ალა პარუნოვა, ფემინისტური დღიურები


ფრუსტრირებული ფემინისტის ჩანაწერი

როდესაც დღიურის წერა  დავიწყე, მინდოდა დამეწერა ლამაზი ისტორია იმის შესახებ, თუ „როგორ გავხდი ფემინისტი“, როგორ წავიკითხე ელფრიდე იელინეკის რომანი „საყვარლები“ და როგორ გავიაზრე ის, რომ მეც ვიჩაგრები, როგორც ქალი, როგორ დავინახე მის მთავარ გმირებში ჩემი და სხვა გოგონებისა თუ ქალების სახე, ხოლო მთლიან სურათში –  საქართველოს სიტუაცია. შემდგომ, როგორ გავიარე ღირებულებებისა  და პატრიარქალური თუ მიზოგინიური დამოკიდებულებების გადააზრების ხანგრძლივი პროცესი და ბოლოს, როგორ ჩავერთე აქტივიზმში, როგორ ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ხმა მივაწვდინო საზოგადოებას და ზოგადად როგორ ვიბრძვი ცვლილებებისთვის. ასევე, მინდოდა, მეხსენებინა, როგორ გამაძლიერა ფემინიზმმა ინდივიდუალურად, როგორ შემცვალა და  როგორ მიჩვენა ცხოვრების ახალი პერსპექტივა. ყველაფერი მართლაც ასე იყო. თუმცა, ცხოვრება და მით უმეტეს კაპიტალისტურ და პატრიარქალურ სისტემაში მცხოვრები არაჰეტეროსექსუალი, სომეხი, დაბალი კლასის წარმომადგენელი ქალის ცხოვრება ვერ იქნება ლამაზი, პრიალა და იდეალური.

წინასწარ დავწერ, რომ ეს არ არის გაბრაზებული ფემინისტის ანდა ძლიერი და ემანსიპირებული ქალის დღიური. ეს ჩანაწერი უფრო ფრუსტრირებული და დაღლილი ფემინისტის დღიურად შეიძლება ჩაითვალოს, ფემინისტის, რომელიც ცდილობს, გამოსავალი იპოვოს იმ მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც ახლა, როგორც აქტივიზმი, ასევე მთლიანად ქვეყანა იმყოფება. აქვე დავძენ, რომ ეს დღიური ვერ გამოდგება ინსპირაციისთვის, ამიტომ თუ ამ ნაწერს შთაგონებისთვის კითხულობ, მაშინ აქვე შეწყვიტე კითხვა, იმიტომ რომ ყველაზე შთამაგონებელი ნაწილი აქ წყდება.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფრუსტრაცია არ არის გამოწვეული თავად ფემინიზმით. ფემინისტური იდეები და ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე  განვსაზღვრავ, როგორია ჩემი ფემინისტური ხედვა. ხაზი უნდა გავუსვა, რომ პრობლემებს განყენებულად არ ვუყურებ და გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთადერთ საშუალებას ყველანაირი ჩაგვრის აღმოფხვრაში ვხედავ. ეს კი, თავის მხრივ, პატრიარქატისა და კაპიტალიზმის მოჯადოებული წრის გარღვევასა და სრულ გაცამტვერებას გულისხმობს. ეს მიზანი შეიძლება ცოტა სასაცილოდ და ინფანტილურადაც ჟღერდეს და დიდი და მიუღწევადი მოგვეჩვენოს, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ეს არ ცვლის ბრძოლისა და წინააღმდეგობის მნიშვნელობას. რაც შეეხება იმედგაცრუებას, იგი გამოწვეულია არა ფემინისტური იდეებისადმი სკეპტიციზმით, არამედ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობითა და იმ სიტუაციით, სადაც აქტივისტებს გვიწევს  ემოციური თუ დროითი რესურსის ჩადება.

უფრო რომ დავაკონკრეტო, დღეს საქართველოში ძალაუფლება ელიტების ხელშია, რაც ნათლად დაგვანახა [2017 წლის ოქტომბრის] თვითმმართველობის არჩევნებმა. ქვეყანაში, სადაც ადამიანთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, სადაც სიბერეში ადამიანს მხოლოდ ოჯახის იმედით უწევს ცხოვრება, რადგან პენსიის თანხა თვიდან თვემდე ვერ შველის საცხოვრებლად, სადაც გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ და შესაბამისად, უსპობენ ყველანაირი ეკონომიკური თუ პიროვნული დამოუკიდებლობის შესაძლებლობას, სადაც არაჰეტეროსექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს ოჯახები ქუჩაში აგდებენ მათი სექსუალობის თუ გენდერის გამო და მათ საარსებო ყველანაირ წყაროს უსპობენ, სადაც… ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ის არის, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე არ არსებობს მემარცხენე იდეების მქონე არც ერთი პარტია. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი დაკომპლექტებულია მსხვილი ბიზნესების მქონე, ან ასეთების მფარველობის ქვეშ მყოფი პარტიებით. და ბოლოს, ეს მსხვილი პოლიტიკური სუბიექტები, ძალიან კარგად ახერხებენ რესურსების გამოყენებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას თუ შენარჩუნებას.

მეორე მხრივ, საქართველოში არსებული აქტივისტური ჯგუფების მუშაობა დანაწევრებული და ფრაგმენტულია. ფემინისტური და მემარცხენე ჯგუფები ვერ ახდენენ საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებას და შესაბამისად, ის ძალისხმევა, რომელიც ცალკეული აქტივისტებისა თუ აქტივისტთა ჯგუფების მიერ იხარჯება, ვერ აღწევს მიზანს.

ასეთი სიტუაციის ფონზე, მსურს, განვიხილო საქართველოში არსებული ფემინისტური ბრძოლა და იმ მიღწევებზე, გამოწვევებსა თუ კრიზისებზე ვისაუბრო, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მთავარი კითხვები, რომელზეც ვეცდები, რომ პასუხი გავცე, არის: როგორ განვითარდა ფემინისტური ბრძოლა საქართველოში და რა დადებითი თუ უარყოფითი თვისებები ახასიათებს მას? რას მივაღწიეთ და რატომ აღმოვჩნდით კრიზისულ მდგომარეობაში? და ბოლოს, ასევე ვეცდები ვილაპარაკო იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს  სიტუაციის შესაცვლელად.

ფემინისტური ბრძოლა

საქართველოში არსებულ მოძრაობებსა და აქტივისტურ ჯგუფებს პირობითად სამ ნაწილად დავყოფ: ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფები/მოძრაობა, ლგბტ ორგანიზაციები და მემარცხენე პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფები. ჩემი ღრმა რწმენით. ამ სამი მოძრაობისა თუ თემის გარშემო არსებული ბრძოლა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შესაბამისად, მათი მიზნებიც და ბრძოლაც ერთმანეთთან გადაჯაჭვული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ჩაგვრის კატეგორიებს შორის პრიორიტეტების დაყენება არასწორად მიმაჩნია, ამავე დროს, ყველა ის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ეს მოძრაობები ვიბრძვით, ურთიერთდაკავშირებულია და ისეთი ჩაგვრის სისტემების პირმშოა, როგორიცაა პატრიარქატი და კაპიტალიზმი. მიუხედავად ამისა, ეს სამი მოძრაობა დღესდღეობით სხვადასხვა პრობლემების გარშემოა გაერთიანებული და მათ პრობლემების სისტემური ანალიზი აკლიათ. აქ ყურადღებას უფრო პირველ ორ მოძრაობაზე გავამახვილებ და პირობითად ფემინისტური ბრძოლის სახელის ქვეშ გავაერთიანებ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ქალთა უფლებებზე საუბარი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაეყარა საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩართული ქალები უმეტესწილად არ ახდენდნენ თავისი თავის ფემინისტებად იდენტიფიცირებას, მათ საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვა ტიპები. მათი შრომის შედეგად, 2006 წელს, მიღებულ იქნა კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, ხოლო 2010 წელს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონების ყოველდღიური გამოყენება და ძალადობის პრევენცია ძალიან გაჭირდა საქართველოში, მაინც მათი მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იყო ამ თემებზე საუბრის დაწყებისა და დაძლევის პროცესში.

2010 წლიდან, საქართველოში უკვე რადიკალური ფემინისტური ჯგუფების ჩამოყალიბება ხდება. ამ დროს, აქტივისტები უკვე ღიად საუბრობენ ფემინიზმზე. ფემინისტური ბრძოლის დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალის სექსუალობა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, კულტურული ჩაგვრა და ა.შ. ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა, რომელიც პოსტსაბჭოტა პერიოდის პირველი აქტივისტური და ღიად ფემინისტური ჯგუფია, მოახერხა ის, რომ ხმამაღლა დაეფიქსირებინა ფემინისტური დღის წესრიგი და წინ წამოეწია უამრავი პრობლემური საკითხი.

ბოლო წლებში, ფემინისტური ბრძოლა გამრავალფეროვნდა. მისი მასშტაბებიც გაიზარდა. უკვე მხოლოდ ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი არ არის ის, ვინც აჟღერებს ფემინისტურ იდეებს. „ქალთა მოძრაობა“, რომელსაც საფუძველი 2015 წლის 25 ნოემბერს ჩაეყარა, მას შემდეგ, რაც ფემიციდის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, – ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოძრაობად იქცა. ამასთანავე, მასში ჩართული ქალების ხმა იმაზე უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ამ მოძრაობის დღის წესრიგი მკაცრად ლიბერალური ფემინიზმით შემოიფარგლება, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ მოძრაობამ შეძლო და პოლიტიკურ დღის წესრიგში ხმამაღლა გააჟღერა ქალთა პრობლემები – უკვე პოზიტიური შედეგი მგონია.

ამავე დროს, ბოლო წლებში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება სხვადასხვა ფემინისტური მიდგომები. ამ ტენდენციას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეები ერთდროულად მოყვება. ფემინიზმი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ერთსახოვანი. ფემინისტური კრიტიკის გაჟღერება ამრავალფეროვნებს და უფრო ინტერსექციულს ხდის არსებულ ფემინისტურ ბრძოლას. თუმცა, თავის მხრივ, ეს კრიტიკა ხშირად ვერ გვთავაზობს არსებული ლიბერალური ფემინიზმის ძლიერ ალტერნატივას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელიც თავისი სტრატეგიებით, მიზნებითა და ბრძოლის მეთოდებით გამოირჩევა. ის ადამიანები თუ მცირე ჯგუფები, რომლის იდეოლოგია არ ემთხვევა არსებულ მოძრაობას, ვერ ვახერხებთ ძალების მობილიზაციას და ახალი, ალტერნატიული დისკურსის შექმნას.

რაც შეეხება ლგბტ აქტივიზმსა და მოძრაობას, იგი დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებული რჩება და ქალთა მოძრაობისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მისი არაფორმალურ აქტივიზმში გადატანა და არაფორმალური ჯგუფების ორგანიზება. ეს, თავის მხრივ, გამოწვეულია იმ საჭიროებებით, რომლის წინაშეც ლგბტ თემის წევრები დგანან. უმეტესწილად, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები თემის წევრებს აწვდიან სერვისებს და მათი უფლებების ადვოკატირებით არიან დაკავებულნი. ამ თემაზე მუშაობას ორმაგად ამწვავებს ის ჰომოფობიური დისკურსები, რომელმაც ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს რეალობაში და ის ძალადობრივი გარემო, რომელშიც არაჰეტეროსექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს გვიწევს ცხოვრება.

მიუხედავად იმ საფუძვლიანი კრიტიკისა, რომელიც ბევრ ფემინისტს გაგვაჩნია, დღესდღეობით ქალთა და ფემინისტური ჯგუფების აქტიურობამ ბევრი ცვლილება მოუტანა საზოგადოებას. ამის აღიარება, დანახვა და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც ქალებს შეგვიძლია ორგანიზება სექსიზმის და მიზოგინიის წინააღმდეგ. არც ერთი საჯაროდ გამოხატული სექსისტური გამოსვლა არ რჩება ყურადღების გარეშე, რაც ყველა იმ ქალის შრომის შედეგია, რომლებიც ფემინისტურ ბრძოლაში იყვნენ და დღემდე არიან ჩართულები. მიუხედავად ყველა განსხვავებისა არსებულ ჯგუფებს შორის, სოლიდარობის შეგრძნება ძალიან მაღალია.

ამავე დროს, არსებულმა ჯგუფებმა იმდენი შეძლეს, რომ ფემინისტების ხმა გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიაწვდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ იკვებება მიზოგონიით, ჰომოფობიითა და ტრანსფობიით,  ქალთა და ლგბტ ორგანიზაციების წყალობით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ პროტესტი ყოველთვის მკაფიო და ხმამაღალი იქნება.

პრობლემები და გამოწვევები

მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, ფემინისტურ ბრძოლას უამრავი პრობლემა და გამოწვევა აქვს. ერთ-ერთი პრობლემა, რის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ ფემინისტურმა ბრძოლამ რეაქციული ხასიათი მიიღო. თავისთავად, ეს ცუდი არ არის, თუმცა მთლიანი აქტივიზმის რეაქციონერობაზე დაყრდნობა დიდ პრობლემად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ორგანიზაცია თუ ჯგუფი მუშაობს ამ თემებზე, განსაკუთრებით არაფორმალურმა ჯგუფებმა, ვერ მივაღწიეთ განვითარებისა და აქტივიზმის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. ჩვენი აქტივიზმი შემოიფარგლება ან არსებული კონკრეტული მოვლენის კრიტიკითა და მასთან დაკავშირებული რაიმე აქტივობით, ანდა კონკრეტული დღეების აღნიშვნით. მაგალითად, ლგბტ აქტივიზმი, როგორც წესი, იქმნება და იწარმოება 17 მაისიდან 17 მაისამდე, მაშინ, როდესაც ამ შუალედში აქტივისტები ვერ ვახერხებთ სტრატეგიულ მუშაობას სამომავლო გეგმებზე.

მეორე მხრივ, აქტივიზმის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირება და დიდწილად არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირებით შემოფარგვლა დიდ პრობლემებს ქმნის იმ  უნიკალური კონტექსტის გააზრებაში, რაც დღეს საქართველოს რეალობისთვისაა დამახასიათებელი. ეს იწვევს იმას, რომ ორგანიზაციები უცხოური დონორისგან ნაკარნახევ დღის წესრიგს ქმნიან, რომელიც, როგორც წესი, სრულფასოვნად ვერ პასუხობს საქართველოში არსებულ რეალობას, ვერ ქმნის წინააღმდეგობის ისეთ ფორმებსა თუ შინაარსებს, რომელიც ავთენტური იქნება საქართველოს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრებისთვის.

მოძრაობები, რომლებიც დასავლეთში იქმნებოდა და ვითარდებოდა, უდავოდ ძალიან შთამაგონებელია და დიდი შედეგების მომტანიც არის. თუმცა, მათი ქართულ რეალობაში გადმოტანა და ცვლილებების „ზემოდან ქვემოთ“ განხორციელება რეალური შედეგებს არ იწვევს. ისეთი კანონები, როგორიც ანტიდისკრიმინაციული კანონია, ოჯახში ძალადობის შესახებ ანდა კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მათ, როგორც წესი, არ აქვთ ის მექანიზმები, რომლებიც მათ პირწმინდად შესრულებას განაპირობებდა. პოლიციის ძალადობრივი ხასიათი და საზოგადოების ფემინისტურ ბრძოლასთან გაუცხოება არის ის ფაქტორები, რატომაც ეს კანონები არ მუშაობს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ქვევიდან წამოსული აქტივიზმის წარმოება, მეტი ადამიანის ჩართვა ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში და აქტივიზმის იერარქიული ხასიათის ცვლილება.

ამავე დროს, ფემინისტური ჯგუფებისა და ზოგადად საქართველოში წარმოებული აქტივიზმის წინაშე დგას კომუნიკაციის პრობლემა. როგორც წესი, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ აქტივიზმში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და ორგანიზდეს, ძირითადად, ვერ ვახერხებთ ადამიანების დაინტერესებას ჩვენი მუშაობით. ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი ხმარდება შიდა ჯგუფურ კომუნიკაციას, რაც  ეფექტური არ არის, რადგანაც მაინც ვერ ვახერხებთ ბრძოლების გაერთიანებას, ანდა გადაკვეთის წერტილის პოვნას. ხოლო, მეორე მხრივ, კომუნიკაციის ის ენა, რომელსაც ვიყენებთ, ძალიან ხშირად უცხო და არაფრისმთქმელია იმ ადამიანებისთვის, ვის დაინტერესებასაც ვცდილობთ. აქედან გამომდინარე, იქმნება ადამიანთა ერთგვარი დახურული ჯგუფი, რომელიც ვერ აწვდენს საკუთარ ხმას დანარჩენ საზოგადოებას და მხოლოდ ამ წრეში ახერხებს ცვლილებისთვის ბრძოლას.

და ბოლოს, ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც ახლა ფემინისტი აქტივისტები ვდგავართ, არის გადაღლა, გადაწვა და ფრუსტრაცია. რასაკვირველია, ეს შესაძლოა ცალკეული ინდივიდების პრობლემად აღვიქვათ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს კოლექტიური პრობლემაა. ეს მდგომარეობა ნაწილობრივ  ყველა იმ ასპექტითაა გამოწვეული, რომლებიც ზემოთ მაქვს ჩამოთვლილი და ნაწილობრივ, ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაციითაც. ფემინისტი აქტივისტების უმრავლესობას გვიწევს სამუშაოსა და აქტივიზმის ერთმანეთთან შეთავსება. როდესაც სოციალური პრობლემები მწვავედ დგას ყოველი ადამიანის წინაშე, ანაზღაურებადი სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, აქტივიზმში ჩართულობა თავის წილ დროით და ემოციურ რესურსს მოითხოვს. ამ ორის კომბინაციით კი ვიღებთ ადამიანს, რომლის სამუშაო საათები მის მთლიან დღეს იკავებს და შაბათ-კვირას დასვენების მცირე პერსპექტივაც კი არ გააჩნია.

გარდა ამისა, ყოველდღიური სექსიზმი და ჰომოფობია, არამარტო ამწვავებს, არამედ გაუსაძლისს ხდის ამ სიტუაციას. ცხოვრების ყველა ეტაპზე, ჩვენ გვიწევს ძალადობის გამოვლინებებთან ბრძოლა და თავდაცვის მეთოდების დახვეწა. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით იმ სიძულვილს და ტოტალურ დეჰუმანიზაციას, რომელიც სოციალური ქსელებიდან თუ სხვა მედიასაშუალებებიდან ანთხევენ ჩვენზე, და ყოველდღიურად, თვითონ თანამოაზრეთა წრეებშიც კი გვიწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ქმნის ერთგვარ ტოტალურ სივრცეს, სადაც დასვენება და არსებული პრობლემებისგან დისტანცირება შეუძლებელი ხდება.

აქედან გამომდინარე, დღესდღეობით არსებული ფემინისტური ბრძოლა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას. სტრატეგიული ხედვების სიმწირე არაფორმალურ ჯგუფებში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ბრძოლის კონცეფციები, კომუნიკაციისა და მობილიზაციის პრობლემები, რომლის გადაწყვეტას წლების განმავლობაში არაერთი აქტივისტი ცდილობს და ბოლოს, პატრიარქალური და კაპიტალისტური სივრცეების ყოვლისმომცველი ხასიათი და გადამწვარი აქტივისტების დიდი რაოდენობა, არის ის მთავარი პრობლემები, რომლის წინაშეც ვდგავართ.

გამოსავალი             

მიუხედავად ასეთი აპოკალიპტური სურათის დახატვისა, მჯერა, რომ ნებისმიერი კრიზისი, ძალების მობილიზების, არსებული სიტუაციის გადააზრებისა და გამოსავლის მოძებნის საწინდარია. რასაკვირველია, არ მაქვს ცალსახა პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული რეალობა. ეს, ალბათ, მასშტაბური მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ფემინისტი აქტივისტების წრეში. თუმცაღა, რამდენიმე შესაძლო გზა ამ სიტუაციის შესაცვლელად ალბათ მაინც არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ უნდა მივმართოთ ორგანიზების ახალ მეთოდებს. ორგანიზების ქაოტური მეთოდები, რომელსაც აქამდე ვიყენებდით, აღარ გვაძლევს სასურველ შედეგს, უნდა მოხდეს იდეოლოგიის გარშემო გაერთიანება და სტრატეგიების დასახვა, არსებული სიტუაციის შესაცვლელად. სამწუხაროდ, აქტივიზმის დანაწევრების, მისი ქალთა, ლგბტ და მემარცხენე აქტივიზმებად დაყოფა გვაშორებს იმ რეალურ მიზნებს, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ახალი ჯგუფის ანდა ჯგუფების შექმნა, რომლებიც აწარმოებენ ახალ დისკურსს იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, გადაიაზრებენ ბრძოლის არსებულ მეთოდებს და ქვემოდან წამოსული აქტივიზმის ნიმუშებს გვიჩვენებენ.

მეორე მხრივ, კიდევ ერთ გამოსავლად მიმაჩნია აქტივისტური ჯგუფების დახურული წრის გარღვევა. ალბათ,  ჩვენი ენერგია აქტიურად უნდა მივმართოთ იმ ცოდნების გაზიარებაზე, რაც გაგვაჩნია, რათა გავარღვიოთ ეს წრე და მეტი თანამოაზრე შემოვიერთოთ იმ ბრძოლაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

და ბოლოს, ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება შევცვალოთ გადაწვისა და ტოტალური გადაღლის ის მანკიერი სივრცე, რომელშიც ვარსებობთ. თუმცაღა, ამ პერიოდის განმავლობაში, ფემინიზმმა ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაინც მასწავლა. არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი თანამოაზრეების მხარდაჭერა. კრიტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მეორე ადამიანის ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამიტომ, კონსტრუქციული დიალოგის დაწყება და ფემინისტების მიერ ერთმანეთის ემოციური მხარდაჭერა ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად მიმაჩნია.

ასევე მწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი კაპიტალისტური ლოგიკის შეცვლა, რომელიც ჩვენგან პროდუქტიულობას, შედეგის მიღწევასა და წარმატებულობას მოითხოვს. ფემინისტური ბრძოლა დღეს არ დაწყებულა და მას ხვალ ვერ დავასრულებთ. ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ყველანი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვდებთ რესურსს. ამიტომაც, უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთისგან შეუძლებლის მოთხოვნა და პროცესზე ვორიენტირდეთ.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, დასვენების ახალი და რადიკალური კულტის შექმნა. იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, დასვენების მოთხოვნა ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფემინისტური აქტი მგონია.