პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ წარმატებით დაიხურა


გუშინ, 28 ნოემბერს, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ შეჯამება და დახურვა გაიმართა.

პროექტი, რომელიც კავშირმა “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა, მიზნად ისახავდა ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ქვემო ქართლში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.

შემაჯამებელი ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ჯერ, სასტუმრო „კოპალაში“, პროექტის მხარდამჭერების და პარტნიორების შეხვედრა გაიმართა პროექტის მონაწილე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებთან. განათლების სამისტროს, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ფონდის, გაეროს განვითარების ფონდის, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სკოლებში პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად აღმოჩენილ პრობლემებზე. მალე, ამ საკითხებს „საფარი“ რეკომენდაციების სახით გადასცემს პროექტის ყველა მხარდამჭერსა და პარტნიორს.

ღონისძიების მეორე ნაწილი პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა, სადაც პროექტის მონაწილეებისათვის დიპლომების და კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პირველმა ლედიმ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, ბაია პატარაიამ. კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მალაკ აშიროვამ თავისი ესსე წაიკითხა. პროექტის მონაწილემ ჯეიხუნ ნარზალოვმა პროექტში მიღებულ გამოცდილებებსა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებულმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ოცმა ახალგაზრდამ, ქვემო ქართლის 90 სკოლაში, აზერბაიჯანულ ენაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა უფროსკლასელებისთვის.

შეხვედრები ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას, საკანონმდებლო აქტებსა და არსებული ეროვნული რეფერალური მექანიზმის საკითხებს მოიცავდა. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თემატური კომიქსები. მოსწავლეებს შორის ჩატარდა ესსეების, ნახატებისა და ფოტოკონკურსი.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ნოემბრის თვეში დასრულდა, “საფარი” მოცემულ რეგიონში, მოცემულ საკითხებზე მუშაობას კვლავაც აპირებს.

ფოტომასალა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია