ და „არაქალური“ პროფესიების დიფერენცირებაც ოჯახში თავსმოხვეული სტერეოტიპებიდან მოდის. მაგალითად, ჩემს სტუდენტებში შემხვედრია გოგონები, რომლებიც გულახდილად საუბრის დროს ამბობდნენ, რომ ესა თუ ის სპეციალობა იმიტომ აირჩიეს, რომ შესაბამის ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა. შესაბამისად, ეს ქალისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდაო, – ასეთი რაღაცაც უთქვამთ. აქ საუბარია ერთი-ორი წლის განსხვავებაზე – ვთქვათ, ერთ სპეციალობაზე ოთხი წელია სწავლა, მეორეზე კი – ექვსი. იმის გამო, რომ „ქალმა სწავლა მალე უნდა დაამთავროს“, ისინი სპეციალობების არჩევის დროს ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, იგივე სტუდენტებში მინახავს, რომ სწავლის ეტაპები თავიანთი სურვილისამებრ დაუმატებიათ. ანუ გააჩნია, ადამიანი ამ საქმიანობაში მოხვედრამდე რა სოციუმში იმყოფებოდა, როგორ აზროვნებს და როგორ ეკიდება საკუთარ საქმიანობას. ადამიანის ბუნება მრავალმხრივია და ქალს შეუძლია იმის გაცნობიერება, რომ სხვადასხვა რამის კეთება შეუძლია და რომ მის ფუნქციებში ასევე შედის სოციუმში საქმიანობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა.

რაღაც სფეროებში, განსაკუთრებით ინტელექტუალურ სფეროებში, ალბათ არის დანაკარგი, რადგან გოგონები თავიდანვე არ მოდიან ასეთ სპეციალობებზე. თუმცა, კარგია, რომ გარკვეულ ეტაპზე მაინც, გოგონების რაღაც პროცენტი აცნობიერებს თავის მოტივაციასა და შესაძლებლობებს.

ის სტერეოტიპი, რომ „ქალის ადგილი კუხნაშია“, ბევრი ქალის ცხოვრების წესს დღემდე განსაზღვრავს. თავად როგორ მოახერხეთ „კუხნის“ გარეთ თვითრეალიზაცია, კარიერისთვის ზიანის მიყენების გარეშე?

საერთოდ, გენდერულ დისკრიმინაციას ნაკლებად ვემორჩილები და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ბუნებაც ასეთი მაქვს – თავისუფლების მოყვარული და თავისუფლებას ვერაფერში ვცვლი. ხუმრობით რომ ვთქვათ, სამზარეულოც ძალიან მიყვარს, მაგრამ არასოდეს მიცდია მთელი ჩემი შესაძლებლობების სამზარეულოში რეალიზაცია. ადამიანის შესაძლებლობები იმდენად მრავალმხრივია, იმდენი ინტერესი, მოტივაცია და პროგრესისკენ სწრაფვის სურვილი შეიძლება დაებადოს, რომ ეს ყველაფერი განაპირობებს მის მიმართვას რაიმე კონკრეტულ სფეროში. პირადად ჩემს შემთხვევაში, ჩემი ოჯახის მიდგომაც, მშობლების აღზრდის მეთოდიც და ჩემი ხედვაც ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩემს ოჯახში მშობლებისთვის უპირატესი საქმე იყო სწავლა-განათლება. ეს იმდენად პირველ ადგილზე იდგა, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში სერიოზულად დავფიქრდი ადამიანების ტრადიციულ ფრაზირებაზე („მთავარია ჯანმრთელობა იყოს და დანარჩენს ყველაფერს მოევლება“). ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მთავარი სწავლა იყო (იცინის, შ.გ). რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სპარტანული მეთოდებით არ კეთდებოდა. უბრალოდ, ოჯახში ბავშვებს გაანალიზებული გვქონდა, რომ კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბება კარგი განათლების მიღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. განათლების მიღების წახალისება არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უპირველესი ინტერესი უნდა იყოს. ამიტომ, ქალის როლის ამგვარად სტერეოტიპულად გამწესება ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. უკვე დიდი ხანია, ძალიან კარგად ვიცით, რომ ქალის და კაცის გონებრივი შესაძლებლობები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

როგორც ქალ მეცნიერს, კაცების მხრიდან გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაციის მომენტი თუ გქონიათ?

რომ გითხრათ, რომ ძალიან მასიურად შევუწუხებივარ ვინმეს ამ საკითხზე, – არა, თუმცა, ალბათ ეს მეტ-ნაკლებად ყველა ქალს გამოუცდია, მით უმეტეს საქართველოში, სადაც შედარებით პატრიარქალური ტრადიციები ბატონობს. მაგალითად, ყოფილა მომენტები, როდესაც ან შეხვედრაზე, ან კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისას, კაცებს ჩემი ესთეტიკური ან ფიზიკური მხარისთვის გაუსვამთ ხაზი, რაც ჩემი საქმიანობის ირიბ უგულებელყოფას ნიშნავდა. ჩემთვის ეს უკვე გენდერული დისბალანსია, როდესაც პროფესიულ გარემოში სხვა რაღაცას ესმება ხაზი.

ჩვენს სფეროში ასევე არის ვაკანსიები, პროექტები, პროგრამები, სადაც მითითებულია, რომ უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს, რაც ხელს შეუწყობს ქალების გაძლიერებას. შესაძლოა, ეს ქალების გაძლიერებას უწყობდეს ხელს, მაგრამ პირადად მე ასეთ პირობებში მონაწილეობაზე ყოველთვის უარს  ვამბობ, რადგან არ მჭირდება ეს უპირატესობა, მჭირდება მხოლოდ თანაბარი კონკურენცია. ვფიქრობ, რომ ფრაზა „ქალი იყო და წინ გავუშვი“ ჩემ მიმართ ვერც ერთმა კაცმა ვერ უნდა გამოიყენოს.

ესაუბრა შორენა გაბუნია

© sapari.ge