მარი კურტანიძე, ფემინისტური დღიურები


დასაწყისი

ეს ამბავი მანამ დაიწყო, სანამ გავჩნდებოდი…

20 წლის დედაჩემი მოიტაცეს. მოიტაცა რამდენიმე დღის გაცნობილმა ახალგაზრდა კაცმა მაშინ, როცა ის, მესამე კურსის სტუდენტი, დასასველებლად ბორჯომში იყო წასული. დედას სხვა უყვარდა. თუმცა, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, მშობლების რჩევით, ბედს დანებდა და თბილისიდან ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. მალე მეც გავჩნდი…

“ყველა კაცს, ვისაც მხოლოდ გოგოები ჰყავს, ყვერები აქვს დასამტვრევიო” – ხუმრობდა ხოლმე ბაბუა. იმ ფაქტს, რომ მის ვაჟს ორივე გოგო ჰყავდა, იმით ამართლებდა, რომ ჩვენ განსაკუთრებული გოგოები ვიყავით; ხანდახან, თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ჩემი “ახტაჯანა და” “ნამდვილი ბიჭი იყო, უბრალოდ, შემხვევით გამოვიდა გოგო”; მე ნამდვილი ფერია ვიყავი – ჭეშმარიტი ქართველი გოგონა – ნაზი, მშვიდი, წყნარი.

– ჩვენი “გოგოობა” დიდი ტრაგედია არ ყოფილა მომავალი ვაჟიშვილის მოლოდინში. თუმცა, მამა მაშინ გარდამეცვალა, როცა სამი წლის ვიყავი… ეს კი ნამდვილად იყო ტრაგედია, ბევრი მიზეზის გამო… ყველზე ხშირად, მესმოდა წუხილი იმის შესახებ, რომ ძმა არ გვყავდა, ვინც მოგვხედავდა; რომ უმამოდ დავრჩით – უპატრონოდ; რომ მარტოხელა დედისთვის, ორი გოგოს გაზრდა საშინლად რთული იქნებოდა.

– 25 წლის ასაკში დაქვრივებულმა დედაჩემმა ხელი მოგვკიდა, ხაშურიდან გამოიპარა და თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად. მახსოვს, თავიდან სამსახური რომ იშოვა, 60 ლარი ჰქონდა ხელფასი, მალევე მეორე სამსახურში დაიწყო მუშაობა და დღემდე ასეა… ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მისი გოგოები არ დაჩაგრულიყვნენ, ჩვენ ის გზა არ გაგვევლო, რაც მან გაიარა.

დედაჩემი არასდროს ახდენდა თავის იდენტიფიცირებას, როგორც ფემინისტი; ეს მეც საკმაოდ გვიან მოვახერხე, თუმცა, დღემდე ვთვლი, რომ პირველი ფემინისტი, ვინც გავიცანი, დედაჩემი იყო. ვინც დღეს ვარ, მისი დამსახურებაა. გვასწავლიდა, რომ საუკეთესოები უნდა ვყოფილიყავით სკოლაში; გვეუბნებოდა, არ გაპატიებთ, თუ სწავლას მიატოვებთ და უმაღლეს განათლებას არ მიიღებთო; რომ მანამ არ უნდა შეგვექმნა ოჯახი, სანამ საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა არ გვექნებოდა; რომ არასოდეს უნდა ვყოფილიყავით დამოკიდებული ქმარზე, ან ვინმე სხვაზე; რომ მოკლავდა ნებისმიერს, ვინც გაბედავდა და ჩვენზე იძალადებდა. მთელი ცხოვრება წინ მყავდა, მაგალითად, ქალი, რომელმაც მარტომ შეძლო შვილების აღზრდა, განათლების მიცემა; ქალი, რომელმაც საკუთარი შრომით და ცოდნით მიაღწია ყველაფერს; როგორ ვთქვა, გამიმართლა-მეთქი, მაგრამ თუ ამქვეყნად რამეში ან ვინმეში გამიმართლა, ეს დედაა…

დედამ მასწავლა ისიც, რომ არავისთვის უნდა მიმეცა უფლება, დავეჩაგრე. მე ხომ არ მყავდა უფროსი ძმა, ვინც დამიცავდა, ვისაც მოვუყვებოდი, სკოლაში მაწყენინეს-მეთქი და ჩამოვიდოდა “საქმეების გასარჩევად”; ძმა, რომლისაც სხვა ბიჭებს შეეშინდებოდათ, ძმა, რომლის გამოც უფრო პატივისცემით მომექცეოდნენ. ძმა ან ბიძაშვილი, დეიდაშვილი, ვინმე ნათესავი ბიჭი… მე და ჩემს დას მსგავსი არავინ გვყავდა. სწორედ ამიტომ, მთელი ჩემი ცხოვრება სულ იმის დამტკიცების მცდელობა იყო, რომ ვინმე ბიჭი/კაცი დასაცავად არ მჭირდებოდა, რომ ჩემითაც შევძლებდი.

ისევე, როგორც ყველა გოგოს, დაბადებიდან, მეც საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი  პატრიარქატი, გენდერული სტერეოტიპები და მათით ნაწარმოები ჩაგვრის სხვადასხვა ფორმები – სკოლაში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, სკვერში, საჯარო ტრანსპორტში, მიწისქვეშა გადასასვლელში, დღისით თუ ღამით – “ბიჭივით ჭკუა გაქვს – ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი”; “ბიჭივით ნუ იქცევი – გოგო ხარ და მეტი მოთმინება გმართებს”; “ხელსაქმე შენ არ იცი და რა გაგათხოვებს”, “ქმარს როგორ მოუვლი, საშინაო საქმის კეთებაც თუ არ ისწავლე”; “მხოლოდ ჭკუა რაში გამოგადგება”; “სახლში დაბნელებამდე დაბრუნდი – გოგოსთივს ქუჩაში მარტო სიარული საშიშია”; “თუ დაინახე, რო ვინმე აგედევნა, შეირბინე აფთიაქში ან მაღაზიაში, სულ ხელში გეჭიროს ტელეფონი” – ამდევნებიან, გავქცეულვარ, შემიფარებია თავი აფთიაქისთვის, მოუთათუნებიათ ტრაკზე ხელი – ბევრჯერ! ბაზრობაზე, მეტროში; ერთხელ, ავტობუსში, ჩემს სახესთან ახლოს დაანძრია კაცმა; ერთ საღამოს, როცა მე და ჩემი მეგობარი ბახტრიონზე ავდიოდით, ჩახდილი კაცი გამოგვეკიდა – მოდით, ხელი მოგაკიდებინოთ, ამხელა ნანახი არ გექნებათო”, – შემშინებია.. მიტირია… იყო ბევრი სხვაც…

მიუხედავად ამისა, ჩემი ფემინისტური ქამინგ აუთი საკმაოდ გვიან მოხდა. შინაგან პროტესტს, რომელიც მიჩნდებოდა, სახელს ვერ ვარქმევდი. ვხვდებოდი, რომ რეალობა, რომელშიც ვხოვრობდი, უსამართლო და მჩაგვრელი იყო, რომ მე, როგორც გოგოს, უფრო მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა, ვიდრე ჩემსავე მოცემულობაში სხვა ბიჭს, რომ ხშირად სწორედ ბიჭები/კაცები იყვნენ ჩემი პრობლემების სათავე და წყარო. ვხვდებოდი, თუმცა, ალბათ ისევე, როგორც გოგოების უმეტესობა, ამას მოცემულობად, ნორმად ვიღებდი.

ფემინისტურ ქამინგაუთს წინ უსწრებდა ბრძოლის დაწყება ჰომფობიის წინააღმდეგ. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელზე მეტადაც არავინ მიყვარდა, მითხრა, რომ ლესბოსელი იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი. იმ დღეს, ამ სიტყვებით დაანგრია მან სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, სამყარო, რომელიც სოციუმის მიერ ნასაზრდოებ სიძულვილზე იყო ნაშენები. იმ დღის შემდეგ, საკუთარი თავის შენება ხელახლა დავიწყე; იმ დღის შემდეგ, აღარ ვიღებ არაფერს უპირობოდ, კითხვის ნიშნების დასმის გარეშე, ვცდილობ გავარკვიო – ჩემია, მინდა რომ იყოს ჩემი, თუ სოციუმის მიერ არის თავსმოხვეული და უნდა მოვიშორო.

მას შემდეგ, დიდი გზა განვვლე… 10 წელია, გზადაგზა ვანგრევ ჩემში “ჭეშმარიტი ქართველი გოგოს” ხატს. ნელ-ნელა ვამსხვრევ ბორკილებს, ჩარჩოებს და ვთავისუფლდები. არ არის მარტივი, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და ამაში ყველაზე მეტად ის ქალები დამეხმარნენ, რომლებიც გზად შემხვდნენ, თავიანთი გამოცდილებები გამიზიარეს და დამანახეს, რომ ეს შესაძლებელია. ამ წლების განმავლობაში იმასაც მივხვდი, რომ ჩაგვრები, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფები განიცდიან, ერთმანეთთან ძალიან არის გადაჯაჭვული. გავიაზრე, რომ ვერ იქნები ადამიანის უფლებათა დამცველი, აქტივისტი, ფემინისტი თუ ჩაგვრების კოპლექსურობას, მათ შორის კავშირს და გადაკვეთის წერტილებს ვერ ხედავ. მივხვდი, რომ შეუძლებელია, იბრძოდე ერთი ჯგუფის უფლებებისთის, ისე, რომ არ გულშემატკივრობდე და არ გესმოდეს სხვისი ჩაგვრები. საბოლოოდ, ვცდილობ, ის ადამიანი ვიყო, რომელიც თუნდაც მცირედით ამ სამყაროს უკეთესს ხდის. ეს ყველაფერში უნდა გამოიხატებოდეს – არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ასევე ბუნების, ცხოველების, დედამიწის სიყვარულში. სწორედ ამიტომ, ჩემთან ყველაზე ახლოს ვეგეტარიანელი/ვეგან, ქვიარ, ფემინისტი ქალები დგანან.

ფემინისტური დღისწესრიგი/ცვლილება დროში

აქტიურად ფემინისტურ აქტივიზმში 2016 წელს ჩავერთე. მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, კავშირ “საფარში” დავიწყე მუშაობა იურისტად. “საფარს” მრავალმხრივი პროფილი აქვს, შესაბამისად, საშუალება მომეცა, ქალებთან დაკავშირებით მრავალმხრივ მემუშავა – ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული ქორწინება, ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება. მუშაობისას, სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებთ – საშუალება მქონდა, მემუშავა, როგორც მკვლევარს და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტს, ასევე, უშუალო შეხება მქონოდა ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრების და ტრეინინგების ჩატარების დროს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფორმალურ “ნჯო აქტივიზმთან” ერთად, “საფარის” თანამშრომლების უმეტესობა, ასევე ჩართული ვართ არაფორმალურ აქტივიზმში. “ქალთა მოძრაობა” ჩემი ფემინისტური აქტივობებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. ეს არის დღემდე არსებული ყველაზე დიდი ჯგუფი. იგი აერთიანებს იმ ქალებს, რომლებსაც ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ქალთა მოძრაობის კარი ღიაა ყველა იმ ქალისთვის, ვისაც ქალების უფლებები აინტერესებს, მათთვისაც კი, ვინც ჯერ საკუთარი თავის ინდენტიფიცირებას ფემინისტად ვერ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მომისმენია კრიტიკა ამ ჯგუფის მიმართ, მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ბაზისის/ღერძის არარსებობის გამო, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს მისი დადებითი მახასიათებელიც კი იყოს. ქალთა მოძრაობა იქცა იმ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ცოდნებისა და შეხედულებების ქალებს, მისი ეს მრავალფეროვნება ქალებს უადვილებს ერთმანეთთან ახლოს მოსვლას და ზედმეტ ბარიერებს არ ქმნის. ამასთან, ჯგუფი შეიქმნა იმ მიზნით, რომ ყოფილიყო სახალხო და საყოველთაო, იმისთვის, რათა მარტივი და გასაგები ენით მიეტანა სათქმელი ქალებამდე და გაეადვილებინა მათთვის მოძრაობაში შემოერთება. ქალთა მოძრაობის აქტივობებში ჩართვისას, ჩემი არაფორმალური ფემინისტური აქტივობებიც თავდაპირველად ამ მიმართულებით წარიმართა. ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც ვგეგმავდით აქტივობებს, იყო ოჯახში ძალადობა, ფემიმიციდი და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება; უკვე შემდეგომში, ქალთა მოძრაობამ გადაწყვიტა, შრომითი საკითხები წამოეწია წინ და 1 მაისის საჯარო აქცია დააორგანიზა ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. წელს, 25 ნოემბრის თემად სექსუალური შევიწროება ავირჩიეთ და მზადებაც დაწყებულია.

ქალთა მოძრაობის გარდა, ჩემი აქტივიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქვიარ ფართების სერიას – HOROOM (ხორუმს) უკავშირდება. HOROOM-ი ქართული ლგბტ აქტივიზმის ყველზე კრიზისული პერიოდის პირმშოა – იმ პერიოდის, როცა გაირკვა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ლგბტქი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემის წევრებისთვის განკუთვნილ თანხას იპარავდა, თავშესაფრის ნაცვლად, რომელიც ლგბტქი ადამიანებისთვის უნდა აშენებულიყო, მან კერძო სახლი შეიძინა პირად საკუთრებაში. ეს ამბავი ბევრი აქტივისტისთვის ტრაგედიად იქცა, დაგვანახა ჩვენი უსუსურობა და თითქმის დაგვაკარგვინა ნჯო აქტივიზმის რწმენა. მივხვდით, რომ აუცილებელი იყო, ამ კრიზისის ფონზე რაღაც ახლის დაწყება. ასე შეიქმნა დამოუკიდებელ ქვიარ აქტივისტთა საინიციატივო ჯგუფი. რამდენიმეთვიანი სისტემატური შეხვედრების შემდეგ, ჯგუფი შეთანხმდა, რომ დრო იყო, გვეფიქრა სრულიად ახლებურ ინიციატივაზე, ინიციატივაზე, რომელიც აქტივიზმს გაიტანდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფარგლებს გარეთ, უარყოფდა დამკვიდრებულ მეთოდებს და კონცენტრირდებოდა თემის წევრების გაძლიერებაზე, მათთვის უსაფრთხო გასართობი სივრცის შექმნით. სწორედ ამ დროს შედგა კლუბი BASSIANI-ის და აქტივისტთა საინიციატივო ჯგუფის კოლაბორაცია, რომლის შედეგადაც, უკვე წელიწადნახევარია, რეგულარულად იმართება HOROOM ღამეები.

HOROOM თავიდანვე განისაზღვრა, როგორც ქვიარ ფემინისტური ინიციატივა. ვცდილობდით, HOROOM-ის სივრცე ღია, უსაფრთხო და მეგობრული ყოფილიყო განსხვავებული იდენტობის ადამიანებისთვის; რომ ყველას ეგრძნო თავი კომფორტულად და თავისუფლად თვითგამოხატვისას. ჩვენი მცდელობების მიუხედავად – მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო სივრცე, HOROOM-მა, ასევე, წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ქვიარ საზოგადოებაში, და არა მხოლოდ, ქალების წარმომადგენლობას და მათ ხილვადობას უკავშირდება. ამან დაგვანახა, რომ კაცები გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს თავიან სექსუალობასთან, სხეულთან მიმართებაში და უფრო მეტად ექსპრესიულები არიან, მაშინ, როცა ქალებს ბევრი ბარიერის გამო უჭირთ გათავისუფლება. ის, რომ გასართობ ქვიარ სივრცეებშიც კი კაცები დომინირებენ, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია, რომელსაც აქვს თავისი ობიექტური განმაპირობებელი ფაქტორები და საჭიროებს ქვიარ ფემინისტი ქალების მხრიდან მეტ ყურადღებას. სწორედ ამიტომ, HOROOM-ის ფარგლებში დღემდე ვებრძვით slut shaming-ს, ვცდილობთ, წინ წამოვწიოთ სექსუალურად თავისუფალი, ძლიერი ქალის სახე; ხელი შევუწყოთ სილამაზის სტანდარტების მსხვრევას და სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გაჩენას, განსაკუთრებით ქალებში, რადგან სილამაზის სტანდარტები არაპროპორციულად სწორედ ქალებს აწვებათ.

ქალების სექსუალობის და სხეულთან დამოკიდებულების თემა ჩემი ფემინისტური ბრძოლის ის ნაწილია, რომელიც უნებურად და დაუგეგმავად სოლო აქტივიზმად გარდაიქმნა ჩემს ცხოვრებაში და არც ერთ ჯგუფთან ურთიერთობას არ უკავშირდება. პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა 2017 წლის 8 მარტს საჯაროდ გამოვედი სიტყვით სილამაზის სტანდარტების შესახებ. უცნობი პირის მიერ გადაღებული ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა – სამწუხაროდ და არც ისე მოულოდნელად – ნეგატიური. მეორე დიდი ტალღა ჩემი თმიანი იღლიის სურათს უკავშირებდება, რომელიც facebook-ზე საჯაროდ გამოვაქვეყნე. ამ მოვლენებმა ცალსახად გამოიწვიეს ჩემი მარგინალიზება სოციუმში და ფართო მასებში. სილამაზის სტანდარტების თემასთან დაკავშირებით კამათი მომივიდა რამდენიმე აქტივისტთანაც მაშინ, როცა მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს თემა “არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი”, რომ დღის წესრიგი სხვა თემებს უნდა ეკავოს, რომ სილამაზის სტანდარტები “საშუალო და მაღალი კლასის ქალების პრობლემაა”. მიუხედავად იმისა, რომ ვახერხებ, ვიწრო წრეებში კამათისას ავხსნა და თვალსაჩინო გავხადო ამ მოსაზრებების სიმცდარე, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ მოხერხდა ამ თემაზე სერიოზული მუშაობის დაწყება. პრობლემა არსებობს, მისი წამოწევა შესაძლებელია, თუმცა იმისთვის, რომ ამ თემაზე ხუმრობა და ქილიკი დასრულდეს, საჭიროა უფრო სისტემური მუშაობა, საზოგადოებას პასუხად უნდა დავახვედროთ სტატიები, აკადემიური ნაშრომები, რომლებიც არგუმენტირებული მსჯელობით ახსნიან პრობლემის რეალურ არსს.

ჩემი მთავარი მიზანი შევასრულე – მოხდა საზოგადოების თვითლუსტრაცია, წარმოჩინდა პრობლემის მასშტაბები და სიმძიმე. მთელი ერი ჩემი იღლიის გარშემო გაერთიანდა შეურაცხყოფის მოსაყენებლად და დასამცირებლად – როგორ გავბედე და იღლიაში თმა გავიზარდე, და, ყველაზე მთავარი – ეს გავასაჯაროვე. ამ ფაქტმა ნათელი გახადა სოციუმის მხრიდან ქალის სხეულზე დაწესებული კონტროლის ხარისხი – ჩვენ ჩვენი ბეწვის სიგრძესაც სოციუმი გვიწყვეტს, გვაიძულებს, გამუდმებით ვისწრაფოდეთ დაწესებული სტანდარტებისკენ. კულტურა ხომ ქალებისგან უმთავრესად და ხშირად მხოლოდ გარეგნობას და სილამაზეს მოითხოვს; ქალი აღქმულია, როგორც სამკაული და ატრიბუტი, რომლის მთავარი დანიშნულებაა მამაკაცი დაატკბოს და დაამშვენოს.

ჩემთვის გათავისუფლება უპირველესად სწორედ საკუთარი სხეულების დაბრუნებით იწყება. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა და კონტროლი საკუთარ სხეულებზე! უნდა ავჯანყდეთ იმ სტანდარტების, ნორმებისა და სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს სხეულებს ჩვენივე ჩაგვრის იარაღად იყენებს, რომელიც გვაიძულებს, ვისწრაფოთ დაწესებული/შემოთავაზებული იდეალისკენ, რომელიც ჩვენი დაბალი თვითშეფასებით იკვებება. ქალებმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი დაბალი თვითშეფასებით ხეირობს არა მხოლოდ სილამაზის ინდუსტრია და მასში ჩართული ბიზნესები, რადგან რაც უფრო მეტად დავეჭვდებით ჩვენს სილამაზეში, უფრო უკეთესად გაეყიდებათ პროდუქტი (პლასტიკური ქირურგია, ეპილაცია, სოლარიუმი და ა.შ), არამედ, განსაკუთრებით ხეირობს ამისგან პატრიარქატი – ქალების ენერგიის ძირითადი ნაწილი მიმართულია ამ იდეალის მიღწევის მცდელობისკენ. ამასთან, ეს პრობლემა განსაკუთრებით აწვება იმ გოგოებს და ქალებს, რომლებიც დაბალ ეკონომიკურ ფენას წარმოადგენენ. სილამაზის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დამატებით თანხებს უკავშირდება და ხშირად ფუფუნების საგანს წარმოადგენს, ისინი კი, ვისაც საშუალება არ აქვს, თავი ამ მხრივ დაიმკვიდროს, ხშირად, სხვადასხვა სახის ბულინგის, დამცირების და გარიყვის მსხვერპლნი ხდებიან.

სილამაზის სტანდარტები, რომელიც გაცილებით უფრო ფართო პრობლემის, ქალის სხეულის კონტროლის ერთ-ერთი მაგალითია, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ თემაზე ქილიკი და მისი მნიშვნელობის არდანახვა, დიდი შეცდომა მგონია. ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც ამაზე სისტემატურ და საფუძვლიან მუშაობას დაიწყებენ, ჩემთან კი იგი ნამდვილად დარჩება მოწინავე ადგილზე – ახლა მხოლოდ პერსონალური გამოცდილების შედეგად გაჩენილ ნააზრევად. სამომავლოდ, იმედია,, უფრო სიღრმისეულად შევისწავლი მეც.

გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

დღევანდელი ფემინისტური მოძრაობის მთავარი გამოწვევა შიდა კონფლიქტები და დაპირისპირებები მგონია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც უნდა ვებრძლოთ შიდა ფემინისტურ წრეებში, არის ერთმანეთისთვის დღის წესრიგების განსაზღვრა და მნიშვნელობის დაკნინება იმ ჩაგვრებისა და პირადი გამოცდილებებისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით, განგვიცდია და რამაც მოგვიყვანა აქტივიზმში. მხოლოდ ერთმანეთის სატკივარის და პრობლემების, “დღის წესრიგების” გააზრებით და მათი მხარდაჭერით შევძლებთ წარმატების მიღწევას. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლები განსხვავდება, ჩვენი მეთოდებიც მათ შორის – ეს ასეც უნდა იყოს – მთავარია, ერთმანეთს საქმის კეთებაში არ შევუშალოთ ხელი. ამასთან, აქვე ვიტყვი, რომ კრიტიკა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება, მოვისმინოთ არგუმენტირებული, დასაბუთებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ სად და როდის, რომელი მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია, უფრო მეტად მივაღწიოთ წარმატებას. მაგრამ კრიტიკა ვერ იქნება ერთმანეთის გვერდით გაწევა და ჩაჩოჩება. ამასთან, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არ არის საჭირო, ვთანხმდებოდეთ, არ არის საჭირო ერთნაირ მეთოდებს ვიყენებდეთ, ერთ ჯგუფებში ვერთიანდებოდეთ. საჭიროა მხოლოდ სოლიდარობა – იმის გააზრება, რომ არჩეული გზების მიუხედავად, ერთ მიზანს ვემსახურებით; რომ ძალიან ცოტანი ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით. ფემინიზმის მრავალფეროვნების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა, საჭირო დროს და ადგილას უნდა შეგვეძლოს გაერთიანება, რადგან ცვლილებებს ხშირად ვჭირდებით ყველა ერთად!

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, აქტივისტების გადაღლას/გადაწვას (burn out-ს) უკავშირდება. აქტივისტობა არ არის სამსახური, რომელსაც 6-ზე ამთავრებ. ის ჩვენი იდენტობის ნაწილია და ჩვენგან ძალიან ხშირად 24-საათიან რეჟიმში მოითხოვს ჩართულობას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც ინტერნეტ აქტივიზმის ფორმებია გააქტიურებული. ამასთან, ადამიანური რესურსის ნაკლებობა იწვევს მნიშვნელოვანი საკითხების მხოლოდ რამდენიმე ქალზე კონცენტრირებას. მთელი წელი ამ დაძაბულ, ბრძოლის რეჟიმში ყოფნა ძალიან გვფიტავს და ემოციურად გვღლის. ამჟამად, ჩემს ახლო მეგობარ ფემინისტ აქტივისტებში, ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვას და გადაღლას ტოტალური ხასიათი აქვს. პრობლემა საკმაოდ მძაფრია და პირველ რიგში, ისევ ჩვენგან მოითხოვს ამის გააზრებას და ყურადღების მიქცევას. გამოსავალი წასვლა არაა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ეს სამსახური არაა, სადაც განცხადებას დაწერ და პოზიციას დატოვებ. ფემინისტობა, აქტივისტობა იდენტობის ნაწილი ხდება და მას ყველა სივრცეში შენთან ერთად ატარებ. შეუძლებელია, ერთ დღეს დაღლილმა გადაწყვიტო, რომ თვალს დახუჭავ, რომ გაჩუმდები, რომ ვეღარ შეამჩნევ, რომ შეეგუები. პირადად ჩემთვის, ეს შეუძლებელია. გამოსავალი მხოლოდ აქტივობების ფორმის ცვლილებაში ან დროებით “ტაიმ-აუტშია”. ხანდახან ძალიან გვჭირდება, თუნდაც ცოტა ხნით, თავს უფლება მივცეთ, დავისვენოთ და მოწინავე ხაზებზე აღარ ვიდგეთ. აუცილებელია, გავიაზროთ, რომ უფლება არ გვაქვს, საკუთარ თავებს არ გავუფრთხილდეთ. ჩვენ ძლიერები და ჯანმრთელები ვჭირდებით ერთმანეთს.

აქვე, ძალიან  მოკლედ მინდა შევეხო პრობლემას, რომელსაც მაშინ შევეჯახე, როცა მინდოდა არაფორმალური საინიციატივო ჯგუფი შემექმნა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ერთადერთი დაფინანსების წყარო ნჯო სექტორია, რომელიც უფრო ფორმალურ მეთოდებს იყენებს, ალტერნალიური მეთოდებისთვის და არაფორმალური ჯგუფებისთვის დაფინანსების შოვნა ძალიან რთულია. გიწევს, აუცილებლად ერგებოდე შემოთავაზებულ ქოლს, ფორმას და ბევრ სხვა რეგულაციასა და წესს. რადგან აქტივისტებიც ადამიანები ვართ, რომლებსაც ამ სისტემაში გადასარჩენად შემოსავალი გვჭირდება, გვიწევს ნჯო-ში დასაქმება, ხოლო ფორმალური და არაფორმალური აქტივობების შეთავსება ძალიან რთულია – არ გყოფნის არც დრო და არც ენერგია. სწორედ ამიტომ, გული მწყდება, რომ ჩვენთან არ არის კარგად განვითარებული არაფორმალური ფემინისტური ინიციატივები და სხვადასხვა მრავალფეროვანი მეთოდები, რომელთა გამოყენებაც შეგვეძლო. იმედი მაქვს, სტუდენტები და მომავალში შექმნილი სხვა საინიციატივო ჯგუფები შეძლებენ სხვა გზების გამოძებნას, ან/და ჩვენ მოვახერხებთ გამოსავლის პოვნას.

დასასრულისკენ ისევ შიდა პროცესებს და კონფლიქტებს შევეხები – ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც ქალთა მოძრაობის შიდა პროცესებზე, ასევე, ზოგადად ქართულ ფემინისტურ აქტივიზმზე დაკვირვებამ, ბევრი რამ მასწავლა – ვხედავდი, როგორ გამოიარა ქალთა მოძრაობამ რამდენიმე კრიზისი, შიდა დაპირისპირება, იყო და არის მრავალმხრივი კრიტიკის საგანი – ეს პროცესები ხშირად ძალიან მძიმე გადასატანი იყო ინდივიდუალური აქტივისტებისთვის.   ამ ქარ-ცეცხლს და დაპირისპირებებს ბევრი რამ შეეწირა – პერსონალური ურთიერთობები და მეგობრობები, იყო ტკივილი, სევდა, ხშირად მოუშუშებელი, ვინ იცის, სამუდამოც. ამასთან, როგორ ოპტიმისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მგონია, რომ ამ ბრძოლებმა ქართული ფემინისტური აქტივიზმი წინ წასწია – აქტივისტებმა ბევრი რამ გადავიაზრეთ, კრიტიკის ნაწილი მივიღეთ, ბევრი რამ ამ კრიტიკის მიხედვით შევცვალეთ. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ღირდა თუ არა თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი ხარკი ამად, – ფაქტი ერთია – ამის გარეშე ვერც ფემინიზმი იარსებებს და ვერც წინ წავიწევთ.

და ბოლოს…

არ ვიცი, ვის ხელში მოხვდება ეს პუბლიკაცია, მაგრამ იმედია მიაღწევს ბევრ გოგომდე და ქალამდე. მოგვისმენენ, მოვლენ ახლოს და მიხვდებიან, რომ ეს ჩვენი ყველას ბრძოლაა; რომ ბრძოლის გარეშე ჩვენ ამ რეალობას ვერ შევცვლით; რომ ეს თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა… საკუთარ თავთან ფემინისტური ქამინგ აუთი იწყება მაშინ, როცა ვიაზრებთ, რომ რეალობა, რომელშიც ვარსებობთ, სოციუმი, კულტურული ნორმები, მჩაგვრელია ქალის მიმართ; როცა გადავწყვეტთ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და იგი უნდა შევცვალოთ! მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა. ჩემთვის ფემინისტური ქამინგ აუთი გამოღვიძებას გავდა იმ სამყაროში, სადაც აღარ ვარ მარტო. მარტო, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ.  ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ერთად ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. ქალების განმათავისუფლებელ ბრძოლას, ბრძოლას თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის აუცილებლად მოვიგებთ – ეს გარდაუვალი, შეუქცევადი პროცესია!