„საფარის“ ადვოკატების ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ადევნებაზე დამცავი ორდერი გამოსცა


წლების მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, ნინო ა-ს სრულიად უცხო მამაკაცი ჰყავს ადევნებული. ამ გადაუჭრელი პრობლემისგან თავიდან დაღწევის მიზნით, ნინომ დასახმარებლად „საფარს“ მიმართა. უკვე რამდენიმე თვეა, მის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს (ადვოკატირებას და იურიდიულ დახმრებას უწევს).

მოძალადე ახალგაზრდა ქალზე წლებია, რაც ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნინომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს არაერთგზის მიმართა, მსხვერპლის არც ერთ მცდელობას, მიექცია პოლიციის ყურადღება, შედეგი არ მოჰყოლია. ფაქტობრივად, იგი დაუცველი რჩებოდა. მხარდაჭერას იგი მხოლოდ ოჯახის წევრებისგან თუ იღებდა.

„საფარში“ მოსვლამდე, ნინო სისტემატურად იყო უკანონო თვალთვალის, არასასურველი კომუნიკაციის მსხვერპლი. აღნიშნული ვითარება იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და მას აიძულებდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. კერძოდ, იგი გადაადგილდება მხოლოდ მამის თანხლებით, რამდენიმეჯერ შეიცვალა სამსახური და კუთვნილი ტელეფონის ნომრები, საღამოს საათებში სახლიდან ვერ გამოდიოდა და ა .შ.  

„საფარის“ დახმარებით, ნინო ა-მ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ადევნებას. ორგანიზაციის აქტიური ჩარევის შედეგად, პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ ძალადობაზე გენდერული ნიშნით, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის თხოვნა დამცავი ორდერის გაცემის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსში შემოსული ახალი ცნების – ადევნების საფუძველზე, სასამართლო ორდერს იშვიათად გასცემს. სისხლის სამართლის კოდექსში, ცნება „ადევნება“ განსაზღვრულია, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადია.

ორდერის თანახმად, ადევნებულ მამაკაცს მსხვერპლთან 6 თვით ნებისმიერი კომუნიკაცია აეკრძალა. „საფარი“ კვლავაც განაგრძობს მსხვერპლის ინტერესების დაცვას, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში.