ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

წონა არაა მთავარი? – პასუხი შორენა გაბუნიას ბლოგპოსტს

posted in ის ქალი by with Comments Off on წონა არაა მთავარი? – პასუხი შორენა გაბუნიას ბლოგპოსტს

ავტორი: ის ქალი

სკოლის დროს ავარიაში მოვყევი, შევეშვი ცეკვას და წონა ავკრიფე. აბიტურიენტობისას კი დავიკელი. ამისთის ჩემი თავი დავაჯილდოვე და ავისრულე დიდი ხნის ოცნება – გიტარაზე დაკვრა დავიწყე. თეატრალურში ჩაბარებაც მინდოდა, მაგრამ ვერ ჩავაბარე, იმის გამო, რომ “იქ ბოზები არიან” და არ ჩამაბარებინეს. მშობლემა გინდა თუ არა ფილოლოგიურზე უნდა ისწავლოო, თუ არადა სწავლის ფულს არ გადაგიხდიდითო. თავიდან დავთანხმდი ოჯახს და დავრეგისტრირდი კიდეც. თუმცა გამოცდებზე არ მივედი. ბოლოს მითხრეს თავში ქვა გიხლია, სამსახურს არ გაშოვნინებთ თუ მაგაზე ისწავლიო. მე კიდევ უკვე ფოტოგრაფად ვმუშაობდი და აღარ მჭირდებოდა მათი დახმარება. ვისწავლე თსუში. მერე ისევ მივიღე მოტეხილობა. ვიწექი 2 თვე, და ისევ მოვიმატე წონაში.

მივედი ენდოკრინოლოგთან. დამინიშნა ჰორმონები და დიაბეტის წამლები (სახელი არ მახსოვს), მითხრა, როცა მოგეწონება საკუთარი წონა გაჩერდი და აღარ დალოო. როცა წამლების სმა შევწყვიტე, თვენახევარში 25 კილო მოვიმატე. იმ დროს გავიცანი ჩემი ახლანდელი ქმარი. ქორწილის წინა დღეს მეუბნებოდა დედაჩემი, “შენ მაინც ვერ გასაღდებიო”. ქმარს მოვწონდი ისეთ როგორიც ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მანამდე მეგონა მოვწონდი, სანამ ჩხუბის დროს არ წამომაძახა “წამლები არ გიშველის მაინც ის ძროხა იქნები, რაც ხარო”. მერე უკვე ჩვეულებად იქცა ქმრისგან შესწორებები ჩემს ვიზუალში.

წარმატებული ვარ. ვმუშაობ, ჩემი საქმე მაქვს (მართალია იმ დონეზე ვერ გავქაჩე, რომ ჩემით ამყობდეს ან დედაჩემი ან ქმარი, მაგრამ ვცდილობ). ვეძებ კიდევ ბევრ რამეს დამატებით ვაკეთო, რომ ვიყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ბედნიერი. ახლა ჩემი შვილი გადამეკიდა, მაიკოსნაირად შეიღებე ლოყები, კლასელის დედაა მაიკო, ლამაზად გამოიყურება, მე კიდევ მაკიაჟს არასდროს ვიკეთებ.

ზოგადად არც ვჭამ. არ მიყვარს დიდად. მარტო მაშინ როცა კუჭი მტკივდება, ესეიგი მშია ხოლმე. ტკბილი მარტო მენსტრუაცის დროს, ისიც ერთი ნატეხი შოკოლადი. ცომეულიც არ მიყვარს. ასეთი ვარ. მე რომ გამხდარი ვიყო, ეს იქნებოდა ჩემი ბედნიერების და წარმატების მომტანი. მაგრამ არ ვარ, ვერ ვარ.

მართვის მოწმობა ავიღე 2 თვის წინ. პიველივე ცდაზე უმაღლესი შედეგი მქონდა. სახლში რომ ვთქვი, უნდა ვისწავლო მართვათთქო, დამცინეს, გაბარიტებზე. ხან რა დიეტებს მაჩეჩებენ, ხან რას. მე კიდევ დავიღალე. მაგარმ ალბათ უნდა შევეჩვიო. წარმოიდგინე არც მშობლებს უყვარხარ, არც ქმარს, არც შვილს. მაგრამ სამაგიეროდ მე მიყვარს ყველა და, აი, ეგ სიყვარული მტკენს. მინდა, რომ გულგრილი ვიყო, მეკიდოს.

ადრე მიყვარდა. ჩემს თავს ვამხიარულებსი ეხლა კიდევ რა დამრჩა? არც არაფერი. ეს იმის გამო, რომ არ ვარ ლამაზი. ამიტომ იმ ქალის (შორენა გაბუნიასი) მშურს, მართლა მშურს, ვინც მაგ ბლოგს წერს და ვინც ამბობს, რომ ფეხებზე კიდია სხვების აზრი.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ვარ მარტო და მე ვიბრძვი მარტოკა იმისთვის, რომ ვიღიმოდე. მართალია, არ მიხდება სიცილი, ლოყებსა და ტუჩებს შორის ხაზები მიჩნდება ხოლმე და ზღაპრებიდან გადმოსულ “ბაბაიაგას” ვგავარ მაგ დროს. მაგიტომ მეუნებიან ალბათ ოჯახის წევრები ნუ იქცევი სულელივითო.

საერთო ჩათებიდან გამოვედი, საერთო შეკრებებზე არ დავდივარ, იმიტომ რომ სულ მაკიაჟზე, სულ წონაზე ლაპრაკობენ. 60 კილო რომ არიან წუწუნებენ და თავს იკლავენ 59.9 რომ აჩვენოს სასწორმა. პირდაპირ მირტყამს. მიუხედავად იმისა, რომ დამცირება ჩემთან ერთად დაიბადა, მაინც ვერ გამოვიმუშავე იმუნიტეტი. რატომ გწერთ ახლა სრულიად უცხო ადამიანებს ამაზე, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მეთქვა: ყველა ასეთი ბედნიერი არ არის, როგორიც შორენა გაბუნია და გადაეცით მას ჩემგან, არის ძალიან, ძალიან მაგარი! თვითონაც კი არ იცის, როგორი.

© sapari.ge