ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

როგორ დავიცვათ თავი, თუ ოჯახში ძალადობის სიტუაციაში აღმოვჩნდით?

posted in ოჯახში ძალადობა by with Comments Off on როგორ დავიცვათ თავი, თუ ოჯახში ძალადობის სიტუაციაში აღმოვჩნდით?
  1. აუცილებლად უნდა ვუამბოთ ძალადობის შესახებ მათ, ვისაც ვენდობით. თუნდაც ორმა ადამიანმა უნდა იცოდეს ჩვენს ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს;
  2. უნდა ვიპოვოთ ადგილი, სადაც თავს დროებით მაინც შევაფარებთ. ამ ადგილის შესახებ მოძალადემ არაფერი უნდა იცოდეს. უნდა ვეცადოთ, რომ მას ჩვენი პოვნის შესაძლებლობა არ მიეცეს (კვალი არ უნდა დავტოვოთ ბლოკნოტების, მისამართიანი კონვერტების, სატელეფონო შეტყობინებების სახით, სადაც მოძალადეს მიუწვდება ხელი).
  3. უნდა შევიტყოთ ჩვენთვის ახლოს მდებარე ქალთა ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კოორდინატები, სადაც უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების და/ან თავშესაფრის მიღება შეგვეძლება.
  4. მეზობლებს მოველაპარაკოთ, რომ თუ ჩვენი ბინიდან საეჭვო ხმაურსა და შეძახილებს გაიგონებენ, პოლიცია გამოიძახონ.
  5. მოძალადის აგრესიის შემთხვევაში, წინასწარ უნდა გავთვალოთ სახლიდან გაქცევის სქემა. უნდა განვსაზღვროთ, რომელი კარი, ფანჯარა, კიბე, ლიფტია ამისთვის მოსახერხებელი. ურიგო არ იქნება, თუ გავივარჯიშებთ, როგორ გამოვაღწიოთ სახლიდან უსაფრთხოდ თავდასხმის შემთხვევაში.
  6. კონფლიქტის მოახლოებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლისა და მანქანის გასაღები თან გვქონდეს. სახლიდან გაქცევის მომენტში, უნდა გვქონდეს რაღაც „სათადარიგო სამგზავრო ჩანთა“, სადაც პასპორტი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფული, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, წამლები, – ერთი სიტყვით, აუცილებელი ნივთები იქნება შენახული.
  7. თუ გვიგრძნობთ, რომ ინციდენტის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა შევეცადოთ, ისეთ ადგილას გადავიდეთ, საიდან გასვლაც ადვილია. თავი უნდა ავარიდოთ სააბაზანოსა და სამზარეულოში კონფლიქტს, სადაც მჭრელი საგნები ინახება.
  8. მწვავე საფრთხის დროს, სახლი დაუყოვნებლივ უნდა დავტოვოთ, მაშინაც კი, თუ აუცილებელი ნივთების თან წამოღებას ვერ ვახერხებთ. გვახსოვდეს: ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა!
  9. ქალი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია მაშინ, თუ კონფლიქტის დროს სახლში ბავშვები იმყოფებიან. ხშირად, ძალადობის მსხვერპლნი არა მხოლოდ ქალები, არამედ ბავშვებიც ხდებიან, რომლებიც დედის გამოქომაგებას ცდილობენ. აფექტის მდგომარეობაში მყოფ მოძალადეს საკუთარი ემოციების გამკლავება არ შეუძლია. მისთვის სულ ერთია, ვინ დგას მის წინაშე: ცოლი, დედა თუ საკუთარი შვილი. თუ ამ ტირანთან ცხოვრება საკუთარი ნებით გაქვთ გადაწყვეტილი, ბავშვების ფსიქიკაზე მაინც იფიქრეთ. შემდეგ ჯერზე, კონფლიქტი საბედისწერო შესაძლოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მისთვისაც აღმოჩნდეს. ამგვარ შემთხვევებში, თქვენზე გაცილებით ბევრი რამაა დამოკიდებული, ვიდრე თქვენ გგონიათ.

გახსოვდეთ: ოჯახში ძალადობა – ეს არის ტრაგედია, რომელიც ბევრ ოჯახში ტრიალებს. ამ კონფლიქტში პასუხისმგებელი ხართ თქვენც. თუ საკუთარ თავში მოძალადისგან წამოსვლის ძალებს ვერ პოულობთ, დასახმარებლად შესაბამის ორგანიზაციებს მაინც მიმართეთ, სადაც მნიშვნელოვან კონსულტაციას გაგიწევენ.

 

© sapari.ge