სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს


პირველად ქვეყნის ისტორიაში, სინგაპურს ქალი პრეზიდენტი ეყოლება. იგი პარლამენტის ექს სპიკერი, 63 წლის ჰალიმა იაკობია (Halimah Yacob). იაკობმა ნავსი სხვა მხრივაც გატეხა: იგი ბოლო 47 წლის მანძილზე, უღარიბესი მუსლიმი მალაიური თემის წარმომადგენელთაგან ამ პოსტზე არჩეული პირველი კანდიდატია. სინგაპური მულტიკულტურული ქვეყანაა და ინკლუზიურობის განმტკიცების თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

იაკობის გარდა, არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, არც ერთ მათგანს თანამდებობისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია არ აღმოაჩნდა.

2013 წელს, ჰალიმა იაკობი სინგაპურის პარლამენტის პირველი ქალი სპიკერი გახდა.

სინგაპურში პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია, ქვეყანას ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრი მართავს. სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია, ვეტო დაადოს ბიუჯეტის პროექტს, მთავრობაში დანიშვნებს, შეიწყალოს გასამართლებული დამნაშავეები.

სინგაპურისა და მალაიზიის დაცალკევების შედეგად, მალაიზიაში ეთნიკური უმრავლესობა მალაიელები დარჩნენ, დამოუკიდებელ სინგაპურში კი – ეთნიკურად ჩინელები. ორივე ქვეყნის ლიდერები აღიარებენ, რომ კეთილდღეობა ამ ჯგუფებს შორის ჰარმონიის შენარჩუნებით მიიღწევა.

თუმცა, სინგაპურელ მალაიელებს მიაჩნიათ, რომ დისკრიმინაციის ქვეშ ცხოვრობენ და სხვადასხვა სფეროებზე (შეიარაღებული ძალებში მუშაობა, საშუალო და უმაღლესი განათლება) თანასწორი წვდომა არ გააჩნიათ. ისინი ქვეყნის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ.

სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული ამ პრობლემების მოგვარებას მალაიელი პრეზიდენტი დიდად ვერ დაეხმარება, მაგრამ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მალაიელების მიმართ ნდობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ქალთა უფლებადამცველი ჯგუფი Association of Women for Action and Research (AWARE) იმედოვნებს, რომ ჰალიმას პრეზიდენტობის პირობებში კიდევ მეტი ნაბიჯი გადაიდგმება სინგაპურის პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობის თვალსაზრისით.