პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“


2017 წლის 1 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, კავშირი “საფარი”, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციას ქვემო ქართლში, ასევე ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება ქვემო ქართლის 90 სკოლაში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის პირობებში.

პროექტს გააჩნია საგანმანათლებლო დატვირთვა, იგი ასევე ხელს შეუწყობს აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციასა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმა-დასაქმებას. ქართული უნივერსიტეტების „1+4” პროგრამის კურსდამთავრებულებს, პრეზიდენტი ხელს უწყობს რეალიზაციასა და ინტეგრაციაში. სწორედ ამ მიზნით უზრუნველყო მან პროექტის ფინანსური მხარდაჭერა.

პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს  60 500 ლარს. აქედან, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება არის 36 100 ლარი, ხოლო პრეზიდენტის ფონდის თანადაფინასება – 24 400 ლარი.

პროექტის ერთ-ერთი ძირითად  ამოცანას წარმოადგენს  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში, “საფარი” იმუშავებს აზერბაიჯანული წარმომავლობის ახალგაზრდებთან. კერძოდ, “საფარის” მიერ დატრენინგებული 20 ახალგაზრდა გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლის მოსწავლეებთან, 90 სკოლაში. სწორედ ამ  აქტივობას მოხმარდება პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 18 000 ლარი (პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 30%), რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა ტრენერების ჰონორარებისთვის. უფრო კონკრეტულად, ქვემო ქართლის თითო სკოლასთან იმუშავებს 2 ტრენერი (90*2=180). თითო ტრენერი თითო სკოლასთან მუშაობისათვის აიღებს დაუბეგრავ 100 ლარს (80*100=18 000 ლარი). შესაბამისად, თითოეული ტრენერის ნეტი ანაზღაურება (დაბეგრილი ჰონორარი)  ერთ სკოლაზე იქნება 80 ლარი. ამ თანხაში, ტრენერს ევალება სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, შეხვედრა მასწავლებლებთან, შეხვედრა სკოლის მოსაწავლეებთან, აგრეთვე სამი კონკურსის ჩატარება მოსწავლეთათვის.

ორგანიზაციის მიზანია პროექტის დასრულების შემდეგ:

აზერბაიჯანელი წარმოშობის ახალგაზრდები აღჭურვილები არიან ცოდნით გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე და ადრეულ ქორწინებაზე. 90 სკოლის ადმინისტრაცია, ისევე როგორც მასწავლებლები და მოსწავლეები, გაიცნობენ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემას და მისი პრევენციის შესაძლებლობებს, ასევე ექნებათ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ მსგავსი პრობლემის არსებობისას. სკოლები ინფორმირებულნი იქნებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გათხოვილი გოგონასათვის საშუალო განათლების სრულფასოვანი მიღება. ამასთან, საზოგადოების ცნობიერება ადრეულ ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით გაიზრდება, მათ შორის სატელევიზიო და რადიო გადაცემების საშუალებით.