რატომ განადიდებს დასავლეთი მალალას და აიგნორებს აჰედს?


შენილა ხოჯა-მულჯი  (Shenila Khoja-Moolji)

აჰედ ტამიმი (Ahed Tamimi), 16 წლის პალესტინელი გოგონა, ახლახან დააპატიმრეს მის სახლში ჩატარებული ღამეული რეიდის შედეგად. ისრაელის ხელისუფლება მას ებრაელ ჯარისკაცსა და ოფიცერზე თავდასხმაში „ადანაშაულებს“. ერთი დღით ადრე, მას თავისი ოჯახის უკანა ეზოში შეჭრილ ებრაელ ჯარისკაცებთან შეტაკება მოუხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჯარისკაცმა გოგონას 14 წლის ბიძაშვილს თავში რეზინის ტყვია ესროლა და მათ სახლში ცრემლსადენი გაზის ბალონი ფანჯრის ჩამსხვრევის გზით შეაგდო.

აჰედის დედა და ბიძაშვილი მოგვიანებით დააკავეს. ამჟამად, სამივე პატიმრობაში იმყოფება.

საინტერესოა, რომ აჰედისთვის მხარი არ დაუჭერიათ არც დასავლეთის ფემინისტურ ჯგუფებს, არც უფლებადამცველებს და არც – სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომლებიც სხვა შემთხვევებში გოგონათა უფლებებისთვის იბრძვიან. ურიცხვია მათი კამპანიები სამხრეთში გოგონათა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების მიზნით: Girl Up, Girl Rising, G(irls)20 Summit, Because I am a Girl, Let Girls Learn, Girl Declaration.

როდესაც 15 წლის პაკისტანელ აქტივისტს მალალა იუსაფზაის თავში „ტეჰრიკ ე თალიბანის“ წევრმა ესროლა, ამაზე რეზონანსი სრულიად სხვაგვარი იყო. გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა პეტიცია გამოაქვეყნა, სათაურით „მე მალალა ვარ“, იუნესკომ კი Stand Up For Malala წამოიწყო.

მალალა მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, გაეროს მაშინდელ გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან შესახვედრად მიიწვიეს, იგი სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც გამოვიდა. მან უთვალავი ჯილდო მიიღო და ჟურნალმა Glamour, იგი პლანეტის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. 2013 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი, 2014 წელს კი ლაურეატიც გახდა.

სახელმწიფო მოხელეებმა ჰილარი კლინტონმა და ჯულია გილარდმა (Julia Gillard), ასევე ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლას კრისტოფმა (Nicholas Kristof), მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს. მალალას დღეც კი არსებობს!

მაგრამ, ჩვენ ვერ ვხედავთ კამპანიებს #IamAhed ან #StandUpForAhed. არც ერთი ფემინისტური ან უფლებადამცველი ჯგუფს და პოლიტიკური ფიგურა არ გამოსულა მის მხარდასაჭერად ან ისრაელის სახელმწიფოს დასამუნათებლად. არავის გამოუცხადებია აჰედის დღე. აშშ-მ მას „საგანმანათლებლო მოგზაურობისთვის“ ვიზაც კი არ მისცა.

აჰედი, ისევე როგორც მალალა, უსამართლობას დაუპირისპირდა. იგი აპროტესტებს ისრაელის მხრიდან მიწისა და წყლის წართმევას. მან ოკუპაციის პროცესში ბიძაშვილი და ბიძა დაკარგა. მისი მშობლები და ძმა უკვე მერამდენედ დააპატიმრეს, დედას ფეხში ესროლეს. ორი წლის წინ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, აჰედი თავისი უმცროსი ძმის დაცვას ცდილობს ჯარისკაცისგან.

რატომ მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა მალალამ და არა – აჰედმა?

ამ სამარისებურ სიჩუმეს რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის პირველია სახელმწიფოს მიერ ძალადობის კანონიერად აღიარება. მაშინ, როცა არასახელმწიფო სუბიექტების, „თალიბანის“ ან „ბოკო ჰარამის“ ძალადობრივი ქმედებები უკანონოდაა აღიარებული, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება გამართლებულად მიიჩნევა.

ეს არა მოიცავს მხოლოდ ისეთი ძალადობის აშკარა ფორმებს, როგორიცაა არა მხოლოდ დრონებით შეტევა, უკანონო დაპატიმრებები და პოლიციის სისასტიკე, არამედ – რესურსების, მათ შორის წყლისა და მიწის, გადანაწილებასაც. სახელმწიფო ამ ქმედებებს ამართლებს და საკუთარი უსამართლობის მსხვერპლებს სახელმწიფოს ფუნქციონირებას დამუქრებულ საფრთხეებად წარმოგვიდგენს.

მას შემდეგ, რაც საფრთხედ გამოცხადდება, ადამიანი ადვილად დაიყვანება პოლიტიკური ფასეულობისგან დაცლილ არსებად. იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი (Giorgio Agamben) ამას აღწერს, როგორც სუვერენული ხელისუფლების მიერ სანქცირებულ დროს/ადგილს, სადაც კანონები შეჩერებულია. ამიტომაც, ეს ადამიანი უკვე სახელმწფოებრივი ძალადობის ობიექტად იქცევა. ტერორისტები ხშირად ხვდებიან ამ კატეგორიაში. ამიტომაც, ეჭვმიტანილი ტერორისტების დახოცვა დრონების მეშვეობით, ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე, განსაკუთრებული საჯარო ხმაურის გარეშე ხდება.

ისრაელის პოლიციამაც ანალოგიური სტრატეგია გამოიყენა. მან აჰედის პატიმრობის ვადის გაგრძელება იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ გოგონა „საფრთხეს წარმოადგენს“ ჯარისკაცებისთვის (სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის) და შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფოს ფუნქციონირებას.

ისეთი უიარაღო პალესტინელი, როგორიც 16 წლის აჰედია, უბრალოდ თავის უფლებას იყენებდა და თავისი ოჯახის კეთილდღეობას იცავდა. მისი ტერორისტად მოაზრება წარმოუდგენელია. ასეთი ფორმულირება გადამეტებულ ძალადობას ახალისებს – ისრაელის განათლების მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა (Naftali Bennett) განაცხადა, რომ მისი სურვილია, აჰედმა და მისმა ოჯახმა სიცოცხლე ციხეში დაასრულონ.

აჰედის ტანჯვა აშიშვლებს დასავლეთის შერჩევით ჰუმანიზმსაც, რომლის თანახმადაც, ჩარევას იმსახურებს მხოლოდ კონკრეტული სხეულები და მიზეზები.

ანთროპოლოგი მირიამ ტიკტინი (Miriam Ticktin) ამტკიცებს, რომ მართალია, სხეულებრივი ტანჯვის შესამსუბუქებლად, მორალის ენა დღეს ჰუმანიტარულ დაწესებულებებში დომინირებს, მაგრამ, ამ ზრუნვას სხეულის ტანჯვის მხოლოდ ზოგიერთი სახეობა იმსახურებს. ესაა მხოლოდ ქალის სხეულზე ძალადობა და პათოლოგიურად სნეული სხეული.

ტანჯვის ამგვარი გაგება ნორმალიზებას უკეთებს მშრომელ და ექსპლუატირებულ სხეულებს.

ამიტომაც, მიმაჩნია, რომ უმუშევრობა, შიმშილი, ძალადობის საფრთხე, პოლიციის სისასტიკე ხშირად არ მიიჩნევა ჰუმანიტარული ინტერვენციის საგნად. ტანჯვის ამგვარი ფორმები განიხილება, როგორც აუცილებელი და გარდაუვალიც კი. ამგვარად, აჰედი არ შეესაბამება საერთაშორისო ადვოკაციის იდეალურ მსხვერპლ-სუბიექტს.

ზუსტად ასევე, აჰედი, რომელიც აკრიტიკებს დამპყრობელ ჩასახლებას და თემის ხედვას გამოხატავს, არ არის იმ გარანტირებული ქალურობის სიმბოლო, რომლის დაფასებაც სურს დასავლეთს. იგი სამართლიანობას ეძიებს ჩაგვრის წინააღმდეგ და არა – შესაძლებლობათა გაფართოებას, რომელიც სასარგებლო მხოლოდ პირადად მისთვის იქნება.

მისი ფემინიზმი პოლიტიკური განაცხადია და არ შემოიფარგლება სქესითა და სამომხმარებლო საგნებით. აჰედი დამპყრობლის მახინჯ სახეს ამხელს და, შესაბამისად, აღიქმება, როგორც „საშიში“. მისი მძიმე მდგომარეობა ჩვენი შერჩევითი ჰუმანიზმის გამოცდაა. სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლები, რომელთა აქტივობაც სახელმწიფოს ბოროტებას ააშკარავებს, იმას იმსახურებს, რომ სამართლიანობის ჩვენს ხედვაში ჯდებოდეს.

მაშინაც კი, თუ ჩვენ აჰედის მხარდამჭერ კამპანიებს არ ჩავატარებთ, ჩვენ ვერ გავექცევით მის მოწოდებას, მოწმენი ვიყოთ მისი ხალხის მასობრივად შევიწროების, უმოწაწყლოდ და ურესურსოდ დატოვებისა. როგორც ნელსონ მანდელა ამბობდა, „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლება პალესტინელების თავისუფლების გარეშე არასრულია“.

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ: aljazeera.com