ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

სექსუალური შევიწროების ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში

posted in სექსუალური შევიწროება by with Comments Off on სექსუალური შევიწროების ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში

აშშ-ში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას ღრმა ფესვები გააჩნია. ეს მოვლენა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო აფრიკული წარმოშობის ქალების მიმართ. 1912 წელს, შავკანიანი მედდის მონათხრობზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ დაესხა თავს მას მზარეულის რანგში მუშაობის პირველივე დღეს რესტორნის მეპატრონე კოცნით. ფერადკანიანი ქალების გაუპატიურების ამბები მონობის პერიოდში ლეგენდებად დადიოდა. ქალებს ამის საპირისპიროდ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.
ხელმოკლე მარტოხელა დედა სამხრეთ კაროლინადან 50-60-იანი წლების ისტორიას ასე აღწერს: სართავი ფაბრიკის ბოსი იქ მომუშავე ქალებს საუკეთესო დაზგებს უდგამდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მას სექსუალურ მომსახურებას გაუწევდნენ. ქალი დასძენს: „ფაბრიკაში განსაკუთრებული უპატივცემულო მოპყრობით ისეთი ქალები სარგებლობენ, რომლებიც თავიანთ უფლებებს ვერ იცავენ“.
ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის დროს, ქალებმა ამერიკაში 1979 წელს ღიად დაიწყეს საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში პირველი დადგენილებები 1980 წელს გაჩნდა. 1991 საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია იურისტი ანიტა ჰილის ჩვენებებმა იმის თაობაზე, რომ უმაღლესი სასამართლოს წევრი კლარენს ტომასი მის სექსუალურ შევიწროებას ეწეოდა მაშინ, როდესაც მისი უფროსი იყო ЕЕОС-ში – ორგანიზაციაში, რომელიც საგანგებოდ სექსუალურ შევიწროებას ებრძოდა. ქალის ჩვენებებმა ტომასის უმაღლეს სასამართლოში დანიშვნას ხელი ვერ შეუშალა, მაგრამ სამაგიეროდ ხელი შეუწყო სექსუალური შევიწროების პრობლემის უმთავრეს საზოგადოებრივ პრობლემად განხილვის პროცესს.
1986 წელს უმაღლეს სასამართლოში პირველმა მსხვილმა საქმემ დაადგინა, რომ დასაქმების ადგილზე მტრული ან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულების შექმნა იმ კანონის დარღვევაა, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. მაგრამ, ყურადღება აქ უფრო კონცენტრირდა დაზარალებული ქალის მიმართ ფლირტის „არასასურველობაზე“ და არა დამრღვევის აგრესიულ ქცევაზე, რაც საკითხის არასწორად დასმაზე მიუთითებს. სასამართლომ განსახილველად მიიღო მტკიცებულებები, თითქოს დაზარალებულს ლაპარაკისა და ჩაცმის პროვოკაციული მანერა ჰქონდა. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ მიაწერენ ხოლმე ქალს პასუხისმგებლობას კაცის აგრესიულ ქმედებაზე, მაშინ, როდესაც ნამდვილი დამნაშავე მართლდება.
სინამდვილეში, ყურადღება იმაზე კი არ უნდა მახვილდებოდეს, სწორად მოიქცა ან იმსახურებდა თუ არა ქალი პატივისცემით მოპყრობას, არამედ იმას, არღვევდა თუ არა კაცი ადამიანობისა და ეთიკური ქცევის სტანდარტებს. სამუშაო ადგილას ქალებსა და კაცებს შორის დამოკიდებულებები ორი მიზეზის გამო არ უნდა წარმოადგენდეს „თავგადასავლების“ საფუძველს. პირველი: ამგვარი ქმედებების ჩამოყალიბებაში ქალებს ნებისმიერ შემთხვევაში უკიდურესად უმნიშვნელო წვლილი მიუძღვით. მეორე: სამუშაო აუცილებლობაა, რადგან ქალებს იგი საკუთარი თავისა და თავიანთი ოჯახების შესანახად სჭირდებათ. შესაძლოა, ქალის რეაქცია შეფის მხრიდან წამოსულ სექსუალურ შევიწროებაზე დიდწილად სამსახურის შენარჩუნების აუცილებლობით იყოს განპირობებული, ვიდრე პირადი არჩევანით ან კანონით. ის, რომ ქალი იძულებულია, იმუშაოს სექსუალური ზეწოლის პირობებში, საზოგადოებისთვის ამ პირობების მიმართ შემწყნარებელი დამოკიდებულების გამართლების საბაბს არ წარმოადგენს.
პირიქით, უნდა გვახსოვდეს, რომ სექსუალურად მოტივირებული ქცევა დასაქმების ადგილზე უმრავლეს შემთხვევაში ქალებისთვის უკიდურესად დამამცირებელი, უადგილო და დაუშვებელი პრეცედენტია. ამგვარად, სწორედ დამრღვევმა უნდა ზიდოს იმ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა, რომლებიც ჩაიდინა, და არა ამისგან დაზარალებულმა ქალმა.
ზემოთხსენებული სასამართლო დავა 1978 წელს დაიწყო და 1991-ში დასრულდა. როგორც ვხედავთ, სასამართლო სისტემის მეშვეობით სოციალური ცვლილებების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. 1991 წლამდე, ქალებს ამ მხრივ მხოლოდ დაკარგული სამსახურის ამანაზღაურებელი გარკვეული თანხის მიღება შეეძლოთ და მეტი არაფრის.
1991 წელს მეორე სასამართლო დავის შედეგად დადგინდა, რომ დაუშვებელი ქმედების განსაზღვრის სტანდარტი უნდა დადგინდეს მსხვერპლის და არა დამრღვევის მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბევრი ქალი იმ ზოგად მღელვარებას განიცდის, რაც კაცმა შესაძლოა არც კი გაიზიაროს“. ის, რაც კაცს კომპლიმენტად მიაჩნია, ქალმა შესაძლოა სექსუალურ შევიწროებად მიიღოს. ამიტომ, აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა მიაჩნია შეურაცხმყოფელად ქალს და არა კაცს.
სექსუალურ ზეწოლასთან დაკავშირებით, 1993 წელს მიმდინარე სასამართლო სარჩელის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელმაც სრულად გაითვალისწინა დასაქმების ადგილზე არსებული არაკეთილმოსურნე ვითარების სიმძიმე და ზედმეტად მიიჩნია კონკრეტული მორალური ზარალის მტკიცების აუცილებლობა; ამგვარ სიტუაციაში მოქმედება ლოგიკურად ჩაითვალა აგრესიულად. სასამართლოს თანახმად, შეფის სექსუალურად აგრესიული ქცევის შეჩერების მიზნით, სულაც არ იყო საჭირო სამსახურში ქალის მტკივნეულ მდგომარეობამდე მიყვანა. ზოგიერთი სასამართლოს გადაწყვტილებით, სამუშაო ვითარებაში პორნოგრაფიული ხასიათის მასალების არსებობა ავტომატურად შეფასდა სამსახურში მტრული გარემოს შექმნად.

სექსუალური შევიწროების სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1981 და 1988 წლებში, შრომის მიღწევების დაცვის სამმართველომ (Occupational Safety and Health Administration, OSHA) კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, სამსახურში ქალების 42% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდა. სამხედრო უწყებებში მსგავსმა კვლევამ 1990 წელს აჩვენა, რომ სექსუალურ ზეწოლას სამსახურში ქალების 66% განიცდიდა. ამერიკის მსხვილ უნივერსიტეტებში მომუშავე ქალების 5%-მა განაცხადა, რომ შეფი სექსს ღიად სთავაზობდა, 10%-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ხელებს უფათურებდნენ, სრესდნენ ან კოცნიდნენ, 15%-მა კი სექსუალური ზეწოლის სხვა ფორმებზე ისაუბრა. ნიშანდობლივია, რომ ამის შესახებ გამოკითხულთაგან ხმამაღლა არავის განუცხადებია: ერთი მესამედი ამას ერიდებოდა შურისძიების შიშის გამო, ერთი მესამედი კი კარიერის დანგრევის საფრთხის გამო.
გამოკითხულთაგან 20%-ზე ნაკლებმა შეატყობინა უფროსობას მომხდარის შესახებ; 30%-ს ეშინოდა, რომ ამით საკუთარ თავს დააზიანებდა, 24%-ს კი მოძალადისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. მათ შორის მხოლოდ 3%-მა სცადა მომხდარის შესახებ ხმამაღლა საუბარი. ქალების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მათ არ დაუჯერებდნენ და ამის გამო ფუჭი სკანდალის ატეხვას ერიდებოდნენ.
სექსუალური შევიწროების კვლევამ საავტომობილო წარმოებაში აჩვენა, რომ თეთრკანიან ქალებთან შედარებით შავკანიანები სექსუალურ ზეწოლას არა მხოლოდ ბევრად ხშირად, არამედ ბევრად სასტიკი ფორმებით განიცდიდნენ. ფერადკანიანი ქალები სექსუალურ შევიწროებას თეთრკანიანებზე მეტად ექვემდებარებიან. სექსუალური ზეწოლის ყველაზე უხეში ფორმები ფიზიკური შრომით დასაქმებულთა მიმართ იქ ვლინდებოდა, სადაც კაცები მკვეთრად უარყოფითად აფასებდნენ ქალის მხარდამხარ მუშაობას.

© sapari.ge