#MosqueMeToo – მუსლიმი ქალები ახალი კამპანიის ირგვლივ ერთიანდებიან


მუსლიმი ქალები ახალი ჰეშთეგის – #MosqueMeToo-ს ეგიდით გაერთიანდნენ და თავიანთ გამოცდილებებს იხსენებენ, ჰაჯის და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

სულ რამდენიმე დღეა, რაც კამპანია არსებობს, ჰეშთეგი კი, მხოლოდ ტვიტერში, უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა გამოიყენა. Farsi Twitter-ზე, იგი ათ წამყვან ტრენდს შორისაა.

ეგვიპტელ-ამერიკელმა ფემინისტმა და ჟურნალისტმა მონა ელტაჰავიმ (Mona Eltahawy) 2013 წლის ჰაჯის დროს გადამხდარი სექსუალური შევიწროების ამბავზე ისაუბრა. ბევრმა ქალმა მას მხარი აუბა და გაიხსენა, როგორ ჩქმეტდნენ, ხელებს უფათურებდნენ ან არაადეკვატურად ეხებოდნენ ბრბოში, რელიგიური დღესასწაულების დროს.

ჰაჯი, ანუ მექაში პილიგრიმობა, ისლამის მეხუთე და ბოლო პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული, ზრდასრული მუსლიმისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში.

მონაცემების თანახმად, წელიწადში ორი მილიონი მუსლიმი მოილოცავს მექას, რის შედეგადაც, წმინდა ქალაქში აუტანელი ხალხმრავლობაა ხოლმე.

ისლამის ერთ-ერთი მთავარი პილასტრი ქალის მოკრძალებაა. ქალი ვალდებულია, სხეული და თმა საჯარო ადგილებში დაიფაროს, რათა „წესიერება შეინარჩუნოს“ და კაცების ყურადღებისგან თავი დაიცვას.

ბევრ მუსლიმ ქალს მთლად ადრეული ასაკიდან ასწავლიან, რომ ჰიჯაბი ან სხვა თავსაბურავი შევიწროებებისა და თავდასხმებისგან მათი დაცვის საწინდარია. ზოგიერთი მუსლიმი ფიქრობს, რომ ის, რაც ქალს აცვია, ან სად მიდის, ან რას აკეთებს, ასევე შევიწროების საფუძველია და ამ ცოდვის თავიდან არიდება მისი პასუხისმგებლობაა.

ბევრი ქალი ირანიდან, საუდის არაბეთიდან, ეგვიპტიდან და ავღანეთიდან ამბობს, რომ მიუხედავად ყველა ამ წესის დაცვისა, კვლავინდებულად აწყდება ქუჩაში სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმებს. #MosqueMeToo-ს მონაწილენი აცხადებენ, რომ ყველაზე წმინდა ადგილებშიც კი, სადაც სრულიად დაფარულნი არიან და ლოცულობენ, მათ თავს ესხმიან და ავიწროებენ.

ბევრმა ფარსზე მოსაუბრე ირანელმა ტვიტერზე მხოლოდ სექსუალური შევიწროების საკუთარი გამოცდილების შესახებ კი არ ისაუბრა, არამედ იმ მოსაზრებას გამოუცხადა უნდობლობა, რომ ჰიჯაბის ტარება ქალს თავდასხმებისა და შევიწროებებისგან იცავს.

ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა. საჯარო სივრცეებში აქ ხშირად შეხვდებით პლაკატებს, რომელთა თანახმადაც, შიშველი ქალი შეფუთვის გარეშე დარჩენილ კანფეტს გავს და ბუზების არასასურველ ყურადღებას იქცევს. ირანში, ყოველ საზოგადოებრივ შენობას კედელზე შემდეგი წარწერა აქვს დატანილი: „ჰიჯაბი შეზღუდვა არ არის, იგი თქვენი დაცვაა“.

ბოლო კვირების მანძილზე, ჰიჯაბის იძულების პროტესტის გამო, ირანის ხელისუფლებამ 29 ადამიანი დააკავა. მოძრაობა, რომელსაც “the Girls of Revolution Street” ეწოდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ქალმა თეირანის ცენტრში თავსაბურავი დემონსტრაციულად მოიხსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობა #MosqueMeToo-ს ყველა როდი უჭერს მხარს: მონა ელტაჰავი ბევრმა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ეს თემა სოციალურ ქსელებში გადაიტანა.

წყარო: bbc.com