„ჩვენს ქვეყანაში პედოფილია ყვავის“ – ფსიქოლოგის რჩევები: როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი ძალადობისა და ბულინგისაგან?


ხშირად, მშობელმა სრულიად არაფერი ან ძალზე ცოტა რამ იცის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას შვილები სოციუმში ფიზიკური თუ მორალური ძალადობისგან. ჩვენი ბავშვები სრულიად უმწეონი და დაუცველნი არიან სხვადასხვა სახის ძალადობის წინაშე. ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი რჩევები აუცილებლად გამოადგება ყველა მშობელს, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკისაა მისი შვილი.

თავადაც არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალზე გავრცელებულია ძალადობის ფორმები, რომელიც საზოგადოებისთვის უხილავია. ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ ბედავს ამის შესახებ საუბარს, რაც მოძალადეს ხელ-ფეხს უხსნის და მომდევნო დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. განსაკუთრებით, ასეთ შემთხვევებში ბავშვები და მოზარდები ზარალდებიან, რაც პასუხისმგებლობის ტვირთს მთლიანად მშობელს აკისრებს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილები ნაცნობი ადამიანების ძალადობისგან დაიცვას?

ეს საკითხი იცით რატომ არის ასეთი მძიმედ სალაპარაკო და მისაღები? – იმიტომ, რომ ჩვენ მოძალადე ყოველთვის გვგონია „სხვა“, ანუ ოჯახს გარეთ მყოფი ადამიანი. „ეგ ისეთ ოჯახშია გაზრდილი, კოჭებშივე ეტყობოდა, რომ გზას აცდებოდა“ – ჩვენთვის მოძალადე ჩვენგან ძალიან განსხვავებული „ტიპია“. როდესაც ადამიანი გიხსნის, რომ მოძალადე შეიძლება შენ გვერდით ცხოვრობდეს, იყოს განათლებული, „ნორმალური“, შემდგარი ადამიანი, რომელიც პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს და გასცემს, – აქ უკვე ვიბნევით.

ამას წინათ სტატია დავწერე იმის შესახებ, რომ ბავშვები არავისთან დატოვოს დედამ, გარდა მათი მამისა, რადგან სტატისტიკას თუ შევხედავთ, მოძალადე ხშირად არის მსხვერპლის უფროსი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, მამინაცვალი, ნათლია და ა. შ. (კაცებზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფლად ჟღერს, მაგრამ როდესაც ბავშვზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკას გადახედავთ, მოძალადის როლში ბიცოლა, მამიდა და დეიდა თითქმის არ გვხვდება. პედოფილიაზე სტატიის გამო, თავს ბევრი ადამიანი დამესხა. მათ შორის, ყველაზე აქტიური თავდამსხმელები ის ქალები იყვნენ, რომლებსაც პატარა ასაკის შვილები ჰყავთ. კიდევ გავიმეორებ: როდესაც გყავს პატარა ბავშვი, მამის გარდა აბსოლუტურად არავისთან არ უნდა დატოვო – იქნება ეს მასწავლებელი, ნათლია თუ სხვ. მესმის, რომ ძალიან მძიმე განცხადებაა, მაგრამ იმაზე დაყრდნობით ვსაუბრობ, რა ქეისებიც ჩემთან შემოდის: ბაბუა-შვილიშვილი, ბიძა-დისშვილი, უფროსი ბიძაშვილი, უფროსი ძმა… სხვათა შორის, ამგვარი შემთხვევები ძალზე ხშირია. ბავშვი თუ მშობლების გარდა სხვა უფროსს ეკონტაქტება, უმჯობესია, ეს ადამიანი ქალი იყოს და არა  – კაცი.

გარდა ამისა, ასევე ადრეული ასაკიდანვე უნდა ავუხსნათ ბავშვს, თუ რა არის სექსუალური ძალადობა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში პედოფილია ყვავის. ქალზე სექსუალური ძალადობის კულტურული ჟანრები გვაქვს, თუმცა პედოფილიის მხრივ გაცილებით დიდი უბედურება გვჭირს და რატომ: უხეშად რომ ავიღოთ, 150-მდე ჩემი პაციენტიდან, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მყოლია, 120-მა მითხრა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. თავდაპირველად, ეს ჩემთვის შოკი იყო, ვიფიქრე, სხვა მოვლენაზე ხომ არ საუბრობენ და სხვა სახელს ხომ არ არქმევენ-მეთქი. ბავშვობაში რაღაც ტიპის სექსუალური ძალადობის გამოცდილება საქართველოში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რადგან ძალადობა გავრცელებულია და ის სწორედ ოჯახის ახლობელი ადამიანების მხრიდან ხდება, შვილს ინფორმაცია უნდა მიაწოდო. არის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც 2-3 წლის ასაკიდან იწყება. 5-6 წლის ასაკის ბავშვებმა უკვე იციან, რა არის სექსუალური ძალადობა. ადრეული ასაკიდანვე, ბავშვებს სხეულებს უხატავენ და ასწავლიან, რომელ ადგილებზე შეხებაა უფროსების მხრიდან დაშვებული და რომელზე – არა. ზოგიერთ კულტურაში მისაღებია ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმა,  მაგრამ უკანალზე ხელის წამოტყაპუნება ან მკერდზე შეხება დაუშვებელია. ჩვენთან ამას ვერ არჩევენ ვერც მშობლები და ვერც ბავშვები. თვითონ მსხვერპლები, როდესაც ბავშვობისდროინდელი ძალადობის ისტორიებს იხსენებენ, ამბობენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერც კი ხვდებოდნენ მომხდარის არსს. მხოლოდ „უსიამოვნო შეგრძნებების“  განცდის შემდეგ უჩნდებოდათ პროტესტის განცდა.

ამიტომ, გამოსავალს მხოლოდ განათლებაში ვხედავ. განათლების ადგილი სკოლაა. თუმცა, აუცილებელია მშობლებთან მუშაობა. ბავშვებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ინფორმაციული უნდა იყოს და არა – მატრავმირებელი. ამ საკითხში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ინფორმაციულ-საგანმანათლებლო პროგრამების გაკეთება მარტივი ეტაპია. თუმცა, ამ პროგრამას საერთო ეროვნული სახე უნდა მივცეთ, რადგან საქართველოში ბავშვზე სექსუალური ძალადობა  ეპიდემიური ფენომენია.

სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ, ადამიანების რეალურმა დაპირისპირებებმა ვირტუალურ სფეროში გადაინაცვლა. რა შედეგები შეიძლება იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე ინტერნეტ სივრციდან გადმოღვრილმა ძალადობამ?

ჩვენში ამჟამად ყველაზე გავრცელებულია ფეისბუქ ბულინგი. ომზე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ თუ შენს მსხვერპლს უშუალოდ ვერ ხედავ (მაგალითად, პილოტი ხარ, რომელმაც ბომბი უნდა ჩამოაგდოს), მაშინ გაცილებით ადვილია ამ მკვლელობის ჩადენა. როდესაც ხედავ, ვის ესვრი ავტომატით ხელში, ეს უკვე მკვლელობის აქტია და უკვე სხვანაირი ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება. უხეშად რომ ვთქვათ, ფეისბუქს დაახლოებით მსგავსი ეფექტი აქვს. ადამიანთან უშუალო კონტაქტისას, მისგან დიდ ინფორმაციას იღებ. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ მეტყველებით და ვერბალურად მოდის შენთან, არამედ სხეულის ენითაც. შენ თუ ადამიანს გაუბრაზდი ან უხეშად მიმართე, მის მიმიკასა და პანტომიმიკაში ცვლილება მყისვე მოხდება. ხვდები, რომ ამ ადამიანს ეწყინა, ეტკინა, გაბრაზდა და ა. შ. თანამოსაუბრისგან იღებ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მასთან სინქრონირდები. ამიტომაც, უშუალო კომუნიკაცია უმეტესწილად ფაქიზი და ფრთხილია; ფეისბუქზე ვერ ხედავ ადამიანს, რომელსაც ტკივილს აყენებ, ვერც ის გხედავს. შენ ვერ ხვდები, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შენმა სიტყვებმა. თავდასხმის ობიექტის მიერ განცდილი ტკივილის შესახებ შესაძლოა მოგვიანებით შეიტყო, ან საერთოდაც ვერ შეიტყო. აქედან გამომდინარე, ადამიანი მეტი სისასტიკის უფლებას აძლევს თავს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში ასობით ყალბი ანგარიში იქმნება, კონკრეტულ ადამიანებზე ან გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფებზე ანონიმური თავდასხმის განხორციელების მიზნით. ყალბ ანგარიშებს მიღმა მყოფი ადამიანები განსაკუთრებით აქტიურები არიან სიძულვილის და ბულინგის ფრქვევაში.

ამას „ნიღბის ეფექტი“ ჰქვია. როდესაც შენს იდენტობას ნიღბის ქვეშ ფარავ, შენი თვითცნობიერება იჩრდილება და იმპულსები სცენას იკავებს. იმის გამო, რომ არ იდენტიფიცირდები, პასუხისმგებლობის გრძნობას კარგავ და ადამიანებს შენი ფრუსტრაციის ნაგავსაყრელად აღიქვამ. ბავშვები უნდა გავაფრთხილოთ, რომ თუ პირადად არ იცნობენ ადამიანს, თავიანთ ფეისბუქ სივრცეში არ უნდა შემოუშვან.

სკოლებში ბულინგი კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში უმწვავესი ფორმით არსებობს. რაიმე განსაკუთრებული ნიშნით ხასიათდება სკოლის ასაკის ბავშვებში გავრცელებული ფეისბუქ ბულინგი?

სხვათა შორის, ფეისბუქ ბულინგი უფროსკლასელებში ძალზე პოპულარულია. ბავშვებმა იციან მსხვერპლის ამოჩემება და მისთვის დამამცირებელი კომენტარების მიწერა: „რა გაცვია?“, „მახინჯი და სულელი ხარ“, „გოიმი მშობლები გყავს“ და ა. შ. მსხვერპლის ფსიქიკისთვის ეს დიდი დარტყმაა.  არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი ამ დროს თვითმკვლელობაზე ფიქრს იწყებს. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად მათ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ ხოლმე. იმის გამო, რომ მოზარდს ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული ეთიკური პრინციპები, შესაძლოა, სისასტიკის და აღვირახსნილობის უკიდურეს ფორმებს წავაწყდეთ, იქნება ეს ინტერნეტ თავდასხმა თუ ვერბალური და ფიზიკური ბულინგი.

მოზარდებში სუიციდის პრობლემა ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რასაც შესაძლოა პირდაპირ პატრიარქალური საზოგადოება არ ქმნიდეს, თუმცა მის მიერ დაწესებული სტანდარტები არაპირდაპირი წესით უწყობდეს ხელს (ესთეტიკური მხარის, სოციალური სტატუსის, იდენტობის და სხვა მახასიათებლების გამო ბულინგი). რა სახის დახმარება სჭირდებათ მშობლებისგან ბავშვებს, რომ ამ სახის ბულინგს ეფექტურად გაუმკლავდნენ?

ზოგადად, ბულინგი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გარკვეულ სივრცეში მიმდინარეობს. რა სივრცეში ტრიალებენ ყველაზე ხშირად ბავშვები? – სკოლაში, სხვადასხვა კერძო გაკვეთილზე, სპორტზე, სახლში და სახლის გარშემო ტერიტორიაზე (უბანი, ეზო, სამეგობრო). ყველა ამ სივრცეში, ბავშვს უფროსი ახლავს ან უნდა ახლდეს. სკოლაში, ბავშვები უმეთვალყურეოდ არ უნდა რჩებოდნენ, რათა ბულინგის მცდელობა ადრეულ ფაზაში დავაფიქსიროთ და აღმოვფხვრათ.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომელ სკოლაში მიგვყავს ბავშვი. თუ თბილისზეა საუბარი, აქ არსებობს სკოლები, რომლებიც თაობების განმავლობაში, სასტიკი ბულინგის „ტრადიციით“ გამოირჩევიან. ასეთ სკოლებს უნდა ვერიდოთ.  წინასწარ უნდა გავიკითხოთ, არის თუ არა ბულინგის კულტურა იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც ბავშვის შეყვანას ვაპირებთ, ბულინგთან დამოკიდებულება როგორია სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან; თუ ჰქონიათ შემთხვევები, როგორ რეაგირებს დირექცია. ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია. გარდა ამისა, უნდა დავადგინოთ, არიან თუ არა ამ კონკრეტული სკოლის იმ თაობების ბავშვებში, რა ასაკისაც ჩვენი შვილია, ე. წ. „ძველი ბიჭები“, მჩაგვრელები, ქუჩის კულტურის მატარებელნი, ფსიქოპათიური აქცენტუაციის ტიპაჟები.

როგორც წესი, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მშობლებს არ უყვართ. „სადაც დაჩაგრავენ, ყველა ადგილიდან ხომ ვერ წამოვიყვან? აბა სხვანაირად როგორ უნდა იცხოვროს?!“ – ასეთი პასუხი აქვთ ხოლმე. ეს მცდარი მიდგომაა. არსებობს ადგილები, რომლებიც იმდენად გაჯერებულია ძალადობით, რომ იქიდან შვილი აუცილებლად უნდა წამოიყვანო. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, იმავე დღეს და არა „სემესტრის ბოლოს“ ან „როცა ბოლო საკონტროლოს დაწერს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობელს საკუთარი შვილის ამ გარემოებაში დატოვება ძალიან ძვირი დაუჯდება. ბულინგის კულტურის შეცვლა ინსტიტუციაში თითქმის შეუძლებელია . თუ ბავშვი ასეთ გარემოში მოხვდა და ის უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც მსხვერპლი, მშობელმა იგი ასეთ ადგილს უნდა გაარიდოს.

არის სიტუაციები, როდესაც ბულინგი ერთჯერადი შემთხვევით შემოიფარგლება ან მცირე ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია, სკოლის დირექტორმა, პედაგოგმა და მშობელმა ამაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ. თუმცა, როდესაც პედაგოგი ან დირექტორი გვპასუხობს, რომ უამრავი ბავშვი ჰყავთ და „სად სდიონ ყველას ცალ-ცალკე“, – იმ სკოლიდან ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყვანოთ. ამას სჯობს, ბავშვი ცოტა ხნით შინ იყოს და გამოცდები ექსტერნად ჩააბაროს, ვიდრე ყოველდღიური დამცირებით მის ფსიქიკას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

რა ზიანი შეიძლება მიადგეს ბავშვს ბულინგის შედეგად?

თავისთავად, ცუდია ის ტრავმული გამოცდილება, რომელსაც ბავშვი იღებს, მაგრამ ბულინგს აგრეთვე აქვს შორს მიმავალი შედეგები. ერთ-ერთი ასეთი შედეგი დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სუიციდის მცდელობები, სუიციდური იდეაცია და სხვადასხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულების განვითარებაა. 10, 20, 25 წლის განმავლობაში მიმდინარე კვლევები ბულინგის შესახებ გვიჩვენებს, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი ადამიანები ან ზუსტად ამ ტიპის დაავადებებით ავადდებიან, ან მათ სიმპტომებს ავლენენ. დღეს ბავშვი თუ ბულინგის მსხვერპლია, დიდი შანსია, რომ ხვალ იგი გახდეს დეპრესიული ახალგაზრდა, რომელიც გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე მაინცდამაინც სასიამოვნო გამოცდილება არ არის.

ბულინგის „ტრადიციებით“ საჯარო სკოლები გამოირჩევა თუ კერძო სკოლების შემთხვევაშიც გვხვდება?

საჯარო სკოლები მართლაც გამოირჩევა, თუმცა საშინელი ბულინგის მსხვერპლი პაციენტები კერძო სკოლებიდანაც მყოლია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს იხდი სკოლაში – საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებზეა აქ საუბარი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა სკოლაში ბულინგის „კულტურას“, ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ენიჭება.

ხშირად, ისევ არაინფორმირებულობის გამო, ადამიანებს სექსუალური ძალადობა მხოლოდ შეღწევადი გაუპატიურება ჰგონიათ. ისინი ძალიან იბნევიან, როდესაც საქმე ეხება არა პენეტრაციულ გაუპატიურებას, არამედ სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს. სავარაუდოდ, ამგვარ შემთხვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავების ჩარევის ძალიან დაბალი მაჩვენებელი პრეცედენტები არსებობს. თუნდაც ელემენტარული ინფორმაციის თვალსაზრისით, რისი ცოდნაა სავალდებულო ყველა ადამიანისთვის?

ეს ძალიან ჩვეულებრივი სურათია, განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება. იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმები იდენტიფიცირებული და სახელდებულია, ამ საკითხზე ძალზე ბევრი იმუშავეს. სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვართ. ამიტომაც, ის კამპანია, რომელიც „საფარმა“ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით წამოიწყო, განსაკუთრებულია. ახლა, უნდა ეცადოთ, რომ თქვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე წვდომა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს. ამ მხრივ, ძალზე ეფექტური ხერხია ტელევიზიით გაშვებული სოციალური რეკლამა – მოკლე და სხარტი, სადაც გრაფიკულ-ვიზუალურად იქნება წარმოდგენილი ძალადობის ფორმა და სადაც ადამიანებს უხსნი, თუ რა ფორმებით შეიძლება იყოს გამოხატული ძალადობა და რას ვაკეთებთ მასთან შეჯახების შემთხვევაში.

გარდა ამისა: თქვენ ეხებით იმ აუდიტორიას, რომლის ასაკიც 16-18 წელს ზემოთაა. სასურველია, ცოტა სპეციფიკური მასალები შეიმუშაოთ ბავშვებისთვისაც. ამ ასაკისთვის სხვანაირი მესიჯებია საჭირო. შეიძლება რაღაც ასაკობრივი ჯგუფის აღება, დავუშვათ 5-6 წლიდან 14-15 წლის ასაკამდე გოგონები. თუ ამ ასაკობრივ ჯგუფს ავიღებთ, ამისთვის განსხვავებული მესიჯების შემუშავება იქნება საჭირო. ქალის სხეულზე წვდომას კაცი ბავშვობიდან სწავლობს. ასე არ ხდება: კაცმა ქუჩაში ქალი დაინახა და მისთვის ხელის მოთათუნება ან უხეში რეპლიკის სროლა მოუნდა. ბიჭები ამას ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ, „უვნებელი“ ფორმებით: გოგოსთვის თმის მოწიწკვნით, კაბის აწევით, თავდასხმის უფრო უხეში ფორმებით. შეიძლება, ეს ბავშვობაში და ანცობაში გავატაროთ, მაგრამ სინამდვილეში, ასეთი შეხების დასაშვებობა პატარა ბიჭს ასწავლის, რომ ქალის სხეული მისი სათამაშოა და მას შეუძლია, იგი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, ადვილად მისაწვდომი გაიხადოს. მოვა, კაბას აგიწევს, იღლიცინებს და შენ თუ ზედმეტი რეაქცია გექნება, ისევ შენ დაგადანაშაულებენ იმაში, რომ „იუმორის გრძნობა არ გაქვს“. სინამდვილეში, ეს „ხუმრობა“  როგორც წესი, ცალმხრივია. არასოდეს გამიგია, რომ გოგოს ჩაეხადოს შარვალი ბიჭისთვის, ან თმა მოეწიწკნოს. შენს გოგონას ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა და არავის უნდა მისცეს იმის უფლება, რომ მის სხეულს შეეხოს. როცა ბიჭები სექსუალურად მწიფდებიან, გოგონას სხეულზე თავდასხმები უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს. ამის საფუძველი კი ის არის, რომ მსგავსი ქცევის „მოთელვის“ გამოცდილება მათ ძალზე ადრეული ასაკიდან აქვთ, როდესაც მათ არავინ უთხრა, რომ თმების მოქაჩვა შეურაცხყოფაა.

ამ ყველაფერს ხშირად ოჯახის გამოცდილებაც ემატება, როდესაც მამა დედას ფიზიკურად ხშირად უსწორდება…

კი ბატონო, ამას ყველგან აწყდები: ოჯახში, მედიაში, საზოგადოებაში… ასეთი თავდასხმის პირველი პრაქტიკა გოგოს საბავშვო ბაღის ასაკიდან აქვს. გოგონას სხეულზე ბიჭის „მონოპოლიზების“ პრაქტიკა არის მასწავლებლის, მშობლის, თავად გოგონას გაუნათლებლობის ბრალი. გოგონას უნდა ვასწავლოთ, რომ მისი თანხმობის გარეშე შეხება სხეულის საზღვრების დარღვევაა, რომელსაც პროტესტით უნდა უპასუხოს. ქალის სხეულის განივთება ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. ამიტომაც, ქალზე ძალადობის, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, სასურველია, გოგონების ყველაზე დაბალი ასაკობრივი ჯგუფი ჩავრთოთ. სამუშაოა იმაზე, თუ რა მესიჯების შემუშავება იქნება საჭირო ამ ჯგუფისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის ამ გამოცდილებაზე საუბარს?

უზარმაზარი. თვითონ თერაპიაშიც კი, გარდატეხა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისი გაუპატიურების ან ძალადობის ისტორიის მოყოლა, ნარატივად ჩამოყალიბება, ისე, რომ არ შეეზიზღოს საკუთარი თავი და არ მოუნდეს სიკვდილი. ანუ, თავად თხრობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

მეორე საკითხია ამ ისტორიის მოყოლა საჯაროდ, რაზეც თითქმის ყველა უარს ამბობს. უარის თქმა არის განპირობებული შემდეგით: იმ თავდასხმის მოგერიებით, რაც შენ მიერ ამ ისტორიის გახმაურებას მოჰყვება, იმხელა ემოციურ საფასურს გადაიხდი, რომ შესაძლოა,  ხელახლა სარეაბილიტაციო გახდე. ამის რეალური მიზეზი არსებობს: შესაძლოა, აბსოლუტურად აღვირახსნილი კომენტარები მოგწერონ: „ექვსი წელი რას აკეთებდი, ხმას რატომ არ იღებდი?“, „ალბათ შენ თვითონ იყავი ისეთი საზიზღარი, რომ ეს დაიმსახურე“, „რაც დაგემართა, ყველაფერი შენი ბრალია, იმიტომ, რომ ეს კაცი გამოიწვიე“ და ა. შ. ამიტომაც, ეს ადამიანი თავისი ამბის გასაჯაროებას ერიდება. თუმცა, არსებობს გასაჯაროების უფრო ლმობიერი ფორმებიც: ძალადობაგამოვლილ ადამიანს შეუძლია, საკუთარი აუდიტორია თვითონ შექმნას: პირველ რიგში, ყველაზე ახლო მეგობარს მოუყვეს, შემდეგ – სხვა სანდო მეგობრებს. აუდიტორიის გაზრდასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ჩვენი გამოცდილება იციან და მას სწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. თუმცა, ხშირად, მსხვერპლები რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ აუდიტორიას ვერ სცდებიან. მე მინდოდა რამდენიმე ადამიანის ჟურნალისტთან ან პოლიციაში მიყვანა, მაგრამ ისინი საშინლად შეშინებულნი და დათრგუნულნი არიან. მოგვიანებით, როდესაც დავუფიქრდი, თუ რის საფასურად შეიძლება მათ ეს გულახდილობა და ხმის ამოღება დაუჯდეთ, ხანდახან ვფიქრობ, რომ სჯობს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. თუ თვითონ მსხვერპლი ბევრს იფიქრებს და თავისი ამბის გასაჯაროებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ვერ შევეწინააღმდეგები, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რის გამოვლა მოუწევს; იმხელა თავდასხმის ობიექტი გახდება, რომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური ძალა დასჭირდება, რომ არ გატყდეს. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს საკუთარი თავი ამ ნგრევისთვის არ ემეტებათ და რა თქმა უნდა, არც მე მემეტებიან. ამიტომ არ ჰყვებიან მსხვერპლები თავიანთ ისტორიებს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამაზე საუბარი, უსაფრთხოების მეტ-ნაკლები პირობების შექმნის შემთხვევაში.

მსხვერპლი ცდილობს, რომ ძალადობის ისტორია დაივიწყოს, მეხსიერებიდან ამოშალოს. სხვათა შორის, სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი ხერხი სწორედ დავიწყების ფორმა- კომპარტმენტალიზაციის სახელით არის ცნობილი, როდესაც შენს მეხსიერებას ერთ სახლად წარმოიდგენ, მის ერთ-ერთ საკუჭნაოში მატრავმირებელ ფაქტებს მოათავსებ და კარს გამოკეტავ. შეიძლება, საერთოდ დაგავიწყდეს, რომ ის არსებობს. კომპარტმენტალიზაცია ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია. რა თქმა უნდა, იმის გარანტია არ არსებობს, რომ დავიწყებული  ინფორმაცია ახალი გამოცდილების სახით არ ამოტივტივდება, სამაგიეროდ, ყოველდღიურობაში უდიდეს კომფორტს გაძლევს. ასე რომ, ადამიანის ტიპს გააჩნია და იმ ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმს, რომელსაც ყველაზე აქტიურად იყენებს. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ის ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული გამოცდილება, რომელიც მსხვერპლს განცდილი ამბის შემდეგ „მოსდევს“.

ესაუბრა შორენა გაბუნია