ადრეული ქორწინება


საყოველთაოდ მიღებული განმარტებების თანახმად, ტერმინი „ადრეული ქორწინება“ ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს ასახავს, როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორის ასაკი 18 წელზე ნაკლებია. ადრეულ ქორწინებას ხშირად „ბავშვთა ქორწინებას” უწოდებენ. ადრეული ქორწინება მიჩნეულია ზოგადად ადამიანის, კერძოდ კი ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ქორწინებაზე თავისუფალი, გააზრებული და ინფორმირებული თანხმობის გაცემა არ შეუძლიათ.

საქართველოში ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალური იყო და არის ამჟამადაც. სხვა ფაქტორებთან ერთად, იგი გენდერულ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ რეგიონულ ფაქტორებს უკავშირდება. ადრეულ ასაკში ქორწინება მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებული პრობლემა არ არის, საკითხი ბევრად მასშტაბურია და მთელი საზოგადოების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ-კულტურულ პრობლემას ასახავს. ადრეული ქორწინების პრაქტიკის სიმტკიცეს ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენებიც, თითქოს ოჯახის საქმეებში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის მაშინაც კი, როცა კანონი ირღვევა.

მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს და ქალთა დისკრიმინაციის მძლავრი ფაქტორია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება  საერთაშორისო მიდგომებს შეესაბამება, თუმცა სინამდვილეში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. იმის გამო, რომ ადრეული ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული (16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას), არ არსებობს ინფორმაცია დარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვის შესახებ. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ადრეული ქორწინების სტატისტიკის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოში ადრეული ქორწინების პრაქტიკა მკვეთრად განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მშობლების გარიგებით ქორწინება უფრო გავრცელებულია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით რეგიონებში. სხვა მიზეზებს შორისაა ამ ჯგუფების წარმომადგენელთა არასათანადო ინტეგრაცია ფართო საზოგადოებაში. ბევრი გოგონა ქართულ ენას სათანადოდ არ ფლობს, რაც უფრო აღრმავებს მათ იზოლაციას და არ უტოვებს მათ ფართო არჩევანს განათლების მიღების, კარიერაზე ზრუნვისა და პროფესიული წინსვლის მხრივ. ადრეული ქორწინების პრაქტიკის სიმტკიცეს ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენებიც, თითქოს ოჯახის საქმეებში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის მაშინაც კი, როცა კანონი ირღვევა.

გარდა ამისა, ადრეული ქორწინების ცნება შეუსაბამობაში მოდის ადგილობრივ კანონმდებლობასთან. არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვან გოგონას გათხოვებას ოჯახი (მშობლები, ოჯახის მამრობითი სქესის წევრები) აიძულებს. ამ მანკიერი მოვლენის აღმოსაფხვრელად, 2015 წლის 1 აპრილიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 1501 მუხლი („ქორწინების იძულება“) დაემატა.

ადრეული ქორწინების პრობლემა 2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია. სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც,  2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე,  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა. განათლების შეწყვეტის შემთხვევები ქვემო ქართლის რეგიონში განსაკუთრებით მაღალია.

ადრეული ქორწინების სოციალური და ეკონომიკური შედეგები

პირი, რომელიც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს, ამისთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებული უნდა იყოს. იგი კარგად უნდა ერკვეოდეს ოჯახის რაობაში, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილების რისკი და შედეგები. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება კარგად უნდა იყოს აწონ-დაწონილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეფუძნებოდეს უეცარ, ემოციაზე დამყარებულ სურვილს.  ოჯახი რამდენიმე ადამიანის ერთობლივი ცხოვრებაა, მათ შორის არა მხოლოდ პარტნიორთან ცხოვრების დაგეგმვა, არამედ ბავშვებზე აღებული დიდი პასუხისმგებლობაც.

ნაადრევ ქორწინება ქორწინებაში მყოფი პირებისთვის, განსაკუთრებით ქალისთვის, თითქმის ყოველთვის შეიცავს სოციალურ-ეკონომიკურ საფრთხეებს, რომელთანაც სრულფასოვანი გამკლავება ოჯახს არ ძალუძს. თუ ოჯახის ნაადრევ ასაკში შექმნასთან დაკავშირებულ რისკებს გავაანალიზებთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს აღმოვაჩენთ:

  • შეფერხება განათლების მიღების საქმეში

ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდებისთვის ოჯახი სწავლის გაგრძელების საკითხში დიდ ბარიერად იქცევა. ორივე პარტნიორი იძულებულია, სწავლის პროცესი ან შეკვეცილი ფორმით გააგრძელოს, ანდა სულაც შეწყვიტოს. უმაღლესი განათლების მიღების შანსი ამ შემთხვევაში სულ უფრო და უფრო მცირდება, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პრაქტიკულად ისპობა, რადგან პარტნიორები იძულებულნი არიან, მიმდინარე ცხოვრებისეულ საკითხებს გაუმკლავდნენ. ამ შემთხვევაში, საკუთარი უკეთესი მომავლისთვის და სწავლისთვის განკუთვნილი რესურსი მიმდინარე პრობლემების მოგვარებას ხმარდება.

  • შემოსავლის პრობლემა

იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებულ მოზარდებს სტაბილური და შემოსავლიანი სამსახურის შოვნა არ შეუძლიათ (ამის მიზეზია მათი პროფესიული უნარ-ჩვევების არარსებობა და მიღებული განათლების არასაკმარისობა), ისინი მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. მათი შემოსავალი მწირი და არასტაბილურია, ზოგჯერ კი ორივე პარტნიორი უმუშევარია. ელემენტარული საარსებო პირობების დაუკმაყოფილებლობა, მუდმივად სხვაზე (ძირითადად მშობლებზე) ეკონომიკური დამოკიდებულების გაუსაძლისი ტვირთი ახალგაზრდა ოჯახებს ხშირად გადაულახავი ფსიქოემოციური პრობლემების წინაშე აყენებს. ბავშვის ან საკუთარი თავის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა წყვილში განხეთქილებას და მუდმივი კონფლიქტის საფუძველს წარმოშობს.

  • ღირებულებათა გადაფასება

იმ ადრეულ ასაკში, როდესაც კონკრეტული პერსონები დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებენ, მათი ფსიქო-სოციალური ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მომავალში ხშირ შემთხვევაში ეცვლებათ ღირებულებითი ორიენტირი, შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, გემოვნება, მისწრაფებები, ინტერესები. ამგვარი აცდენები წყვილს შორის ხშირად ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. რასაკვირველია, განქორწინების მაჩვენებელი ზრდასრული ადამიანებისგან შემდგარ წყვილებს შორისაც არსებობს, თუმცა სტატისტიკა გვეუბნება, რომ საქართველოში განქორწინებათა რიცხვის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებზე მოდის.

  • სამედიცინო საფრთხე

გარდა ფსიქო-სოციალური პრობლემებისა, ჯანმრთელობის მხრივ რეალური საფრთხე ექმნებათ ადრეულ ქორწინებაში მყოფ გოგონებს, რომელთა ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაში იმყოფება და სრულად არ არის მომწიფებული სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტებისა და ამ ყველაფრის თანმხლები ბევრი ქალური დაავადებისთვის. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წლიური ანგარიშის თანახმად („დედობა ბავშვობაში“ 2013 წ), განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს, რომელთა შორის ორ მილიონს 14 წლამდეც კი არ მოუღწევია. ასევე, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 მოზარდი გოგონა კვდება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, არაუსაფრთხოდ ჩატარებული აბორტები კი 3,2 მილიონ მოზარდზე მოდის.