თამარ საბედაშვილი, ფემინისტური დღიურები


ფემინისტური ბრძოლის დასაწყისი

სტუდენტობის პერიოდში, 1998 წელს, ჩემმა პედაგოგმა და შესანიშნავმა ადამიანმა ფერიდე ზურიკაშვილმა ჩამრთო პროექტში, რომელიც დევნილ ქალთა მდგომარეობას იკვლევდა. ამ პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ვიმოგზაურეთ და დევნილ მოსახლეობას შევხვდით. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ჩემზე მათ მიერ გადატანილმა ტრავმამ და იმ უმძიმესმა პირობებმა, რომლებსაც ყოველდღიურად უმკლავდებოდნენ. ასევე, მახსოვს, როგორ აღვფრთოვანდი ქალების სიძლიერითა და სოლიდარობის დემონსტრირებით: ზესტაფონში, დევნილთა ჩასახლების ერთ-ერთ ცენტრში, ერთი მარტოხელა მოხუცი ქალი მეორეს უვლიდა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო წუხდა. მაშინ დავფიქრდი, რა დიდი ძალა აქვთ ქალებს, როგორ დგას  მათზე ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობა, რამდენს შრომობენ, როგორ არ ზოგავენ თავებს და როგორ არ არის ეს აღიარებული და დაფასებული. მივხვდი, რომ ქალებმა ძალიან კარგად იციან, რა სჭირდებათ მათ შვილებს, მათ თემს, მაგრამ ქალების ხმა არ არის გადამწყვეტი, არც ისმის, რადგან მათ არ ეკითხებიან იმას, რაც ძალიან კარგად იციან. მახსოვს, როგორი ხელოვნური მომეჩვენა ის ფორმალური იერარქიები ოჯახში, რომლებსაც ისევ ქალები ინარჩუნებდნენ: კაცი ოჯახის თავია… ამ საკითხებზე ფიქრი დავიწყე. მერე კი, საკუთარ ოჯახში, ჩემ გარშემო, ჩემს პირად ცხოვრებაში, ბევრი ისეთი რამ მოხდა და შევნიშნე, რამაც კიდევ უფრო გამაბრაზა.უსამართლობას ვერ ვიტან, გენდერული უთანასწორობა კი  სოციალური უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ყველაზე გავრცელებული უსამართლობაა. თავიდან ბევრ რამეს, რაც მაწუხებდა, სახელს ვერ ვარქმევდი,  ამიტომ გადავწყვიტე, მეტი მესწავლა და 2000 წელს  ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერის კვლევაზე ჩავაბარე. ამ უნივერსიტეტში დავასრულე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გენდერის მიმართულებით და ფემინისტად ჩამოვყალიბდი.

ფემინისტური დღის წესრიგი/ცვლილება დროში

მსურს იმის აღნიშვნით დავიწყო, რომ  ძალიან გამიმართლა, რადგან გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ვმუშაობ: იმ თემებზე, რაც მაწუხებს. მახსოვს, როგორ დავიწყეთ მუშაობა 2008 წლის ომის შემდეგ  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობის კანონი 2006 წელს მივიღეთ, პრობლემის უარყოფა მაინც ძალიან დიდი იყო:  მთავრობასთან შეხვედრებისას გვიწევდა  ახსნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა  ჩვენი მოგონილი და გაეროს მიერ საქართელოსთვის თავსმოხვეული პრობლემა არ იყო, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა მსხვერპლთათვის დაცვის მექანიზმებისა და სერვისების მიწოდება, ძალადობა ოჯახში  საზოგადოების და სისტემური ხასიათის პრობლემა, გენდერული უთანასწორობის გამოვლინებაა  და არა -კერძო ხასიათის ერთჯერადი გამოწვევა, ოჯახის საქმე. ახლა ამის მტკიცება აღარ გვიწევს. ამჟამინდელი დღის წესრიგისთვის ძალიან აქტუალური  ძალაუფლების თანაბარი გადანაწილება და ამ გზით გენდერული თანასწორობის მიღწევაა – იქნება ეს პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სხვა ფემინისტებთან, აქტივისტებთან, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ ჯგუფებთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ და მათ შრომასა და ძალისხმევას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიხარია, რომ ამ საკითხებით დაინტერესება მაღალია სტუდენტებში:  ბევრი ახალგაზრდა  ფემინისტურ დღის წესრიგს იზიარებს და ხედავს თანასწორობის მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. ბევრი თანამოაზრე და გულშემატკივარი გვყავს რეგიონებშიც. ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა შრომატევადი, დროში გაწელილი პროცესია და მასში ყველას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ყველას ღვაწლი დასაფასებელია. ჩვენ გვსურს  ფუნდამეტური ცვლილებების მოხდენა იმავე პატრიარქალურ გარემოში, რის ტრანსფორმირებასაც ვცდილობთ. ძალიან დიდი საფრთხეები და რისკები არსებობს იმ ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ქალებისა და კაცების თანასწორობის იდეა აშინებთ ან აღიზიანებთ, ან  საზოგადოებაში არსებულ ქალთმოძულეობას  პროპაგანდისტული მიზნებისთვის, დასავლეთის დემონიზებისა და რუსული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებენ.

გამოწვევები/სირთულეები

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩემი აქტივისტად მიჩნევა, რადგან მე, როგორც საერთაშორისო საჯარო მოხელეს, სამსახურეობრივად მევალება, მხარი დავუჭირო საქართველოს ხელისფულებასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სქესთა შორის თანასწორობის პრინციპისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ალბათ, ყოველთვის, ყველაზე რთული სექსისტური და ჰომოფობიური მოსაზრებების იმ ხალხისგან მოსმენაა, რომელიც შენთვის ემოციურად და/ან ინტელექტუალურად მნიშვნელოვანია. გამოსავალი კვლავაც საუბარი, ახსნა და ამ დღის წესრიგისთვის შრომაა, მიუხედავად იმისა, გეთანხმებიან თუ არა.

ფემინისტური ბრძოლის წარმატების მაგალითები

ცვლილება, რომლისკენაც ფემინისტები ისწრაფვიან, იმდენად რთული და დროში გაწელილი საკითხია, რომ  ხელშესახები ცვლილების მოკლე ვადაში დანახვა რთულია. შეგვიძლია, მაგალითად, ვთქვათ, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე  საზოგადოებრივი აზრის ცვლილება მართლაც მოხდა – ადრე თუ ეს პრობლემა კონკრეტული ქალისა და ოჯახის შიდა საქმედ აღიქმებოდა, ახლა ის საზოგადოებისთვის საზიანო დანაშულადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დიდი გზა  გვაქვს გასავლელი იმ ეტაპამდე, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს გენდერული უთანასწორობის პრობლემასთან დააკავშირებს, ანუ ნათლად დაინახავს, თუ როგორ განაპირობებს უთანასწორობა ძალადობას.

ქართულ კონტექსტი გამონაკლისი არ არის. ფემინისტური დღის წესრიგის წარმატება საქართველოშიც დამოკიდებულია ამ დღის წესრიგის გამზიარებელი ადამიანების გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ყოფნასა და საზოგადოების დაკვეთაზე. თანასწორობისკენ სწრაფვა, თანაწორობის პატივისცემა მხოლოდ ჩვენი რიტორიკისა და სადღეგრძელოების თემა კი არა, ჩვენი იდენტობის, თვითაღქმის, ფასეულობათა სისტემის ნაწილიც უნდა გახდეს. ჩემი აზრით, XXI საუკუნეში ყველანი მეტნაკლებად ფემინისტები და გარემოს დამცველები უნდა ვიყოთ, თუკი საკუთარი თავისა და მომავლის წინაშე  პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს.

თაობათა შორის განსხვავებები

ჩემი აზრით, პირველი ეტაპი ნაკლებად აქტივისტური, უფრო ორგანიზაციებისა და პროექტების განხორციელების ეტაპი იყო. ახლა ორივე ერთადაა: აქტივიზმიცა და განვითარებაც – ანუ აქციები ქუჩაში, პროტესტი სოციალურ მედიაში, პერფორმანსი. სწორედ ეს არის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდები ფემინისტური დღის წესრიგისა და ცვლილებისთვის.

სამომავლო ხედვა

დღეს გამოწვევად ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხები და იმ სოციალური ნორმების ტრანსფორმირება რჩება, რომლებიც ხელს უწყობს და აღრმავებს გენდერულ უთანასწორობას. მაგალითად, უთანასწორობა საოჯახო შრომისა და ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობების გადანაწილებისას. არანაკლებ მნიშვნელოვანია უმცირესობების უფლებები, მათ შორის ლესბოსელი და ტრანსგენდერი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათზე მზრუნველი პირების საკითხები, სიღარიბე და სოციალური თანასწორობა. უთანასწორობის ყველა გამოვლინება პრობლემაა, ყველას უფლება უფლებაა და აქტივისები თავად გადაწყვეტენ, რა დროს რა საკითხზე იმუშაონ.