ვინ დაისვენა, ვინ – ვერა, – საკითხავიც ეს არის…


ესმა გუმბერიძის ბლოგი

და აი, დღესასწაულის დროც მოახლოვდა, დრო სანატრელი დასვენებისა, არდადეგებისა, შვებულებებისა ან თუნდაც რამდენიმედღიანი შესვენებისა!

რომელიღაც ქალაქის რომელიღაც უნივერსიტეტის რომელიღაც ფაკულტეტის რომელიღაც კურსის სტუდენტი გოგონაც სიხარულით მიიჩქარის შინისკენ. კი, ძალიან უხარია სახლში ჩასვლა, სადაც უკვე კვირები ან სულაც თვეებია არ ყოფილა. თან დაისვენებს სწავლისგანაც და ვითომდა „ნახევარგანაკვეთიანი“ სამსახურისგან, რომელიც სინამდვილეში კვირაში 30 საათამდე გამოსდის ხოლმე, თან თავის მონატრებულ ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს ნახავს, რომელთაგან ზოგს სკოლა ჯერ არ დაუმთავრებია, ზოგმა დაამთავრა და ადგილობრივ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, ზოგმაც სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას თავი დაანება.

მაგრამ, თან რაღაცნაირად გული იმასაც უგრძნობს, რომ ახლაც ვერ შეძლებს საფუძვლიანად დასვენებას. დედამ სწორედ მას და არა მის ძმას, რომელიც იმავე ქალაქში, დასთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს და რომელიც ასევე მოდის სახლში, უთხრა, რამდენად დატვირთულია წინასადღესასწაულოდ, რამდენი რამ არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. თან დასალაგებელი სახლის ფოტოებიც მხოლოდ მას გაუგზავნა.

კი არ უთხოვია დედას პირდაპირ, მაგრამ გოგონამ უკვე იცის, რომ ჩავა, სახლში უნდა დაეხმაროს, იმიტომ, რომ დედა მარტო ამდენს ვერ გაწვდება. უკვე ახალგაზრდა აღარ არის, იმდენი ენერგია აღარ აქვს, თანაც მარტო ერთი ადამიანი ისეთ ტიტანურ შრომას, როგორიც ქართული სადღესასწაულო სუფრაა, ვერ გაწვდება, რაც არ უნდა ჯანზე იყოს.

მამაც კი ჰყავთ სახლში, მაგრამ ის მუშაობს და შინ დაღლილი მოდის. მას დასვენება სჭირდება. განა ის არ არის საკმარისი, რომ მას სამსახური აქვს და ოჯახს არჩენს? რამდენი მამაკაცია მის ასაკში საქართველოში, სამსახური რომ არ აქვს. არა, დედაც კი მუშაობს, მაგრამ რაღაცნაირად მთელი სამზადისი მაინც დედაზეა. დედა პირველ რიგში ხომ არა დასაქმებული, მომუშავე, არამედ ქალია, ცოლია, დედაა, დიასახლისია მაინც, რაც არ უნდა იყოს.

მამამ მაქსიმუმ ცოლის მიერ შედგენილი სიის მიხედვით მძიმე პროდუქტები მოიტანოს ბაზრიდან/მაღაზიიდან. ძმაც კი ყავს ამ გოგოს, მაგრამ მას ხომ ამდენი ხნის უნახავი ნათესავ–მეგობრები ჰყავს მოსანახულებელი. მან ხომ უნდა დაისვენოს… თანაც, მან მაინც არაფრის კეთება იცის სახლში, სახლის საქმეების არაფერი გაეგება, კაცია მაინც. ცოლი ეყოლება, ის მიხედავს სახლს, მას რად უნდა გაწვალება? მან უნდა ისწავლოს და დაისვენოს, რომ მერე კიდევ უკეთ ისწავლოს, რომ შემდეგ კარგი თანამდებობა დაიკავოს. გოგოსთვის კი გამოცდილი მასწავლებლის (დედის) მეთვალყურეობით შინა საქმეების კეთება არის მისი მომავალი ცხოვრების რეპეტიცია, კარგი სკოლა, პრაქტიკაა, იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, ვიდრე ის ანაზღაურებადი სტაჟირებაა გოგონას სწავლის სფეროში, რომელიც „გაუმართლა“ და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ისიც ხომ გათხოვდება, პატრონს ჩაბარდება. მასაც ხომ ექნება შემდეგ სუფრები გასაწყობ–ასალაგებელი… აბა ქალმა ეს ყველაფერი ოჯახის შექმნამდე თუ ზედმიწევნით კარგად არ შეისწავლა, თუ არ დახელოვნდა, რომ დაოჯახდება, კოვზი ჩაუვარდება ნაცარში. რისი ცოლია, რისი დიასახლისია, ქალია საერთოდ?

და ბოლოს, გოგონასთვის დედის შინა საქმეებში დახმარება არის არამხოლოდ სასარგებლო, არამედ– სასიამოვნოც; ქალებს ხომ ზოგადად უყვართ სახლში ფუსფუსი, ჰოდა საბაბიც ექნება და შესაძლებლობაც საწყალს, მოწყდეს წიგნებს, კომპიუტერს და დაკავდეს იმ საქმით, რომელიც ქალისთვის ბუნებამ შექმნა/დაადგინა „სასიამოვნოდ“. დედაც ხომ ცოდვაა. ამდენი საქმე და ყველაფერთან ერთად ის შვილებსაც უნდა დახვდეს ღირსეულად, კარგი საჭმელი დაახვედროს და ძმის გასარეცხ/დასაკერებელ ტანსაცმელსაც მიხედოს, შემდეგ კი ისევ სადღესასწაულო მზადებას შეუდგეს.

სახლში რომ ჩავიდა და–ძმა, მოხდა ზუსტად ის, რასაც გოგონა წინასწარმეტყველებდა. მშობლები თბილად მიესალმნენ შვილებს, გამოიკითხეს მათი ამბები, სუფრას მიუსხდნენ, კარგად ჭამეს, ქალაქში ნახევარფაბრიკატებზე მყოფმა სტუდენტებმა გაიხსენეს სახლის საჭმელის გემო. ჭამას რომ მორჩნენ, მამა ადგა სუფრიდან და ტელევიზორს მიუბრუნდა, რომელსაც სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ შვილების ჩამოსვლამდე უყურებდა, ძმა ძმაკაცების სანახავად გავიდა, დედა კი, რომელმაც ასევე მთელი ის დღე სამსახურში გაატარა, ისევ თავის ჯამ–ჭურჭელსა და ცოცხებს მიუბრუნდა. გოგონამ, დედის დაღლილ სახესა და გასაკეთებელი საქმის დაუსრულებლობას რომ შეხედა, დედას თქმაც კი აღარ დაამთავრებინა, დახმარებოდა საქმეში. ისიც ადგა სუფრიდან მგზავრობით დაღლილი და დედასთან ერთად სახლში დატრიალდა. „კი ვიცი, შვილო, დაღლილი რომ იქნები, მაგრამ რა ვქნა… მეც ძალიან დავიღალე, მაგრამ ვერ მოვასწრებ ვერაფერს მარტო. მალე მოვრჩებით ერთად და გაგიშვებ დასასვენებლადაც“, – ჩაილაპარაკა დედამ. უარი ვერ უთხრა შვილს, დახმარება რომ შესთავაზა. დედამ რამდენიმე წუთში უჩვენა, სად რა დევს, რაც ამ თვეების განმავლობაში გოგონას უკვე მივიწყებული ჰქონდა და ასე ერთად იტრიალეს დილის 4 საათამდე, სანამ იმ დღის გასაკეთებელს არ მორჩნენ. დაწვნენ და რამდენიმე საათი დაიძინეს. მეორე დღეს კი სუფრისთვის საჭმლის კეთების დრო იყო: ყველაფერი ხომ ახლადგაკეთებული უნდა ყოფილიყო. ძმამ ისევ ძმაკაცებს მიაშურა. ნაშუადღევს გოგონამაც მოახერხა მეგობრებთან გასვლა, მაგრამ სულ ორიოდე საათით. თანაც, მათთანაც სადღესასწაულო სამზადისი იყო და მთლად გულხელდაკრეფილი ხომ ვერ იჯდებოდა? ისიც ადგა და მიეხმარა ხაჭაპურის ცომის მოზელაში.

დადგა დღესასწაულის ნანატრი დღე! დედამ და გოგონამ გაშალეს სუფრა, დააწყვეს ჭურჭელი, მამამ ღვინო მოიტანა და ოჯახი კიდევ 8 სტუმართან ერთად სუფრას მიუჯდა. ვინაიდან ყველაფერი სუფრაზე ვერ ეტეოდა, ხან დედას და ხანაც გოგონას წამდაუწუმ უწევდათ ადგომა და ძველი ჭურჭელ–საკვების ახალ–ახალი კერძებით ჩანაცვლება. სუფრაც დამთავრდა. სტუმრები დაიშალნენ. ქეიფით დაღლილმა მამამ და ძმამ ტელევიზორს მიაშურეს, რომლის წინაც ჩაიძინეს კიდეც, დედა და გოგონა კი შეუდგნენ სუფრის ალაგებას, აუარება ჭურჭლის რეცხვას.

მეორე დღეს, სასტუმრო ოთახი ხელახლა უნდა დაესუფთავებინათ, შემდეგ კი და–ძმა უნდა დაბრუნებულიყო კიდეც თავიანთი სწავლის ადგილას. სწავლის განახლებამდე კი იყო კიდევ ორიოდე დღე დარჩენილი, მაგრამ გოგონა უფროსმა სამსახურიდან მხოლოდ 4 დღით გამოუშვა.

ამ ბლოგპოსტში აღვწერე ერთ–ერთი საუკეთესო შემთხვევა – მატერიალურად მყარად მდგომი ოჯახი, სადაც ოჯახის ყველა ან თითქმის ყველა წევრი მუშაობს, სადაც არავინ არავის არ ან აღარ სცემს, სადაც ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობა საკმაოდ თბილი და კარგია მთლიანობაში. და მაინც, ვინ დაისვენა, ვინ– ვერა, საკითხავიც ეს არის.