მანჩო ხატიაშვილი დელიკატესური ყველის რეცეპტებს თავად ქმნის


მანჩო ხატიაშვილი ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც დელიკატესური ყველის წარმოება წამოიწყო. მისი ოჯახი – მშობლები, ბიძები, პაპა და ბებია – მთლიანად სოფლის მეურნეობის სფეროში არიან ჩართულნი. უკვე 7 წელია, რაც მანჩო თავის არცთუ დიდ ბიზნესს წარმატებით უძღვება.

მანჩო ხატიაშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ეს სფერო ჩემთვის უცხო არაა. მინდოდა, დამემზადებინა ისეთი განსხვავებული ყველი, რომელიც ექსკლუზიური გემოსი, ბაზარზე კი კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ეს საწარმო ჩვენი ოჯახისაა და ჩვენ გვეკუთვნის ყველის დასახელებული რეცეპტების ექსკლუზიური გამოგონებაც: საფერავში დავარგებული ყველის („ტიბაანური“) იდეა ბიძაჩემს ეკუთვნის, თაფლიანის კი – დედას. წლებია, რაც ამ ყველს ვყიდით.

რა კატეგორიისაა თქვენი პროდუქცია?     

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება საკმაოდ რთულ, არაქარხნულ ტექნოლოგიას უკავშირდება, მისი ფასიც არ არის დაბალი – კილოგრამის საშუალო ფასი 50 ლარია. მაგალითად, ტიბაანში დავარგებული ყველი ქართულ-ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება: სულგუნის მასა გარკვეული პერიოდი ღვინოში ვარგდება, დაძველებისას კამამბერის ობს იკიდებს. ჩვენს ყველს თავისი მომხმარებელი ჰყავს, ვინც მისი ხარისხი იცის და აფასებს. მართალია, პროდუქცია მაღალ სეგმენტს განეკუთვნება, მაგრამ, როგორც გითხარით, მომხმარებელმა მისი ღირსებები დააფასა და კარგად მიიღო. ამჟამად, ჩვენი პროდუქციის ცნობადობაც მეტია.

როგორც ვიცი, უკვე ახალი სახეობის ყველი შექმენით…

დიახ, ეს არის ნიგვზიანი აჯიკით, აგრეთვე წითელი და მწვანე ზეთისხილით დამზადებული სულგუნი. ეს რეცეპტები ჩემი გამოგონებაა. ჩვენ მიერ დამზადებული ყველის რეცეპტურა ტრადიციული რეცეპტურების გამეორებას კი არა, ორიგინალი გემოს გამოყვანას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ახალი სამი სახის ყველი მაქვს შექმნილი, ცოტა ხანში ახალი ტიპის ყველის წარმოებასაც ვგეგმავ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და როგორც ყველის მოყვარული, მუდმივად ვცდილობ ყველის ახალი გემოების აღმოჩენას. სულგუნი აჯიკით საქართველოშიც არ არსებობს, ასევე ექსკლუზივია ზეთისხილიანიც. ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს, მიყვარს ახალი გემოების, კომბინაციების კრეატივი.

ბაზარზე თავის დამკვიდრება როგორ მოახერხეთ?

იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება არ მქონდა, გაყიდვების სფეროში თავდაპირველად ძალიან ბევრმა შრომამ მომიწია, ბაზარზე ადგილი რომ დამემკვიდრებინა. პროდუქციის ჩამბარებლების დარწმუნება მიწევდა, რომ ჩემ მიერ შეთავაზებული საქონელი უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდა. ამ გზის გაკაფვა თავდაპირველად რთული იყო, მაგრამ ახლა თვითონ მაღაზიებისგან არის შეკვეთები და ბაზარზეც ადგილი დავიმკვიდრეთ.

2013 წელს ლონდონში ქართული კულტურის დღეებზე ვიყავი მიწვეული, ჩემი ყველი მქონდა წარდგენილი. ასევე, საფრანგეთში, შამბერში, მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაზე. მიხარია, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებელში დიდ მოწონებას და დაინტერესებას იწვევს.

საქართველოში დელიკატესური ყველის წარმოება მომგებიანი ბიზნესია?

ჩვენი ყველი ქარხნულად არ იწარმოება, დელიკატესის ჯგუფს განეკუთვნება. მისი დამზადება ძალზე შრომატევადია, გემოთიც განსხვავებულია სტანდარტული ყველისგან. რომ გითხრათ, რომ ამით საოცარი შემოსავალი მაქვს, – სიმართლე არ იქნება. ჩვენი წარმოება მცირე მასშტაბისაა. აქედან გამომდინარე, ახალი სახეობის ყველის შექმნას და ასორტიმენტის გაფართოებას ვგეგმავ. როდესაც ახალ პროდუქტს ქმნი, მეტად კონკურენტუნარიანი ხდები, ვიდრე მაშინ, როდესაც სხვის მსგავს პროდუქციას აწარმოებ.

როდესაც ახალი ყველი შევქმენით, პირველკურსელი ვიყავი. მაშინ ადამიანებს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ დელიკატესური ყველის მიმართ. ყველას ეგონა, რომ ჩვენი ბიზნესი ჩავარდებოდა, რადგან ამ ტიპის ყველა უბრალოდ ვერ გავყიდდით. თუმცა, როდესაც საქმე გიყვარს, იცი მისი წარმართვა და განვითარებაზე ხარ ორიენტირებული, ალბათ ყველაფერი გამოვა.

ტექნიკური თვალსაზრისით, ბიზნესში რა სირთულეები გაქვთ?

პირველ რიგში, სირთულეები ადგილობრივ ბაზარზე რძის დეფიციტს უკავშირდება. საქართველოში დარეგულირებული არ არის ხარისხიანი რძის მიწოდების ბაზარი. ახლა, მაგალითად, იმდენი რძეა, რომ ფერმერების მოთხოვნას აღემატება, ზამთარში კი რძის რაოდენობა უკიდურესად არასაკმარისია. სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა არ მაწუხებს.

რა წაეხმარება თქვენს ბიზნესს კიდევ უფრო გაპოპულარულებაში?

ცნობადობის გაზრდას ხელს ყველის ფესტივალები უწყობს, კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი მსგავსი სახის ღონისძიება მოეწყობა. ასევე, მიხარია, რომ ჩემი საქმიანობით მედია დაინტერესდა და მისი ყურადღების ცენტრში ხშირად ვარ. სამწუხაროდ, რეკლამისთვის სახსრები ნაკლებად გაგვაჩნია. მიხარია, რომ „ტიბაანური“ ბრენდად იქცა და ბევრ მაღაზიაში კითხულობენ.

ქალისთვის ოჯახისა და წარმატებული კარიერის შეთავსება შესაძლებელია?

რა თქმა უნდა! მე თუ მკითხავთ, პიარისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობა ქალებს კაცებზე გაცილებით უკეთ გამოსდით. ამჟამად, ჩემი სამსახური ჩემი ბიზნესია. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, მუშაობაში ხელი არანაირად არ მეშლება. მთელი ოჯახი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს მიქმნის იმისათვის, რომ მუშაობაში ხელი არ შემეშალოს. პირიქით, რაც ოჯახი შევქმენი, მას შემდეგ უფრო მოტივირებული ვარ, უფრო ბევრ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე მანამდე.

ესაუბრა შორენა გაბუნია