ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ლიტერატურას განრისხებული ქალი პერსონაჟები სჭირდება

posted in საზოგადოება by with Comments Off on ლიტერატურას განრისხებული ქალი პერსონაჟები სჭირდება

ელიზაბეთ სკოსკი Elizabeth Skoski

დაახლოებით ერთი წლის წინ, დეპრესიაში ჩავვარდი. იგი მძიმე ბურუსივით იყო, მასში სუნთქვა და გზის გაგნება ჭირდა. დროდადრო, იგი ჩემს თავზე მოქუფრულ წვიმის ღრუბელს ჰგავდა, უკან დამყვებოდა. წვიმის მოლოდინი გაცილებით უარესია, ვიდრე თავად წვიმა. ვცდილობდი, გამეაზრებინა, რომ ჩემს დეპრესიას მიზეზი რომ ჰქონოდა, უკვე დეპრესია აღარ იქნებოდა. ამ ყველაფერთან ბრძოლამ გამომფიტა და ფიზიკური ტკივილი გამიჩინა – ტკივილი კუნთებში, გუგუნი თავში. ერთადერთი ალტერნატივა ფარ-ხმალის დაყრა იყო, სრული დანებება. ამიტომაც, თავი ვაიძულე, ეს გამეკეთებინა.

მაგრამ, ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის ყოველდღე მეტროსა თუ ტელეფონში ტირილში, როდესაც მშობლები მირეკავდნენ.

მთელი დღის დაღლილს, ღამით თვალზე რული არ მეკარებოდა.

ბოლოს და ბოლოს, თერაპევტს დავურეკე და მიღება ვთხოვე, მაგრამ მან მითხრა, რომ ერთ კვირაში შვებულებაში გადის და ახალ კლიენტებს ვერ მიიღებს. მან რამდენიმე რჩევა მომცა და მკითხა, რამე ხომ არ მაინტერესებდა. ამ დროს, მე უკვე ვტიროდი სამსახურის სამზარეულოში, თან ცრემლებს ვიწმენდდი და მეგონა, რომ ამას ყველა ხედავდა.

„თქვენ ფიქრობთ, რომ გარე დახმარება გესაჭიროებათ?“, – მკითხა მან. კი, ნამდვილად მჭირდებოდა ვიღაც, რომელიც მეტყოდა, რომ შეშლილი არ ვარ, რომ რაღაც წესრიგში არაა, და ჩემი ძალისხმევით ამის გამოსწორება ვერ შევძელი.

ბავშვობაში კარგად ნაცად ხერხს მივმართე: იმ ლიტერატურული პერსონაჟების ძიებას შევუდექი, ვინც ჩემნაირად იტანჯა, და მის წარმატებებს მივყევი. სილვია პლათის (Sylvia Plath) „უბედურების ზარი“ (The Bell Jar) წავიკითხე, დავფიქრდი პლათსა და მის თვითმკვლელობაზე გაზქურაში, წავიკითხე “მისის დოლოვეი” (Mrs. Dalloway) და დავფიქრდი ვირჯინია ვულფზე, რომელიც ქვებით სავსე ჯიბეებით დადიოდა, ასევე თვითმკვლელობის მიზნით. მინდოდა, ჩემი თავი ამ ქალებთან გამეიგივებინა, მათი ტკივილი მეგრძნო.

მაგრამ, ამან არ მიშველა, რადგან ამ პერსონაჟებივით დათრგუნული კი ვიყავი, მაგრამ ისინი ჩემნაირად განრისხებულნი არ იყვნენ. ლიტერატურამ მათი დეპრესია მოუხელთებლად და ჯადოსნურად აქცია.

პლათის ესთერი დეპრესიაში ისე ჩავარდა, როგორც ამას კარგი გოგონები აკეთებენ: მშვიდად, თვითდადანაშაულებით, თვითრეფლექსიით. იგი თავს ემოციების გამო სჯის, იმის გამო, რომ ისე არ ღელავს, როგორც სხვა გოგონები. ესთერის გაყინული დეპრესია საკუთარი მნიშვნელოვნების თანდაყოლილ გრძნობას ებმის.

ესთერის მსგავსად, ვულფის გმირი კლარისა დოლოვეი ასევე ჩაყინულია თავის დეპრესიაში, მაგრამ იგი არჩევანს აკეთებს, საკუთარ დეპრესიას შთანთქავს, გულის სიღრმეში იმარხავს, არასოდეს აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ კლარისას კარგად ესმის საკუთარი თვითმკვლელობამდე მისული დეპრესიის სიმძიმე, იგი მაინც უბრუნდება წვეულებას, მაინც უღიმის სტუმრებს, მაინც რჩება მაღალი წრის ქალად. იგი დეპრესიას მხოლოდ მარტოობაში განიცდის. სხვების თანდასწრებით, იგი მას მარხავს.

ეს ქალები, ეს ავტორები და პერსონაჟები, ლიტერატურაში დეპრესიას წარმოგვიდგენენ. ესთერი და მისის დოლოვეი არქეტიპები არიან – პერსონაჟები, რომლებთანაც დეპრესიაზე საკუთარი წარმოდგენა გავაიგივე. ისინი ლამაზი, სევდიანი არსებები არიან, ფერმკრთალი სახით, რომელიც ნამდვილ მღელვარებას მალავს. ავტორები თავიანთ დეპრესიულ პერსონაჟებს იდუმალ, მშვენიერ, შეუცნობელ არსებებად წარმოგვიდგენენ.

ჯეფრი ევგენიდისის (Jeffrey Eugenides) რომანი „თვითმკვლელი ქალწულები“ (The Virgin Suicides) თანამედროვე კლასიკად იქცა, რომელიც ახალგაზრდა ქალების დეპრესიულ განწყობებზე გვიამბობს. წიგნში ბიჭები მთხრობელებად გვევლინებიან. ესთერისგან და მისის დოლოვეისგან განსხვავებით, დეპრესია მათ თითქოს დანარჩენი სამყაროსგან გამორჩეულს ხდის.

ჩემი დეპრესია სხვაა. იგი არაა არც შეუძლოდ ყოფნა, არც გამოფიტვა და არც – მოწყენილობა. ჩემი დეპრესია პასიური არაა, იგი განრისხებულია, მზადაა მთელი სამყაროს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ესაა უიმედობის დეპრესია, მაგრამ არა – რაღაცის წადილის, მეტის სურვილის უიმედობის. ეს გაცილებით ავისმომასწავებელი უიმედობაა. ესაა შეგრძნება, თითქოს ყველაფერი გააკეთე, რისი გაკეთებაც შეგეძლო, მაგრამ ჯერ ისევ ცარიელი ხარ, სამყაროს შეუსრულებელი დაპირებებით გარემოცული. საზოგადოება დაპირებებს გასცემს, უსიტყვო დათქმებს, განსაკუთრებით ქალებთან, იმის შესახებ, თუ რა მიაჩნია მას მისაღებად და სასურველად. ეს წესები ყოფიერების სასტიკი ზღუდითაა შემოსაზღვრული: იყავი კარგი გოგო, ნუ ჩაიდენ უწესო საქციელს, ნუ დაიმართებ უბედურებას. გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით. თუ შეასრულებ, იქნებ რამენაირად დაგაჯილდოვოთ კიდეც. საზოგადოება მთელს ჩვენს სიყმაწვილეს ნთქავს იმის ღაღადში, რომ არ უნდა ვიყოთ ამბიციურები, თავი დახრილი უნდა გვქონდეს, დამჯერენი უნდა ვიყოთ, დომინირებაზე უარი ვთქვათ, არ გავღიზიანდეთ და აშკარა უგუნებობაც არ გამოვამჟღავნოთ.

იგი გვპირდება, რომ თუ ამას შევასრულებთ, კმაყოფილების შეგრძნება დაგვეუფლება.

მაგრამ, მე არ ვარ კმაყოფილი. მე არ ვიცი, რა თავში ვიხალო ჩემი აკადემიური ხარისხები. არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ ჩემმა სხეულმა ბავშვები ატაროს. საშინელ მომენტებში, კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემს ასაკში ჩემს მშობლებს უკვე შეძენილი ჰქონდათ სახლი და ჩემი უფროსი დაც ჰყავდათ. თავს გამოცარიელებულად ვგრძნობ. არ ვგრძნობ ვალდებულებებს. ვშიშობ, კმაყოფილი ვერასოდეს ვიქნები.

ჩემი დეპრესია პასიური არაა. იგი დუღს და გადმოდუღს. ესთერს არ დაუტირებია ბადი, მისის დოლოვეი არ ჩაბღაუჭებია მეგობრებს და ოჯახს, ლისაბონელ დებს ჩაწითლებული თვალებით არ გაუღვიძიათ. მაგრამ მე – კი. როგორც არ ვეცადე, კლასიკურ ტექსტებში საკუთარი თავი ვერაფრით აღმოვაჩინე.

ერთხელაც, სრულიად შემთხვევით მივაგენი ჩემს ლიტერატურულ ორეულს, კლერ მესუდის (Claire Messud) ნაწარმოებიდან „ქალი ზემოთ“ (The  Woman Upstairs).

ნორა ორმოცი წლის, უშვილო ქალია, რომელსაც ინტენსიური მონოლოგი აქვს მთელი ნაწარმოების განმავლობაში. იგი თანამიმდევრულად განასახიერებს საკუთარ თავს დამჯერი შვილის, სკოლის მასწავლებლის, მიუწვდომელი, „კარგი“ გოგონას იმიჯში. ნორა თითქოს მე მელაპარაკება, ჩემს აზრებს კითხულობს, მამშვიდებს, რომ შეშლილი არ ვარ, რომ სწორად ვიქცევი, რომ ვალდებული ვარ, რომ წესებს გავყევი.

ნორას რისხვა, რომელიც მთელს რომანს ლაიტმოტივად გასდევს, ჩემი რისხვაა. ნორა ბობოქრობს იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც იძულებით მიიღო და ეს თავისი მოწოდების, ხელოვნების ხარჯზე გააკეთა, სწავლისა და კარიერის სანაცვლოდ.

„ჩემი საფლავის ქვაზე უნდა ეწეროს „დიდი ხელოვანი“, მაგრამ ახლა რომ მოვკვდე, ეწერება: „კარგი მასწავლებელი, შვილი, მეგობარი“. ჰოდა, იგივე საფლავის ქვაზე, დიდი ასოებით, წავაწერდი: „შეგეცით ყველას!“, – ამბობს ნორა.

მე კარგად მესმის ნორას მრისხანების. ხშირად ვერც იაზრებ, რა გააკეთე არასწორად, მხოლოდ იმედგაცრუებისა და უსამართლობის შეგრძნება გაქვს: ყოველთვის აკეთებდი იმას, რაც ჩაგაგონეს, რაც სწორად იყო მიჩნეული, მაგრამ მაინც ცუდად ხარ. საბოლოოდ, ეს ფიქრი ამ გრძნობის მატარებელ ყველა ქალს ხუთავს. მესუდი ქალის გრძნობებით მანიპულირების ზუსტ სურათს აღგვიწერს. საზოგადოება მოითხოვს, რომ „ქალი ზემოთ“ იყოს, მაგრამ, როდესაც იგი ხმის ამაღლებას დააპირებს, მის თავზე გაზის ალი აინთება. მესუდს ეყო გამბედაობა, გამოესახა ქალი, რომელიც საყოველთაო სიმპათიას არ იმსახურებს.

იმის გამო, რომ ნორა გაბრაზებული, იმედგაცრუებული და დაღლილია, მე ვაღმერთებ მას.

დიახ, მეც ზუსტად იგივეს განვიცდი.

ჩვენ რაც შეიძლება მეტი ნორა გვჭირდება, ბევრი ქალი პერსონაჟი, რომელიც განრისხებულია იმით, რასაც საზოგადოება სთავაზობს. მეტი ისეთი გოგოა საჭირო, რომელიც თამამად გააცრუებს საზოგადოების მოლოდინს დამჯერი ქალის შესახებ. ისინი უშიშარ გოგონას ჰგვანან უოლ-სტრიტიდან. გაბრაზებული ქალი პერსონაჟების აღმოჩენამ ჩემი დეპრესია დაძლია, ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ წინსვლა ნამდვილად მაქვს. ეს მრისხანე ქალი პერსონაჟები ლიტერატურაში მე წარმომადგენენ, მათი წყალობით, ჩემს სიმართლეში ვრწმუნდები და ვაცნობიერებ, რომ ამ სამყაროში მარტოსული არ ვარ.

წყარო: electricliterature.com

© sapari.ge