ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

რა ფაქტორები უწყობს ხელს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე?

posted in ელისო რუხაძის ბლოგი by with Comments Off on რა ფაქტორები უწყობს ხელს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე?

ელისო რუხაძის ბლოგი

ძალიან ხშირად დავფიქრებულვარ ჩემს როლზე ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ბოლო წლებია, ძირითადად საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიციიდან ფაქტობრივად დამთავრებული გამოძიების ფიქტიურ საწყისებზე ჩართვა მიხდებოდა, როცა შსს-სა და პროკურატურას ბრალდებული უკვე „დამუშავებული“ ჰყავდათ. მიუხედავად უღიმღამო მტკიცებულებებისა, ბრალდებულის მხრიდან ჯიუტად ხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნა.

ამ პოზიციაზე აღარ ვმუშაობ, მიმაჩნია, რომ „საფარში“ მუშაობით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფო რამდენიმე თვეა, ე.წ. „სტამბოლის კონვენციას” შეუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად მიიღოს შესაბამისი ზომები და მოქმედების სხვა უფრო ეფექტურ მეთოდებზე გადავიდეს.

თუმცა, ხდება საპირისპირო… ამ ტიპის საქმეთა უმრავლესობაზე, ძალადობის მსხვერპლი კიდევ უფრო დიდ სტრესს განიცდის და დაუცველობის სინდრომი ექმნება. როგორც აღვნიშნე, მუდმივად პირადად მიწევს საპატრულო პოლიციასა და შსს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან საუბარი და ურთიერთობა. მათთან ურთიერთობის პროცესში, უმეტესად   ვაწყდები შემდეგ პრობლემებს:

  1. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოხელეები ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახში ძალადობა და ქალის მიმართ ძალადობა ისეთივე დანაშაულია, როგორიც სხვა დანაშაულებანი: ქურდობა,მკვლელობა და ა.შ.
  2. საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია ძალიან უფრთხის და ეშინია შემაკავებელი ორდერის გამოწერისა და „ოჯახის საქმეებში“ ჩარევის. ამას მხოლოდ ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით, გაჭიანურებისა და დაგვიანებული რეაქციის პირობებში აკეთებენ.
  3. პოლიცია ძალზე არაადეკვატურად ეპყრობა ძალადობის მსხვერპლიმ ქალებს, რომლებიც მას დახმარებისთვის მიმართავენ. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მძაფრდება მაშინ, როდესაც ქალი საჩივარზე მარტოა მისული. პოლიციელთა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში მომჩივანი ქალის მიმართ ვაწყდებით აგდებულ და დამცინავ დამოკიდებულებებს,მას უყურებენ მუშტრის თვალით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სტრესულ გარემოს და დაძაბულობას მსხვერპლის მიმართ.
  4. საპატრულო და შსს პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ მსხვერპლთან ურთიერთობისარანაირი უნარ-ჩვევები, რისი მაგალითიც იყო ბოლო დღეებში „საფარის“ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ინციდენტები. ამ შემთხვევებში, პოლიციამ სრული უუნარობა და არაკომპეტენტურობაგამოავლინა.
  5. როცა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ადვოკატი მასთან მისული ნაცემი მსხვერპლის დასახმარებლად (რომელსაც მოკვლით ემუქრებიან), იძახებს პატრულს და შედეგია ნული, ესაა სახელმწიფოს სისტემური პრობლემა. ჩვენთან გამოძახებაზე მოსული პატრულის თანამშრომლები 5 საათის მანძილზე არკვევენ საკუთარი კომპეტენციის საკითხს,გვარწმუნებენ და გვატყუებენ, თითქოს ქალაქის პოლიციის სხვა გამომძიებელი გზაშია, რეალურად კი არაფერი ხდება. შემდეგ, აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დროის გაყვანის მიზნით, ადვოკატი და მსხვერპლი საპატრულო პოლიციას გადაყავს ერთ-ერთი ცენტრალური უბნის პოლიციის განყოფილებაში,სადაც მოვლენები დრამატულადვითარდება…

პოლიციაში მიგვითითებენ, რომ არ უნდა ვიხმაუროთ, რომ ჩვენთვის არავის სცალია… მთავარი პრობლემა – უფროსი გასულია(!) და ვერაფრით დაგვეხმარებიან… პატრულის გამოძახებიდან უკვე 5 საათის შემდეგ, როცა სახეზეა ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული – ოჯახში ძალადობა და მოკვლის მუქარა (რაც  ფეისბუქ გვერდის  მთავარ  გვერდზეც კი  დადო  მოძალადემ), შემაკავებელ ორდერსაც კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, არც ერთი რგოლი არ წერს…

აი ამის შემდეგ იწყება ჩემი, როგორც ადვოკატის, აქტიური ქმედება. დასაცავისაგან არაერთი ისტორია მომისმენია პოლიციის უმოქმედობის შესახებ. მარიკა წივწივაძე და ფემიციდის მსხვერლი ბევრი სხვა ქალი ხომ პოლიციის უმოქმედობას შეეწირა, მაგრამ ზემოთაღწერილი ისტორიის მონაწილე რგოლი მეც აღმოვჩნდი… 

ნაცემი გოგონა უკვე ცუდადაა, ცალკე ოჯახური „სასამართლო“ ცდილობს, გოგონა მიიტყუოს იმ სოციუმში, საიდანაც გამოიქცა… გოგონა ტელეფონისა და თანხის გარეშეა… ის უკვე მეათეჯერ ყვება ამ საშინლად მძიმე ისტორიას, პოლიცია კი „რა გული შეაწუხეთ“ სახით ისმენს და ხელებს ასავსავებს…

ეს გაუგებრობა და დავიდარაბა საშინლად დიდხანს გაგრძელდა. მხოლოდ გენერალურ ინსპექციაში დარეკვისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ფეისბუქში გავრცელებული პოსტის შემდეგ დაიწყო ფაქტზე გამოძიება… ამასობაში, უკვე ღამის 12 საათია. სამწუხაროდ, მე, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, მსხვერპლს სხვა ქალაქის პოლიციაში ვერ გავყევი. იმის ნაცვლად, რომ საბოლოოდ კომპეტენციაგარკვეულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყოს, ახალი ფარსი იწყება – ქალი გამომძიებელი ნიშანს უგებს მსხვერპლს, სადაა შენი ადვოკატი, რატომ არაა შენ გვერდითო. ყველა  მის  ირგვლივ  შემოკრებილი  სამართალდამცავი  დაუზარებლად უკითხავს მორალს, რომ ამას „პირადად მას ვერ გაუბედავენ“, მკაცრი ტონით კიცხავს, რამ მიგიყვანა უფლებადამცველებთანო და ასე დაუსრულებლად…

ამის შემდეგ, პოლიცია და „ოჯახური სასამართლო“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღარ გავაგრძელოთ ადვოკატირება…

შედეგად, გოგონა დაუბრუნდა მცირეწლოვან შვილს და მშვიდად გრძნობს თავს, რადგან დამნაშავე დაკავებულია (ჯერჯერობით)…

P.S. დღეს ძალადობის რამდენიმე ფაქტზე კვლავ ადვოკატირებისთვის გვესტუმრნენ. კვლავ ვისმენთ პოლიციის „საგმირო “ საქმეებს. მინდა, საჯაროდ გავცე პასუხი ყველა იმ გამომძიებელსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომლებიც თავიანთი არაკომპეტენტურობის, უუნარობის, უნარ-ჩვევების არქონის, უტაქტობისა თუ არაკოლეგიალობის გამო, მშვიდად უყურებენ ოჯახური ძალადობის ფაქტებს და თავიანთი უმოქმედობით წვლილი შეაქვთ მოძალადეებში დაუსჯელობის სინდრომის დანერგვაში.  

გარწმუნებთ,  პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის პრობლემა ნამდვილად არ გამაჩნია და გპირდებით, რომ ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება. ასეთი თავგანწირვით და მონდომებით დავიცავთ მსხვერპლის ინტერესებს, დავრეკავთ 126-ში, რათა გამოგაფხიზლოთ და კიდევ ერთი სიცოცხლე  ან სხვა  უმნიშვნელოვანესი სიკეთეები გადავარჩინოთ. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, მოამზადოს კომპეტენტური კადრი, რომელიც დემაგოგიურად დამოძღვრით ,“დაკერვით“, დაცინვითა და სეირის ყურებით კი არ იქნება დაკავებული, არამედ ღირსეულად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მინიმუმ, ეცოდინება თავისი კომპეტენციის საზღვრები და არ იქნება საზოგადოების აზრისა და ზემდგომი უფროსის მოსაზრებებზე დამოკიდებული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ძალადობრივ გარემოს.

© sapari.ge