ოჯახში ძალადობა – რაზე არ შეიძლება დუმილი


BATTERED WOMAN

ოჯახში ძალადობის ციკლები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ძალადობის სიტუაციაში კაცის ქმედების სქემა საკმაოდ სტანდარტულია ნებისმიერი ოჯახისთვის. ფსიქოლოგები ამას ძალადობის ციკლს უწოდებენ, რომელიც სამ ფაზას მოიცავს:

დაძაბულობა. ამ სტადიაზე ნეგატივის თანდათანობითი დაგროვება ხდება: რისხვის ცალკეული აფეთქებები, გახშირებული კამათი, მზარდი პრეტენზიები. მოძალადე საკუთარ თავს პარტნიორის მისამართით შეურაცხყოფებისა და მუქარების უფლებას აძლევს.

ამ შემთხვევაში, ხშირად ორივე პარტნიორი კაცის ქმედებას სამსახურში არსებული სიტუაციით ან სტრესით ამართლებს. ქალი ურთიერთობაში საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს.

სწორედ ამ ეტაპზეა აუცილებელი მსხვერპლისთვის ახლობელი ადამიანების ან სპეციალიზებული ცენტრების მხარდაჭერით სარგებლობა: დაძაბულობის მატებასთან ერთად, ქალისთვის ურთიერთობის დაბალანსების შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება.

მწვავე ძალადობა. ამ დროს, კონფლიქტის ესკალაცია პიკს აღწევს. კაცი ბოლომდე ფეთქდება. ვერც ერთი პარტნიორი ვერ უარყოფს ძალადობის სიტუაციას. ზღვარგადასული ძალადობის დროს, კაცს საკუთარი ქმედებების გაკონტროლება აღარ ძალუძს.

ქალები ამ პერიოდის მოახლოებას ადრევე გრძნობენ, ძლიერდება შიშისა და დეპრესიის მდგომარეობა.

სწორედ ამ „წინათგრძნობის“ პერიოდში აუცილებელია, ქალმა გააცნობიეროს მწვავე ძალადობისგან თავის დაღწევის აუცილებლობა. საჭიროების შემთხვევაში, მან თავშესაფარიც უნდა გამოძებნოს.

„თაფლობის თვე“. მწვავე ძალადობის ამოფრქვევის შემდეგ, მუდამ მოდის „გატრუნვის“ პერიოდი. ამ დროს კაცი თავს „დამნაშავედ გრძნობს“, მოსიყვარულე და დამყოლია. ამ ფაზას გამოსწორების დაპირებები და სიყვარულის მტკიცების მრავალრიცხოვანი მცდელობები ახლავს თან.

ზოგჯერ, კაცი მუდმივად ამტკიცებს, რომ „წყობილებიდან ცოლმა გამოიყვანა“, რომ „უცაბედად აფეთქდა“, რომ „ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდება“. საჩუქრებში და ყურადღებაში ჩაფლული ქალი დუნდება, მშვიდდება, იჯერებს, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა „შემთხვევითობა იყო და აღარ განმეორდება“. ამ მომენტში მომხდარის გაანალიზება და დაშორების გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთულია.

მაგრამ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ უკვე მომხდარი ძალადობა აუცილებლად მრავალჯერ განმეორდება. თუ ციკლი უკვე დაწყებულია, მისი შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. უნდა გვახსოვდეს: ძალადობის ყოველი განმეორებული ციკლის დროს, ძალადობის ხარისხი უფრო და უფრო მძიმდება.

რატომ არის რთული ურთიერთობის გაწყვეტა?

ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ოჯახში ძალადობასთან შეხება, ფიქრობენ, რომ მისი მოგვარება სულ ადვილია: საკმარისია, მოძალადეს დაშორდე. მართლაც, თეორიულად ამგვარი გამოსავალი სრულიად ლოგიკურია.

მაგრამ, მსხვერპლი ამ ნაბიჯის გადადგმას ხშირად ვერ ახერხებს.

ყველაზე გავრცელებული და ხანდახან ერთადერთი არგუმენტი ამ დროს პარტნიორზე ეკონომიკური დამოკიდებულებაა. ქალს ყოველთვის როდი შეუძლია საკუთარი და ბავშვების ცხოვრების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკე საცხოვრებლის შეძენის უზარმაზარ ხარჯზე. მეგობართან რამდენიმე ღამის გათევა შესაძლებელია, მაგრამ ხანგრძლივი ვადით წასასვლელი არაა, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში ბავშვებიც არიან.

ეკონომიკური დამოკიდებულების ამ ჩაკეტილ წრეში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, საკუთარ მომავალზე ფიქრის დაწყება ადრევეა საჭირო. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ოჯახის შექმნის შემდეგ მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ, რათა კვალიფიკაცია არ დავკარგოთ და სტაბილური შემოსავალი შევინარჩუნოთ. ასევე, არ უნდა გავყიდოთ საცხოვრებელი, როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს პარტნიორთან. სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ცალკე დანაზოგი გვექნება „შავი დღისთვის“. ქორწინების გაფორმებამდე ჯანსაღი და თანამედროვე პოზიციაა საქორწინო შეთანხმების დადება, სადაც ცალკეული ეკონომიკური მომენტები დაწვრილებით იქნება განხილული.

ამგვარი მარტივი ზომების მიღება ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას ქორწინების შემდგომაც უზრუნველყოფს.

მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის მეორე დაბრკოლება მისი აგრესიისა და ძალადობრივი ქმედებების გამწვავების შიშია: „სადაც არ უნდა წავიდე, მომძებნის და მომკლავს“. შესაძლოა, ამგვარი შიში უსაფუძვლო და ირაციონალური იყოს, მაგრამ როგორც წესი, მას ხშირად რეალური საფუძველი გააჩნია.

ჩვენს ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მიმართ სამართალდამცავთა ხშირად არაადეკვატური დამოკიდებულების გამო, მოძალადე ქმართან დაშორების შემდეგ ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება საკმაოდ რთულია.

ამიტომაც, ამგვარი გამოუვალი სიტუაციის თავიდან აცილება მსხვერპლის მიერ ადრეულ სტადიებზე უნდა მოხდეს. ძალადობისკენ მიდრეკილი კაცის ამოცნობა სხვადასხვა ნიშნით მანამდეცაა შესაძლებელი, სანამ იგი ოჯახურ ცხოვრებაში ჩაებმება.

ამგვარი საგანგაშო ნიშნებია, მაგალითად, კაცის მხრიდან ჩვენი გაკონტროლებისკენ სწრაფვა, სიტყვიერი აგრესია ჩვენი მისამართით (იგი ძალზე ხშირად განაპირობებს მომავალში ფიზიკურ ძალადობას), მოულოდნელ და ექსტრემალურ სიტუაციებში თავის გაკონტროლების უუნარობა, სასტიკი მოპყრობა ცხოველების მიმართ.

ეს ნეგატიური მოვლენები უყურადღებოდ არასოდეს უნდა დავტოვოთ. უმჯობესია, ამ დროს  ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მივმართოთ. სპეციალისტი ჩვენს პარტნიორს უკარნახებს, თუ როგორ გაუმკლავდეს სწორად შინაგან აგრესიას, გააკონტროლოს თავი რთულ სიტუაციებში.

ოჯახში ძალადობა: რაზე არ შეიძლება დუმილი

შესაძლოა, მოძალადეს აგრესიული ქცევის გამომწვევი შინაგანი განცდების გადასამუშავებლად ფსიქოთერაპიის კურსი დასჭირდეს. თანამედროვე ფსიქოლოგიის შესაძლებლობები ძალზე მრავალმხრივია. მაგრამ, თუ სიტუაცია არ იცვლება მიღებული ზომების შემდეგაც და მოძალადის მხრიდან სისტემატურ აგრესიასა და ძალადობას განვიცდით, – სჯობს მას გავეცალოთ მანამ, სანამ მისი არაკონტროლირებადი ქცევა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

არსებობს მეტად მგრძნობიარე ფსიქოლოგიური მიზეზებიც, თუ რატომ არ შორდება ქალი თავის მტარვალს. ერთ-ერთი მათგანია სირცხვილის გრძნობა. შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ქალს ხშირად რცხვენია ძალადობის მსხვერპლის როლში ყოფნა, თავს მომხდარის გამო ადანაშაულებს და ეშინია, სუსტი და დაუცველი არ გამოჩნდეს სხვების თვალში.

ასევე, ქალი ხშირად „ცოლ-ქმრის ჩხუბის“ გამომზეურებას ერიდება. თუ ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს გავითვალისწინებთ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ქალები არა მხოლოდ უარს ამბობენ ოჯახის დანგრევაზე, არამედ მათზე გაუგონარი ძალადობის ფაქტებს საგულდაგულოდ მალავენ. ისინი იძულებულნი არიან, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ, რადგან საზოგადოების მხრიდან გაკიცხვისა და უარყოფის ეშინიათ.

ძალადობის შესახებ არგაცხადების მეორე ამგვარი ფარული მიზეზი შესაძლოა ტრადიციული რელიგიური ნორმები იყოს, რომლის თანახმადაც, ქალი ვალდებულია, ოჯახი და ქორწინება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში, ქალი საკუთარი უბედურების მძევალი ხდება და მის მდგომარეობასთან არანაირი კავშირის მქონე ფასეულობების სახელით ტანჯვით ცხოვრების გარდა, სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს.