თურქმენეთში ქალებს საჭესთან ჯდომა აეკრძალათ


თურქმენეთის ხელისუფლებამ ქალებს საჭესთან ჯდომა აუკრძალა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ავტოინსპექციის თანამშრომლები ქალებს აფრთხილებდნენ, რომ ავტომობილის მართვისთვის, მათ ჯარიმა გამოეწერებოდათ. უკვე იანვრის თვეში, ცნობილი გახდა, რომ საგზაო პოლიციის თანამშრომლები ქალ მძღოლებს მართვის მოწმობებს ართმევენ, მათი კუთვნილი ავტომანქანები კი საჯარიმო სადგომებზე გადაჰყავთ.

“თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ხუმრობად აღვიქვი, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს სიმართლეა. ახლა, ჩვენთან ქალებს საჭესთან დაჯდომისა ეშინიათ, და ამის გამო, მათ სამსახურში მისვლა-მოსვლაში ქმრები ეხმარებიან”, – აცხადებს ანონიმი ქალი რესპონდენტი აშხაბადიდან.

სხვა წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელი ქალებისგან ხელწერილები გროვდება, სადაც ისინი საჭესთან ჯდომაზე უარს აცხადებენ.

კიდევ ერთი ანონიმური წყაროს თანახმად, გასული წლის 5 დეკემბერს, თურქმენეთის შსს მინისტრმა ისგენდერ მულიკოვმა, სახელმწიფოს მეთაურს ინფორმაცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი ქალი მძღოლების მიზეზით ან მათი მონაწილეობით ხდება. პრეზიდენტმა მინისტრს “სიტუაციის გამოსწორება” უბრძანა.

რამდენიმე დღით ადრე, ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ თურქმენეთში მუქი შეფერილობის ავტომობილები აკრძალეს. აშხაბადის ქუჩებში უცებ გაქრა შავი და მუქი მანქანები.

“არასწორი” ფერის მანქანები საგზაო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავთ, მათ მფლობელებს კი მათ გადაღებვას აიძულებენ. პოლიციის თანამშრომლები ვერ განმარტავენ, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე შემოვიდა ეს მოთხოვნა. მუქი ავტომობილების აკრძალვის გამო, მანქანის გადაღებვის სერვისი ქვეყანაში ორჯერ გაძვირდა და $500-დან $1000-მდე ღირს.

წყარო: habartm.org