შვედეთი კანონში ორმხრივი სექსუალური თანხმობის შემოტანას გეგმავს


შვედურ პრესაში შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოქვეყნდა. ამ ევროპულ ქვეყანაში, რომელიც კეთილდღეობის თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს, მხოლოდ 2017 წელს კლინიკებს გაუპატიურებული ქალების ორჯერ მეტმა რაოდენობამ მიმართა, ვიდრე – შარშან. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკის შემდეგ, შვედეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა გაუპატიურების მაჩვენებლის მიხედვით. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია ინციდენტმა Bravalla-ს მუსიკალურ ფესტივალზე, რომლის დროსაც პოლიციამ გაუპატიურების 4 და სექსუალური შევიწროების 23 შემთხვევა დააფიქსირა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, შვედეთის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო განსახილველად, რომლის თანახმადაც, სექსის წინ, კაცმა ქალისგან აუცილებლად  ერთმნიშვნელოვანი თანხმობა უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მას გაუპატიურებაში დასდონ ბრალი. კანონპროექტი „სექსუალური თანხმობის“ შესახებ, რომელიც ქალების ძალადობისგან დასაცავად შეიქმნა, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში მომავალი წლის 1 ივლისს შევა.

თავდაპირველად, კანონპროექტმა მავანთა ღიმილი გამოიწვია. როგორ უნდა ჰკითხოს კაცმა ყოველი სექსის დროს ქალს თანხმობა, მაშინაც კი, როდესაც წყვილი მრავალი წლის დაქორწინებულია?

სტეფან ლიოვენი (Stefan Löfven), შვედეთის პრემიერ-მინისტრი, კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს: „მოსამართლეებმა ახალი კანონი უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ მისი ფორმულირება ისე შევცვალეთ, რომ ინტერპრეტირებისგან დაგვეცვა: სექსი უნდა იყოს ორმხრივი თანხმობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დანაშაულებრივია. ასე რომ, ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა გამოვკვეთეთ, ახლა ჯერი მოსამართლეებზეა“, – აღნიშნა მან.

პრემიერმა დასძინა, რომ ეს კანონპროექტი შვედების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას კი არ ცდილობს, არამედ – ცნება „გაუპატიურების“ შეცვლასა და მოძალადეებისთვის სასჯელის გამკაცრებას.