ონლაინ დღიურები: დღე 1


ბლოგპოსტის ავტორი: ის ქალი

ქალების მარში ფემიციდის წინააღმდეგ. თავიდან ეს სიტყვა ცოტა არ იყოს და პროტესტს იწვევს – მარში, რაღა დროის მარშია, კომუნიზმს დავემშვიდობეთ, რუსეთი გვძაგს. მაგრამ, რომ დაფიქრდე, ამ სიტყვაზე მეტად არაფერი შეეფერება დღევანდელ რეალობას.

რაღა აქ აგვიტყდა ეს მარშაობა, რა, მხოლოდ ბედკრულში ხოცავენ ქალებს? გადახედეთ სტატისტიკას, მერამდენე ადგილას ვართ მსოფლიოში ქალთა კვლის მაჩვენებლით (კი, კი, ბევრისგან გაიგონებთ მსგავს ფრაზებს, ჩემი ნუ გეგონებათ, ღმერთმანი). დაწერას აზრი არ აქვს, რომ თუ ახლა არ ამოვიღეთ ხმა, ხვალ იქნება უფრო უარესი, იმიტომ, რომ ისედაც უარესი იქნება ბევრი ქალისთვის, იმიტომ რომ მოძალადეს არც მარში შეაჩერებს, არც ფერადი ცა და მით უმეტეს – არც ქალების ერთად დგომა. რატომ ვფიქრობ ასე? მოგიყვებით…

პირველ რიგში, თავს გაგაცნობთ. მე „ის ქალი“ ვარ, შორენა გაბუნიას პოსტს რომ გამოეხმაურა წონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა რომ გამოიწვია (მადლობა დადებითობებისთვის). გგონიათ, მხოლოდ რამდენიმე ზედმეტი, საყვარელი კილოგრამია ჩემი პრობლემა? თქვენს პირს შაქარი-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ ტკბილეულზე საუბარი, ცოტა არ იყოს და მაკომპლექსებს. ჩემი მთავარი პრობლემა სტოკჰოლმის სინდრომია. არა, ფსიქოლოგს არ უთქვამს, თვითონ მივედი ამ დასკვნამდე.

ფსიქოლოგმა რატომ არ მითხრა და, ნევროპათოლოგთანაც ვერ მივაღწიე. რამდენჯერაც ვთქვი, მინდა მისვლა-მეთქი, იმდენჯერ ფსიქიატრიულისკენ გაიშვირა ხელი. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის მემკურნალა და ყოველისმცოდნე გუგლს მივმართე. ამ უკანასკნელმა კვლავ შემომთავაზა ათასი ფასიანი თუ უფასო აპლიკაცია თუ საიტი, ვითომდა პროფესიონალებთან სასაუბროდ, ვითომ ძალიან აინტერესებდეთ, სადღაც ჯორჯიას რომელიღაც ქალაქის რომელიღაც ქუჩაზე მდგარი სახლის მახინჯი მცხოვრების ასეთივე ვიზუალის მქონე ფიქრები. მოკლედ რომ გითხრათ, გუგლს შევეშვი – სადაა ზედმეტი ფული გადასაყრელი, ვინმე ემილიასთან, ნატალიასთან, ელენასთან სასაუბროდ?

სტოკჰოლმის სინდრომზე გიამბობდით. ჩემს მორიგ პოსტებში ნელ-ნელა მოგიყვებით, როგორია ცხოვრება დაძაბულობაში, შიშში, მიჯაჭვულობაში, მერე კარგად ყოფნის განცდაში, მერე ისევ ტირილში. მოგიყვებით შელამაზებულად და ცოტა იუმორით, რადგან სერიოზულად წერა თავიდან გამომატარებს იმ ჯოჯოხეთს, რაც ყოველდღიურად ხდება ჩემს ყოფაში.

ისე რომ შევხედოთ, ნამეტანი ცუდადაც არ ვარ. რას ვერჩი რამდენიმე გინებას, რამდენჯერმე ხელით შეხებას, რამდენიმე ნივთის დაკარგვას. დიდი რამე! სამაგიეროდ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ. ჩემზე უარესადაც არიან ბევრნი. დიდად მორწმუნე აღარ ვარ, მაგრამ ბავშვობაში რამე რომ მტკიოდა წაქცევის დროს, ვფიქრობდი, ქრისტეს როგორ სტკიოდა და კაცი ხმას არ იღებდა, მე კიდევ ვინ ვარ, რომ რამეზე ვიტირო-მეთქი და ასე მარტოკას გადამქონდა ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი. სხვათა შორის, დღემდე გამომყვა და ამართლებს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მსგავსი კუთხით დანახვა – ჩემზე უარესადაც არის ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ჩემზე სუსტი და ჩემზე ძლიერიც, აი ისინი, ძალიან წარმატებულები რომ არიან, ძალიან პატივსაცემები, ძალიან ცნობილები და სინამდვილეში რომ ყველაზე უბედური ხალხია.

ცნობილზე გამახსენდა: არც მე ვარ მთლად ჩრდილში. წინა პოსტიდან, თქვენი კომენტარებიდან და „შეარებიდან“ გამომდინარე მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე მყავს. ისეთებისგან წავიკითხე ცრემლებამდე დასახრჩობი სიტყვები, რომ იცოდნენ ვინ ვარ, ალბათ გაუკვირდებოდათ და არც მეტყოდნენ. ბევრი მიცნობს, მაგრამ მაინც ჩრდილში ვარ. სამაგიეროდ, ცუდს არასდროს ვუკეთებ ვინმეს. ასეა ეს, დამეთანხმებით, ხომ მიცნობთ. თუმცა, დამავიწყდა. თქვენ ჯერ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვინ ვარ მე…