ზეიდი სმითის ლიმიტი – ნაკლები დრო მაკიაჟისთვის


შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რამდენი დრო გაატარეთ დღეს დილით სარკესთან?

აი, ზეიდი სმითის სახლში რომ გაგეღვიძათ, ამისთვის, მაქსიმუმ, 15 წუთი გექნებოდათ.
ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “თეთრი კბილების” ავტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგონები სახლიდან გასვლის წინ სულელურად კარგავენ დროს მაშინ, როცა ბიჭები უცებ გაცვივდებიან ხოლმე გარეთ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. მწერალმა ასევე გაუზიარა მსმენელს, თუ რატომ დაუწესა თავის 7 წლის გოგონას, კიტს, სარკესთან დგომის მკაცრი ლიმიტი:

“ვეცადე, მისთვის ასეთი ფორმით ამეხსნა: შენ ტყუილად ფლანგავ დროს, შენი ძმა კი საერთოდ წუთის დახარჯვას არ აპირებს სარკის წინ. მისი ყოველდღიურობა მუდამ იქნება სახლიდან გასვლისას ერთი მაისურის გადაცმა  და არასდროს მიაქცევს ყურადღებას იმ ამბავს, რომ შენ საათ-ნახევარს ხარჯავ მაკიაჟზე”.

სმითი ამობს, რომ ეს რჩევა შვილს მაშინ მისცა, როცა პირველად გახდა იმის მოწმე, რომ გოგონა დიდხანს ტრიალებდა სარკესთან.

“დავინახე და მივხვდი, რომ ეს იყო იმ ფენომენის დასაწყისი, როცა გოგონები უამრავ დროს კარგავენ სარკის წინ და ამან სასოწარკვეთაში ჩამაგდო. უცებ გადავწყვიტე, რომ სწორედ ახლაა პრინციპულობის დრო და კიტს ვუთხარი: როგორც კი  15 წუთს გადააცილებ, ეგრევე შეწყვიტე”.

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ცოტა შოკისმომგვრელია,  7 წლის ბავშვმა საერთოდ რომ იცის, რა არის მაკიაჟი, მაგრამ რეალობა სხვანაირია: იუთუბზე დღითიდღე მილიონებს აღწევს იმ ვიდეოტუტორიალების მნახველთა რიცხვი, სადაც თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებს მაკიაჟის გაკეთებას ასწავლიან.

კონტურინგის აღზევების პარალელურად – რაც კოსმეტიკის ინდუსტრიის ჟარგონული ტერმინია და “სახის სტრუქტურის შეცვლას” გულისხმობს –  დღითიდღე იზრდება თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მაკიაჟის რეკლამების რაოდენობა და, ასევე – თანამდევი შფოთვაც ბავშვების სექსუალიზაციის ირგვლივ.

მაგალითად, წინა თვეს “პრაიმარკი” აღმოჩნდა კრიტიკის სამიზნე, როცა თინეიჯერობამდე ასაკის გოგონებისათვის მკერდის გამადიდებელი ლიფების რეკლამა ჩაუშვა, ასევე დღეს დღეობით ედინბურგის არტ-ფესტივალზე ყველაზე დიდი განხილვის საგანია მონიკა დოლანის პიესა “The B*easts”, სადაც დედას თავისი 8 წლის გოგონა მკერდის გასადიდებლად მიჰყავს.

წყარო