როგორ ამოვიცნოთ სექსისტი პაემანზე


ყველამ, ვინც ფემინისტია და თანაც პარტნიორი არ ჰყავს, იცის, თუ რა რთულადაა საქმე: ძნელია პაემანზე სექსისტის ამოცნობა.

ონლაინ გაცნობებმა ეს საქმე ცოტათი გააადვილა. მაგალითად, OKCupid-ის ვებგვერდზე განთავსებული კითხვები, როგორებიცაა, “თქვენი აზრით, ვალდებულია თუ არა ქალი, რომ ფეხებს იპარსავდეს?” სწორედ იმისთვისაა, რომ მიზოგინები გამოავლინოს.

მაგრამ ზოგჯერ, მაშინაც კი, თუ შენი პროფილი ხმამაღლა ყვირის: “მე ინტერსექციური ქვიარ ფემინისტი ვარ, რომელსაც ეზიზღება გენდერის ბინარული გაგება”, შეიძლება, მაინც აღმოჩნდე პაემანზე ვინმე ისეთთან, ვისი საქციელიც ამ ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. (რომ არაფერი ვთქვათ შენს ინბოქსზე, რომელიც, სავარაუდოდ, სავსეა შეტყობინებებით ადამიანებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები, მაგრამ, რატომღაც, სულ ფეხზე კიდიათ).

მართალია, ეს პრობლემა უფრო მწვავედ ეხებათ ქალებს, რომლებსაც კაცები აინტერესებთ (იმიტომ, რომ უფრო მეტია ქალია ფემინისტი, ვიდრე – კაცი), მაგრამ მაინც აქტუალურია ყველა გენდერული იდნეტობისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანისთვის.

როგორც უნდა იყოს, რადგანაც სექსისტების უმრავლესობა პაემანზე არ დადის შუბლზე წარწერით “ფრთხილად, წინ ქალთმოძულეა” ან ყვირილით “ქალებს არ აქვთ უფლებები!”, მათ ამოსაცნობად პატარა მინიშნებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თუ პაემანზე ამ თვისებებიდან რომელიმე შენიშნეთ, გირჩევთ, დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამ ადამიანთან მეორე შეხვედრაზე წასვლა.

  1. უკვირთ, როდესაც სტერეოტიპებში არ ჯდები.

ერთხელ პაემანზე ბიჭმა მკითხა, როგორ წარმომედგინა ჩემი ქორწილი პატარაობაში. როდესაც ვუპასუხე, რომ არასდროს დავფიქრებულვარ მაგიდის გადასაფარებლის, დეკორატიული ყვავილების და მეჯვარეების კაბების შესახებ, გაიკვირვა: “მართლა? მე მეგონა, გოგონები ასეთ რამეებზე ოცნებობდნენ.”

მივხვდი, რომ მას გოგოდ ყოფნა სულ სხვაგვარად წარმოედგინა. კიდევ ერთ საუბარში გამომიტყდა, რომ ბოლო ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა, რადგანაც მის პარტნიორზე უფრო ხშირად უნდოდა სექსი.

როდესაც ვუთხარი, რომ მეც ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში, რამდენჯერმე ჩამეკითხა, ხომ არ შემეშალა და ხომ არ ვგულისხმობდი, რომ იმ გოგონას მდგომარეობაში ვყოფილვარ.

იმ ფაქტმა, რომ მას სტერეოტიპებს მიღმა დანახვა არ შეეძლო, ჩვენ შორის კომუნიკაციის ბარიერი შექმნა. მსგავსი წინასწარი დასკვნები ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში.

       2. აქებენ ქალებს ან შეურაცხყოფას აყენებენ კაცებს სტერეოტიპებზე დაყრდნობით.

კეთილგანწყობილი სექსიზმი არის, როდესაც ქალს პატივს სცემენ მხოლოდ მათი გენდერის გამო და არა – როგორც პიროვნებას საკუთარი ფიქრებითა და ოცნებებით, მაგალითად, “ქალებს ბიოლოგიურად აქვთ თანაგრძნობის მეტი პოტენციალი”.

ასევე, თუ კაცს სჯერა, რომ კაცები, მეორეს მხრივ, აგრესიულები არიან და საკუთარ სექსუალურ სურვილებს ვერ აკონტროლებენ, დიდი შანსია, თავს ამ კატეგორიას მიაკუთვნებდეს და ასეთ ქცევას საპატიოდ და მისაღებად თვლიდეს.

  1. კომპლიმენტით სხვა ქალებს გადარებენ.

რჩევა ახალგაზრდა ფემინისტებს: მაგარი გოგოს როლი მიზოგინების დაგებული მახეა.

კომპლიმენტები, “შენ სხვა გოგოებს არ გავხარ” ან “შენ ტიპური გოგო არ ხარ” სულაც არ არის სინამდვილეში კომპლიმენტები.

თუ სხვა გოგოებისგან განსხვავებულობას კომპლიმენტად აღიქვამენ, დიდი შანსია, რომ ზოგადად გოგონების შესახებ დიდი წარმოდგენის არ არიან, აი, დაახლოებით ასე: “გოგოები სულ თმის ვარცნილობაზე და სალათის ჭამაზე ლაპარაკობენ. რა საშინელებაა… აი, შენ კი ყველაზე მაგარი ხარ! თითქმის ყოველი გოგო ეგრეა… მხოლოდ შენ ხარ ასეთი კარგი!

     4. სექსიზმის შესახებ შენს განცხადებებს უპირისპირდებიან იმით, რომ გიყვებიან, რა რთულია ცხოვრება კაცებისთვის.

მინდოდა, უბრალოდ ყველასთვის შემეხსენებინა, რომ ესენი სინამდვილეში არ არსებობს:

  1. სექსიზმი კაცების წინააღმდეგ;
  2. რასიზმი თეთრკანიანთა წინააღმდეგ.

მადლობა ყურადღებისთვის!

კაცებისთვის ცხოვრება გარკვეულწილად მართლა რთულია, მაგრამ ეს არ ამცირებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს საზოგადოებაში  ქალებს სისტემატურად აღიქვამენ ნაკლებად და “სხვად”.  

შესაძლებელია ორივე სქესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ლაპარაკი ისე, რომ ეს არ იქცეს შეჯიბრად.

ყველას, ვინც შენ მიერ განცდილ სექსისტურ გამოცდილებას თანაგრძნობის გარეშე ხვდება, აკლია ზოგადად თანაგრძნობის განცდა.

    5. უარყოფენ, რომ სექსიზმი არსებობს.

ბევრ ადამიანს მოსწონს ისეთი დადასტურებული ფაქტების შესახებ კამათი, როგორებიცაა, რომ კოლეჯში ყოველი ხუთი ქალიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალები გამოიმუშავებენ იმის 77 პროცენტს, რასაც კაცები შოულობენ.

თუ ვინმე უარყოფს, რომ ქალები სექსიზმს განიცდიან ან სექსიზმის შესახებ საუბარს აღიქვამს, როგორც ინტელექტუალურ გამოწვევას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ეშმაკის ადვოკატის როლი მოირგოს, მისი ემპათიის უნარი, სავარაუდოდ, დიდი არ უნდა იყოს.

  6. წუწუნებენ პოლიტკორექტულობაზე.

პოლიტკორექტულობაზე წუწუნი ნიშნავს, სხვის გრძნობებზე მაღლა აყენებდე შენს უფლებას, შეურაცხყო სხვისი გრძნობები.

ადამიანი, რომელიც პოლიტკორექტულობას აღიქვამს, როგორც მისი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ შეეძლოს, გაუპატიურების შესახებ იხუმროს, ვიდრე – შენი კომფორტი არ დაარღვიოს.

  7. ფიზიკურად აქტიურად გადმოდიან “შეტევაზე”.

“ალბათ” ნიშნავს არას, დუმილი ნიშნავს არას, “არა მგონია” ნიშნავს არას. მხოლოდ დიახ ნიშნავს დიახ-ს!

ასევე არის ნაკლებად თვალიშისაცემი მინიშნებებიც, როგორებიცაა მაგიდის მეორე მხრიდან შენს ფეხზე მისი ფეხით შეხება მას შემდეგ, რაც შენ უკვე გაწიე ფეხი, რომ დისტანცია შეინარჩუნო; შენი კოცნის მცდელობა მას შემდეგ, რაც უკვე უთხარი უარი ამაზე, ან შენთვის მატყუარას ძახება იმიტომ, რომ არ გსურს იმდენად შორს წასვლა ფიზიკურ ურთიერთობებში, რამდენადაც ეს მას უნდა.

ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, პატივს არ სცემენ შენს საზღვრებს და არ აქვთ თანხმობის სწორი გაგება, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, მომავალში რამე უარესიც ჩაიდინონ.

 8. აქტიურად ლაპარაკობენ ქალის გარეგნობაზე.

ერთხელ პაემანზე ბიჭმა შემომჩივნლა, რომ ონლაინ განცობილი გოგონები თავს უფრო ლამაზებად წარმოაჩენდნენ პროფილის ფოტოზე და ერთ-ერთი გოგოს სხეული ბოსტნეულსაც კი შეადარა.

ასევე, თუ ადამიანი მის ნაცნობ ქალებზე ან ცნობილ სახეებზე სექსუალიზებული ფორმით ლაპარაკობს, ესეც იგივე მონეტის მეორე მხარეა.

როდესაც კაცი თვლის, რომ უფლება აქვს, ქალების გარეგნობაზე კომენტარები გააკეთოს, ეს აჩვენებს, რომ მას ქალების სხეულის მიმართ მფლობელის მიდგომა აქვს.

ასე რომ, ზოგჯერ რამდენიმე სექსიტ ბაყაყს უნდა აკოცო, სანამ ფემინისტ პრინცს იპოვი, მაგრამ ის სადღაც აუცილებლად შეგხვდება.

წყარო