სექსუალური შევიწროების მიზეზები


„ჩემთან თუ არ დაწვები, სამსახურიდან გაგიშვებ!“ – სექსუალური შევიწროება მომდინარეობს კაცისგან

როდესაც ნინომ დოქტურანტურაში ჩაბარება გადაწყვიტა, მისმა ხელმძღვანელმა, 72 წლის პროფესორმა, იგი მუშტრის მზერით აათვალიერა და განუცხადა: „ჩემთან ხუთშაბათობით დაწვები და კვირაში ერთხელ შინ პროდუქტებითაც მომამარაგებ“. ეს თქვა და აუდიტორიიდან ისე გავიდა, რომ კარის მიხურვაზეც არ შეწუხებულა, – თითქოს მის მიერ წამოყენებული პირობები სრულიად ჩვეულებრივ კონტექსტს შეიცავდა.

ამის შემდეგ, ნინოს სამეცნიერო კარიერაზე უარის თქმა მოუწია. თუმცა, შვება ვერც ახალ სამსახურში – საწარმოში ჰპოვა, სადაც ახალმა უფროსმა ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიახალა: „შეგინახავ, ამის სანაცვლოდ კი როცა გეტყვი, ჩემ წინაშე უნდა გაიხადო და დამნებდე, თორემ სამსახურიდან სკანდალით გაგაგდებ და მთელს რეპუტაციას გაგიფუჭებ“. იმ დღეს ნინო შინ ატირებული დაბრუნდა, თუმცა გონებაში შემდეგი მოქმედებების გეგმა უკვე მომწიფებული ჰქონდა. თუ ბედი მას კვლავ დააყენებს არჩევანის წინაშე, მან უკვე იცის, როგორ მოიქცეს, ბოლომდე იბრძოლებს.

სამსახურში სექსუალური შევიწროება მხოლოდ დიდი ქალაქების სენი არაა. სამსახურში ახლად მისულ ქალს თავისი უფროსი ხშირად ახვედრებს სექსუალური სიახლოვის სურვილების გამომხატველ მოთხოვნებს. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ქალებს ეშინიათ, ამ ამბის გახმაურება მათ რეპუტაციას ამოუშლელ ლაქად არ დაემჩნეს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ჩვენი პატრიარქალური საზოგადოების პირობებში, სადაც ქალის, თუნდაც პარტნიორის ან ქმრის გარეშე მცხოვრების, საზოგადოებრივი იმიჯი მისი „პატიოსანი“ ქცევის საპირწონედ იზომება.

17-20 წლის გოგონები, რომლებიც სულ ახლა იწყებენ შრომით საქმიანობას, სექსუალური შევიწროების მიმართ მნიშვნელოვნად მოწყვლადნი არიან. მათი ახალგაზრდობა, გამოუცდელობა და გულუბრყვილობა მოძალადისთვის ადვილი გამოსაყენებელია. მათთვის ახალია შრომითი ურთიერთობების კანონები, და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ სამსახურში მათი კაცი უფროსების ამგვარი ქმედებები კვალიფიცირებულია, როგორც სექსუალური შევიწროება და კანონით დასჯადი ქმედებაა.

სამოქალაქო უფლებების მქონე ქალი კაცისთვის ძნელი დასაჩაგრია, თუნდაც სამსახურში. ისინი ქვეცნობიერად დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარი ატმოსფერო არასოდეს შეეხება მათ ცოლებსა და ქალიშვილებს. ამგვარი კაცები ფიქრობენ, რომ დასაქმების დროს სექსუალური შევიწროების პრაქტიკა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

რეალურად, ქალებს კაცების თანაბარი უფლებები ექნებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალების დისკრიმინაციის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევი ყველა ფორმა აღმოიფხვრება, ამოიძირკვება ძალადობის ყველა სახეობა, მათ შორის გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, ქალებითა და გოგონებით ვაჭრობა, იძულებითი პროსტიტუცია და სხვ.

სქესის ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია შეუთავსებელია ადამიანის სიცოცხლის ღირსებასა და ფასეულობასთან. ვერანაირი საზოგადოება ვერ ჩაითვლება ცივილიზებულად, თუ იგი ვერ იცავს საკუთარი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უფლებებს.

სექსის იძულება არ ხდება როგორც ასეთი მხოლოდ სექსის გამო, ეს ძალაუფლების, დაქვემდებარებისა და დამორჩილების საკითხია. ამიტომაც, როდესაც ჩვენ სექსუალურ ზეწოლაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საკვანძო სიტყვებია ძალაუფლება და დისკრიმინაცია. სექსის იძულება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ერთ-ერთი დახვეწილი ფორმაა. ქალს მიანიშნებენ: „იცოდე შენი ადგილი, შენ უპირველესად ქალი ხარ და ქალად უნდა იყო გამოყენებული“. ქალისთვის საკუთარ უფროსთან სარეცელის გაყოფის წინადადება არა მხოლოდ სამსახურის შენარჩუნების შეურაცხმყოფელი საწინდარია; ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ქალსა და კაცს შორის არსებულ სოციალურ უთანასწორობას.

ასაკოვანი პროფესორის კავშირს ახალგაზრდა სტუდენტ გოგონასთან გადაულახავი წინაღობებიც რომ დახვდეს წინ, ამ ფაქტის მთავარი სიმძიმე სწორედ სოციალურად დაქვემდებარებული ადამიანის დაუსჯელად დამცირების შესაძლებლობაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ წაუყენა პროფესორმა გოგონას დამატებით პროდუქტებით მომარაგების მოთხოვნა.