ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ის საჭირო საგნები, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან

posted in საზოგადოება by with Comments Off on ის საჭირო საგნები, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან

სულ მალე, სკოლის ზარი დაირეკება და მომავალი თაობაც სწავლა-განათლების დაუფლებას შეუდგება. ჩვენში ხშირად მიდის კამათი განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების უხარისხობის, განათლების სამინისტროს არაადეკვატურობის, ზოგადი განათლების დონის კატასტროფული მდგომარეობის, სკოლების სეკულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, ცოტა თუ აკეთებს აქცენტს იმაზე, რა საგნები ისწავლება დღესდღეობით ჩვენს სკოლებში და რამდენად პასუხობს იგი იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი მომავალი თაობა ზრდასრულ ცხოვრებაში დგება. ასე მაგალითად, ალგებრის საგნის სწავლება ნაკლებ ეფექტური იქნება, თუ მას პრაქტიკული საფუძვლის, თუნდაც ოჯახის ან პირადი ბიუჯეტის გადანაწილების ხერხების ასათვისებლად არ გამოვიყენებთ. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში ადამიანი ბევრი ისეთი მოვლენის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადაჭრის გზებიც სკოლაში არათუ არ უსწავლია, არამედ ამის შესახებ არც კი გაუგია. არადა, სულ ტყუილად…

სქესობრივი აღზრდა

ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოზარდმა სამედიცინო, სწორად ინფორმირების გზით უნდა მიიღოს და არა – პორნოსაიტებიდან ან მეზობელი მოზარდების მახინჯი ნარატივებიდან. ჩვენს სკოლებში საფუძვლიანად რომ ისწავლებოდეს სხეულის თავისებურებები, ორსულობა, კონტრაცეფცია, სქესობრივად გადამდები დაავადებები, თანხმობის პრინციპი, სქესობრივი ხელშეუხებლობა, – ჩვენს ქვეყანაში აბორტების მაღალი მაჩვენებლის, სქესობრივად გადამდები დაავადებების კატასტროფული გავრცელების, სექსუალური შევიწროების მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობას ნაწილობრივ მაინც ავიცილებდით თავიდან. ჩვენს მოზარდ ბიჭებს დღეს არავინ ეუბნება, რომ პორნომასალებში ნანახი და რეალური სექსი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც – ცა და დედამიწა, რომ სხვის სხეულს პატივი უნდა სცენ და უნებართვოდ არ შეეხონ, რომ გოგონები და ქალები მათი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად არ დაბადებულან.

ფინანსური ცოდნა

თუ ადამიანი სკოლას ისე ამთავრებს, რომ მიკრო- და მაკროეკონომიკებს შორის განსხვავებები მისთვის გამოცანად რჩება, იგი სრულიად გაუცნობიერებელი იქნება საკუთარი ფინანსების მართვის ელემენტარულ საწყისებში, რომ აღარაფერი ვთქვათ საკრედიტო და სადებეტო ბარათების მართვის უმარტივეს ცოდნაზე. სკოლაში ოჯახის ან საკუთარი ფინანსების მართვას რომ გვასწავლიდნენ, სტუდენტობისას უკვე გვეცოდინებოდა, რომელი ბანკი აგვერჩია მოქნილი მომსახურების მისაღებად, რომელი საპროცენტო განაკვეთია ჩვენთვის ხელსაყრელი და რომელი – სრულიად მიუღებელი. ამის წყალობით, ალბათ, ჩვენი ფინანსები სერიოზულ ფლანგვას გადარჩებოდა.

ბიუროკრატიასთან გამკლავება

სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, ბიუროკრატიული რუტინა მუდმივად მისი ცხოვრების თანამგზავრი იქნება. ეს არის გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხვოვრების მანძილზე დაგვჭირდება. ჰოდა, ხომ შესანიშნავი იქნებოდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩვენ ნაწილობრივ მაინც გვქონოდა ამის უნარ-ჩვევები? როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში, მივიღოთ სხვადასხვა სახის ონლაინ მომსახურება, გავერკვეთ სხვადასხვა სახის ქვითრებში, საზღვარგარეთ სასწავლებლად საჭირო საბუთებში, როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა? – სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ათვისება დამოუკიდებლად გვიწევს.

რიტორიკისა და დებატებში მონაწილეობის ხელოვნება

ბევრი ჩვენგანი სკოლას ისე ამთავრებს, რომ სიტყვა “რიტორიკა” მხოლოდ “კაცია-ადამიანიდან” თუ გაუგია, ისიც მისი მნიშვნელობის გარკვევის გარეშე. არადა, რიტორიკაში ბევრი რამ სწერია. როდესაც ფეისბუქზე გაცხარებულ დებატებს ვადევნებთ თვალყურს, ჩვენც გვიჩნდება კამათში ჩართვის სურვილი, თუმცა, უცებ აღმოვაჩენთ, რომ არგუმენტების მწყობრად დალაგების, აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და ოპონენტისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის არანაირი უნარ-ჩვევა არ გაგვაჩნია. ასეთ დებატებში (მათ შორის სატელევიზიოშიც), ყოველთვის თვალშისაცემია, რომ პროდუქტიული საუბრის ნაცვლად, ადამიანები ილანძღებიან, ემოციურად განიტვირთებიან და თანამოსაუბრეს საერთოდ არ უსმენენ. არავის აწყენდა დებატებში მონაწილეობის საფუძვლების შესწავლა, სულ ცოტა, იმისათვის, რომ კოლეგების წინაშე გამართული პრეზენტაცია ღამის კოშმარად არ იქცეს.

სპორტი, როგორც სიამოვნების მიღების საწინდარი

თუ ადამიანთა იმ ბედნიერ ჯგუფს განეკუთვნებით, რომლისთვისაც სკოლაში სპორტის გაკვეთილები სიხარულის წყარო იყო, ნამდვილად გაგიმართლათ, მაგრამ, არსებობენ ისინიც, ვისაც სპორტის გაკვეთილის გაგონებაც კი უსიამოვნო ჟრუანტელს გვრის. სკოლაში ფიზიკური მომზადების გაკვეთილებზე არავინ გვეუბნება, რომ სპორტი, უწინარეს ყოვლისა, სიამოვნებისა და განტვირთვის საწინდარია და არა – იძულებითი ნორმატივების ჩაბარება.

სოციალური უნარ-ჩვევები, სხვების აზრის გათვალისწინება და პატივისცემა

თავისთავად იგულისხმება, რომ სკოლამ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების უნარ-ჩვევები უნდა ჩამოგვიყალიბოს (ჩვენ ხომ ბევრი წლის მანძილზე უამრავ ადამიანთან გვიხდება შეხება!), მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ სკოლაში სრულიად სხვა უნარ-ჩვევების ათვისება გვიწევს – ბულინგთან გამკლავება ისე, რომ არ გავხდეთ მსხვერპლნი, მოძალადე და ძალადობას დაქვემდებარებული ბავშვების ჯგუფებს შორის არჩევანის გაკეთება, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე დაფუძნებული იერარარქიული ურთიერთობების აგება, საზოგადოებაში გაბატონებული აზრებისა და მიდგომების დაცვა-ტირაჟირება. ამის ნაცვლად, აუცილებელია, სკოლაში სხვა ადამიანების ინდივიდუალობისა და მოსაზრებების პატივისცემა გვასწავლონ, მაშინაც კი, როდესაც მას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ბავშვებს ყოველთვის ეშინიათ განსხვავებულობის, და მათ არავინ უხსნის, რომ არსებობენ მათგან განსხვავებული ადამიანები, რასის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიური მრწამსისა და ბევრი სხვა ნიშნის მიხედვით, რომ ეს ადამიანები მათთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ და ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და სრულუფლებიანი წევრები არიან. ისინი არც “ქართველობას გვართმევენ”, არც რელიგიას, არც ოჯახს, არც ფასეულობებს, არც – სექსუალურ ორიენტაციას. სამწუხაროდ, წინ წლებში, “ტოლერანტობის” საგანს ჩვენი მოსწავლეები სრულიად ფორმალურად გადიოდნენ, ისე, რომ ჩვენი სკოლების უმეტესობაში მის სახელმძღვანელოში არც მოსწავლეს ჩაუხედავს და არც – მასწავლებელს. შედეგად, მივიღეთ ის, რომ სკოლებში ასეთი “განსხვავებული” ბავშვები განსაკუთრებულ ჩაგვრას განიცდიან არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ თავად პედაგოგების მხრიდანაც. იმედია, მრავალნატანჯი საგანი “მე და საზოგადოება” ჩვენს სკოლებში ოდესმე რეალურად ისწავლება.

                         უნარ-ჩვევები, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენაში დაგვეხმარება

რაღა თქმა უნდა, ეს პუნქტი არ ეხება აკადემიურ ცოდნას, თუმცა, იგი სრულიად აუცილებელია რეალურ ცხოვრებაში. არასოდეს იცი, როდის დაგჭირდება კოცონის დანთება ან პირველადი დახმარების აღმოჩენა. ჩვენ სკოლაში იმასაც კი არ გვიხსნიან, თუ რითი განსხვავდება არტერიული წნევა ვენურისგან. გეოგრაფიის გაკვეთილებიდან მხოლოდ ის გვახსოვს, რომ ხეს ხავსი ჩრდილოეთი მხრიდან ეკიდება, მაგრამ, როგორც გამოვიყენოთ ეს ცოდნა, უკვე აღარ ვიცით. და ასე ვცხოვრობთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ანაბანა

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა რთული სფეროა. ფსიქიკური აშლილობები ჩვენს საზოგადოებაში დღემდე სტიგმატიზებულია. ბევრ ადამიანს ეშინია იმის განცხადების, რომ დეპრესია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა ან სხვა ფსიქიკური პრობლემები აქვს. შესანიშნავი იქნებოდა, მომავალი თაობა ამ საკითხს სხვაგვარად რომ უყურებდეს და ესმოდეს, რომ ფსიქოთერაპევტთან მიმართვაში სასირცხვილო და საშიში სრულიად არაფერია – მათი დახმარება დროდადრო ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.

დროის გადანაწილება

ჯერ კიდევ სკოლაში, ადამიანმა თავისი საქმეების დროში გადანაწილების უნარები უნდა შეიძინოს. მაშინაც კი, როდესაც გაკვეთილების მომზადებას გვიან ღამით ვრჩებით, იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს დღის წესრიგში რაღაც თანამიმდევრობა და დროში გათვლა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად, ყველაფერი რთულდება: როდესაც სამუშაო საათები იწურება, თავისუფალი დროის გადანაწილება ჩვენით უნდა მოვახერხოთ. კარგი იქნებოდა, ამ საკმაოდ რთული ამოცანის გადაჭრას ადრევე რომ ვითვისებდეთ.

პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევა

მაქსიმუმი, რაც შეიძლება ჩვენს სკოლაში ბავშვმა შეიმეცნოს, მის ქვეყანაში არსებული სახელისუფლებო სისტემის მოწყობის წესებია. სკოლების თანამშრომლებსა და დირექტორებს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება მუდმივად თავის სასარგებლოდ იყენებდა. ამიტომაც, ძნელი წარმოსადგენია, ამ სიტუაციაში ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს ბავშვების გაცნობიერება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და არსებული ხელისუფლებისა და მისი კანდიდატების საქმიანობის კრიტიკული შეფასება. ეს რომ არსებობდეს, ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება მეტად მაღალი იქნებოდა და არჩევნებზეც აუცილებლად წავიდოდით, იმ მდგომარეობის შესაცვლელად, რომელიც არ მოგვწონს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსები ასეთი ამომრჩევლის მოტყუებას და აბუჩად აგდებას ვეღარ მოახერხებენ.

სწავლა

ყბადაღებული “სწავლის სწავლა” ალბათ ყველაზე საუკეთესო ჩვევაა, რისი ათვისებაც სკოლიდანაა შესაძლებელი, თუმცა, რატომღაც მას ვერ ვითვისებთ. ჩვენ გვგონია, რომ გუგლის ეპოქაში სრულიად ადვილად შეგვიძლია ნებისმიერი რამის მოძიება, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან ვიბნევით, როდესაც ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში ან ვერ ვპოულობთ, ანდა ვპოულობთ, მაგრამ მის მიმართ კრიტიკული მიდგომის უნარი არ გაგვაჩნია. ვებში არსებული ზღვა ინფორმაციის დამუშავებას ის საბაზისო ცოდნა სჭირდება, რაც სკოლაში სწავლისას უნდა შევიძინოთ. ამიტომაც, ჩვენი ცოდნა უნდა ეფუძნებოდეს აკადემიურ, სანდო კვლევებზე დაყრდნობით მიღებულ ინფორმაციას.

© sapari.ge