ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

კამბოჯაში H&M-ის 73-მა მკერავმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა

posted in ქართული by with Comments Off on კამბოჯაში H&M-ის 73-მა მკერავმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, H&M-ის პროდუქციაზე მომუშავე Berry Apparel-ის ფაბრიკის 73-მა მკერავმა ქალმა გრძნობა ერთდროულად დაკარგა. ფაბრიკაში რაიმე განსაკუთრებული დარღვევა ამა წლის თებერვალში გაეროსა და მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილ მონიტორინგის სამსახურს არ აღმოუჩენია. ჩოამის კომუნის მეთაურის მოადგილის, საო სარითის (Sao Sarith) თქმით, მუშაობის დროს შეუძლოდ გამხდარ ქალებს ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დონის ვარდნა – დაუდგინდათ.

პროფკავშირების წარმომადგენელი ჩუნ სოხი (Chhun Sokhy) აცხადებს, რომ ინციდენტის მიზეზი ფაბრიკაში მომუშავე ქალებში ძილისა და საკვების უკმარისობითაა გამოწვეული. “ერთ-ერთი მკერავი უცაბედად უქეიფოდ შეიქნა, იგი საავადმყოფოში წაიყვანეს. როდესაც ეს ამბავი სხვებმა იხილეს, შიშისგან ერთიმეორის მიყოლებით გრძნობა დაკარგეს”, – აღნიშნავს იგი. ფაბრიკის ხელმძღვანელობამ ყველა შეუძლოდ მყოფი თანამშრომელი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა.

Berry Apparel-ის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ შიდა მოკვლევას ჩაატარებდა მასობრივი გულისწასვლის მიზეზების დასადგენად. სამწუხაროდ, ფაბრიკაში ამგვარი შემთხვევები პირველად არ ხდება: 2011 წელს, მუშაობისას, გრძნობა ერთდროულად 200-მა ადამიანმა დაკარგა. მაშინ, ინციდენტის მიზეზად შენობებში არსებული უჰაერობა დასახელდა.

მთლიანობაში, კამბოჯის ტანსაცმლის ინდუსტრიაში 700 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათ შორის ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები, რაც არასაკმარისი კვებით, ანემიით, შოკით, უჰაერობით და სხვა მსგავსი მიზეზებითაა გამოწვეული.

 

© sapari.ge