ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ნინო წინწალაშვილის მწყრების ფერმა და დაწინწკლული ბიზნესი

posted in ეკონომიკური by with Comments Off on ნინო წინწალაშვილის მწყრების ფერმა და დაწინწკლული ბიზნესი

თსუ-ში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, „როიალ დენტში“ სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობს. პარალელურად, სტაჟირებას გადის სხვადასხვა ორგანიზაციაში. 22 წლისაა, მაგრამ დროს ყველაფრისთვის პოულობს – ხუმრობა საქმე ხომ არაა, სოფელ ბაკურციხეში საკუთარი ფერმა აქვს, მწყრების ფერმა.

ნინო წინწალაშვილი: თბილისში ვცხოვრობ, ვსწავლობ და ვმუშაობ. სოფელში დასვენების დღეებში ჩავდივარ. ფერმასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს აქედანაც ვაგვარებ, სოფელში კი მეურნეობას დედას და სხვა დამხმარე ადამიანებს ვუტოვებ ხოლმე.

მწყრის ფერმის გაშენებით როგორ დაინტერესდით?

ცხოველები და ფრინველები საოცრად მიყვარს. ჯერ კიდევ ძალიან პატარას, ბიძაჩემის მიერ ნადირობიდან მოყვანილი მწყერი ხშირად დაკვლას გადამირჩენია. 2015 წლის ზაფხულში, დედამ „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. სანამ ამ დაფინანსებას მოვიპოვებდი, რამდენიმე ათეული მწყერი მოშენებული მყავდა. დაფინანსების მოპოვებამდე ძალიან მიჭირდა, რადგან მწყერს სპეციალური გალიები და ბევრი სპეციფიკური ინვენტარი სჭირდება, რაც მე არ მქონდა. სპეციალური გალიების შეძენამდე, ფრინველი ფართოდ და თავისუფლად მყავდა, – მეგონა, ამით მის უკეთ მოვლას ვუწყობდი ხელს, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა: სინამდვილეში, მწყრისთვის დაბალი გალიებია განკუთვნილი, რომ მაღლა არ ახტეს და თავი არ გაიტეხოს.

დაფინანსების მიღების შემდეგ, რაც მწყრების ფერმისთვის საჭირო ინვენტარი შევიძინე, ჩემი მეურნეობის მოვლა გაცილებით გამარტივდა. ახლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საქმის წამოწყებისას, ბევრი სირთულე მქონია: ფრინველი გალიიდან გამირბოდა (იცინის, შ. გ.).

ფერმის და ბიზნესის გაძღოლა ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა და ამ სფეროში სწორი გეზის მიგნება გამოცდილ პროფესიონალებსაც უჭირთ. თავს როგორ ართმევთ თქვენ წინაშე მდგარ სირთულეებს?

იმის გამო, რომ ჩემი ფერმა ჯერჯერობით მცირე მასშტაბისაა, მისი გაძღოლა ჩემთვის მაინცდამაინც ძნელი არაა. მწყრის ხორცს საერთოდ არ ვეკარები, ძალიან მიყვარს ეს ფრინველი და საჭმელად მეცოდება. ჩემი ფერმის მოშენების მთავარი მიზანი მწყრის კვერცხის მოპოვებაა. ამ რთულ საქმეში დედა და ფერმაში მომუშავე პერსონალი მეხმარება. ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებს მე ვაგვარებ. ყოფილა რაღაც დაბრკოლებები, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ დაძლევა გამჭირვებოდა.

გაფართოებას არ აპირებთ?

რა თქმა უნდა, თუ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება. მთავარია, ხალხი მწყრის კვერცხს შეეჩვიოს.

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მწყრის კვერცხი?

გარდა ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობისა (კალიუმი, კალციუმი ფტორი, მაგნიუმი, ნატრიუმი), ბევრმა ახლაც არ იცის, თუ რა გასაოცარი თვისებები გააჩნია მწყრის კვერცხს. თავად დავრწმუნდი, რომ ინფორმაცია მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ გაზვიადებული არ იყო. საქართველოში ნაკლებია ამის შესახებ ინფორმაცია. მწყრის კვერცხი დიეტური პროდუქტია: მასში გაცილებით ნაკლები ქოლესტერინია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. ცილის, გაჯერებული ცხიმებისა და ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის გამო, იგი საუკეთესოა ქალის ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, მწყრის კვერცხი შესანიშნავია ძვლოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობის საქმეში და დიაბეტის მქონეთათვის. მისი განსაკუთრებული სარგებლიანობა ბავშვებისთვის საჭირო ნივთიერებების სიუხვეში ვლინდება: მწყრის კვერცხი ბავშვის სწორ განვითარებას უწყობს ხელს. იგი პროფილაქტიკაა გონებრივი ჩამორჩენილობის, ბავშვის გადაღლილობის დროს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმიდან დევნის რადიონუკლეიდებსა და ტოქსინებს. მაღალი რადიაციული ფონის გამო, იაპონიაში სკოლის მოსწავლეების დილის მენიუში მუდმივადაა მწყრის 2-3 უმი კვერცხი დღეში. პროდუქტი საკმაოდ გემრიელია, მისი დაწინწკლული ნაჭუჭი კი ბავშვს ადვილად ხიბლავს და ადვილი მისაწოდებელია იმ ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც ზოგადად კვერცხს არ ჭამენ. სკოლამდელი ბავშვისთვის მწყრის კვერცხის დღიური დოზა 1-2 ცალს შეადგენს, მოსწავლისთვის კი – 2-3-ს. როგორც ამბობენ, მწყრის კვერცხი მთელს მსოფლიოს ხელახლა სწორედ იაპონელებმა გააცნეს.

გარდა ამისა, მწყრის კვერცხი აქტიურად გამოიყენება კულინარიაში: მისი გამოყენებით სხვადასხვა სალათს, მაიონეზს, სოუსსა და გამომცხვარ კერძს ამზადებენ.

მწყერი გარეული ფრინველია და, სავარაუდოდ, ქათმისგან განსხვავებით, მისი მოვლაც არ იქნება ადვილი…

რა თქმა უნდა, რთულია: დედალი და მამალი უნდა გადაარჩიო, სხვა ჯგუფის „წევრი“ თუ რომელიმე ჯგუფში ჩასვი, ერთმანეთს ასისხლიანებენ (უცხოს „შესახლებას“ ადგილობრივი მამალი „არ პატიობს“) და ა. შ. იმისათვის, რომ ფრინველის ამ სახეობის მოვლა-პატრონობა სათანადოდ შემესწავლა, ძალზე დიდი მასშტაბის სპეციფიკურ ლიტერატურას გავეცანი. რამდენიმე მწყერი, რომელიც გალიიდან გამქცევია, უკან მობრუნებულა და თავისი გალიის წინ დამდგარა – ფერმის ფრინველი უკვე მოშინაურებულია: დამოუკიდებლად საკვების მოპოვების უნარი არ აქვს და ღია პირობებში აუცილებლად დაიღუპება.

„აწარმოე საქართველოშის“ გრანტი კონკრეტულად რაში დაგეხმარათ?

ჩემი ბიზნესის გასაფართოებლად, აუცილებელი იყო ჩვენი ფერმის ფინანსური მხარდაჭერა, რადგან მე თვითონ ამის საშუალება არ მქონდა. ინკუბატორი, გალიებისთვის მასალა, სიმინდის საფქვავი, ნათურები და ბევრი სხვა ინვენტარი გვჭირდებოდა. „აწარმოე საქართველოში“ შესანიშნავი პროექტია. ყველას ეგონა, რომ ჩემთვის გადმოცემული თანხა უკან უნდა დამებრუნებინა, მაგრამ ეს ასე არ არის – თანხის დაბრუნება საჭირო არაა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი ასე მუშაობდა. პროექტის მეორე ეტაპზე ცოტა გამიჭირდა – გარკვეული ტიპის ხარჯთაღრიცხვები იყო წარსადგენი, რისი წარმოებაც არ ვიცოდი, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდა. პროექტის დაწერაში არავინ დამხმარებია – ჩემით დავწერე. სავარაუდოდ, პროექტის იდეამ დაიმსახურა მოწონება.

იმის გამო, რომ გოგონა ხართ, თან ასეთი ახალგაზრდა, თქვენ ბიზნესმენობას არასერიოზულად ხომ არ აღიქვამენ?

კი, ხშირად არის ხოლმე მსგავსი დამოკიდებულება, განსაკუთრებით რესტორნებთან ურთიერთობისას, პროდუქციის ჩაბარების პროცესში. თავდაპირველად, ამ ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით ჩემი მეგობრებიც კი ეჭვის თვალით მიყურებდნენ – ჰობია და გაუვლისო. ჰობი ნამდვილად არის, რადგან ჩემს პროფესიად სტომატოლოგიას მივიჩნევ, თუმცა მიხარია, რომ რაღაც მხრივ ნაბიჯი წინ გადავდგი. ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დიდი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ მაინც მიხარია. თუ ფერმა გაფართოვდება, ამ საქმეს მაინც არ ჩამოვცილდები. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ორ საქმეს ხარისხიანად აკეთებს. რადგან ახლა ვახერხებ ყველაფრის მოგვარებას, არ მგონია, შემდეგ ვეღარ შევძლო.

რაც შეეხება კაცების მხრიდან ჩემ მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, – ამის პრობლემა არ მაქვს, რადგან ჩემი დაჩაგვრა როგორც მორალურად, ის ფიზიკურად, შეუძლებელია – კიკბოქსიორი ვარ. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი თავის დაცვა მცოდნოდა. კიკბოქსინგი „ჩემი“ სპორტია – ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც 5 წლის მანძილზე მას ვეუფლებოდი. ვფიქრობ, ფიზიკურად თავის დაცვა ყველა ქალს უნდა შეეძლოს – არავინ იცის, როდის რა დასჭირდება.

ესაუბრა შორენა გაბუნია

 

© sapari.ge