3 მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო ჩვენს მოზარდებთან სექსუალურ სიამოვნებაზე საუბარი


Mother and Daughter Talking

მოზარდობისას საკმაოდ სოლიდური სექსუალური განათლება მივიღე იმასთან შედარებით, რასაც მაშინ (და ახლაც) გვთავაზობდნენ. მიუხედავად ამისა, ჩემი მაშინდელი სექსის გახსენებისას, მხრების გულგრილი აჩეჩვაღა დამრჩენია. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ მიუხედავად საკმაოდ ლიბერალურ გარემოში ცხოვრებისა, სექსს, იმ სახით, რა სახითაც გვაწვდიდნენ, რაღაც აკლდა. მყავდა მშობლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვღებულობდი და რომლებიც ნებას მრთავდნენ, ჩემს ბოიფრენდთან დავრჩენილიყავი ხოლმე. ვსწავლობდი ისეთ სკოლაში, სადაც, საკმაოდ გულახდილი ჯანდაცვის გაკვეთილების გარდა, საპირფარეშოებში პრეზერვატივების აპარატიც იდგა. მეტიც: მე ახლოს ვცხოვრობდი უფასო, სანდო, მოზარდების სექსუალური ჯანმრთელობის კლინიკასთან, სადაც პაციენტებს ყველანაირ მომსახურებას სთავაზობდნენ – ნაცხის აღებას, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, აბორტსა და კონსულტაციებს გაუპატიურების შემთხვევებში.

და მაინც, რაც მეტს ვფიქრობ ამის შესახებ, მით მეტად ვგრძნობ, რომ ის, “ნაკლული“ ნაწილი, მნიშვნელოვანწილად სიამოვნებას ეხებოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სიამოვნება იგულისხმებოდა მხოლოდ სისგენდერი (ადამიანები, რომელთა გენდერული იდენტობა ემთხვევა მათ ბიოლოგიურ სქესს) ჰეტეროსექსუალი ბიჭებისთვის, რომლებიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამდაგვარი საუბრების დროს. ვერ ვიტყვი, რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობდი, სადაც კლიტორული ორგაზმი მითოლოგიური რამ იყო, მაგრამ როცა საუბარი სიამოვნებამდე მივიდოდა, დისკუსიები საკლასო ოთახებში სქესობრივი მომწიფების შესახებ ირონიულ სახეს იღებდა (მოუხერხებელი! უწესრიგო!), სველი სიზმრებით (სიამოვნების მომგვრელი! ორგასტული!). ხუმრობები მასტურბაციის შესახებ ყოველთვის უიღბლო, მარტოხელა ბიჭებს ეხებოდათ. მართლაც, მაშინაც კი როცა ორი გოგო ხვდებოდა ერთმანეთს, უეჭველად გამოჩნდებოდნენ ბიჭები, რომლებიც შეეცდებოდნენ სიტუაციაში ჩართვას, მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად მგზნებარე იქნებოდა ეს სექსი მათი წარმოდგენით – თითქოსდა მათ რამე უფლება ჰქონდათ, ამ ყველაფერში თავიანთი სურვილებით “მონაწილეობა” მიეღოთ. ამ გარემოში ჩვენ მუდმივად გვახსენებდნენ იმას, რომ მაშინ, როდესაც სის/ჰეტერო გოგოებისთვის სექსის საბოლოო შედეგი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო დაფეხმძიმება, ვენერიული დაავადება ან გულგატეხილობა, სის/ჰეტერო ბიჭებისთვისთვის ეს შედეგი მეტწილად ორგაზმს წარმოადგენდა. ბიჭებთან სექსისგან მიღებული მთავარი სარგებელი გოგოებისთვის მათ სოციალურ სტატუსთან და ძალაუფლებასთან იყო კავშირში და არა – სიამოვნებასა თუ სიხარულთან.

ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა „მესიჯი“ გვავალდებულებდა, ვყოფილიყავით სის/ჰეტერო ბავშვები. შედეგად კი მივიღებდით არა მხოლოდ მოსახლეობის მთელი LGBTQIA + ახალგაზრდობის თითქმის მთლიანი ნაწილის სათვალავიდან ამოგდებას, არამედ ასევე შეტევას მათ უფლებაზე, მიიღონ განათლება სექსუალურ ჯანმრთელობაზე თუ სხვა ხელმისაწვდომ რესურსზე.

ახლა საშუალო სკოლაში ვასწავლი, მყავს საკუთარი ბავშვები და ვიცი, რომ მას შემდეგ სექსუალობის ჩვენეული კულტურული გაგება მნიშვნელოვნად წინ წავიდა. მაგრამ, ასევე ვხედავ, რომ ბევრი რამ ძველებურადვე დარჩა, და ამ სტაგნაციას თავისი შედეგები აქვს: თავისი შედეგები გააჩნია გენდერული როლებისა და სექსუალური გამოხატვის ჩვენეულ გაგებას, თავისი შედეგები გააჩნია იმას, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას.

ამგვარი სურათი გვაქვს გაუპატიურების კულტურაშიც, რომლის არსებობასაც ხელს უწყობს ასეთი შეხედულებები. ამ მოდელის მიხედვით, სის/ჰეტერო ბიჭების სექსუალური სურვილები პრიორიტეტულია ნებისმიერ სხვასთან შედარებით. საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს, რომ პროგრესის იმედი არ არსებობს. მაგრამ რადგანაც მშობელთა უმრავლესობა მათი შვილების სექსუალური განათლების საქმეში სკოლებსა და ძირითად მედიასაშუალებებს ვერ ეყრდნობა, მნიშვნელოვანწილად ჩვენი, მშობლების საქმეა, გამოვასწოროთ ხარვეზები და გავაქარწყლოთ ეს მცდარი შეხედულებები. ყველაფრის მიუხედავად, სექსუალურ სიამოვნებაზე შვილებთან საუბრის იდეა ცოტა შიშისმომგვრელი და უხერხულია, შესაძლოა იგი არასწორადაც მოგვეჩვენოს. აუცილებელიც რომ იყოს, როგორ წარმოგვიდგენია ასეთი საუბრები? უბრალოდ დაუჯდებით 14 წლის შვილს და ეტყვით, რომ რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი ‘’ნორმისგან’’, მას და მის პარტნიორს ერთ დღესაც სიამოვნების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ექნებათ? მე ვიტყოდი – დიახაც, მაგრამ ეს ნუ იქნება პირველი ნაბიჯი. სანამ ამას გადავწყვეტთ, უმჯობესია, რამდენიმე მომენტი გავითვალისწინოთ.

  1. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხომ არ არის სექსის თქვენეული განსაზღვრება შეზღუდული?

როდესაც ვასწავლი სექსუალობის შესახებ, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ტერმინში „სექსი“ მოქმედებების ფართო სპექტრს ვგულისხმობ, რომლებითაც ადამიანები ინტიმურ სიახლოვეს ამყარებენ სხვებთან (ან საკუთარ თავთან), რომელიც მოიცავს ყველაფერს – კოცნებს, სხეულით ხახუნს, როლების გათამაშებასა და ყველანაირ პენეტრაციას. მაგრამ მე მესმის, რომ ჩემეული განსაზღვრება არავითარ შემთხვევაში უნივერსალური არ არის. მაშინ, როცა ქვიარ თემს კარგა ხანია გააჩნია უფრო ინკლუზიური გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს, გქონდეს სექსი, ბევრი სის/ჰეტერო ადამიანისთვის ტერმინი ‘’სექსის ქონა’’ ძირითადად გულისხმობს ვაგინალურ პენეტრაციას და მას სრულფასოვნად მიიჩნევს, როდესაც პენისიდან ეაკულაცია ხდება. ამ განსაზღვრებას ართულებს ძველმოდური შეხედულება ქალწულობის შესახებ, რომლის გამოც ბევრგან გოგონები ბევრად უფრო ფასდებიან, ვიდრე ბიჭები. მაგალითად, შესაძლოა გახსოვთ ის ღრიანცელი მოზარდი გოგონების შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების შუა ხანებში ატყდა. სავარაუდოდ, ისინი ანალურ სექსს იყენებდნენ, რათა ქალწულობაც შეენარჩუნებინათ და, მეორეს მხრივ,  ბოიფრენდებისთვისაც სიამოვნება მიენიჭებინათ.

დროთა განმავლობაში „გარყვნილ ანალთან“ დაკავშირებული ეს შიში გაქრა, მაგრამ ბევრი ადამიანი კვლავაც დარწმუნებულია იმაში, რომ ერთადერთი „ჭეშმარიტი“ სექსი  ვაგინალური სექსია. ეს არაა მხოლოდ სასაცილო. მრავალმა კვლევამ გამოავლინა, რომ ეს ასეა, მაგალითად, ინდიანას კინზის ინსტიტუტის მკვლევრებმა რესპონდენტებს ჰკითხეს, რას ნიშნავდა „გქონდეს სექსი“. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 95 % შეთანხმდა – ეს მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციაა. რას მიიჩნევდნენ ისინი ყველაზე გამორჩეულ ვარიაციებად? – გამოკითხულთა 11 % სექსად არ თვლიდა იმ შემთხვევებს, როცა მამაკაცს ორგაზმი არ ჰქონდა, ხოლო 65 წელს გადაცილებულ მამაკაცთა 18 % პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევებში ვაგინალურ პენეტრაციასაც არ ცნობდა სექსად. ასე რომ…

მშობლებისთვის ალბათ კარგი იქნება, გავერკვეთ იმაში, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის „გვქონდეს სექსი“. თუკი ჩვენეული განსაზღვრებები შეზღუდული აღმოჩნდება, ვიფიქროთ მათ გაფართოებაზე, რათა ბევრად უფრო მრავალფეროვანი სექსუალური ასპარეზი შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს, სანამ ვასწავლით მათ ამ მრავალფეროვნების გამოყენებას.

  1. იფიქრეთ იმაზე, უპირატესობას ხომ არ ანიჭებთ გარკვეული ადამიანების სიამოვნება დანარჩენებთან შედარებით. სექსის, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციის აღქმა და მოსაზრება, რომ „ჭეშმარიტ სექსს“ ადგილი აქვს მხოლოდ სის/ჰეტერო წყვილებში, ასევე ქმნის იერარქიას სიამოვნებაში, სადაც ერთი გენდერი წამყვან ადგილს იკავებს სხვების ხარჯზე. ამას დაუმატეთ ისტორიული შიში ქალების სექსუალური სიამოვნების მიმართ, რომელიც ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ იდეიდან, რომ თუკი ქალები სიამოვნებას მიიღებენ სექსისაგან, ისინი მოიტყუებიან და ამგვარად, მამობა შესაძლოა ეჭვის ქვეს დადგეს, ასევე ძირითადი მედიასაშუალებების მიერ ორგაზმისა და მასტურბაციის რეპრეზენტირება და არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ სის/ჰეტერო მამაკაცების სიამოვნება კვლავაც მთავარია უამრავი ადამიანისთვის. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ კვლავ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც თუკი ქალი სიამოვნებას ღებულობს ან ორგაზმს განიცდის ეკრანზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფილმი დიდი ალბათობით ბევრად უფრო მკაცრ ცენზურას გაივლის, ვიდრე მაშინ, როდესაც საქმე მამაკაცს შეეხება. სექსისა და სექსუალური როლების ამგვარი გაგების შედეგებს რეალურ ცხოვრებაში ვაწყდებით.

მაგალითად, ადამიანის სექსუალობის კანადურ ჟურნალში გამოქვეყნებულმა ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სის ქალები, როგორც ჩანს, ორჯერ და უფრო მეტად  უტარებენ ორალურ სექსს მამაკაც პარტნიორს, ვიდრე პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალები შესაძლოა ორჯერ მეტ სიამოვნებას იღებენ, როდესაც მათ უტარებენ ორალურ სექსს. როგორც რებეკა ტრეისტერი წერს New York Magazine-ში, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა თანამედროვე სტუდენტი გოგონები უფრო თავისუფლად კავდებიან შემთხვევითი სექსით თანატოლებთან, ვიდრე მათი წინამორბედნი, სის/ჰეტერო სიტუაციებში ასეთი სექსი უმეტესად არც ისე სასიამოვნოა. როგორც იგი წერს: სტუდენტები, რომელთაც ვესაუბრე, აღნიშნავდნენ „მამაკაცთა სექსუალურ უპირატესობებს, მოლოდინებს, რომ სწორედ მამაკაცთა სექსუალური მოთხოვნილებებია პრიორიტეტული… მამაკაცების მხრიდან ყურადღება და მოწონება რჩება ქალების შეფასების მთავარ საზომად და ქალებისგან კვლავაც (და შესაძლოა უფრო მეტადაც) ელიან, რომ ისინი გამოიყურებოდნენ პორნო ვარსკვლავებივით და მათსავით ჟიმაობდნენ. ასევე, მათ მიერ სიამოვნების მიღება დამაჯერებელი უნდა იყოს. ამასობაში კაცის ორგაზმი სის/ჰეტერო პროცესის საყოველთაოდ მიღებულ სრულფასოვან დასასრულად რჩება; ქალის ორგაზმი კვლავაც არ დგას დღის წესრიგში, ის თითქოსდა არასავალდებულო ჯილდოა. ამას ასევე გააჩნია თავისი შედეგები ქვიარ და ტრანს ახალგაზრდობისთვის, რომელსაც ხშირად უბიძგებენ, სძულდეთ საკუთარი სხეული, სურვილი და იდენტობა.

ამას დაუმატეთ ძალადობა ამ თემის წინააღმდეგ, რომელმაც ეპიდემიის სახე მიიღო და ჩვენ ვხედავთ სამყაროს, სადაც საშუალო სკოლის მოსწავლე იმ გოგოებს, რომლებიც ლესბოსელებად ან ბისექსუალებად აღიქვამენ თავს, უფრო ხშირად ემართებათ ვენერიული დაავადებები და ისინი უფრო ხშირად ფეხმძიმდებიან, ვიდრე მათი ჰეტეროსექსუალი ან ჩამოუყალიბებელი თანატოლები. ამის გარდა, მათ, სავარაუდოდ გააჩნიათ მეტი იძულებითი სექსუალური კონტაქტი. ეს ნიშნავს სამყაროს, სადაც ახალგაზრდა, გეი კაცები რეგულარულად არიან ძალადობის, დამცირებისა და სექსუალური თავდასხმების მსხვერპლნი. ეს ასევე ნიშნავს სამყაროს, სადაც ტრანსგენდერი და გენდერულად ნონ-კონფორმული ახალგაზრდობა (განსაკუთრებით ფერადკანიანი), ასევე მრავლად განიცდის სექსუალურ ძალადობას. მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ ენდომება თავისი შვილებისთვის. მაგრამ, ეს არცაა მაინცდამაინც გასაკვირი, რადგანაც ხშირად ჩვენ არ ვცდილობთ შევუცვალოთ ჩვენს ბავშვებს ის „მესიჯები“ სექსის შესახებ, რომელთაც ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან ღებულობენ და რომლებიც ამკვიდრებენ ძალადობასა და დისკრიმინაციას უამრავი ადამიანისათვის. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს როგორც საკუთარი იდენტობის, ასევე იმის დაფასება, რომ  ნებისმიერი სექსუალური გამოცდილება პარტნიორთან სასურველიც და სასიამოვნოც უნდა ყველა მონაწილისათვის.

  1. იფიქრეთ სიამოვნებაზე ურთიერთთანხმობის კონტექსტში. თუმცა, სიამოვნებაზე საუბარი კარგი საშუალებაა, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს, ჰქონდეთ უფრო სასიამოვნო სექსი. უნდა გაფართოვდეს სიამოვნების შესახებ ჩვენეული გაგება. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მათ დასარწმუნებლად, რომ სექსი, რომელიც მათ ექნებათ, ურთიერთთანხმობით უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ თუკი ზოგი მოზარდი ფიქრობს, რომ სექსი იქნება უფერული, უსიამოვნო, მოუხერხებელი, მტკივნეულიც კი, რომ მხოლოდ განსაზღვრული სხეულებისა და იდენტობების მქონე ადამიანებს აქვთ სიამოვნების განცდის უფლება, ამ შემთხვევაში ცალმხრივი სიტუაციები, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე, სოციალურად გაცილებით უფრო მისაღები ხდება. მაგალითად, სოციალიზაციის წყალობით, სის/ჰეტერო გოგონები თავს უფლებას ვერ აძლევენ, ისაუბრონ უსიამოვნო ან არასასურველ სექსზე, ხოლო სის/ჰეტერო ბიჭები თავს ნაკლებად თვლიან ვალდებულად, დაინტერესდნენ იმით, კომფორტულად გრძნობენ თუ არა თავს მათი პარტნიორები მოცემულ სიტუაციაში. ქვიარ, ტრანსგენდერ და ინტერსექსუალ ახალგაზრდებისთვის ეს მინიშნებაა: ისინი თავიანთი შესატყვისი პარტნიორის მხოლოდ პოვნითაც უნდა იყვნენ „ბედნიერნი“ და არავითარი პრეტენზია სექსის ხარისხზე არ უნდა ჰქონდეთ. ვიცი, რომ ეს ბოდვაა. რა თქმა უნდა, ბევრ ამერიკელს უჭირს ზოგადად სიამოვნებაზე საუბარი. ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც საუბარი იმ მოზარდებს ეხებათ, რომელთა სექსუალიზაციასაც ვახდენთ, შემდეგ კი ვსჯით თავიანთი სექსუალობის გამომჟღავნებისთვის. მართლაც, ჩვენ 20 წელია მხოლოდ აბსტინენციის (თავის შეკავების) სამთავრობო პროგრამაში ვიმყოფებით. განათლების სფეროში გამეფებულმა შიშმა და სირცხვილმა იქამდე მიგვიყვანა, რომ სექსუალურად აქტიური მოზარდისთვის უბრალოდ პრეზერვატივის, შიდსზე ტესტისა და შობადობის უფასო კონტროლის შეთავაზებაც კი რადიკალურ ქმედებად ჩაითვლება.

მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ყოველმხრივ სექსუალურ განათლებას ვიძლევით, ხანდახან ჩვენს მოზარდებს იმედს ვუცრუებთ სიამოვნების როლის იგნორირებითა და ძველმოდური იდეებით ბიჭებსა და გოგონებს შორის „თანდაყოლილი“ განსხვავების შესახებ. ამან შესაძლოა გააძლიეროს სტერეოტიპები, წაშალოს LGBTQIA + ახალგაზრდობა და გენდერულად ნონკონფორმისტი იდენტობები და შეაფერხოს უფრო თანასწორი სექსის კონცეფციის შექმნა. მაშ რა უნდა ვასწავლოთ მოზარდებს სიამოვნების როლის შესახებ ურთიერთიერთანხმობის კონტექსტში? – ბევრი რამ! მოზარდებს შეუძლიათ ისწავლონ, რომ ყურადღებიანი პარტნიორები ზრუნავენ იმაზე, რომ ყველა მონაწილემ თავი კარგად იგრძნოს და ამას სავარაუდოდ თან ახლავს კომუნიკაცია, მცდელობა-შეცდომები, ასევე უხერხული მომენტებიცა და ფეხის წაბორძიკებაც. მათ შეუძლიათ ისწავლონ, რომ სექსი არ არის შეჯიბრი გამარჯვებულით ან დამარცხებულით. მათ შეუძლიათ გაიგონ, რომ თანხმობის მიღება მხოლოდ „კის“ მოსმენას კი არ ნიშნავს, არამედ ეს ნიშნავს, დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს ყველა მონაწილეს სურს და ღებულობს კიდეც სიამოვნებას სექსით, რომლითაცაა დაკავებული. შევახსენებთ რა მათ, რომ ჩვენ კვლავაც ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, რომელშიც გარკვეული ტიპის სხეულების სიამოვნება უფრო ფასობს, ვიდრე დანარჩენების, მათ შეუძლიათ აქტიურად დაუპირისპირდნენ და დაანგრიონ კიდეც ეს მოდელი საკუთარ ცხოვრებაში. როგორც ამანდა პერეს ლედერი, დამაარსებელი ორგანიზაციისა „კომუნიკაცია ჯანმრთელობასა და უხერხული თემების შესახებ“ (პროგრამა შექმნილია ოჯახებისა და ორგანიზაციების მოსამზადებლად სექსუალობაზე სასაუბროდ) გვიხსნის: როდესაც ახალგაზრდები ელიან, რომ სექსუალური სიამოვნება ორმხრივად სასიამოვნო იქნება, ისინი ასევე უფრო მონდომებულნი არიან, პარტნიორებთან განიხილონ არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვისა და უსაფრთხო სექსის მეთოდები. მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ სექსი სასიამოვნო იქნება, ასევე ხელს უწყობს უფრო ხშირ კომუნიკაციას სექსუალური მოქმედებების დროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში ურთიერთთანხმობა უფრო ხშირად განიხილება – სექსუალურ მოქმედებებამდეც და მათ დროსაც.  

მაგალითად: „მისმინე, მე ნამდვილად მისწორდება, შენ რას იტყვი?“ ან „იცი, ეს მაინცდამაინც არ მომწონს, თან არც კი გიკითხავს ჩემი აზრი, მოდი, მომავალში მკითხე ხოლმე“. პერეს ლედერის მსგავსად, ჰოლი პონტონიცა და ჯესიკა ჰიგინსიც ორგანიზაციიდან „კოლორადოს ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია!“, ხედავენ რეალურ კავშირს სიამოვნების ჩვენებურ ხედვასა და პარტნიორების ურთიერთშეთანხმებას შორის. ისინი გვიხსნიან, რომ გაბატონებული ნარატივი აძლიერებს მოსაზრებას – სის/ჰეტერო კაცებისათვის სექსის უპირველესი მიზანია, მიიღონ სიამოვნება სის/ჰეტერო ქალებისა და გოგონების სხეულების საშუალებით. ისინი წერენ: როდესაც ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდობას, რომ სიამოვნება სექსში მხოლოდ გარკვეული ტიპის სხეულებისათვის არსებობს, ჩვენ ამით სექსუალური უპირატესობის კულტურას ვქმნით: რომ ზოგი სხეული მხოლოდ დანარჩენების მიერ გამოყენებისათვის არსებობს; რომ ზოგი ადამიანი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვების სხეული, როგორც მას სურს; რომ მათ უფლება აქვთ, იბატონონ ამ სხეულებზე და აკონტროლონ ისინი. ეს პირდაპირ აძლიერებს გაუპატიურების კულტურას. ამის შედეგად კი ბევრი მოზარდი თვლის, რომ მათთვის ყველაზე დიდი სიამოვნება უნდა იყოს ის შეგრძნება, რომ ის სასურველია ვიღაცისთვის და არა ის, თუ რამდენადაა სასიამოვნო სექსი პირადად მისთვის. მართლაც, როდესაც ჩვენ აღარ ვეტყვით მოზარდებს, რომ სექსი არის ჯილდო, ან თამაში, რომელშიც ერთმა პარტნიორმა უნდა გაიმარჯვოს მეორის ხარჯზე და გავაგებინებთ მათ, რომ სექსი უნდა იყოს ორმხრივად სასიამოვნო გამოცდილება, მაშინ ბევრად უფრო იშვიათად მივიღებთ ისეთ სიტუაციებს, როდესაც ერთი ადამიანის სიამოვნება მიღწეული იქნება მეორის სიამოვნების იგნორირების ხარჯზე.

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წამოვჭრათ ეს თემა ჩვენს შვილებთან…

ბევრი მშობლისათვის სექსის სასიამოვნო მხარეზე საუბარი ნიშნავს, თითქოს ისინი შვილებს ისეთ რამეს პატიობენ, რაზეც უნდა ადანაშაულებდნენ და კიცხავდნენ. მაგრამ ეს აზრი უსაფუძვლო და ზიანის მომტანია. სადღეისოდ, ამერიკელ მოზარდთა მხოლოდ 40%-ს თუ ჰქონია სექსი საშუალო სკოლის დამთავრებისთვის და კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო გაცნობიერებულნი არიან მოზარდები სექსის შესახებ, მით მეტია ალბათობა, რომ მათ არა მხოლოდ არ იჩქარონ დაკავდნენ სექსით, მაგრამ აგრეთვე უფრო ჯანსაღი არჩევანი გააკეთონ გადაწყვეტილების მიღებისას. ასე რომ, თუ მათ ეცოდინებათ, რომ სიამოვნება თანასწორობის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, ეს დამატებითი საშუალება იქნება, რათა მათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

ამ ყველაფრის გარდა, გაისათვალისწინებელია რამდენიმე რჩევაც, რომლებიც ამ საუბრებში დაგვეხმარება: სექსის შესახებ ნებისმიერ საუბარში ჩვენსა და მოზარდებს შორის, მთავარ მომენტად სიამოვნება უნდა განვიხილოთ. ასევე, სიამოვნების თემაში LGBTQIA+ ახალგაზრდობა უნდა ჩავრთოთ. სექსიზმი და სის/ჰეტერო მოლოდინები მეტად მტკივნეულია ქვიარ თემისთვის. არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ სექსუალურად აქტიურ მოზარდებს. უნდა შევეცადოთ, ვისაუბროთ სექსზე არარეპროდუქციულ ჭრილში. ახალგაზრდების უმეტესობისათვის სექსით დაინტერესებას არაფერი აქვს საერთო ჩასახვასთან. თავს ნუ მოვიკატუნებთ, თითქოს ადამიანთა უმეტესობა სექსით კავდება დაფეხმძიმებისათვის. ეს ასე არაა. უნდა შევწყვიტოთ წუხილი უბიწოებაზე და იმაზე, თუკი ვინმემ „დაკარგა“ იგი ვაგინალური პენეტრაციის დროს.

მაშინ, როდესაც სიამოვნებაზე საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ სექსი პარტნიორთან ან პარტნიორებთან, ორგაზმები, ან პაემნებიც კი მხოლოდ ერთი მონაწილის პრეროგატივა არ უნდა იყოს. ამის ხსენებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ისევე, როგორც თავშეკავების სტანდარტების თავსმოხვევა იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ სექსი, სექსუალობის დაძალებამ იმ მოზარდებისთვის, რომელთა ბუნებასაც ეს არ შეესაბამება, ასევე შესაძლოა მათ აფიქრებინოს, რომ მათი არჩევანი, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი სხეულები, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანების. ასევე გვახსოვდეს, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ვიტყვით, „ტეილორ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიამოვნებაზე“, რაღაცას წავიბუტბუტებთ ორგაზმისა და ოქსიტოცინის (პრეპარატი, გამოიყენება მშობიარობის სტიმულაციისას) შესახებ და ამ დღეს ნაყოფიერად ჩავთვლით. ასეთი საუბრები მუდმივი და ნორმირებული უნდა იყოს და ისინი უნდა მოიცავდეს ყველა გენდერს, სექსუალურ ორიენტაციასა და სხეულს. ჩვენს ბავშვებში სექსუალობის აღიარება არ არის იოლი რამ, მაგრამ თუკი დავფიქრდებით, არც მისი უარყოფაა ადვილი.

ელენ ფრიდრიქსი

წყარო: everydayfeminism.com

თარგმანი: ერეკლე გრიგოლია