ტკივილი სექსის დროს – რა არის ვაგინიზმი?


სექსუალურ სფეროში არსებული პრობლემები, შესაძლოა, განპირობებული იყოს როგორც ფიზიკური დაავადებებით, ასევე ფსიქიკის თავისებურებებით, აგრეთვე, იყოს სხვადასხვა ტრავმებისა და სტრესების შედეგი. სიტუაცია რთულდება იმით, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ქალებს ამ საკითხზე საუბრის რცხვენიათ, ან არ იციან, რომელ სპეციალისტს მიმართონ დასახმარებლად.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ვაგინიზმია, – ვაგინალური კუნთების შეკუმშვა. ვაგინიზმი საშოს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც, მასში შეღწევა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საქმე ეხება რეფლექსურ რეაქციას, რომლის მეთვალყურეობა ან მით უმეტეს გაკონტროლება ძალზე რთულია. ვაგინიზმს შესაძლოა თან ახლდეს შიშის გრძნობა, მენჯის ძირის კუნთების დაჭიმვით, შეღწევის მცდელობისას ვულვის არეში მტკივნეული შეგრძნებებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაწილობრივ, ვაგინიზმის გამოვლინება სულაც არ ნიშნავს სექსის სურვილის ან აღგზნების არარსებობას – შიშს იწვევს სწორედ პენეტრაცია, ანუ საშოში შეღწევის პროცესი. ეს სინდრომი სხვადასხვა სიმძიმისაა: ყველაზე მძიმე შემთხვევაში, შეუძლებელია ყველანაირი პენეტრაცია – ქალს საშოში საკუთარი თითის შეყვანაც კი არ შეუძლია, სხვა სიტუაციებში, მტკივნეული შეიძლება იყოს შეღწევის რომელიმე სახეობა.

ქალები, რომლებიც ვაგინიზმისგან განიკურნენ და ამის შესახებ Cosmopolitan-სა და Jezebel-ს უამბეს, ამბობდნენ, რომ სექსი უნდოდათ, მაგრამ არ შეეძლოთ საკუთარი სხეულის რეაქციების გაკონტროლება. ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორს ვაგინიზმი მაშინ დაემართა, როდესაც იგი გაუპატიურების ფსიქოლოგიურ შედეგებს ებრძოდა. „სტუდენტობისას გამაუპატიურეს, და ახლა, საკუთარი სხეული სექსის უფლებას აღარ მაძლევს. შიგნით ტამპონის მოთავსებაც კი არ შემიძლია. ჩემივე ტკივილი მაშინებს“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

„უფროსკლასელი ვიყავი, როდესაც ტამპონის გამოყენება ვცადე, თუმცა ამაოდ. მახსოვს, რომ ეს პროცესი ძალიან უსიამოვნო იყო, შიგნიდან ყველაფერი საშინლად მეკუმშებდა. ვერაფრით მივხვდი, რაში იყო საქმე, თავს იდიოტად ვგრძნობდი: როგორი გოგო ვიყავი, როცა ერთი უბრალო ტამპონის გამოყენებაც კი არ შემეძლო? მას შემდეგ, მხოლოდ საფენებს ვიყენებდი“, – იხსენებს Feministing-ის ავტორი.

სპეციალისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, მტკივნეული შეგრძნებები შესაძლოა მხოლოდ შეღწევის შიშის შედეგად გაჩნდეს. ამ დროს, ქალს მწვავე ტკივილის ან წვის შეგრძნება აქვს საშოს შესასვლელსა და შიდა ნაწილში. ეს შეგრძნებები თავისებურ „ბლოკს“ იწვევს, რომელიც საშოში შეღწევას შეუძლებელს ხდის. ამ დროს, ქალს ჰგონია, რომ მისი ანატომია არანორმალურია, რომ მისი საშო ზედმეტად ვიწრო ან პატარაა, რომ მასში პენისი „არ ეტევა“. ეს ფიქრები მას არასრულფასოვნების შეგრძნებას და საკუთარი გენიტალიების მიმართ ზიზღს უჩენს.

ვაგინიზმის შემთხვევები მხოლოდ სექსის მცდელობის ან ტამპონის გაკეთების დროს როდი ვლინდება. ვაგინიზმი ხშირია გინეკოლოგიურ სავარძელში მოთავსებული პაციენტის გასინჯვის მცდელობის დროსაც. უარეს შემთხვევაში, გასინჯვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, პაციენტის დასახმარებლად მისგან რაიმე ტიპის ინფორმაციის მიღების მცდელობამ შესაძლოა, ვაგინიზმის სიმპტომები მნიშვნელოვნად დაამძიმოს და რთულიდან თითქმის გადაუჭრელად აქციოს.

სამწუხაროდ, ვაგინიზმი ცუდადაა გამოკვლეული. მკვლევართა შორის დღემდე არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა იწვევს ვაგინიზმს. ტრადიციულად, მის მიზეზად ასახელებენ ფსიქოლოგიურ მიზეზებს – კონსერვატიულ რელიგიურ აღზრდას, ქორწინებამდელი სექსუალური გამოცდილების არარსებობას, სექსთან დაკავშირებულ ნეგატიურ წარმოდგენებს, სექსუალური განათლების ნაკლებობას.

სხვა ჰიპოთეზები ვაგინიზმს წყვილს შორის დისფუნქციურ დამოკიდებულებებს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ან ტრავმას უკავშირებს.

პატრიარქალურ ქვეყნებში, ვაგინიზმი გაცილებით ხშირი მოვლენაა, ვიდრე სექსუალურად შეუბოჭავ საზოგადოებებში. თუმცა, ამ პრობლემის ნამდვილი მასშტაბების შეფასება საკმაოდ რთულია: სხვადასხვა მონაცემებით, ვაგინიზმისგან პლანეტის ქალების 0,49-დან 10%-მდე იტანჯება. ვაგინიზმის გავრცელების ზუსტი მაჩვენებლის დადგენა შეუძლებელია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს ტაბუირებული პრობლემაა და მასზე საუბარს პაციენტები ხშირად გაურბიან.

ნამდვილი ფსიქოგენური ვაგინიზმი შეღწევის შიშისგან განსხვავდება, რომელიც გინეკოლოგიური დაავადებების შედეგად ჩნდება. მაგალითად, მშობიარობის შემდგომი ტრავმების ან ინფექციების შიში პენეტრაციას მტკივნეულს ხდის. ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ვაგინიზმი ინტერდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს: გინეკოლოგთან ერთად, საქმეში ფსიქოთერაპევტიც უნდა ჩაერთოს.

თერაპიის საწყის ეტაპზე, სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რა ფიქრებითაა მოცული ქალი ვაგინაში შეღწევის წინა პერიოდში, მის დროს ან მის შემდეგ: რას ფიქრობს საკუთარ თავზე, თავის დაავადებაზე, მის მიმართ კაცების დამოკიდებულებაზე, თავის პარტნიორზე. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტისთვის, რადგან შეფასებები და აზრები ადამიანის ემოციებსა და ფიზიკურ რეაქციებზე მოქმედებს და მას შესაბამის ქცევას კარნახობს. მაგალითად, კატასტროფულ აზრებს თან ახლავს შიში, რომელიც სახიფათო სიტუაციებისგან გვიცავს და შესაძლოა, კუნთების რეფლექსური შეკუმშვა გამოიწვიოს. მაგრამ, რაც უფრო მეტად გაურბის ადამიანი იმას, რაც მასში შიშს იწვევს, მით უფრო ძლიერად ეშინია მას, რადგან ტვინს არ გააჩნია იმაში დარწმუნების შესაძლებლობა, მართლა საშიშია თუ არა მოცემული სიტუაცია.

ამჟამად, ვაგინიზმის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვაგინიზმს წყვილში ქცევითად ორიენტირებული სექს თერაპიით მკურნალობდნენ. ყველაზე ხშირად, მსგავსი თერაპიის დროს გამოიყენებოდა გამაფართოებლები – სხვადასხვა ზომის, ფალოიმიტატორების მსგავსი პლასტიკური თალფაქების ნაკრები, რომლებიც ქალს თანდათანობით უხსნიდა საშოში შეღწევის შიშს.

ვაგინიზმის მოსახსნელად, დღესდღეობით ეფექტურად მიიჩნევა ე. წ. თანდათანობითი ექსპოზიციის (ზემოქმედების) მეთოდი – მიდგომა, რომელიც სხვადასხვა ფობიების ქცევით თერაპიაში გამოიყენება. ეს არის სკალა 0-დან 100-მდე, სადაც 0 საშიში არაა, 100 კი – საფრთხის უმაღლესი მაჩვენებელი.

არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც, მათ შორის საშოს გარემომცველ კუნთებში ბოტოქსის შეყვანა, მენჯის ძირის ფიოზიოთერაპია. ყველა ეს მეთოდი ერთი მიზნის მიღწევას ემსახურება: ქალს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შეღწევითი სექსი. ამ დროს, საუბარი არაა ორგაზმისა და სიამოვნების მიღებაზე – ეს მიზნები სხვა საშუალებებით მიიღწევა.