როგორ განვასხვავოთ მეგობრული ურთიერთობები, ფლირტი და სექსუალური შევიწროება?


როგორ გავავლოთ ზღვარი ჩვეულებრივ მეგობრულ ურთიერთობებს, ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის?

ქმედებების სექსუალურ შევიწროებად კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ხდება, თუ ქალი მის მიმართ გამოვლენილ ნებისმიერ მოქმედებას უადგილოდ მიიჩნევს და მის აგრესიულ საფუძველს გრძნობს. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების განსასაზღვრად მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მსხვერპლის დაქვემდებარებული მდგომარეობა: სამსახურეობრივ იერარქიაში მას შეურაცხმყოფელთან მიმართებაში დაქვემდებარებული პოზიცია უკავია.

სამუშაო ადგილზე ქალის შევიწროებას ხშირად ხელს უწყობს ძირითადად კაცი პერსონალისგან დაკომპლექტებული კადრები, სადაც ქალი ამ მხრივ ნაკლებ დაცულია. ამ სიტუაციაში კაცები სექსუალურ ზეწოლას ჩვეულებრივ ქალის სამსახურში დაწინაურების სანაცვლოდ იყენებენ.

სექსუალური შევიწროების ცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისია (Equal Employment Opportunity Commission – ЕЕОС) – სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის განმსაზღვრელი სააგენტო, განმარტავს, როგორც „არასასურველ სექსუალურ მცდელობებს, სექსუალური სამსახურის გაწევის მოთხოვნასა და სექსუალური ხასიათის სიტყვიერ ან ფიზიკურ მოქმედებებს, როცა:

  • ამგვარ ქმედებას დამორჩილება პირის დასაქმების აშკარა ან ნაგულისხმევ პირობად გვევლინება;
  • ამგვარ ქმედებაზე ქალის თანხმობა ან უარი გამოიყენება როგორც მისი დასაქმების საწინდარი;
  • ამგვარი ქმედების მიზანი ან შედეგია უსაფუძვლო გავლენის მოხდენა ქალის მუშაობაზე, მისთვის დამაშინებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

კომპანია პასუხს აგებს მმართველი პერსონალის ქმედებაზე, განურჩევლად იმისა, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ. კომპანია პასუხს აგებს თავის თანამშრომელთა ქცევაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მან იცოდა ამგვარი ქმედებების შესახებ და არ მიიღო დაუყოვნებლივი შესაბამისი ზომები.

თუ დასაქმებისას საუკეთესო შესაძლებლობები მიანიჭეს სექსუალურ შევიწროებას დამორჩილებულ პირს, მაშინ, როდესაც მსგავსი შესაძლებლობები არ მიეცათ მათ, ვინც სექსუალურ ავანსებს არ უპასუხა, ამ საქმეში დისკრიმინაციის ნიშნები იკვეთება.

სამუშაო ადგილზე, ორი სახის სექსუალურ შევიწროებას განასხვავებენ:

  1. quid pro quo, ანუ სამსახურის გაწევა რაღაცის გამო, რომელიც პირდაპირ მოთხოვნაშია წამოყენებული: „თუ ჩემთან სექსი გექნება, დაგაწინაურებ და/ან არ გაგათავისუფლებ“. ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც კაცის ქმედება ქალისთვის სასურველი არაა და ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას არ იღებს. მაგრამ, რადგან ქალების უმრავლესობა ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით სამსახურის დაკარგვას სიკვდილივით უფრთხის, შეიძლება თუ არა, ამგვარ წინადადებაზე მისი დათანხმება ნებაყოფლობითად განიხილებოდეს? როდესაც არჩევანი არ გაქვს, ქცევა ნებაყოფლობითი აღარაა.
  2. სექსუალური შევიწროების მეორე სახეობაა სამუშაო ადგილზე მტრული გარემოს შექმნა. ამას სქესის მიხედვით დისკრიმინაცია ეწოდება. სამუშაო ადგილზე ძალადობრივი გარემოს დადგენა სექსუალური შევიწროების მსხვერპლის პოზიციიდან უნდა განიხილებოდეს, ანუ „გონიერი ქალის“ პოზიციიდან, რადგან კაცსა და ქალს სექსუალურად მოტივირებულ ქცევასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი წარმოდგენები აქვთ. შესაძლოა ის, რასაც ქალები უბრალოდ თავაზიან ქცევას უწოდებენ, კაცებმა იგი ფლირტზე გამოწვევად აღიქვან. როდესაც ქალები ზრდილობიანი ფორმით „არას“ ამბობენ, კაცები მათ ამას კეკლუცობაში უთვლიან. სამუშაო სივრცეში ქალებისა და კაცების დაყოფის გაპროტესტება მხოლოდ კაცებს აძლევს ხელს, რადგან სექსუალური შევიწროებისგან ძირითადად მხოლოდ ქალები ზარალდებიან.