გიორგი ჯანელიძემ იუმორში გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა


ახალი მზიურის სივრცემ, “საფარის” ორგანიზებით, კიდევ ერთ საინტერესო საღამოს უმასპინძლა. ამჯერად, აქ გამართული საჯარო ლექციის თემა იყო “გენდერული სტერეოტიპები იუმორში”, რაზეც აუდიტორიას სატელევიზიო იუმორისტული შოუების ცნობილი სცენარისტი გიორგი ჯანელიძე ესაუბრა.

გიორგიმ მსოფლიო კულტურებში ისტორიულ თუ თანამედროვე რეალობაში გაბატონებული გენდერული სტერეოტიპები და მათ მიმართ ადამიანების დამოკიდებულები მიმოიხილა და ერთმნიშვნელოვნად ეჭვქვეშ დააყენა დებულება, რომლის თანახმადაც, “იუმორში დისკრიმინაცია არ არსებობს”.

“ერთ დისკუსიაში, წავაწყდი საინტერესო აზრს. ადამიანი ამბობდა, მე მაქვს სექსიზმის მავნებლობა მთლიანად გასიგრძეგანებული და რა ბოროტებაა, მესმის და მეზიზღებიან სექსისტები, მაგრამ სექსისტურ ხუმრობაზე მაინც მეცინება ხოლმე და რა ვქნაო? იუმორი ისეთი რამეა, 2 მხარე მონაწილეობს და გამოსავალი არის ალბათ ის, რომ პირველი მხარის მხრიდან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ეს პრობლემა მივა იქამდე, რომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საგანმანათლებლო სამუშაოს შემდეგ, სექსისტური ხუმრობები ჩაითვლება გოიმობად და ასეთი ხუმრობის მთქმელი – ქაჯად და გოიმად”, – განუმარტა მან აუდიტორიას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯანელიძის ლექცია თანამედროვე იუმორში გენდერული და დისკრიმინაციული სტერეოტიპების ტირაჟირების გააზრების პირველი მცდელობაა, რაც ჩვენს მედიაში, პოლიტიკასა თუ სხვა სფეროებში აგრერიგად გავრცელებული მიდგომების მიმართ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას შეუწყობს ხელს.

ლექციის სრულ ვიდეოჩანაწერს უახლოეს დღეებში, “საფარის” ვებგვერდზე, შემოგთავაზებთ.

კომენტარები