კვლევა: ბავშვის გატყეპით, მშობლები მას მომავალს უმახინჯებენ


ის ამბავი, რომ ბავშვის ცემა ან ნებისმიერი ფიზიკური სასჯელი მომავალში კარგს არაფერს გამოიწვევს, ფსიქოლოგებისთვის არ ახალია. თუმცა, ბევრი მშობელი ჩვენში კვალდაკვალ მიყვება მამაპაპურ გამოცდილებას. როგორც წესი, მათი „არგუმენტები“ შემდეგნაირად ჟღერს: „ბავშვობაში ვინ არ უცემიათ? მეც მცემდნენ, მაგრამ შესანიშნავი ადამიანი დავდექი!“.

ეს თვალსაზრისი რომ სრულიად არაადეკვატურია, ბევრმა დასავლურმა კვლევამ დაადასტურა. ხშირად, მშობლები ვერც კი იაზრებენ ბავშვის ფიზიკური დასჯის შედეგების სიმძიმეს, რადგან ეს ყველაფერი თავს იჩენს ბევრი წლის შემდეგ, სრულიად სხვა ფორმით: ბავშვები ითვისებენ იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრობენ. თუ მშობლებს სიბრაზის მომენტში თავიანთი ნერვების გაკონტროლება არ ძალუძთ, რასაკვირველია, ამას არ უნდა მოველოდეთ ბავშვებისგან.

ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ საზოგადოებაში ცხოვრებას, სადაც ბავშვის ცემა მისი აღზრდის უბრალოდ მისაღები კი არა, აუცილებელი ფორმაა. სინამდვილეში, ბავშვის ფიზიკურად დასჯა ჩვენი თვითკონტროლის უკმარისობის ბრალია. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვს „კარგი“ რამ ვასწავლოთ, მაგრამ, ჩვენდა უნებლიეთ, გამოდის პირიქით. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ და მას ზვარაკად ჩვენი ბავშვები არ უნდა შევწიროთ.

იუნისეფის ვებგვერდზე მოყვანილია მონაცემები, რომლის თანახმადაც, პლანეტის ბავშვების 60%-ზე მეტს ფიზიკური დასჯა გამოუცდია.

შარშან, ოსტინის ტეხასისა (University of Texas at Austin) და მიჩიგანის (University of Michigan) უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევამ გვიჩვენა, რომ თუ ოჯახში „შესანიშნავი ადამიანები“ აღიზარდნენ, ეს ბავშვობაში მათი ცემის წყალობით კი არა, პირიქით, კარგი დამოკიდებულების გამო მოხდა.

მეცნიერებმა ელიზაბეტ გერშოფმა (Elizabeth Gershoff) და ენდრიუ გროგან-კეილორმა (Andrew Grogan-Kaylor) მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც ბავშვის ფიზიკური დასჯის, უპირველესად ცემის, გავლენას ადგენს მის განვითარებაზე. მეცნიერებმა გააანალიზეს 75 კვლევის შედეგი, რომლებშიც მონაწილეობა 160 927-მა სხვადასხვა თაობის ბავშვმა მიიღო. მკვლევარებმა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე აღებული მონაცემები დაამუშავეს (ანუ, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს წინა თაობების ბავშვებმაც, რომელთა აღზრდაშიც ცემა ნორმად მიიჩნეოდა, და მოგვიანებით, უფრო ჰუმანურ პირობებში აღზრდილებმაც). მეცნიერებმა ბავშვების ქცევები 17 სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეისწავლეს. პირობითად, მათ ცალკე იკვლიეს ის ბავშვები, რომლებიც ცემას ექვემდებარებოდნენ, და ისინი, ვინც ფიზიკური ძალადობის პირობებში არ გაზრდილა.

„ჩვენს ანალიზში მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამერიკელი მშობლების უმრავლესობა ბავშვის გატყეპას პოტენციურად შეურაცხმყოფელ ქცევად საერთოდ არ აღიქვამს“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ელიზაბეტ გერშოფი.

მკვლევარები აღიშნავდნენ, რომ მათი ანალიზის ფოკუსში არ მოქცეულა ფიზიკური ძალადობის გაცილებით სერიოზული ფორმა, – ამჯერად, მათ მხოლოდ „გატყეპილი“ ბავშვების მონაცემები შეისწავლეს. მშობლები დასჯის ამ ფორმას აღმზრდელობითი მიზნებით იყენებენ, და სრულიად არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა სერიოზული პრობლემები მოჰყვება ამ ყველაფერს.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ ცემა და ფიზიკური ზემოქმედება დასჯის მიზნით არა მხოლოდ არ აუმჯობესებს ბავშვების ქცევას, არამედ სრულიად საპირისპირო შედეგებს იწვევს. კვლევის თანაავტორმა ენდრიუ გროგან-კეილორმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა, რომ გატყეპა (ბავშვის უკანალზე და/ან ქვედა კიდურებზე განხორციელებული შეკავებული დარტყმა), ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრევლად ზემოქმედებს. ცემას დაქვემდებარებულ ბავშვებში, 17 პარამეტრიდან 13-ში ცუდი მაჩვენებელი აღინიშნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოჯახში ცემას მიჩვეული ბავშვები მნიშვნელოვნად მეტად იყვნენ მიდრეკილნი ასოციალური ქცევისკენ და აგრესიისკენ. აგრეთვე, მათ აღენიშნებოდათ მშობლებთან ურთიერთობის გაფუჭება, დაბალი თვითშეფასება, ფსიქიკური დარღვევები და ფიზიკურ სასჯელს დაუქვემდებარებელ ბავშვებთან შედარებით, გაცილებით დიდი სირთულეები ჰქონდათ კოგნიტურ სფეროში.

გერშოფი აღნიშნავს, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგები სრულიად ემთხვევა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (Centers for Disease Control and Prevention) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელმაც საზოგადოებისთვის საინფორმაციო კამპანიებისკენ მოუწოდა, ოჯახში ბავშვის ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კვლევა მშობლებს ბავშვის ფიზიკური დასჯის მეთოდის გამოყენებას გადააფიქრებინებს და მათ ბავშვის აღზრდაში პოზიტიური და არადამსჯელობითი მეთოდების გამოყენებისკენ უბიძგებს“, – ამბობს მკვლევარი.