სისასტიკის ფესვები


პოლ ბლუმი Paul Bloom

ერთ-ერთი ეპიზოდი ანტიუტოპიური სერიალიდან „შავი სარკე“, იწყება იმით, რომ ჯარისკაცი დასდევს და ხოცავს საზიზღარ ჰუმანოიდებს, რომლებსაც ტარაკნები ჰქვიათ. ეს არის სტანდარტული სამეცნიერო-ფანტასტიკური სცენარი: ადამიანი მონსტრის წინააღმდეგ, თუმცა, აქ მეტი ინტრიგა იმალება: აღმოჩნდება, რომ მისი კოჰორტის ჯარისკაცს ტვინის იმპლანტანტები აქვს, რომლის წყალობითაც, იგი თავისი სამიზნეების სახეებსა და სხეულებს მონსტრებად ხედავს, მათი ვედრება შეწყალებაზე კი ავ წრიპინად ჩაესმის. როდესაც ჩვენი გმირის იმპლანტანტი მწყობრიდან გამოდის, იგი აღმოაჩენს, რომ კაცობრიობის მამაცი დამცველი კი არა, უდანაშაულო ადამიანების მკვლელია, და თავისივე თანხმობით, ევგენიკის გლობალურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც კაცობრიობის „სისხლის სიწმინდეს“ იცავს.

ფილოსოფოსი დევიდ ლივინგსტონ სმიტი (David Livingstone Smith), სოციალურ ქსელებში ამ ეპიზოდის კომენტირებისას, სვამს კითხვას, წაუკითხავს თუ არა მისი წიგნი „უფრო ნაკლები, ვიდრე ადამიანი: რატომ ვამცირებთ, ვიმონებთ და ვსპობთ სხვა ადამიანებს“ (Less Than Human: Why We Demean, Enslave, and Exterminate Others), ფილმის სცენარისტს. ეს არის ადამიანის სისასტიკის გამოწვლილვით გაანალიზებული და ამომწურავი კვლევა, და ეს ეპიზოდი მის ძირითად იდეას შესანიშნავად ასურათებს: ისეთი მოვლენა, როგორიც გენოციდია, მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი სხვათა ადამიანობას ვერ აფასებს.

სმიტის წიგნის ერთ-ერთი მიმართულება მონათმფლობელთა დამოკიდებულებების გაანალიზებაა. მე-17 საუკუნის მისიონერი მორგან გოდვინი (Morgan Godwyn) აღნიშნავს, რომ „თუმცა, ისინი ზანგებს ადამიანის მსგავს არსებებად აღიქვამდნენ, მაგრამ, ფიქრობდნენ, რომ ეს უკანასკნელნი მთლად ადამიანები კი არა, უსულო არსებები იყვნენ, უხეში ცხოველების მსგავსნი“. აი, აქ არის ჰოლოკოსტიც. ისევე, როგორც ჩემი ტოლი სხვა ებრაელები, მეც გაზის კამერების, საზარელი სამედიცინო ექსპერიმენტებისა და მასობრივი სამარხების ამბების ამბებით გავიზარდე. ფსიქოლოგ ჰერბერტ კ. კელმანის (Herbert C. Kelman) თქმით, „შესაძლოა, სხვა ადამიანების დახოცვის აკრძალვა იმდენად ძლიერი იყოს, რომ სისტემური მკვლელობების ორგანიზებულად განხორციელებისთვის, მსხვერპლებს „ადამიანის“ სტატუსი უნდა ჩამოერთვათ“. მკვლელობათა სხვადასხვა ფორმების სახელდების მიზნით, ნაცისტები ისეთ ბიუროკრატიულ ევფემიზმებს იყენებდნენ, როგორებიცაა „გადარჩევა“ და „გადაცემა“.

როგორც ანთროპოლოგი კლოდ ლევი-სტროსი (Claude Lévi-Strauss) აღნიშნავს, „კაცობრიობა არსებობას წყვეტს ტომის, ლინგვისტური ჯგუფის, და ხანდახან სოფლის ზღვარზეც კი“. დღეს, ეს მოვლენა გარდაუვლად გვეჩვენება. დაგუგლეთ ადამიანთა საძულველი ჯგუფი – ებრაელები, შავკანიანები, არაბები, გეები და სხვ, შემდეგ სიტყვებთან ერთად: „პარაზიტები“, „ტარაკნები“ ან „ცხოველები“, და ამაში მყისვე დარწმუნდებით. ზოგიერთი მსგავსი რიტორიკა ძირითადი დისკურსისთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ, მოიცადეთ და სიტყვა „ცხოველს“ გაიგებთ პატივსაცემი ადამიანებისგანაც, ტერორისტების, ისრაელის მოქალაქეების, პალესტინელების, უსაბუთო ან უსაბუთო და დეპორტირებული იმიგრანტების მისამართით. მსგავსი რიტორიკა ისმის თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებისგან.

საქმე მხოლოდ სიტყვებში არაა, აუშვიცში ნაცისტები პატიმრებს დამღით ნიშნავდნენ. მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანებს მიაჩნდათ, რომ სხვა ადამიანების ფლობა მისაღები იყო, და უამრავ დებატში, მეცნიერები და პოლიტიკოსები სერიოზულად განიხილავდნენ, არიან თუ არა გარკვეული ჯგუფები (შავკანიანები და მკვიდრი ამერიკელები) „ბუნებრივი მონები“. გასულ საუკუნეშიც კი არსებობდა ადამიანის ზოოპარკები, სადაც აფრიკელები ევროპელების სასეიროდ იყვნენ გამომწყვდეულნი.

დეჰუმანიზაციის ადრეულმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ნაცისტები სხვებისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ახლა, ფსიქოლოგები საყოველთაო დეჰუმანიზაციაზე საუბრობენ. ნიკ ჰესლემს (Nick Haslam) მელბურნის უნივერსიტეტიდან და სტივ ლონენს (Steve Loughnan) ედინბურგის უნივერსიტეტიდან, მაგალითების სია მოჰყავთ: „საზოგადოების აღშფოთებული წარმომადგენლები სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულებს ცხოველებს უწოდებენ. ფსიქოპატები მსხვერპლებს მხოლოდ ბიწიერი მიზნებით უყურებენ. ღარიბებს დასცინიან, რომ მგრძნობიარე შტერები არიან. უსახლკაროებს მოსიარულე წინაღობებს უწოდებენ. დემენციის მქონეები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსიარულე ზომბებად მოიხსენიებიან“.

თეზისი იმის შესახებ, რომ სხვა ადამიანების აღქმა, როგორც ობიექტებისა ან ცხოველებისა, ჩვენს ძალიან ცუდ საქციელს ამართლებს, როგორც ჩანს, ბევრ რამეს ხსნის. მაგრამ, არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს სიმართლის თითქმის საპირისპირო მოცემულობაა.

ზოგიერთ ევროპულ საფეხბურთო თამაშზე, ფანატები აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელებს მაიმუნის ხმების გამოცემით აჯავრებენ და მათ ბანანებს ესვრიან. აფრიკელების აღწერა, როგორც მაიმუნებისა, რასისტული მიდგომის ნაწილი და დეჰუმანიზაციის კიდევ ერთი მაგალითია. რასაკვირველია, ეს საფეხბურთო ფანები სულაც არ ფიქრობენ, რომ კონკრეტული ფეხბურთელები მაიმუნები არიან; მათი ქცევის მთელი არსი მათ დეზორიენტირებასა და დამცირებაში მდგომარეობს. იმის ვარაუდი, რომ მსგავსი დაცინვა ეფექტურია, იმას გულისხმობს, რომ მის სამიზნეს უნდა შერცხვეს, რომ მასზე ასე ფიქრობენ, ანუ, რაღაც დონეზე, მათ ადამიანებად აღიქვამენ.

წარმოიდგინეთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა 1938 წელს, ავსტრია შემოიერთა. ნაშრომში „შავი დედამიწა: ჰოლოკოსტი, როგორც ისტორია და როგორც გაფრთხილება“ (Black Earth: The Holocaust as History and Warning), წერს: „შემდეგი დილიდან, „წმენდა“ დაიწყო. ავსტრიის „ყავისფერპერანგიანების“ წევრები სიებით, პირადი ინფორმაციით ან გამვლელების მიერ მიწოდებული ცნობებით ეწეოდნენ ებრაელების იდენტიფიცირებას და მათ აიძულებდნენ, დაჩოქილებს ქუჩები იდაყვებით ეწმინდათ. ეს რიტუალური დამცირება იყო. ებრაელები, რომელთა შორის უამრავი ექიმი, ადვოკატი და სხვა სპეციალისტი იყო, უცებ მუხლებზე დგებოდნენ და მათი დამამცირებელი ბრბოების წინაშე, მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. ერნესტ პ. (Ernest P.) ამ სანახაობას იხსენებს, როგორც „გასართობს ავსტრიელი მოსახლეობისთვის“. ჟურნალისტი აღწერს „ფუმფულა ვენელ ქერათმიან ქალებს, რომლებიც ერთმანეთს მუჯლუგუნებს კრავდნენ, რათა ახალგაზრდა, სვასტიკით დამშვენებულ სამაჯურიან და ძაღლის მათრახიან ხულიგნებთან ერთად, უფრო ახლოდან ეხილათ ფერმიხდილი ებრაელი ქირურგის დაჩოქება. გარდა ამისა, ებრაელ გოგონებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ხოლო უფროსი ასაკის ებრაელი კაცები იძულებულნი იყვნენ, შეესრულებინათ საზოგადოებრივი ფიზიკური ვარჯიშები.

ებრაელებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ქუჩები გაერეცხათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც უსაშინლესად ეპყრობოდნენ, ადამიანური ემოციისგან დაცლილებად სულაც არ მიიჩნევდნენ. ისინი ასეთებად რომ აღექვათ, სანახავიც არაფერი იქნებოდა; ბრბო სწორედაც მათი ტანჯვისთვის საცქერლად იკრიბებოდა. ამ სისასტიკის ლოგიკა მეტაფორის ლოგიკაა: ორ სხვადასხვა საგანს შორის მსგავსება აღინიშნება მხოლოდ მათ შორის არსებული განსხვავებების მეშვეობით. მსგავს ადამიანებთან, როგორც პარაზიტებთან, მოქცევის სადიზმი, მათ მიერ სწორედ იმის გაცნობიერებაში მდგომარეობს, რომ ეს ასე არ არის.

და რა სურათია ზოგადად ძალადობის მხრივ? ზოგიერთი ევოლუციის ფსიქოლოგი და ეკონომისტი თავდასხმას, გაუპატიურებასა და მკვლელობას რაციონალურ მოქმედებად აფასებს, რომელსაც შემსრულებლის ან დამნაშავის გენებისთვის სარგებლობა მოაქვს. უდავოდ, გარკვეული ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობისკენ სწრაფვა, შესაძლოა, „სასარგებლო“ მიზნით იყოს მოტივირებული, განსაკუთრებით გაცილებით მკაცრ პირობებში. მეორე მხრივ, ძალზე სასტიკი ქცევა შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც კონტროლის დაკარგვის დასტური. Criminology 101-ში ვკითხულობთ, რომ ბევრი დანაშაული ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება, და გაუპატიურებებისა და მკვლელობების ჩამდენი ადამიანები ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც. ვნების აფეთქების დროს, ძალადობრივი ქმედებების მორალური საზარლობა თავის ძალას კარგავს.

მაგრამ, კემბრიჯელი ანთროპოლოგი ალან ფისკი (Alan Fiske) და ფსიქოლოგი თაჯ რაი (Tage Rai), ნაშრომში „სათნო ძალადობა: დაზიანება და კვლა სოციალური ურთიერთობების შექმნის, შენარჩუნების, შეწყვეტის და პატივისცემისთვის“ (Virtuous Violence: Hurting and Killing to Create, Sustain, End, and Honor Social Relationships), ამტკიცებენ, რომ ამ სტანდარტული გათვლებს, ხშირად უკუშედეგი მოაქვს. ბევრ შემთხვევაში, ძალადობა არ არის პრობლემის ცივსისხლიანი გადაჭრა ან აკრძალვის წარუმატებლობა; უპირველესად, იგი არ არის მორალური წესების მიმართ სიბრმავე. პირიქით, ხშირად, მორალი დანაშაულის ჩადენის მამოტივირებელ ძალად გვევლინება: „ადამიანები ძალადობას მაშინ მიმართავენ, როდესაც მიაჩნიათ, რომ გარკვეული სოციალური ურთიერთობების დასარეგულირებლად, ტანჯვის მიყენება ან მოკვლა აუცილებელია, როგორც ბუნებრივი, კანონიერი, სასურველი, პასუხისმგებლობისგან განმათავისუფლებელი, აღტაცებული და ეთიკური კმაყოფილება“.

ამის აშკარა მაგალითებია თვითმკვლელთა აფეთქებები, ღირსების აღმდგენი მკვლელობები და ტყვეთა წამება ომის დროს, და ფისკი და რაი ამ სიას ბანდიტურ შეტაკებებსა და ახლო პარტნიორის მიმართ ძალადობასაც მიათვლიან. მკვლევარებისთვის, მსგავსი ქმედებები ხშირად „სწორად მოქცევის“ სურვილს გამოხატავს, – ზუსტი შურისძიების, ან ვინმესთვის გაკვეთილის მიცემის მიზნით. მსგავს შეტევებსა და დასჯას შორის ღრმა კავშირი არსებობს, რასაც, შურისძიების, თავშეკავების ან სასჯელის სახით, სისხლის სამართალი კანონიერად ითვალისწინებს. იურიდიულ სანქციებში ასახული მორალური ძალადობა, მტრის ჯარისკაცების მკვლელობა ომში და ვინმეს დასჯა ეთიკური დანაშაულის გამო, იმის აღიარებითაა მოტივირებული, რომ მისი მსხვერპლი მორალური აგენტია, მავანი „სრულად ადამიანი“.

ფილოსოფოს კეიტ მანის (Kate Manne, ოქსფორდი) არგუმენტირებულ და დროულ კვლევაში Down Girl: The Logic of Misogyny, ავტორს მსგავსი არგუმენტი მოჰყავს სექსუალური ძალადობის შესახებ. „მოძალადეების, როგორც მონსტრების, იდეა კარიკატურას აღადგენს, – წერს იგი და მოგვიწოდებს, ვაღიაროთ ქალთმოძულეობის ბანალურობა, – ადამიანებს შეუძლიათ, შესანიშნავად იცოდნენ, რომ ისინი, ვისაც სასტიკად დამამცირებლად და არაადამიანურად ექცევიან, ადამიანები არიან, ცრუ ცნობიერების მეტ-ნაკლებად მსუბუქ საფარველქვეშ“.

მანი ეკამათება ცნობილ ფილოსოფიურ სკოლას. კეტრინ მაკკინონი (Catharine A. MacKinnon) სვამს შეკითხვას: „როდის გახდებიან ქალები ადამიანები?“. რეი ლენგტონმა (Rae Langton) სექსუალური სოლიპსიზმის იდეა შეისწავლა და ეჭვი შეიტანა იმაში, რომ არსებობს „ქალის გონება“. უამრავი თეორეტიკოსი საუბრობს „ობიექტივიზაციაზე“, ქალის ავტონომიურობის უარყოფაზე, ქალის განივთებაზე. ისევე, როგორც ფისკი და რაი, მანიც სიმართლეს საწინააღმდეგო ტენდენციაში ხედავს. ქალთმოძულეობაზე იგი ამბობს: „ხშირად, ქალი ადამიანად არ აღიქმება. სწორედ მისი ადამიანურობაა პრობლემა“.

მისი ვარაუდით, კაცებს ქალებისგან გარკვეული მოლოდინები აქვთ: ყურადღება, აღტაცება, თანაგრძნობა, დამშვიდება და, რაღა თქმა უნდა, სექსი და სიყვარული. მიზოგინია არის ცნობიერება, რომელიც ამ მიზნებს აკონტროლებს და ასრულებს; ეს პატრიარქატის „სამართალდამცავი“ შტოა. მსგავსი დამოკიდებულების ყველაზე აშკარა მაგალითია „ცუდი ქალების“ დასჯა. ამ დროს, „სიცუდე“ აღიქმება, როგორც ქალის უუნარობა, კაცს მისცეს ის, რასაც იგი მისგან ელის. მაგრამ, ქალთმოძულეობა ასევე მოიცავს ისეთი ქალების დაჯილდოებასაც, რომლებიც მართლაც თანაუგრძნობენ იმ კაცებს (მანი ამას სიტყვა himpathy-თ გამოხატავს, ანუ კაცის მიმართ ემპათიის გრძნობით), ვინც საშინელებებს მართებს ქალებს.

ქალთმოძულეობის შესწავლისას, მანს მაგალითად მოჰყავს გაგუდვის იმიტაცია, რომელსაც სექსის დროს კაცები ქალი პარტნიორების მიმართ ხშირად იყენებენ. მეცნიერი ამას „ძალაუფლებისა და ბატონობის დემონსტრაციას“ უწოდებს, წამების ფორმას, რომელიც ხშირად კვალსაც არ ტოვებს. ძალადობის გამოვლინების სხვა ფორმები იმისკენაა მიმართული, რომ სპეციალურად დატოვოს კვალი. კერძოდ, საუბარია მჟავის შესხმის ტრადიციაზე, რომელიც ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ბანგლადეშსა და სხვა ქვეყნებში გამოიყენება. მსგავსი თავდასხმების მიზეზი ხშირად ქალის უარია ქორწინებაზე, სექსსა და ურთიერთობაზე. ყოველთვის არსებობს ე. წ. ოჯახური ანიჰილატორები – კაცები, რომლებიც თავიანთი ოჯახის წევრებს ხოცავენ. ხშირად, მათი მოტივაცია სირცხვილია, თუმცა, ზოგჯერ, არის სიძულვილიც.

მანს მაგალითად ელიოტ როჯერსის საქმე მოჰყავს, რომელმაც 2014 წელს შემთხვევითი ადამიანების მკვლელობათა სერია ჩაიდინა, მას შემდეგ, რაც მას სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალთა საზოგადოებაში მოხვედრაზე უარი უთხრეს. მან ექვსი ადამიანი დახოცა და თოთხმეტი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ვიდეოჩანაწერში, 22 წლის მკვლელი განმარტავს, რომ ქალები თავიანთ ყურადღებასა და სექსუალურ ინტერესს სხვა კაცებს უნაწილებდნენ, მაგრამ არასოდეს – მას. ამ ქალებს იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მე თქვენ დაგსჯით, და მეტ სიამოვნებას თქვენს ჟლეტაში ვნახავ“.

მანი ხაზს უსვამს, რომ როჯერი ქალების ობიექტივიზაციას არ შეუდგა; იგი უბრალოდ განრისხდა იმის გამო, რომ მათი სიყვარული და რომანტიკა მასზეც არ გავრცელდა. მანის ანალიზი შეიძლება მარგარეტ ეტვუდის (Margaret Atwood) დაკვირვებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კაცებს იმის შიში აქვთ, რომ ქალები მათ დასცინებენ, ხოლო ქალებს – იმისა, რომ კაცები მათ მოკლავენ. მანისთვის მსგავსი სასტიკი ეპიზოდები ყოველდღიური ქალთმოძულეობის მხოლოდ უკიდურესი გამოვლინებაა. იგი თავის ანალიზს ქუჩაში მოძახებებზე, აბორტის მიმართ დამოკიდებულებებსა და დონალდ ტრამპის მტაცებლობაზეც ავრცელებს.

ის მექანიზმები, რომლის იდენტიფიცირებასაც მანი ახდენს, ქალთმოძულეობით არ შემოიფარგლება. აგრესია, რომელიც მორალური უფლების ლიცენზიას იღებს, არაკეთილსინდისიერებას ადანაშაულებს. ეს ყველაფერი მოვლენების ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული რელიგიით გამართლებული მონათმფლობელობისა, დამთავრებული ნაცისტი ბიუროკრატების მიერ ჩადენილი ორგანიზებული ქმედებების სახელდებით. არც ერთი მათგანი აუცილებელი არ იქნებოდა, მჩაგვრელი მართლაც დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო იმაში, რომ მისი მსხვერპლები ცხოველები იყვნენ.

თუ სისასტიკის ყველაზე უარეს გამოვლინებებს დეჰუმანიზაციამდე არ მივყავართ, მაშინ გამოდის, რომ არც ყველანაირ დეჰუმანიზაციას ახლავს თან სისასტიკე. როგორც მანი მიგვითითებს, არაფერია ცუდი იმაში, რომ ქირურგი თავის პაციენტებს საოპერაციო მაგიდაზე უბრალო სხეულებად აღიქვამს. სინამდვილეში, პაციენტის გასინჯვისას, ექიმისთვის მნიშვნელოვანია, მის მიმართ არ ჰქონდეს გარკვეული ბუნებრივი რეაქციები: რისხვა, მორალური ზიზღი, სექსუალური სურვილები. ფილოსოფოს მარტა კ. ნუსბაუმს (Martha C. Nussbaum) მაგალითი მოჰყავს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი მძინარე პარტნიორის მუცელი ბალიშის დანიშნულებით. იგი ობიექტივიზაციის უფრო ბანალურ შემთხვევას შეისწავლის სქესობრივი აქტის დროს, და ამბობს, რომ ამაში არაფერია არასწორი, რადგან ეს ყველაფერი შეთანხმებულია და საწოლში სამოქმედოდაა გათვალისწინებული.

მანი, როგორც ფილოსოფოსი, თავის არგუმენტებს ტექნიკურ ლიტერატურაზე აფუძნებს, და რაღაც მომენტში, იგი ხაზს უსვამს თავის დებულებების კავშირს ოქსფორდელი ფილოსოფოსის პ. ფ. სტროუსონის (P. F. Strawson) „რეაქტიულ ურთიერთობებთან“ (reactive attitudes). სტროუსონი ამტკიცებდა, რომ როდესაც ჩვენ სხვა ადამიანთან ვურთიერთობთ, როგორც ადამიანთან, შეუძლებელია, არ განვიცადოთ აღტაცება ან მადლიერების გრნობა, ბრაზი ან დადანაშაულება. როგორც წესი, ჩვენ მეორე მხარედ ამ დროს კლდედ ამ მღრღნელად არ აღვიქვამთ. სხვაში ადამიანობის აღიარებას თავისი რისკები გააჩნია და ამას აკურატულად აჯამებს მანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ვიღაცაში ადამიანის დანახვა ამ ადამიანს საშუალებას აძლევს, იყოს ნამდვილი მეგობარი ან საყვარელი პარტნიორი, მაგრამ, ასევე, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანი იყოს „გასაგები მეტოქე, მტერი, უზურპატორი, მოღალატე, დაუმორჩილებელი და ა. შ. უფრო მეტიც, როდესაც მას რაციონალურობის, ავტორიტეტის, ავტონომიისა და მსჯელობის უნარი ენიჭება, მას შეუძლია სხვების იძულება, სხვებით მანიპულირება, დამცირება ან შერცხვენა“. როდესაც მას აქვს უნარი აბსტრაქტული შედარებითი აზროვნებისა და შესაბამისი მორალური ემოციებისა, მას შეუძლია, თქვენზე ცუდად იფიქროს და სძულდეთ. რთული სურვილებისა და განზრახვების ჩამოყალიბებისას, მას შეუძლია, თავისი სიბრაზე დამალოს და თქვენ წინააღმდეგ რაღაც ჩაიფიქროს. მას გააჩნია შეფასების უნარი და აფასებს იმას, რომ თქვენ იგი გძულთ და სძულს ის, რასაც თქვენ აფასებთ. ამიტომ, იგი საფრთხეს წარმოადგენს იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენთვის ძვირფასია.

თუ ძალადობის მიმართ მსგავს მიდგომებში რაღაც საკმარისი არაა, ეს არის პირველხარისხოვანი ურთიერთობების მიმართ ყურადღება, რადგან ჩვენ საკუთარ თავებს მორალურ აგენტებად აღვიქვამთ. მე შემიძლია, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ, ასევე, მე სირცხვილს განვიცდი იმის გამო, რომ მას ასე მოვექეცი. ფისკი და რაი მორალისტური ძალადობის პარადიგმას ფილმის სცენარის დასკვნითი სცენად აღიქვამენ, სადაც ჩვენი გმირი ტერორისტს, სერიულ მკვლელს ან მოძალადეს უსწორდება. ეს არის სრულიად დამაკმაყოფილებელი აქტი, სადაც ყველაფერი მისასალმებელია. მაგრამ, რა ვუყოთ დაეჭვებასა და ამბივალენტურობას? ზოგიერთი მამა, რომელიც თავის არაკეთილსინდისიერ შვილს სცემს, ან ჯარისკაცი, რომელიც „დამსჯელ გაუპატიურებაში“ მონაწილეობს, თავისი მოქმედებების მორალურ სისწორეში დარწმუნებულია, მაგრამ, ზოგიერთი მათგანი – არა. რეალური მორალური პროგრესი შეიძლება დაეჭვებისა და ამბივალენტურობის ფორმებს შეისწავლის, რომელიც ზოგჯერ სისასტიკის აქტებს ახლავს თან.

ოსტატურად დაწერილ პირქუშ წიგნში „ერთი გრძელი ღამე: საკონცენტრაციო ბანაკების გლობალური ისტორია“ (One Long Night: A Global History of Concentration Camps), ანდრეა პიტცერი (Andrea Pitzer) ზოგიერთ ასეთ გაუგებრობაზე საუბრობს. მისი თქმით, საკონცენტრაციო ბანაკი არსებობს ყოველ ჯერზე, როდესაც მთავრობა სამოქალაქო პირების ჯგუფს ნორმალური სასამართლო პროცესის მიღმა ტოვებს, და ასეთი რამ თითქმის ყველა ქვეყანაშია. შესაძლოა, ეს დედამიწაზე ყველაზე ველური ადგილები იყოს, მაგრამ ეს არ არის არსებითი გამონაკლისი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელების ბანაკები იაპონელებისთვის ისეთი საზარელი არ ყოფილა, როგორც გერმანიასა და საბჭოთა კავშირში. არსებობს რამდენიმე ბანაკი, რომელიც „კეთილი მიზნებითაა“ შექმნილი, მაგალითად, ლტოლვილთა ბანაკები, რომელიც საკვები პროდუქტებითა და თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა, თუმცა, დროთა განმავლობაში, აქაც ყველაფერი უარესდება, და ამ ყველაფერს პიტცერი „მუდმივ განსაწმენდელს“ უწოდებს.

ჩვეულებრივ, საკონცენტრაციო ბანაკების დაარსებას იმით ხსნიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიღაც საეჭვო ჯგუფისგან, ან სამოქალაქო პირთა გარკვეული ჯგუფი მტრული ძალების მხარდაჭერისგან უნდა დაიცვან. ამ თვალსაზრისით, საკონცენტრაციო ბანაკები მიზნის მიღწევის საშუალებაა, ინსტრუმენტირებული ძალადობის მაგალითი. პიტცერი იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ მოითხოვა ფრანგული და ბრიტანული ბანაკებიდან გერმანელების ნელ-ნელა გათავისუფლება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა კურტ ეისნერმა (Kurt Eisner); მან მოკავშირეთა ჰუმანურობის გრძნობებზე ითამაშა. ეისნერი ებრაელი იყო, ხოლო ჰიტლერი ამ „ღალატზე“ 1922 წლის სიტყვაში აბობოქრდა, სადაც თქვა, რომ ებრაელებმა უნდა ისწავლონ, როგორ იცხოვრონ საკონცენტრაციო ბანაკებში.

რაღა თქმა უნდა, პიტცერისეული აღწერა სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებისა, სისასტიკისა და დეგრადაციის ბევრ მაგალითს მოიცავს, რაც შეუძლებელს ხდის იმის არდანახვას, რომ კაცობრიობას თავისი მსხვერპლების აღიარება არ შეუძლია. ომის მკვლევარი იოჰანეს ლანგი (Johannes Lang) ნაცისტების სიკვდილის ბანაკებს შემდეგნაირ აფასებს: „ის, რაც ერთისთვის დეჰუმანიზაციად აღიქმება, მეორისთვის სხვა ადამიანებზე ზემოქმედების საშუალებაა“.

დეჰუმანიზაციის თეზისის შეზღუდვა კარგი ამბავი სულაც არაა. ყოველთვის რაღაც ოპტიმალური იყო იმაში, რომ ჩვენ მიერ არაადამიანურობის საშინელი გამოვლინებები გაუგებრობას მიეწერებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ შეგვეძლო, სამყარო უკეთესი გაგვეხადა, თუ უბრალოდ რეალობას გავითავისებდით. ამისათვის საჭირო ტვინის იმპლანტანტების ან მათი იდეოლოგიური ეკვივალენტის გამორთვაა. ამით, შესაძლოა, ჭეშმარიტების მიღება უფრო გართულდეს: ჩვენი საუკეთესო ან საშინელი ტენდენციები სწორედ სხვების ადამიანებად აღქმის გამო ჩნდება.

სტატიის ორიგინალის ხილვა შეგიძლიათ აქ: newyorker.com