კატრინ დენევი: გაუპატიურება დანაშაულია, ხოლო ფლირტი – არა


ასამდე ფრანგმა ქალმა, მათ შორის კატრინ დენევმაც, გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ ღია წერილს მოაწერა ხელი, სადაც ისინი კაცების უფლებას იცავენ, ქალების მიმართ ყურადღების გამოჩენის არაორაზროვანი ნიშნების გამომჟღავნების შემთხვევაში.

„გაუპატიურება დანაშაულია, ხოლო ფლირტი, თუნდაც ჯიუტი, – არა“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ფრანგი ქალები ხაზს უსვამენ იმას, რომ „ყბადაღებული კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც „ქალთა პროფესიულ ცხოვრებაში არსებული სექსუალური ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად აღმოცენდა“, შესაძლოა, მომავალში მსოფლიოში „სექსუალურ თავისუფლებას დაემუქროს“.

„კაცები დაისაჯნენ დიდი გარჩევების გარეშე, ისინი აიძულეს, დაეტოვებინათ სამსახურები იმის გამო, რომ ვიღაცის მუხლს შეეხნენ ან ვიღაცას კოცნა დაუპირეს“, – ნათქვამია წერილში, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „პურიტანიზმადაა“ მონათლული.

ღია წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქვემორე ხელისმომწერი ქალები აღიარებენ და იცავენ სექსუალურ თავისუფლებას, რომლისათვისაც, „ცდუნებისა და გადაკიდების უფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია“. ფრანგი ქალები აღნიშნავენ, რომ ქალები „შესანიშნავად უწყიან სექსუალური სურვილის ველური და აგრესიული ბუნების შესახებ“. „ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვარჩევთ ვიღაცის შებმის ტლანქ მცდელობებს სექსუალური ძალადობისგან“, – ნათქვამია წერილში.

გარდა კატრინ დენევისა, წერილს ხელს აწერენ მწერალი კატრინ მილე, რადიოწამყვანი ბრიჟიტ ლაე, ჟურნალისტი ელიზაბეტ ლევი, მსახიობი რობ-გრიიე, ფსიქოანალიტიკოსი სარა შიში.