ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

„ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ“ – მსხვერპლის დადანაშაულების ანატომია

posted in ქალებზე ძალადობა by with Comments Off on „ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ“ – მსხვერპლის დადანაშაულების ანატომია

როდესაც „საფარმა“, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, ფეისბუქ გვერდზე რა მოხდა ქუჩაში, რეალური ქალების ნარატივები გამოაქვეყნა, – ერთი ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა. სექსუალური შევიწროების მსხვერპლები მათ ცხოვრებაში მომხდარ ძალადობის ისტორიებს საზოგადოებას უზიარებდნენ, თუმცა, მკითხველთა მხრიდან, თვალშისაცემი იყო მათი გაკიცხვის და აბუჩად აგდების, მათი პრობლემის დამცრობის და არად ჩაგდების ტენდენცია.

ქალზე ძალადობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ ხშირად, საზოგადოების გაკიცხვის შიშით, მსხვერპლი თავის გამოცდილებაზე არათუ ღიად ვერ საუბრობს, არამედ მომხდარში საკუთარ თავსაც იდანაშაულებს.

ამიტომ, უპირველესად, საჭიროა, ის კულტურული წნეხები და მცდარი წარმოდგენები გავიაზროთ, რაც საზოგადოებაში ჩვენს მუდმივ ჩაგვრას უწყობს ხელს.

რა ვიცი, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია…

მცდარი წარმოდგენა: გონიერ ადამიანს თავდასხმისგან დაცვის ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია, მაგრამ, დაზარალებული ამას რატომღაც არ იყენებს.

სინამდვილეში: აგრესორების გაკონტროლება რეალური რომ იყოს, მოძალადეები უკვე კარგა ხნის წინ გადაჯიშდებოდნენ. ეს არის პასუხისმგებლობის ტიპური გადაბრალება დაზარალებულზე, რაც, ძალზე ხშირად, თავად ქალების ბაგეთაგან ჟღერს და გაშინაგნებული მიზოგინიითაა გამოწვეული. დიდწილად, ეს არის საკუთარი თავისა და გარემომცველების იმაში დარწმუნების სურვილი, რომ ბრალმდებელი კეთილგონიერი და ღირსეული ქალია, მას თავს ცუდი არასოდეს გადახდება, ხოლო დაზარალებული – ქარაფშუტა და გამომწვევი ქცევისაა და ყველაფერი დაიმსახურა, რაც კი დაემართა. სიტუაციის მთელი სიმძიმე იმაშია, რომ საკითხის ამგვარი დაყენების დროს, საერთოდ არ განიხილება მოძალადის ბრალეულობა: არსებობს მხოლოდ აბსტრაქტული „ძალადობა“ და რეალური „მსხვერპლი“. სინამდვილეში, ამ პრობლემის თავი და თავი მოძალადის ქცევაა. სწორედ მისი შესწავლა და გაანალიზებაა აუცილებელი, რათა გავარკვიოთ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ძალადობრივი ქმედებები და არ დავუშვათ სექსუალური აგრესია და ექსპლუატაცია ჩვენ მიმართ.

უბრალოდ, ვიქტიმური ხარ, და მოძალადეებს იზიდავ

მცდარი წარმოდგენა: მსხვერპლს ერთი და იგივე შეცდომა მოსდის, რადგან არსებობს პიროვნების თვისებები, რომელიც ადამიანს აიძულებს, მუდმივად თავისკენ მოიზიდოს ძალადობა და მოძალადეები.

სინამდვილეში: ამ ლოგიკით, მსხვერპლი მოიაზრება აქტიურ მონაწილედ, რომელიც სიტუაციას თავადვე ქმნის და მოძალადეს სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მსხვერპლის „პროვოკაციაზე“ შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს. ამიტომაც, აქ ბრალი “დაზარალებულს მიუძღვის”.

თავისთავად, ცნებას „ვიქტიმურობა“, თანამედროვე ფსიქოლოგები საერთოდ არ იყენებენ, რადგან იგი გულისხმობს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მსხვერპლს ეკისრება.

სინამდვილეში, ამგვარი ყველაფრის ამხსნელი მახასიათებელი არ არსებობს.

არსებობს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მოქცეული ჯგუფები – ადამიანები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში არიან აგრესორებთან, მაგალითად, მათი ნაცნობები ან ბავშვები. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სრულიად არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ იქცეოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის შესაძლებლობა – იმოქმედოს ან არა. ამიტომაც, ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოძალადეს, რადგან მან ძალადობრივი ქმედება არჩია.

აბა რა ეგონა, ასე გამომწვევად რომ ეცვა?

მცდარი წარმოდგენა: მოძალადეები ითვალისწინებენ სექსუალური ღიაობისა და მიმზიდველობის საზოგადოებაში დამკვიდრებულ მარკერებს და გონებასა და განსჯის უნარს კარგავენ, როდესაც მოკლე კაბას ხედავენ.

სინამდვილეში: სამოსი სრულიად არ განსაზღვრავს, აქვეითებს ან ზრდის შევიწროების ხარისხს. ამას გვიჩვენებს კვლევები და ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. მხოლოდ ქალის მოკლე კაბა ან დეკოლტე რომ იყოს ნებისმიერი კაცისთვის თავშეუკავებელი სექსუალური აღგზნების საწინდარი, ამქვეყნად ყველაზე სახიფათო ადგილი პლაჟი იქნებოდა. უფრო მეტიც: თუ კაცები მართლაც ვერანაირად ვერ აკონტროლებენ თავს (თუმცა, მათ რატომღაც მართვის მოწმობას აძლევენ), პოლიცია და სასამართლო ავტომატურად უნდა დადგეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მხარეს. მაგრამ, რეალურად, მსხვერპლის „უსირცხვილობაში“ და „გამომწვევობაში“ დადანაშაულება ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ამყარებს კაცის ტრადიციულ უფლებას ქალის სექსუალურ გამოყენებაზე. ეს ტიპური ორმაგი ხაფანგია: ან მიმზიდველად გამოიყურები და ამის გამო გადაგეკიდებიან, ან უინტერესოდ გამოიყურები და არავინ შეგიყვარებს (თუმცა, მაინც აგეკიდებიან).

ფრთხილად უნდა ყოფილიყო და არაფერი დაემართებოდა!

მცდარი წარმოდგენა: არსებობს უნივერსალური წესები, რომელთა დაცვისას, ადამიანი სრულიად დაზღვეულია სექსუალური ძალადობისგან, ან, მინიმუმ, მნიშვნელოვნად ქვეითდება მისი რისკი.

სინამდვილეში: ეს არის თავის მოტყუება, რომ რომელიღაც უნივერსალური „უსაფრთხოების ტექნიკის“ დაცვის შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია. არ არსებობს არანაირი სრულყოფილი წესი, თავდასხმის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და მისი გაკვეთილი გამოდგება მხოლოდ კონკრეტული, უკვე მომხდარი სიტუაციისთვის და სრულიად უსარგებლოა სხვა შემთხვევებში. სმარტფონის განგაშის ღილაკი გამოუსადეგარია, თუ ჩვენი გაუპატიურება ქმარმა ან ბოიფრენდმა განიზრახა. ზოგადად, მსხვერპლის მხრიდან სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობა იმას გულისხმობს, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით, მსხვერპლი მუდმივად დაშინებული უნდა იყოს და თავი მაქსიმალურად შეიზღუდოს. სამყაროს ამგვარი სურათი თავისთავად გულისხმობს რაღაც გარდაუვალი, უკონტროლო ბოროტების არსებობას, სადაც მოკლე ჩართვისგან უცაბედად გაჩენილი ხანძარი სახლში და გაუპატიურება ერთი და იგივე ხასიათის მოვლენაა: მათი ამოძირკვა შეუძლებელია, ამიტომაც, ბედს უნდა შევეგუოთ და ყველანაირად ვეცადოთ, გადავრჩეთ.

ჩემს წრეში ეს პრობლემები არ არსებობს!

მცდარი წარმოდგენა: არსებობს საზოგადოების სეგმენტი, სადაც სექსუალური ძალადობა არ ხდება.

სინამდვილეში: ძალადობა ყველგანაა, თუმცა, მასზე ყველა როდი საუბრობს. გაუპატიურება ემუქრება ყველას – ღარიბსაც და მდიდარსაც, მეტად ან ნაკლებად განათლებულსაც, ბავშვსაც და უფროსსაც, ნებისმიერ ადგილას, დღის ნებისმიერ დროს, მოულოდნელ სიტუაციებში. მისი მიზეზი ქალების დაკნინებაა, რისგანაც ვერანაირი სოციუმი ვერ დაგვაზღვევს. ყველაზე ხშირად, ადამიანები მათ ირგვლივ არსებული ძალადობის შესახებ იმიტომ ვერ იგებენ, რომ მსხვერპლს თავს დამტყდარი ამბის გახმაურების ეშინია, რადგან ამაში თავად მას დაადანაშაულებენ და გარიყავენ. საზოგადოებისგან გარიყულობა ერთ-ერთი ყველაზე უარესი რამაა, რისიც ადამიანს სიკვდილივით ეშინია.

ყველა კაცი „ასეთი“ არაა!

მცდარი წარმოდგენა: მსხვერპლს ერთ კონკრეტულ კაცთან არ გაუმართლა, მაგრამ ნუ „გავაშავებთ“ ყველა კაცს!

სინამდვილეში: დაზარალებულისთვის სულ ერთია, ვინ იძალადა მასზე, კაცმა თუ ქალმა. უბრალოდ, სტატისტიკის თანახმად, მოძალადე თითქმის ყოველთვის კაცია. ამის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, კაცის არსების მხეცურ საწყისში კი არა, პატრიარქალრ სისტემაშია, რომელიც ქალებზე კაცების ძალაუფლებას თავისთავად გულისხმობს. ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების უდიდესი უმრავლესობა ქალებისგან არ დაზარალებულა, და გადატანილი ძალადობის შესახებ საუბრისას, იგი ხშირ შემთხვევაში კაც მოძალადეზე საუბრობს. ბოლოს და ბოლოს, კაცების იმიჯს მსხვერპლი კი არ ლახავს, არამედ – მოძალადე კაცები. ჩვენ ხშირად ვართ იმის მოწმენი, რომ სოციუმი ძალადობაგამოვლილი ქალის გაჩუმებას ცდილობს. ასე კი არ უნდა მოხდეს, გაუპატიურების გამოცდილების მქონე ქალი კი არ უნდა დავადუმოთ, კაცებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივაწვდინოთ, რომ გარკვეული ქცევა დაუშვებელია, ასევე, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას უნდა შევუწყოთ ხელი და განვსაჯოთ მოძალადე, და არა მსხვერპლი.

რატომ პოლიციაში არ განაცხადე?

მცდარი წარმოდგენა: ალბათ, აქ „რაღაც ისე ვერაა“, მსხვერპლი რაღაცას იტყუება…

სინამდვილეში: პოლიციელებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც სხვა დანარჩენები, თან, დამნაშავეებთან ყოველდღიური კონტაქტის შედეგად, პროფესიული დეფორმაციით. მათ დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალები თავად არიან დამნაშავენი და ფიქრობენ, რომ მსხვერპლი ქალი ყოველთვის ტყუის და მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობს. პოლიციაში, სექსუალური ძალადობაგამოვლილ ქალებს განსაკუთრებით უხეშად ექცევიან, მათ აბუჩად იგდებენ და დამატებით სტრესს აყენებენ. ამიტომ, არც ერთ მსხვერპლს არ უხარია პოლიციაში მის მიერ გადატანილ ინციდენტზე საუბარი.

რა მოხდა მერე? აგეკიდნენ, ხომ არ გაგაუპატიურეს?

მცდარი წარმოდგენა: მსხვერპლისთვის მატრავმირებელია არა მხოლოდ ძალადობრივი სქესობრივი აქტი, არამედ სხვა პრობლემებიც, რომელიც სექსუალურ ძალადობას არ უკავშირდება.

სინამდვილეში: გაუპატიურება წამებაა, ხოლო შევიწროება ან შეწყვეტილი გაუპატიურება – წამების დასაწყისი. ამ დროს, მსხვერპლი გრძნობათა მთელ სპექტრს განიცდის, კოშმარით დაწყებული, ზიზღით დასრულებული. სულიერი ტკივილი მას იმ შემთხვევაშიც ძალზე დიდხანს გაყვება, თუ შეღწევადი გაუპატიურება არ მომხდარა. როგორც წესი, კაცებს ძალიან მოსწონთ, როდესაც მათი მოსაწონი სექსუალური ორიენტაციის, მიმზიდველი და ახალგაზრდა, ან სტატუსიანი და ცნობილი ადამიანი მათთან სექსის სურვილს გამოთქვამს. ქალმა ან მოზარდმა იცის, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, მათი ნება-სურვილი სრულიად იგნორირებული იქნება. ამიტომაც, სექსუალური შევიწროება მას ძლიერად აზიანებს: ეს იმის შესხენებაა, რომ მას „თავის ადგილზე“ მიუთითებენ და მის აზრს სრულ იგნორს უკეთებენ.

ეს ყველაფერი ისტერიული სიცრუეა, ჩვენში ქალებზე არავინ ძალადობს და არც სექსუალური შევიწროების ფაქტები ხდება  

მცდარი წარმოდგენა: სექსუალური შევიწროების და ძალადობის ისტორიები თავიდან ბოლომდე გამოგონილია. ქალზე ძალადობის პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტების მისაღებად დაძრული თემაა.

სინამდვილეში: გაუპატიურების, სასტიკი ფიზიკური ძალადობის შემთხვევების ძალზე დიდი პროცენტი, სამართალმადცავებამდე საერთოდ არ მიდის, რომ აღარაფერი ვთქვათ სექსუალური შევიწროების არცთუ უწყინარ შემთხვევებზე. სექსუალური ძალადობის მსხვერპლისგან, პოლიციაში გაცხადება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. გადატანილ უბედურებაზე ჩივილს, სულ ცოტა, სხვერპლის მომავალი ცხოვრების სამუდამოდ დამახინჯება შეუძლია. თუ მისი ამბავი გასაჯაროვდა, მას მოძალადეები მეტად შეაწუხებენ, შესაძლოა სამსახური დაკარგოს, ახლობლებმა „ოჯახის შემარცხვენელად“ მონათლონ და მასთან ურთიერთობა გაწყვიტონ, მის ქმარს ან პარტნიორს დასცინონ, გარე სოციუმის მხარდაჭერა დაკარგოს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით, მსხვერპლისთვის გაცილებით მომგებიანია, მომხდარის შესახებ არაფერი თქვას და მის დავიწყებას შეეცადოს.

რაც შეეხება ინტერნეტით გამოქვეყნებულ ანონიმურ ისტორიებს: რადგან ისინი კონკრეტული ადამიანების ბრალეულობის შესახებ არ საუბრობენ, ზოგად სურათზე მათი გავლენის ალბათობა სრულიად გამორიცხულია.

ისეთი მახინჯი ხარ, საერთოდ ვინ მოგეკარა?

მცდარი წარმოდგენა: თუ კონკრეტულ კომენტატორში მსხვერლი სექსუალურ ინტერესს არ აღძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მოძალადეს მიუქცევია მისთვის ყურადღება, მსხვერპლი კი იტყუება.

სინამდვილეში: ეს კონკრეტული კომენტატორი, სექსსა და სექსუალურ ძალადობას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. მისი ლოგიკით, ქალის სილამაზე არის საფუძველი იმისა, რომ იგი იყოს სასურველი, სექსუალურად მიმზიდველი და შესაბამისად, „გასაუპატიურებლად გამოსადეგი“. ამიტომაც, ქალს, რომელსაც ვიღაც არასაკმარისად მიმზიდველად მიიჩნევს, უკვე იმაში სდებენ ბრალს, რომ მასზე ძალადობაზე საუბრის მეშვეობით, იგი საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაზე საუბარს და გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მაგრამ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა ნებაყოფლობითი სექსუალური ქმედებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მსხვერპლი განიხილება, როგორც ძალაუფლების დაქვემდებარებისა და დომინაციის ობიექტი. ჰოდა, ამ როლში, შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი, განურჩევლად მისი გარეგნობისა და ასაკისა.

ამ გარყვნილისგან ყველაფერი მოსალოდნელია!

მცდარი წარმოდგენა: ქალის სექსუალურად აქტიურობა იმას ნიშნავს, რომ იგი თანახმაა, ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ პირთან იყოს სექსუალურად გამოყენებული.

სინამდვილეში: ქალისგან საზოგადოება მოითხოვს, რომ იგი უნდა იყოს უმწიკვლო ან გათხოვილი, ცხოვრებაში სექსუალური პარტნიორების მინიმალური რაოდენობით (სასურველია მხოლოდ ერთი). ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ისმის ხოლმე კითხვა: „რისი მიღწევა სურდა მას ასეთი ქცევით?“. იმის დაშვება, რომ ქალს ცხოვრებით ტკბობა საკუთარი შეხედულებებისამებრ სურდა, არც განიხილება: მსგავსი სურვილებისთვის, აუცილებლედ „ახია“ მასზე ძალადობა.

გოგონებს თავის დაცვა უნდა ვასწავლოთ?

მცდარი წარმოდგენა: სათანადო მომზადების პირობებში, ნებისმიერ ქალს შეუძლია მორალურად მომზადებული აგრესორისგან თავის დაღწევა.

სინამდვილეში: ჩვენ საკმაო რაოდენობის ისტორიები ვიცით იმ ქალებზე, რომლებმაც მართლაც მოახერხეს მოძალადისგან თავის დაღწევა, მაგრამ კიდევ მეტი ვიცით მათ შესახებ, ვინც შეწინააღმდეგების გამო მოკლეს, ან მოძალადის მოკვლის გამო ციხეში ზის. ზოგადად, ფიზიკური მომზადება ცუდი არაა, მაგრამ ყველა ქალი არ ვარჯიშობს, ზოგიერთს სამოსი და ფეხსაცმელი ხელჩართული ბრძოლის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ჯგუფური გაუპატიურების მცდელობის შემთხვევაში, კარგი ფიზიკური მომზადება დიდი არაფრის მომტანია, თან თავდაცვის რეფლექსებიც, შესაძლოა, საჭირო სიტუაციაში ვერ მოვიდეს მწყობრში. გამოდის, რომ პოტენციური მოძალადისგან თავის დაცვის მიზნით, ქალმა სრულიად უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი და მთელი თავისუფალი დრო თავდაცვის ტექნიკების ათვისებას უნდა მიუძღვნას. უფრო გონივრული და ეფექტური გამოსავალი იქნებოდა, რომ საზოგადოებას თვალი გაესწორებინა გენდერული ძალადობისთვის და დამნაშავის გამართლებითა და მსხვერპლის დადანაშაულებით არ შემოფარგლულიყო.

ფოტოები გამოყენებულია იანა მაზურვეკის (Yana Mazurveck) ფოტოსესიიდან, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლთა დადანაშაულების წინააღმდეგაა მიმართული

 

© sapari.ge